წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი იანვარი 2013

 მიჰბაძეთ მათ რწმენას

„თუმცა მოკვდა, კვლავაც მეტყველებს“

„თუმცა მოკვდა, კვლავაც მეტყველებს“

აბელი ფერდობზე საბალახოდ შეფენილ ცხვარს ადევნებს თვალს. შემდეგ მათ თვალს წყვეტს და შორეულ სივრცეში ერთ წერტილს მიაჩერდება, საიდანაც სინათლე გამოკრთის. მან უწყის, რომ ამ სინათლეს ცეცხლოვანი მახვილი ასხივებს, რომელიც გამუდმებით ბრუნავს და ედემის ბაღში არავის უშვებს. მისი მშობლები ერთ დროს ამ ბაღში ცხოვრობდნენ, ახლა კი არც მათ და არც მათ შვილებს არ შეუძლიათ იქ შესვლა. წარმოიდგინეთ, როგორ უწეწავს აბელს თმას საღამოს ნიავი, რომელიც ზეცას შესცქერის და თავის შემოქმედზე ფიქრობს. ნუთუ გამრთელდებოდა ოდესმე კაცსა და ღმერთს შორის ჩატეხილი ხიდი? აბელის სანუკვარი ოცნება სწორედ ეს იყო.

დღეს აბელი თქვენ გესაუბრებათ. გესმით მისი ხმა? შეიძლება თქვათ, რომ ასეთი რამ წარმოუდგენელია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აბელი ხომ დაახლოებით 6 ათასი წლის წინათ მოკვდა და მისი ძვლებიც კი აღარსადაა. მკვდრების შესახებ ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ მათ „არაფერი იციან“ (ეკლესიასტე 9:5, 10). უფრო მეტიც, აბელის მიერ სიცოცხლეში წარმოთქმული ერთი სიტყვაც კი არაა ჩაწერილი ბიბლიაში. მაშ, როგორღა გველაპარაკება ის?

პავლე მოციქულმა ღვთის შთაგონებით აბელზე თქვა: „თუმცა მოკვდა, კვლავაც მეტყველებს“ (ებრაელები 11:4). როგორ მეტყველებს ის? რწმენის მეშვეობით. აბელი პირველი ადამიანი იყო, რომელმაც განივითარა რწმენა, რაც მეტად მნიშვნელოვანი იყო. ის იმდენად ძლიერ რწმენას ავლენდა, რომ დღეს ჩვენთვის ცოცხალი მაგალითია. თუ მივბაძავთ აბელს და მის მსგავს რწმენას გამოვავლენთ, შეიძლება ითქვას, რომ აბელი პირადად გველაპარაკება.

და მაინც, რა შეგვიძლია ვისწავლოთ აბელისგან მაშინ, როდესაც ბიბლია მის შესახებ მეტად მწირ ცნობებს გვაწვდის?

კაცობრიობის ისტორიის გარიჟრაჟზე

აბელი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ამ ქვეყნიერებას მოევლინა. მოგვიანებით იესომ აბელზე თქვა, რომ ის „ქვეყნიერების შექმნიდან“ მალევე დაიბადა (ლუკა 11:50, 51). როგორც ჩანს, იესო ქვეყნიერებაში გულისხმობდა იმ ადამიანებს, რომელთაც ცოდვისგან გამოსყიდვის იმედი ჰქონდათ. აბელი მეოთხე ადამიანი იყო, რომელიც დედამიწას მოევლინა და, როგორც ჩანს, პირველი, რომელიც ღვთის თვალში ცოდვისგან გამოსყიდვას იმსახურებდა. * ერთი რამ ნათელია, აბელი ვერ გაიზრდებოდა ისეთ ოჯახში, რომელიც მასზე სასიკეთო გავლენას მოახდენდა.

