წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი დეკემბერი 2012

„ისტორია არ ტყუის“

„ისტორია არ ტყუის“

2007 წლის 14 ივნისს ესტონეთის ეროვნულმა ფოსტამ აქ ნაჩვენები სამახსოვრო საფოსტო მარკა გამოუშვა. ამ მარკის გამოცემისას შემდეგი განცხადება გაკეთდა: „ეს სუვენირი იმ ესტონელთა საპატივცემულოდ გამოიცა, ვინც სტალინის რეპრესიების მსხვერპლი გახდა“. 1941—1951 წლებში ათობით ათასი ესტონელი ციმბირში გადაასახლეს.

„ისტორია არ ტყუის“, — ამბობს ერთი ესტონური გამონათქვამი. თუმცა, არაერთ მსგავს გამონათქვამს ვხვდებით სხვა მრავალ ქვეყანაში. მართალია, წარსულს ვეღარ შევცვლით, მაგრამ ისტორიიდან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია. საუკუნეების წინათ ისრაელის ბრძენმა მეფე სოლომონმა თქვა: „ყოველივე ვნახე და გულით დავუკვირდი ყოველ საქმეს, რაც მზის ქვეშ ხდება იმ დროს, როცა კაცი კაცზე მძლავრობს მისდა საზიანოდ“ (ეკლესიასტე 8:9).

ამ ბიბლიური სიტყვების ჭეშმარიტება რამდენიმე ათეული წლის წინათ დადასტურდა ესტონეთსა თუ აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში. ხელისუფლებამ უდანაშაულო ადამიანები ენით აუწერელი ტანჯვისთვის გაიმეტა. ისინი მან საკუთარი სახლებიდან გამოაძევა და შორეულ ციმბირში გადაასახლა, სადაც ბევრი შრომა-გასწორების ბანაკებში მოხვდა.

ესტონელი ისტორიკოსების ცნობების თანახმად, 1941—1951 წლებში 46 000-ზე მეტი მოქალაქე გადაასახლეს ამ პატარა ქვეყნიდან. მათგან უმეტესობა პოლიტიკური ნიშნით გადაასახლეს, სხვები კი თავიანთი ეროვნების ან სოციალური სტატუსის გამო. იეჰოვას მოწმეები კი გადასახლებულთა შორის თავიანთი რელიგიური მრწამსის გამო აღმოჩნდნენ.

თავდასხმა ღვთისმოშიშ ხალხზე

ტარტუს უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ 2004 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში ისტორიკოსი აიგი რაჰი-ტამი ამბობს: „1948—1951 წლებში იეჰოვას მოწმეები და მათი ახლობლები, რომელთა რიცხვმაც 72 შეადგინა, დააპატიმრეს. თუმცა, მათ წინააღმდეგ უფრო მასშტაბური ოპერაცია იგეგმებოდა, რომელიც 1951 წლის 1 აპრილის ღამეს განახორციელეს ბალტიისპირეთში, მოლდავეთში, უკრაინასა და ბელორუსიაში“.

1951 წლამდე ესტონეთში იეჰოვას მოწმეებს აკავებდნენ, მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ, მიჰყავდათ დაკითხვებზე და აპატიმრებდნენ. იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ მიმართული ახალი იარაღი, მასობრივი გადასახლება, როგორც ჩანს, იმას ისახავდა მიზნად, რომ ესტონეთში ერთი მოწმეც კი აღარ დარჩენილიყო.

ზემოხსენებულ მარკაზე თარიღთან, 1951 წლის 1 აპრილი, მოყვანილია ციფრი 382, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იმ ღამეს თავიანთი მრწამსის გამო სწორედ ამდენი ადამიანი გადაასახლეს — იეჰოვას მოწმეები თავიანთი შვილებით და, ამავე  დროს ზოგიერთი მათი ნათესავი თუ მეზობელი, რომლებიც არ იყვნენ მოწმეები. 1 აპრილს მოწმეები მთელი ქვეყნის მასშტაბით დააპატიმრეს. იმ ღამეს დაპატიმრებულები, დიდები თუ პატარები, შეყარეს პირუტყვის გადამყვან სატვირთო ვაგონებში და ციმბირისკენ გაუყენეს გზას.

