წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი ნოემბერი 2012

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

როგორ იპოვა ცხოვრების აზრი ერთმა ახალგაზრდა ქალმა, რომელსაც არ აინტერესებდა ღმერთი და კარიერის შექმნის კარგი პერსპექტივა ჰქონდა? როგორ შეცვალა ძირფესვიანად ერთი ახალგაზრდა კათოლიკე მამაკაცის ცხოვრება იმის გაგებამ, თუ რა ხდება სიკვდილის შემდეგ? როგორ გაიცნო ერთმა გულგატეხილმა ახალგაზრდა მამაკაცმა ღმერთი, რამაც ის ღვთის მსახურებისკენ აღძრა? აი, რას მოგვითხრობენ ისინი.

„მოსვენებას მიკარგავდა იმაზე ფიქრი, თუ რატომ ვარსებობდით“ — როზალინდ ჯონი

  • დაბადების წელი: 1963
  • ქვეყანა: ბრიტანეთი
  • წარსულში: სოციალური ჯანდაცვის წარმატებული მუშაკი

მოკლე ბიოგრაფია:

დავიბადე კროიდონში, ლონდონის სამხრეთ ნაწილში. ოჯახში ცხრა დედმამიშვილიდან მეექვსე ვიყავი. ჩემი მშობლები წარმოშობით კარიბის ზღვის კუნძულ სენტ-ვინსენტიდან იყვნენ. დედაჩემი მეთოდისტურ ეკლესიაში დადიოდა. მართალია, ღვთის გაცნობის სურვილი არ მქონდა, მაგრამ ცოდნას ვიყავი მოწყურებული. არდადეგებს ხშირად სახლთან ახლოს, ტბაზე ვატარებდი, სადაც ბიბლიოთეკიდან გამოტანილ წიგნებს ვკითხულობდი.

სკოლის დამთავრებიდან რამდენიმე წლის შემდეგ სურვილი გამიჩნდა, დავხმარებოდი უმწეო ადამიანებს. ისეთი სამუშაო ვიშოვე, რომელიც უსახლკაროებზე, ინვალიდებსა და უნარშეზღუდულ ადამიანებზე ზრუნვას მოიცავდა. ამავდროულად, უნივერსიტეტში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტზე ჩავაბარე, რომლის დამთავრების შემდეგ არაერთ პრესტიჟულ ადგილზე ვმუშაობდი და ფუფუნებაშიც ვცხოვრობდი. ბოლოს, დამოუკიდებელი მრჩეველი გავხდი სოციალური ჯანდაცვის სფეროში; მუშაობისთვის მხოლოდ ნოუთბუქი და ინტერნეტი მჭირდებოდა. ხანდახან რამდენიმე კვირითაც კი მიხდებოდა საზღვარგარეთ გამგზავრება. ჩემს საყვარელ სასტუმროებში ვჩერდებოდი, ირგვლივ არსებული სილამაზით ვტკბებოდი და არც ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საჭირო პროცედურებს ვიკლებდი — SPA-სალონებისა და სპორტული დარბაზების ხშირი სტუმარი ვიყავი. შეიძლება ითქვას, რომ არაფერი მაკლდა ცხოვრებაში. მაგრამ არასდროს დამკარგვია გაჭირვებულთათვის დახმარების აღმოჩენის სურვილი.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: წლების მანძილზე მოსვენებას მიკარგავდა იმაზე ფიქრი, თუ რატომ ვარსებობდით. მაგრამ არასდროს მიცდია, ამ კითხვაზე ბიბლიიდან მიმეღო პასუხი. 1999 წელს ჩემი უმცროსი და, რომელიც იეჰოვას მოწმე გამხდარიყო, თავის მეგობართან ერთად მესტუმრა. მისი მეგობარი, რომელიც ასევე იეჰოვას მოწმე იყო, არაერთხელ მესაუბრა. მას ბიბლიის შესწავლაზე დავთანხმდი, მაგრამ სულიერად ძალიან ნელა ვიზრდებოდი, რადგან ჩემი ცხოვრების წესი და კარიერა დროის დიდ ნაწილს მართმევდა.