მართალია, ქვეყნიერება ჯერ კიდევ არ იყო დიდი ხნის შექმნილი, მაგრამ ადამიანები უკვე იმკიდნენ თავიანთი არასწორი საქციელის შედეგებს. აბელის მშობლები, ადამი და ევა, ლამაზი და ჯან-ღონით სავსენი იყვნენ, მაგრამ მათ დიდი შეცდომა დაუშვეს და ეს თავადაც კარგად იცოდნენ. ერთ დროს ისინი სრულყოფილი ადამიანები იყვნენ და დედამიწაზე მარადიულად უნდა ეცხოვრათ. სამწუხაროდ, ისინი არ დაემორჩილნენ იეჰოვა ღმერთს და მან ისინი სამოთხიდან, ედემის ბაღიდან, გამოაძევა. ადამმა და ევამ ყველაზე და ყველაფერზე წინ, მათ შორის საკუთარი შთამომავლების კეთილდღეობაზე წინ, თავიანთი ეგოისტური სურვილები დააყენეს; ამიტომ, სრულყოფილება და მარადიული სიცოცხლე დაკარგეს (დაბადება 2:15—3:24).

ედემის ბაღიდან გამოძევებულ ადამსა და ევას ძალიან გაუჭირდათ. როდესაც მათ პირველი ვაჟი შეეძინათ.  მას კაენი დაარქვეს, რაც „წარმოშობილს“, „გაჩენილს“ ნიშნავს. მასზე ევამ თქვა: „ვაჟი გავაჩინე იეჰოვას შეწევნით“. შესაძლოა მან ეს იმიტომ თქვა, რომ ახსოვდა იეჰოვას სიტყვები, რომელიც ედემის ბაღში წარმოთქვა ქალზე. ამ ქალის „შთამომავალი“ ერთ მშვენიერ დღეს გაანადგურებდა ბოროტ ქმნილებას, რომელმაც შეცდომაში შეიყვანა ადამი და ევა (დაბადება 3:15; 4:1). ხომ არ ფიქრობდა ევა, რომ ის იყო ნაწინასწარმეტყველები ქალი, კაენი კი — აღთქმული შთამომავალი?

თუ ევა ამგვარად ფიქრობდა, მწარედ ცდებოდა. თუ ის და ადამი ასეთ რამეს ჩააგონებდნენ თავიანთ არასრულყოფილ ვაჟს, ეს მას უდავოდ გააამაყებდა. მოგვიანებით ევას მეორე ვაჟიც ეყოლა, მაგრამ მისთვის ასეთი მრავლისმთქმელი სახელი აღარ დაურქმევიათ. მათ მეორე ვაჟს მეტად უბრალო სახელი „აბელი“ უწოდეს, რაც შესაძლოა ნიშნავს „ამონასუნთქს“, „ამაოებას“ (დაბადება 4:2). ასეთი სახელი იმიტომ ხომ არ შეურჩიეს აბელს, რომ კაენთან შედარებით მასზე ნაკლებ იმედს ამყარებდნენ? ეს შესაძლოა ასეც ყოფილიყო, მაგრამ ამის გადაჭრით თქმა არ შეგვიძლია.

ერთი რამ კი დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ: დღეს მშობლებს პირველი წყვილის მაგალითზე ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ. თქვენი საუბრებითა თუ საქციელით ხომ არ ასწავლით შვილებს, რომ ამაყები, პატივმოყვარენი და ეგოისტები იყვნენ? თუ იეჰოვა ღმერთის სიყვარულს უნერგავთ და ასწავლით, რომ დაუმეგობრდნენ მას? სამწუხაროდ, პირველმა წყვილმა თავი ვერ გაართვა მათზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას. თუმცა, მათი შთამომავლები ღმერთს უიმედოდ არ დაუტოვებია.

როგორ განივითარა აბელმა მტკიცე რწმენა?

უდავოა, ადამი თავის ვაჟებს ასწავლიდა, როგორ ერჩინათ ოჯახი. კაენმა მიწათმოქმედებას მიჰყო ხელი, აბელმა კი — მეცხვარეობას.

