წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი დეკემბერი 2012

იესო ქრისტეს გახსენება

იესო ქრისტეს გახსენება

„ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“ (ლუკა 22:19).

რატომ აღნიშნავენ შობას?

შობის დღესასწაულის შესახებ ზოგი ამბობს, რომ ამ დროს ყველაფერი იესოს ირგვლივ ტრიალებს. ისინი ამ დღესასწაულის დროს იესოს დაბადებას აღნიშნავენ.

როგორია სინამდვილე?

პოპულარულ საშობაო სიმღერებსა თუ ტრადიციებს იესო ქრისტესთან თითქმის არაფერი აქვს საერთო. მილიონები, რომლებიც ამ დღესასწაულს აღნიშნავენ, არ ავლენენ იესოსადმი რწმენას. ზოგიერთ მათგანს იესოს არსებობაც კი ეეჭვება. დღევანდელ კომერციულ სამყაროში კომპანიებისთვის ეს დღესასწაული საქონლის რეკლამირების საუკეთესო საშუალება გახდა, რასაც საერთო არაფერი აქვს იესოს დაბადების დღის აღნიშვნასთან.

რას ამბობს ბიბლია?

„კაცის ძე . . . არ მოსულა იმისთვის, რომ მას ემსახურონ, არამედ თვითონ მოემსახუროს და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად“ (მარკოზი 10:45). როდესაც იესომ ამ სტატიის დასაწყისში მოყვანილი სიტყვები თქვა, მისი სიკვდილის წინა ღამე იყო და არა მისი დაბადების დღე. იმ საღამოს მან თავის მიმდევრებს მითითება მისცა, თუ როგორ უნდა აღენიშნათ მისი სიკვდილის გახსენების საღამო. რატომ სურდა იესოს, რომ მის მიმდევრებს მისი სიკვდილის საღამო აღენიშნათ და არა დაბადების დღე? ეს იმიტომ, რომ იესოს გამოსასყიდი მორჩილ ადამიანებს მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას აძლევს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ძღვენი, რომელსაც ღმერთი გვაძლევს — მარადიული სიცოცხლე ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მეშვეობით“ (რომაელები 6:23). ასე რომ, როდესაც იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს აღნიშნავენ, მისი მიმდევრები მას იხსენებენ არა როგორც უსუსურ ბავშვს, არამედ როგორც „ქვეყნიერების მხსნელს“ (იოანე 4:42).

„ქრისტეც ხომ თქვენთვის ეტანჯა და მაგალითიც დაგიტოვათ, რომ ერთგულად მიჰყვეთ მის ნაკვალევს“ (1 პეტრე 2:21). გახსოვდეს იესო და პატივი მიაგო მას, ნიშნავს, მიჰბაძო ამ სრულყოფილ და ბრძენ მამაკაცს. თუ დაფიქრდებით იმაზეც, როგორ ავლენდა იესო თანაგრძნობას, მოთმინებასა და გაბედულებას, ეს დაგეხმარებათ, აკეთოთ ის, რაც სწორია. ხელიდან ნუ გაუშვებთ შესაძლებლობას, მიჰბაძოთ მას.

„ქვეყნიერების სამეფო ჩვენი უფლისა და მისი ქრისტეს სამეფო გახდა და ის იმეფებს მარადიულად“ (გამოცხადება 11:15). როდესაც გაიხსენებთ იესო ქრისტეს, დაფიქრდით იმაზე, თუ რას აკეთებს იგი ახლა. იესო დღეს ზეციერი მეფეა. ღვთის სიტყვა იესოზე წინასწარმეტყველებდა: „სამართლიანად გაასამართლებს საწყლებს და სიმართლით ამხილებს ხალხს დედამიწის თვინიერთა გულისთვის“ (ესაია 11:4). ამ ძალაუფლებას ახალშობილი ბავშვი კი არა, ძლევამოსილი მმართველი ფლობს.