წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი დეკემბერი 2012

 დაუახლოვდით ღმერთს

არის თქვენი სახელი ღვთის „სამახსოვრო წიგნში“ ჩაწერილი?

არის თქვენი სახელი ღვთის „სამახსოვრო წიგნში“ ჩაწერილი?

ამჩნევს იეჰოვა, როგორ ცდილობენ მისი თაყვანისმცემლები, ასიამოვნონ მას? რა თქმა უნდა. თუმცა, ის მხოლოდ მათ კარგ საქმეებს არ ხედავს. იეჰოვას არც ის რჩება შეუმჩნეველი, როცა მისი მსახურები მადლიერებით ფიქრობენ მასზე. აღსანიშნავია ისიც, რომ იეჰოვას არასდროს ავიწყდება თავისი ხალხი და მათი საქმეები. რატომ შეგვიძლია ვიყოთ ამაში დარწმუნებული? ამაზე პასუხს წინასწარმეტყველი მალაქია გვცემს (წაიკითხეთ მალაქიას 3:16).

ძვ. წ. V საუკუნეში, როცა მალაქია წინასწარმეტყველებდა, ისრაელი ზნეობრივად და სულიერად სავალალო მდგომარეობაში იყო. მღვდლები არ ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას, ხალხი კი ჯადოქრობდა, მრუშობდა და თაღლითობდა, რითაც ღმერთს შეურაცხყოფდა (მალაქია 2:8; 3:5). მაგრამ ისრაელებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ღვთისადმი ერთგულები რჩებოდნენ. როგორ ახერხებდნენ ისინი ამას?

„ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ იეჰოვას მოშიშნი“, — ამბობს მალაქია. ღვთისმოშიშება დადებითი თვისებაა. ამ მუხლში მალაქია საუბრობს იმ ისრაელებზე, რომლებიც დიდ პატივს მიაგებდნენ ღმერთს და, ამავე დროს, იმის შიში ჰქონდათ, რომ მისთვის გული არ ეტკენინებინათ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ეს ღვთისმოშიში ადამიანები „ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ“. როგორც ჩანს, ისინი ერთად იკრიბებოდნენ, რომ იეჰოვაზე ელაპარაკათ და ერთმანეთი გაემხნევებინათ. ეს ეხმარებოდათ, არ მოქცეოდნენ გამხრწნელი ზეგავლენის ქვეშ და არ განელებოდათ ღვთისადმი სიყვარული.

ერთგული ისრაელები ღვთისადმი პატივისცემას სხვა მხრივაც ავლენდნენ. ისინი „მის სახელზე ფიქრობდნენ“. ბიბლიის ერთ-ერთ თარგმანში ეს მუხლი შემდეგნაირად ჟღერს: „პატივს მიაგებდნენ მის სახელს“. ეს ღვთისმოშიში ადამიანები თავიანთ გულშიც კი პატივს მიაგებდნენ იეჰოვას. ისინი მადლიერებით ფიქრობდნენ იეჰოვასა და მის დიდებულ სახელზე. ამჩნევდა იეჰოვა ამას?

მალაქია ამბობს: „ყურს უგდებდა იეჰოვა და უსმენდა“. თავისი დიდებული სამყოფლიდან, ზეციდან, იეჰოვა ყურს უგდებს და ისმენს ყველა იმ საქებარ სიტყვას, რომლითაც მისი თაყვანისმცემლები განადიდებენ. ის ყურადღებას აქცევს მათ ფიქრებსაც (ფსალმუნი 94:11). მაგრამ ის მხოლოდ მათ საქებარ სიტყვებსა და ფიქრებს როდი აპყრობს ყურადღებას.

„სამახსოვრო წიგნი იწერება მის წინაშე“, — ამბობს მალაქია. ამ წიგნში მათი სახელები იწერება, ვინც ერთგულად ემსახურება იეჰოვას. ყურადღება მიაქციეთ, რომ ამ წიგნს „სამახსოვრო * წიგნი“ ჰქვია. აქედან იმას ვიგებთ, რომ იეჰოვა არასოდეს დაივიწყებს თავის ერთგულ თაყვანისმცემლებს და მათ მიერ გაკეთებულ თითოეულ კეთილ საქმეს, მათ მიერ ნათქვამ თითოეულ სიტყვასა თუ გულში გავლებულ თითოეულ აზრს, რომლითაც იეჰოვას განადიდებენ. ამას ღმერთი განსაკუთრებული მიზნით აკეთებს. ის მარადიულ სიცოცხლეს ჰპირდება მათ, ვისი სახელებიც სამუდამოდ არის ჩაწერილი მის სამახსოვრო წიგნში (ფსალმუნი 37:29). *

მართლაც გამამხნევებელია, რომ იეჰოვას შეუმჩნეველი არ რჩება თითოეული ადამიანი, რომლებიც მისთვის მოსაწონი სახით სცემს თაყვანს! მალაქიას 3:16-ში ჩაწერილმა სიტყვებმა უნდა დაგვაფიქროს იმაზე, თუ როგორი ურთიერთობა გვაქვს იეჰოვასთან. კარგია, თუ საკუთარ თავს შევეკითხებით: «არის ჩემი სახელი ღვთის „სამახსოვრო წიგნში“ ჩაწერილი?» ეს ასეც იქნება, თუ ვეცდებით, ყოველდღე ისე მოვიქცეთ, ვილაპარაკოთ და ვიფიქროთ, რომ იეჰოვამ დაიმახსოვროს.

დეკემბერში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთი:

ნაუმი 1 მალაქია 4

^ აბზ. 8 „სამახსოვროდ“ ნათარგმნი ებრაული სიტყვა იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე მხოლოდ რაღაცის გახსენებას. ამ სიტყვაში ისიც იგულისხმება, რომ მისთვის გააკეთო რაღაც, ვინც გახსოვს.

^ აბზ. 8 დამატებითი ინფორმაცია ღვთის მიერ აღთქმული მარადიული სიცოცხლის შესახებ იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-3 თავში. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.