თუმცა, აბელის გონება სხვა, რაღაც უფრო ფასეულითაც იყო დაკავებული. წლების მანძილზე მან განივითარა რწმენა, რომელზეც პავლე მოციქული პირველ საუკუნეში წერდა. დაფიქრდით: აბელის გვერდით არ იყო ადამიანი, რომელსაც ის მიჰბაძავდა. მაშ, როგორ განივითარა მან იეჰოვა ღმერთისადმი ასეთი მტკიცე რწმენა? მოდი, ახლა იმაზე ვისაუბროთ, თუ რის საფუძველზე შეიძლებოდა განევითარებინა მას ასეთი მტკიცე რწმენა.

იეჰოვას ქმნილებებზე დაკვირვებით.

მართალია, იეჰოვამ დაწყევლა მიწა, რომ ამ უკანასკნელს ნარ-ეკალი აღმოეცენებინა, რაც მიწათმოქმედს მის დამუშავებას კიდევ უფრო გაურთულებდა, მაგრამ ის მაინც იძლეოდა ნაყოფს, რომლითაც აბელის ოჯახს თავი გაჰქონდა. ამასთანავე, იეჰოვას არ დაუწყევლია ცხოველები, ფრინველები, თევზები, მთები, ტბები, მდინარეები, ზღვები, ცა, ღრუბლები, მზე, მთვარე და ვარსკვლავები. საითაც არ უნდა გაეხედა აბელს, ის იეჰოვა ღმერთის, ყოველივეს შემოქმედის, სიყვარულის, სიბრძნისა და სიკეთის მტკიცებულებებს ხედავდა (რომაელები 1:20). აბელი ფიქრობდა ამაზე, ღვთის მადლიერი იყო და სწორედ ამგვარად შეიძინა მტკიცე რწმენა.

აბელი ხშირად ფიქრობდა იეჰოვაზე. წარმოიდგინეთ, როგორ მწყემსავდა ის თავის ცხვარს. მწყემსს, როგორც წესი, დიდი მანძილის გავლა უწევდა. მწყემსი ამ უმწეო ცხოველებს მთასა თუ ბარში დაატარებდა, რათა მათთვის საუკეთესო საძოვარი და მოსასვენებელი ადგილი  ეპოვა. ღვთის ყველა სხვა ქმნილებას შორის ცხვარი ყველაზე დაუცველი ჩანდა, თითქოსდა, იმიტომ იყვნენ გაჩენილნი ამქვეყნად, რომ მათზე ადამიანს ეზრუნა და ეპატრონა. ხვდებოდა აბელი, რომ თავადაც საჭიროებდა, ვინმეს, ადამიანზე გაცილებით ბრძენსა და ძლიერს ეზრუნა მასზე, ეხელმძღვანელა მისთვის და დაეცვა? უდავოა, ამ ყველაფერზე ის ღმერთს ლოცვაში ესაუბრებოდა, რის შედეგადაც მისი რწმენა სულ უფრო და უფრო მტკიცდებოდა.

ქმნილებებზე დაკვირვებით აბელი მოსიყვარულე შემოქმედის მიმართ რწმენას იღრმავებდა

იეჰოვას წინასწარმეტყველებებზე დაფიქრებით.

ადამი და ევა, ალბათ, მოუყვებოდნენ თავიანთ ვაჟებს, თუ რის გამო გამოაძევა ღმერთმა ისინი ედემის ბაღიდან. ამგვარად, საფიქრალი აბელს მართლაც ბევრი ექნებოდა.