2002 წლის ზაფხულში სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში გადავედი და უნივერსიტეტში სოციოლოგიის განხრით მაგისტრატურაში გავაგრძელე სწავლა. საბოლოოდ კი, მიზნად მქონდა დასახული, დოქტორის ხარისხი მიმეღო. ამავე დროს, ჩემს ბიჭუნასთან ერთად ადგილობრივ სამეფო დარბაზში სიარულსაც მოვუხშირე. მართალია, დიდ სიამოვნებას  მანიჭებდა უმაღლესი განათლების მიღება, მაგრამ ბიბლიის შესწავლა გაცილებით პრაქტიკული იყო, რადგან პრობლემების გამომწვევ მიზეზებსა და გამოსავალზე საუბრობდა. ბოლომდე ჩავწვდი იმ სიტყვების ჭეშმარიტებას, რომელიც მათეს 6:24-შია ჩაწერილი, რომ შეუძლებელი იყო, ორი ბატონის მსახური ვყოფილიყავი — ან ღვთისთვის უნდა მიმეძღვნა თავი, ან სიმდიდრეს უნდა დავმონებოდი. სწორედ მაშინ დადგა ჩემს ცხოვრებაში არჩევნის გაკეთების დრო.

2001 წელს ხშირად ვესწრებოდი ერთ-ერთ ოჯახში წიგნის შესწავლას, სადაც მოწმეები განიხილავდნენ წიგნს „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“. * დავრწმუნდი, რომ მხოლოდ შემოქმედს, იეჰოვას, შესწევს კაცობრიობის პრობლემების გადაჭრის ძალა. უნივერსიტეტში კი მასწავლიდნენ, რომ სიცოცხლის აზრის პოვნა იმაზე არ იყო დამოკიდებული, ვირწმუნებდი თუ არა შემოქმედს. ამის გამო პროტესტის გრძნობა გამიჩნდა. ორი თვის შემდეგ უნივერსიტეტში სწავლას თავი დავანებე და გადავწყვიტე, მეტი დრო გამომეყო ღვთის გასაცნობად.

იგავების 3:5, 6-ში ჩაწერილი სიტყვები დამეხმარა, შემეცვალა ცხოვრების წესი: „მიენდე იეჰოვას მთელი გულით და საკუთარ გონებას ნუ დაეყრდნობი. გახსოვდეს იგი ყველა შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს“. ჩვენს მოსიყვარულე ღმერთთან გაცნობამ გაცილებით დიდი სიხარული მომიტანა, ვიდრე სიმდიდრე და დოქტორის ხარისხი მომიტანდა. რაც უფრო მეტს ვიგებდი იმის შესახებ, თუ რა განზრახვა ჰქონდა იეჰოვას დედამიწასთან დაკავშირებით და რამხელა მსხვერპლი გაიღო იესომ ჩვენ სახსნელად, მით უფრო მიჩნდებოდა სურვილი, თავი მიმეძღვნა ჩვენი შემოქმედისთვის. 2003 წლის აპრილში მოვინათლე და მას შემდეგ ცხოვრებაც გავიმარტივე.

კურთხევები:

იეჰოვასთან მეგობრობას არაფერი შეედრება. ღვთის გაცნობის შემდეგ საოცარი შინაგანი სიმშვიდე და სიხარული ვიგრძენი. არანაკლებ სიხარულს მანიჭებს ღვთის თაყვანისმცემლებთან ურთიერთობაც.

დღეს ცოდნის მიღების დაუცხრომელ წყურვილს ბოლომდე ვიკლავ, რადგან ბევრ რამეს ვსწავლობ ბიბლიის კითხვისას და ქრისტიანული კრების შეხვედრებზე დასწრებისას. ჩემს მრწამსს სხვებსაც ვუზიარებ. ახლა უკვე ეს საქმე გახდა ჩემი „კარიერა“ — ნამდვილად შემიძლია დავეხმარო ადამიანებს, რომ დღესვე ჰქონდეთ აზრიანი ცხოვრება და იმედი, რომ მომავალში ახალ ქვეყნიერებაში იცხოვრებენ. 2008 წლის ივნისიდან მოყოლებული სრული დროით ვმსახურობ. ასე ბედნიერი და კმაყოფილი ჯერ არასდროს ვყოფილვარ! ვიპოვე სიცოცხლის ნამდვილი აზრი, რისთვისაც უზომოდ მადლიერი ვარ იეჰოვასი.

 „მეგობრის სიკვდილმა დიდი დარტყმა მომაყენა“  — რომან ირნესბერგერი

  • დაბადების წელი: 1973
  • ქვეყანა: ავსტრია
  • წარსულში: აზარტული თამაშების მოყვარული

მოკლე ბიოგრაფია:

გავიზარდე ავსტრიის პატარა ქალაქ ბრაუნაუში. ამ მდიდარ ქალაქში დანაშაულის ჩადენის შემთხვევები თითზე ჩამოსათვლელი იყო. კათოლიკურ ოჯახში ვიზრდებოდი.

