არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი დეკემბერი 2012

 იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

ხომ არ ცდებოდა იესო, როცა ამბობდა, რომ მარილს შეიძლებოდა ძალა დაეკარგა?

მთაზე ქადაგების დროს იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „თქვენ ხართ მიწის მარილი და თუ მარილი ძალას დაკარგავს, როგორღა დაუბრუნდება სიმლაშე? ის უკვე აღარაფრად გამოდგება, მხოლოდ გარეთ გადასაყრელად, რომ ხალხმა ზედ იაროს“ (მათე 5:13). მარილი იცავს საკვებს გაფუჭებისგან. როგორც ჩანს, იესოს ამ მაგალითით მოწაფეებისთვის იმის ჩვენება უნდოდა, რომ მათ შეეძლოთ და მართებდათ კიდეც, სულიერი და ზნეობრივი გახრწნისგან დაეცვათ სხვები.

მკვდარი ზღვის მარილის საბადოები

იესოს ამ გამონათქვამთან დაკავშირებით ერთ ბიბლიურ ენციკლოპედიაში ნათქვამია: „მკვდარი ზღვის მარილი, ჩვეულებრივ, სხვა მინერალებსაც შეიცავდა. ეს მარილი ადვილად შეიძლებოდა შესულიყო რეაქციაში სხვა მინარევებთან და სიმლაშე დაეკარგა“ (The International Standard Bible Encyclopedia). გასაგებია, რატომ თქვა იესომ, რომ ასეთი მარილი „უკვე აღარაფრად გამოდგებოდა, მხოლოდ გარეთ გადასაყრელად“. იგივე ენციკლოპედია დასძენს: „ვინაიდან მკვდარი ზღვის მარილი ბევრ სხვა მინარევსაც შეიცავდა, სხვა ზღვებში მოპოვებულ მარილს ბევრად ჩამოუვარდებოდა. ვინაიდან ადვილად შეიძლებოდა მისი მოგროვება მკვდარი ზღვის სანაპიროზე, პალესტინელები, ძირითადად, სწორედ ამ მარილს იყენებდნენ“.

რა მნიშვნელობა ჰქონდა იესოს მსმენელებისთვის იგავს დაკარგული დრაქმის შესახებ?

დრაქმა

ერთხელ იესომ მოყვა იგავი ქალზე, რომელმაც ათი დრაქმიდან ერთი დაკარგა; მან აანთო ლამპარი და მანამ გვიდა ოთახს, სანამ არ იპოვა დაკარგული დრაქმა (ლუკა 15:8—10). იესოს დღეებში დრაქმა ერთი დღის გასამრჯელო იყო. ეს მაგალითი სწორედ იმიტომ იყო ეფექტური, რომ დრაქმა საკმაოდ დიდ თანხას შეადგენდა. ის სხვა მიზეზების გამოც იყო ეფექტური.

ზოგიერთ ნაშრომში ნათქვამია, რომ ქალები ხშირად მონეტებს სამკაულად იყენებდნენ. იესო შეიძლება იმისაც გულისხმობდა, რომ დრაქმა ოჯახური რელიკვია ან ქალის მზითვის ნაწილი იყო. როგორც არ უნდა ყოფილიყო, ქალი, რომელიც ათიდან ერთ დრაქმას დაკარგავდა, ყველაფერს გააკეთებდა მის მოსაძებნად.

იესოს დროს ხალხი, ძირითადად, ისეთ სახლებს აშენებდა, რომ მზის შუქსა და სიცხეს ნაკლებად შეეღწია. ასეთ სახლებს შესაძლოა საერთოდ არ ჰქონოდა ფანჯარა, და თუ ჰქონდა, ისიც ერთი-ორი, იატაკზე კი ჩალა იყო დაფენილი. ამიტომ, დავარდნილი დრაქმის პოვნა არც ისე ადვილი იქნებოდა. ბიბლიის ერთი კომენტატორი ამბობს: „როცა ასეთ ადგილას ისეთი პატარა ნივთი იკარგებოდა, როგორიც ფულის მონეტა იყო, როგორც წესი, უნდა აენთოთ ლამპარი და გამოეგავათ ოთახი“.