იეჰოვამ დაწყევლა მიწა და აბელი თვალნათლივ ხედავდა, როგორ ედებოდა არემარეს ნარ-ეკალი. იეჰოვამ ისიც იწინასწარმეტყველა, რომ ევას გაურთულდებოდა ორსულობა და მშობიარობის დროს გაუძლიერდებოდა ტკივილები. ესეც საკუთარი თვალით იხილა აბელმა მაშინ, როცა მისი უმცროსი და-ძმები მოევლინენ ქვეყანას. იეჰოვამ განჭვრიტა, რომ ევას ქმრისადმი ექნებოდა ლტოლვა, ქმარი კი იბატონებდა მასზე. ეს მოვლენები აბელის თვალწინ განვითარდა. როგორც ჩანს, აბელი არაერთხელ დარწმუნდებოდა, რომ იეჰოვას დაპირებები სანდო და უტყუარი იყო. ამგვარად, ის სრულიად დარწმუნებული იქნებოდა, რომ ღმერთი „შთამომავალთან“ დაკავშირებულ დანაპირებსაც შეასრულებდა ანუ ერთ მშვენიერ დღეს კაცობრიობას ცოდვისა და არასრულყოფილების მონობისგან დაიხსნიდა (დაბადება 3:15—19).

იეჰოვას მსახურებზე დაკვირვებით.

მართალია, ადამიანებს შორის არავინ იყო ისეთი, ვინც აბელს კარგ მაგალითს მისცემდა, მაგრამ ადამიანი არ იყო ერთადერთი გონიერი ქმნილება იმ დროს დედამიწაზე. როდესაც ადამი და ევა იეჰოვამ ედემის ბაღიდან გამოაძევა, ვერც პირველი წყვილი და ვერც მათი შთამომავლები ვეღარ შევიდოდნენ ედემის ბაღში. ამიტომ, იეჰოვა ბაღის შესასვლელს ცეცხლოვანი მბრუნავი მახვილით იცავდა და იქვე, ქერუბიმები, უმაღლესი წოდების ანგელოზებიც, დააყენა (დაბადება 3:24).

წარმოიდგინეთ აბელი, რომელიც ბავშვობაში აკვირდებოდა ამ ქერუბიმებს. რადგანაც მათ ადამიანის მსგავსი სხეული ჰქონდათ, აბელი დაინახავდა, რაოდენ ძლიერები იყვნენ ისინი; „მბრუნავი, ცეცხლოვანი მახვილი“ კი მოწიწების გრძნობას ჩაუნერგავდა მას. აბელი იმასაც ხედავდა, რომ ქერუბიმები წუთითაც არ ტოვებდნენ თავიანთ საგუშაგოს; დღითა თუ ღამით, არაერთი წლისა თუ ათწლეულის მანძილზე, ეს გონიერი და ძლევამოსილი ქმნილებები ერთგულად იდგნენ სადარაჯოზე. აბელი მათ მაგალითზე ისწავლიდა, რომ იეჰოვას ჰყავდა მართალი და მტკიცე რწმენის მქონე მსახურები. აბელი ხედავდა, რომ მისი ოჯახის წევრებისგან განსხვავებით, ეს ქერუბიმები ერთგულად ემსახურებოდნენ იეჰოვას და ემორჩილებოდნენ მას. მათ მაგალითზე დაკვირვება მართლაც განუმტკიცებდა რწმენას აბელს.

მთელი სიცოცხლის მანძილზე აბელს შეეძლო დაენახა, როგორ ერთგულებასა და მორჩილებას ავლენდნენ იეჰოვას მსახური ქერუბიმები

ყოველივე იმაზე დაკვირვებით, რაც იეჰოვამ საკუთარი თავის შესახებ გაუმჟღავნა აბელს თავისი ქმნილებების, წინასწარმეტყველებებისა და თავისი მსახურების მეშვეობით — აბელს კიდევ უფრო განუმტკიცდა რწმენა. კიდევ ვიტყვით, რომ აბელს არაფრის თქმა შეუძლია ჩვენთვის? დღეს ახალგაზრდებს შეუძლიათ მიჰბაძონ აბელს და განივითარონ იეჰოვას მიმართ მტკიცე რწმენა იმის მიუხედავად, ემსახურებიან თუ არა მათი ოჯახის წევრები იეჰოვას. ჩვენ ირგვლივ არსებული ღვთის საოცარი ქმნილებები, მთელი ბიბლია და რწმენის ცოცხალი მაგალითები გვეხმარება რწმენის განმტკიცებაში.