1. ელა ტოუმი

იეჰოვას მოწმე ელა ტოუმი * იმ დროს 25 წლის იყო. ის იხსენებს, თუ რა ხდებოდა დაკითხვების დროს: «ოფიცერი ცდილობდა, დავეშინებინე, რომ აღარ მექადაგა. ერთხელ მან მკითხა: „გინდა იცოცხლო თუ შენს ღმერთთან ერთად გინდა მოკვდე ციმბირის სტეპებში?“». ელა არ შეუშინდა მუქარას და სასიხარულო ცნობის ქადაგება განაგრძო. ამიტომ, იგი გადაასახლეს ციმბირში და ექვსი წლის განმავლობაში ერთი ბანაკიდან მეორეში გადაჰყავდათ.

იმ ასობით ადამიანთა შორის, რომლებიც ყოველგვარი სასამართლო განხილვის გარეშე გადაასახლეს, იყო ახალგაზრდა იეჰოვას მოწმე ქალი, ჰისი ლემბერი. ის იხსენებს 1951 წლის 1 აპრილს: «ისინი მოულოდნელად, შუაღამისას დაგვადგნენ თავს და გვიბრძანეს: „ნახევარი საათი გაქვთ თქვენი ნივთების შესაგროვებლად!“». შუაღამისას ჰისი და მისი ექვსი წლის გოგონა რკინიგზის სადგურში წაიყვანეს. მატარებელი, რომელიც სიძველისგან ჭრიალებდა, სადგურიდან სადგურზე ჩერდებოდა, სადაც სხვა მოწმეები აჰყავდათ. „პირუტყვის გადამყვან ვაგონებში შეგვყარეს. საბედნიეროდ, საქონლის ნაკელი გაყინული იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, იქ გაჩერება შეუძლებელი იქნებოდა“.

ამ ორკვირიანმა ავადგასახსენებელმა მგზავრობამ საშინლად დაგვთრგუნა. გადაჭედილ სატვირთო ვაგონებში საშინელი ანტისანიტარია იყო. ახალგაზრდასა თუ მოხუცს ყველანაირად ამცირებდნენ და შეურაცხყოფდნენ. ზოგი მათგანი გამუდმებით ტიროდა და საჭმელზე უარს ამბობდა. იეჰოვას მოწმეები კი ერთმანეთს მხარში ვედექით და ღვთის სადიდებელი სიმღერებით ვიმხნევებდით თავს. ჩვენ ერთმანეთს საჭმელსაც ვუზიარებდით. გვეუბნებოდნენ, რომ სამუდამოდ დავრჩებოდით გადასახლებაში და უკან ვეღარასოდეს დავბრუნდებოდით.

2. ჰისი ლემბერი და მისი ქალიშვილი მაია

ჰისი იხსენებს, თუ როგორ ამხნევებდნენ მას თანამორწმუნეები ამ საშინელი მგზავრობის დროს: „ერთ სადგურზე ჩვენი მატარებელი მოლდავეთიდან მომავალი მატარებლის გვერდით გაჩერდა. გარედან შემოგვესმა მამაკაცის ხმა, რომელიც კითხულობდა, ვინ ვიყავით და საით მივდიოდით. ჩვენ ვუთხარით, რომ ესტონელი იეჰოვას მოწმეები ვიყავით, მაგრამ არ ვიცოდით, სად მივდიოდით. მოლდავეთიდან მომავალ მატარებელში მყოფმა თანაქრისტიანებმა ჩვენი პასუხი გაიგონეს. თავიანთი მატარებლიდან მათ ერთი დიდი პური და ცოტაოდენი შავი ქლიავის ჩირი გადმოგვიყარეს. სწორედ მაშინ მივხვდით, რომ თურმე საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკაში იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ მსგავსი ოპერაცია ხორციელდებოდა“.