ბავშვობაში ერთმა შემთხვევამ ჩემს ცხოვრებას დაღი დაასვა. 1984 წელს, როცა 11 წლის ვიყავი, ერთ ახლო მეგობართან ერთად ფეხბურთს ვთამაშობდი. ის ავტოკატასტროფაში სწორედ ამ დღეს  დაიღუპა. მეგობრის სიკვდილმა დიდი დარტყმა მომაყენა. ამ ტრაგედიიდან წლების გასვლის მერეც კი არ მასვენებდა იმაზე ფიქრი, თუ რა მოგვივიდოდა სიკვდილის შემდეგ.

სკოლის დამთავრების შემდეგ ელექტრიკოსად დავიწყე მუშაობა. ამავე პერიოდში აზარტულმა თამაშებმა გამიტაცა. ვინაიდან ფული ყოველთვის მქონდა, დიდ თანხებზე ვთამაშობდი. გარდა ამისა, დიდ დროს ვუთმობდი სპორტს. ძალიან გამიტაცა ჰევი-მეტალმა და პანკ-როკმა. არც წვეულებებსა და ღამის კლუბებში სიარულს ვიკლებდი. უზნეო ცხოვრებას ვეწეოდი და არანაირ სიამოვნებაზე არ ვამბობდი უარს, მაგრამ საშინელ შინაგან სიცარიელეს ვგრძნობდი.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა:

1995 წელს ერთმა ხანში შესულმა იეჰოვას მოწმემ კარზე დამიკაკუნა და შემომთავაზა წიგნი, სადაც განხილული იყო ბიბლიის თვალსაზრისი იმის შესახებ, თუ რა ხდება სიკვდილის შემდეგ. ბავშვობისდროინდელმა იარამ თავი შემახსენა და ამიტომ გამოვართვი წიგნი. მხოლოდ იმ თავის წაკითხვას კი არ დავჯერდი, რომელშიც საუბარი იყო იმაზე, თუ რა ხდება სიკვდილის შემდეგ, არამედ მთელი წიგნი წავიკითხე.

ჩემს კითხვებზე ამომწურავი პასუხები მივიღე. მაგრამ გაცილებით მეტი რამ გავიგე, ვიდრე მოველოდი. რადგან კათოლიკე ვიყავი, ჩემი რწმენის ქვაკუთხედს იესო წარმოადგენდა. ბიბლიის გულმოდგინე შესწავლის შედეგად იესოს მამას, იეჰოვას, დავუახლოვდი. ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო ის, რომ იეჰოვა არც მიუწვდომელი და არც იდუმალებით მოცული ღმერთია; პირიქით, ის ყველა თავის მძებნელს ბოლომდე აცნობს საკუთარ თავს (მათე 7:7—11). ისიც შევიტყვე, რომ იეჰოვას აქვს გრძნობები და ყოველთვის იცავს თავის სიტყვას. ამ ყოველივემ მიბიძგა, კარგად გამომეკვლია ბიბლიური წინასწარმეტყველებები და გამეგო, როგორ შესრულდა ისინი. ნასწავლმა ღვთისადმი რწმენა გამიძლიერა.

მალე მივხვდი, რომ მხოლოდ იეჰოვას მოწმეები არიან გულწრფელად დაინტერესებული, ხალხს ბიბლიის გაცნობაში დაეხმარონ. ყოველთვის ვინიშნავდი იეჰოვას მოწმეების პუბლიკაციებში ციტირებულ ბიბლიურ მუხლებს და შემდეგ ჩემს კათოლიკურ ბიბლიაში ვნახულობდი. რაც უფრო მეტს ვიკვლევდი, მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ჭეშმარიტება ვიპოვე.

ბიბლიის შესწავლამ დამანახვა, რომ იეჰოვა ჩემგან მოელოდა, მეცხოვრა მისი პრინციპებით. ეფესოელების 4:22—24-ის წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ უნდა მომეშორებინა „ძველი პიროვნება“, რომელიც „წინანდელი ცხოვრების შესაბამისი“ იყო და უნდა „შევმოსილიყავი ახალი პიროვნებით, რომელიც შექმნილი იქნებოდა ღვთის ნების თანახმად“. ამიტომ, უზნეო ცხოვრების წესი მივატოვე. აზარტული თამაშებისთვისაც უნდა დამენებებინა თავი, რადგან ეს ადამიანს მატერიალიზმისკენ უბიძგებს და მასში სიხარბის სულს ავითარებს (1 კორინთელები 6:9, 10). ეს ცვლილებები რომ მომეხდინა, ძველ მეგობრებთან უნდა გამეწყვიტა ურთიერთობა და ახალი მეგობრები შემეძინა, რომლებიც ბიბლიური ნორმებით ცხოვრობდნენ.