რით იყო უკეთესი აბელის მსხვერპლი?

რადგან აბელს იეჰოვასადმი რწმენა უღრმავდებოდა, სურდა, თავისი რწმენა საქმით დაემტკიცებინა. მაგრამ რისი გაკეთება შეეძლო უბრალო მოკვდავს სამყაროს შემოქმედისთვის? რა თქმა უნდა, ღმერთი არ საჭიროებს ადამიანისგან დახმარებას და არც არანაირ ძღვენს ელის. დროთა განმავლობაში აბელი ჩასწვდა ჭეშმარიტებას: თუ სწორი მოტივებით შესწირავდა იეჰოვას მისთვის ძვირფას რამეს, მოსიყვარულე ზეციერ მამას ასიამოვნებდა.

ამიტომ, აბელმა შესაწირი თავისი ფარიდან შეარჩია. მან ამოირჩია საუკეთესო, პირველმოგებული კრავი და შესწირა ცხოველის ის ნაწილი, რომელსაც საუკეთესო შესაწირავად თვლიდა. კაენსაც სურდა ღვთისგან კურთხევის მიღება და მისი კეთილგანწყობის დამსახურება. ამიტომ მოამზადა მარცვლეული შესაწირავი თავისი მოსავლიდან. მაგრამ მისი მოტივები აბელის მოტივებისგან განსხვავდებოდა. ეს მაშინ გამოაშკარავდა, როცა ორივე ძმამ შესაწირავი იეჰოვას წინაშე აღავლინა.

აბელმა ღვთისადმი შესაწირი რწმენით აღავლინა, კაენმა კი — არა

 ადამის ორივე ვაჟმა შესაძლოა თავ-თავიანთი შესაწირავი სამსხვერპლოზე აღავლინა. ალბათ, მათ ამისთვის ისეთი ადგილი შეარჩიეს, რომ ქერუბიმებს დაენახათ, რადგან იმ დროს იეჰოვას ხილული წარმომადგენლები დედამიწაზე ისინი იყვნენ. იეჰოვას ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია. ბიბლიაში ვკითხულობთ: „იეჰოვამ მოიწონა აბელი და მისი შესაწირავი“ (დაბადება 4:4). ბიბლია არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ როგორ გამოხატა იეჰოვამ თავის მოწონება. მაგრამ, რატომ მოიწონა მაინცდამაინც აბელის მსხვერპლი?

თავად შესაწირი მოეწონა იეჰოვას? აბელმა მას ცოცხალი ქმნილება შესწირა, რომლის სისხლიც მიწაზე დაღვარა. ხვდებოდა აბელი, რამდენად ძვირფასი იქნებოდა იეჰოვასთვის ასეთი შესაწირი? მრავალი საუკუნის შემდეგ ღმერთმა თავისი სრულყოფილი ძე „ღვთის კრავს“, საღ ცხვარს, შეადარა, რომლის უდანაშაულო სისხლიც უნდა დაღვრილიყო (იოანე 1:29; გამოსვლა 12:5—7). მართალია, აბელმა ამდენი არ იცოდა, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ სწორედ ცხვარი შეარჩია შესაწირად.

ერთი რამ დანამდვილებით ვიცით: აბელმა თავისი ქონებიდან საუკეთესო შესწირა იეჰოვას. იეჰოვამ მოიწონა არა მხოლოდ მის შესაწირი, არამედ თავად აბელიც, რადგან აბელს იეჰოვასადმი დიდი სიყვარული ამოძრავებდა და მის მიმართ დიდ რწმენას ავლენდა.