ორი მოზარდი მოწმე გოგონა, ენე და მისი და კორინა, დედას დააშორეს ექვსი წლით. მათი დედა, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო, უფრო ადრე დააპატიმრეს და შრომა-გასწორების ბანაკში განამწესეს. ახლა კი, 1 აპრილის იმ ავბედით ღამეს, გოგონები სახლიდან გამოიყვანეს და სატვირთო ვაგონში შეყარეს. კორინა მადლიერებით იხსენებს: „მატარებელში ერთმა მოწმე დამ, რომელსაც ორი ბავშვი ჰყავდა, გვითხრა, რომ ჩვენზე ისე იზრუნებდა, როგორც საკუთარ შვილებზე“.

რა მოხდა დანიშნულების ადგილზე ჩასვლის შემდეგ? როცა ცივ და უკაცრიელ ციმბირში ჩავედით, „მონებით ვაჭრობა“ დაიწყო. ეს მეტად დამამცირებელი  იყო. ახლომდებარე კოლექტივის ფერმის ბრიგადირები მატარებლის გაჩერებაზე მოგროვდნენ, რომ თავიანთი ფერმებისთვის მუშები შეერჩიათ. კორინა იხსენებს: «გვესმოდა, როგორ კამათობდნენ ერთმანეთში ბრიგადირები: „შენ უკვე გყავს ტრაქტორისტი, ეს კი მე მჭირდება“ ანდა „მე უკვე ორი ბებერი ავიყვანე, კეთილი ინებე და ზოგიც შენ წაიყვანე“».

3. ენე და მისი და კორინა

კორინა და ენე ყოჩაღი გოგონები იყვნენ. მათ მოგვიანებით თქვეს: „ძალიან გვენატრებოდა დედა და ერთი სული გვქონდა, როდის ჩაგვიკრავდა გულში!“. მიუხედავად ამისა, მათ სულიერი სიმტკიცე და იუმორის გრძნობა შეინარჩუნეს. კორინა ამბობს: „ერთი მხრივ, კარგიც იყო, რომ დედა ვერ გვხედავდა, როგორ ვმუშაობდით საშინელ ყინვაში თხლად ჩაცმულები“.

უდავოა, რომ უდანაშაულო ხალხი ესტონეთსა თუ სხვა ქვეყნებში დიდი უსამართლობის მსხვერპლი გახდა და იეჰოვას მოწმეებიც მათ შორის იყვნენ (იხილეთ ჩარჩო «ენით აუწერელი „ტერორის მასშტაბები“»). მიუხედავად ასეთი ცუდი მოპყრობისა და ტანჯვისა, რომელიც მათ გამოიარეს, ესტონეთში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები აქტიურად მსახურობენ და ბედნიერი ხალხი არიან.

ბედნიერი მომავლის იმედი

ბიბლია გვარწმუნებს, რომ იეჰოვა ღმერთს სძულს უსამართლობა: „ვინც ამას აკეთებს, ვინც უსამართლობას სჩადის, ის სძულს იეჰოვას, შენს ღმერთს“ (კანონი 25:16). მართალია, ღმერთმა დაუშვა, რომ ადამიანები უსამართლოდ მოქცეოდნენ ერთმანეთს, მაგრამ იგი ბოლოს მოუღებს უსამართლობასა და ბოროტებას. „კიდევ ცოტა, — ამბობს ფსალმუნმომღერალი, — და აღარ იქნება ბოროტი; დააკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი. თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 37:10, 11).

ჩვენ ბრწყინვალე მომავალი გველის! მართალია, წარსულს ვერ შევცვლით, მაგრამ შეგვიძლია ისე წარვმართოთ დღეს ჩვენი ცხოვრება, რომ მომავალში ბედნიერები ვიყოთ. დაუახლოვდით იეჰოვას და დაინახავთ, როგორი ბედნიერები იქნებით მაშინ, როცა სამართალი იზეიმებს! (ესაია 11:9).

^ აბზ. 10 ელა ტოუმის ბიოგრაფია დაიბეჭდა ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ში, 2006 წლის აპრილის ნომერში, გვერდები 20—24.