სულ სხვაგვარად იყო საქმე კაენის შემთხვევაში. იეჰოვამ „კაენი და მისი შესაწირავი არ მოიწონა“ (დაბადება 4:5). მაგრამ იმიტომ არა, რომ კაენის შესაწირავი ცუდი იყო. მოგვიანებით, ღვთის კანონის თანახმად შესაძლებელი გახდა მარცვლეული შესაწირავის ღვთისთვის აღვლენა (ლევიანები 6:14, 15). ბიბლია კაენზე ამბობს, რომ „მისი საქმეები ბოროტი იყო“ (1 იოანე 3:12). დღეს მცხოვრები ბევრი ადამიანის მსგავსად, შეიძლება კაენიც ფიქრობდა, რომ ღვთის ერთგულად თავის მოჩვენება საკმარისი იყო. ის რომ მას არ უყვარდა იეჰოვა და არ სწამდა მისი, მალე მისი საქმეებიდან გახდა ცხადი.

სცადა კაენმა, მიებაძა აბელისთვის, როცა დაინახა, რომ იეჰოვამ მოიწონა ის? არა. ის რისხვით აენთო თავისი ძმის მიმართ. იეჰოვამ დაინახა, რა ხდებოდა მის გულში და შეაგონა. მან გააფრთხილა კაენი, რომ თუ აზროვნებას არ შეიცვლიდა, ცოდვას ჩაიდენდა. შემდეგ კი დაჰპირდა, რომ თუ შეიცვლებოდა, „მიიღებდა“ მას (დაბადება 4:6, 7).

კაენმა ყურად არ იღო ღვთის გაფრთხილება. მან თავის უმცროს, მიმნდობ ძმას სთხოვა მინდორში ერთად გასულიყვნენ. იქ კაენი თავს დაესხა აბელს და მოკლა (დაბადება 4:8). ამგვარად, აბელი რწმენის გამო დევნილი პირველი ადამიანი ანუ წამებული გახდა. ის მოკვდა, მაგრამ მისი სახელი დღემდე ცოცხლობს.

აბელის სისხლი, ასე ვთქვათ, მიწიდან შეღაღადებდა იეჰოვა ღმერთს და შურისძიებასა და სამართლიანობის აღდგენას ითხოვდა. იეჰოვა სამართლიანად მოიქცა, მან დასაჯა კაენი ჩადენილი ბოროტმოქმედების გამო (დაბადება 4:9—12). უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ აბელი, როგორც ძლიერი რწმენის კაცი, ბიბლიის ფურცლებიდან გვესაუბრება. მართალია, აბელმა, სულ რაღაც, ერთი საუკუნე იცოცხლა, რაც იმ დროისთვის ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობასთან შედარებით მეტად მოკლე პერიოდი იყო, მაგრამ ეს წლები ბრძნულად გამოიყენა. ის ისე მოკვდა, რომ იცოდა, ზეციერ მამას, იეჰოვას უყვარდა და იწონებდა (ებრაელები 11:4). დარწმუნებული ვართ, რომ ის იეჰოვას უსაზღვრო მეხსიერებაშია და მოელის იმ დროს, როცა ის მკვდრეთით აღადგენს სამოთხეში დედამიწაზე საცხოვრებლად (იოანე 5:28, 29). შეხვდებით აბელს სამოთხეში? რა თქმა უნდა, თუ გადაწყვეტილი გაქვთ მოუსმინოთ მის ხმას და მასავით რწმენით იმოქმედოთ.

^ აბზ. 8 იესომ სიტყვები „ქვეყნიერების შექმნიდან“ აბელთან, როგორც პირველ შთამომავალთან, მიმართებით გამოიყენა. მაშ, რატომ თქვა ეს სიტყვები იესომ აბელის და არა კაენის მისამართით, რომელიც სინამდვილეში იყო პირმშო? კაენის გადაწყვეტილებებიდან და მოქმედებებიდან გამოჩნდა, რომ ის თავნება იყო და ეურჩა იეჰოვა ღმერთს. მისი მშობლების მსგავსად, არც ის იმსახურებდა გამოსყიდვასა და მკვდრეთით აღდგომას.