ნამდვილად არ იყო ადვილი ამ ცვლილებების მოხდენა. იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზში დავიწყე კრების შეხვედრებზე დასწრება და ახალი მეგობრებიც შევიძინე. გარდა ამისა, პირადად ვიკვლევდი ბიბლიას. ეს დამეხმარა, მუსიკალური გემოვნება შემეცვალა, სრულიად განსხვავებული მიზნები დამესახა და საკუთარი გარეგნობა მომეწესრიგებინა. 1995 წელს თავი მივუძღვენი იეჰოვას და მოვინათლე.

კურთხევები:

ახლა გაწონასწორებული შეხედულება მაქვს ფულსა და ქონების დაგროვებაზე. ადრე ფიცხი ხასიათი მქონდა, მაგრამ დღეს უკვე შემიძლია  საკუთარი თავის ხელში აყვანა. აღარც მომავალზე ფიქრი მაშინებს.

მიხარია, რომ საერთაშორისო საძმოს ვეკუთვნი, რომლებიც იეჰოვას ემსახურებიან. და-ძმებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც სირთულეების მიუხედავად, ერთგულად სცემენ ღმერთს თაყვანს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია მთელი ჩემი დრო და ენერგია პირად სურვილებს კი არ შევალიო, არამედ სიკეთე გავუკეთო სხვებს და იეჰოვა განვადიდო.

 „როგორც იქნა, ცხოვრების აზრი ვიპოვე!“ — იან კინგი

  • დაბადების წელი: 1963
  • ქვეყანა: ინგლისი
  • წარსულში: ცხოვრებაზე გულაცრუებული

მოკლე ბიოგრაფია:

დავიბადე ინგლისში, მაგრამ დაახლოებით 7 წლისა ვიყავი, როცა საცხოვრებლად ავსტრალიაში გადავედით. დავსახლდით ტურისტებისთვის საყვარელ ქალაქ გოლდ-კოსტში (კუინზლენდი, ავსტრალია). მართალია, მდიდრები არ ვიყავით, მაგრამ არც არაფერი გვაკლდა.

მიუხედავად იმისა, რომ მატერიალურად არ გვიჭირდა, ბედნიერი მაინც არ ვიყავი. ცხოვრებაზე გული მქონდა აცრუებული. მამაჩემი ლოთობდა. ის არასდროს მყვარებია, რადგან სულ სვამდა და დედას ცუდად ექცეოდა. როცა წამოვიზარდე, გავიგე, თუ რა გამოევლო მას, როცა ჯარში მსახურობდა მალაიაში (მალაიზია). მაშინ ჩემთვის ცხადი გახდა, თუ რატომ იქცეოდა ასე.

მაღალ კლასებში სწავლის დროს მეც სმა დავიწყე. 16 წლის რომ ვიყავი, სწავლა მივატოვე და სამხედრო-საზღვაო ფლოტში დავიწყე მსახურება. ვიყენებდი ნარკოტიკებს და ბევრს ვეწეოდი. სულ უფრო და უფრო ვეძალებოდი ალკოჰოლს. თუ ადრე მხოლოდ შაბათ-კვირას ვსვამდი, ახლა ყოველდღე მთვრალი ვიყავი.

დაახლოებით 20 წლის ვიყავი, როცა ღვთის არსებობაში ეჭვი შემეპარა. საკუთარ თავს ვეკითხებოდი: „თუ ღმერთი მართლა არსებობს, რატომ უშვებს ადამიანთა ტანჯვას?“. ლექსიც კი დავწერე, რომელშიც ღმერთს ვადანაშაულებდი მთელ იმ უბედურებაში, რაც ცისქვეშეთში ხდებოდა.

23 წლის ვიყავი, როცა სამხედრო-საზღვაო ფლოტი დავტოვე. მას შემდეგ არაერთ ადგილას ვიმუშავე. ერთი წლის განმავლობაში ვმოგზაურობდი კიდეც, მაგრამ ვერაფერმა დამიბრუნა სიცოცხლის ხალისი. არანაირი სურვილი არ მქონდა, დამესახა მიზნები და რამისთვის მიმეღწია. დიდად არაფერი მიზიდავდა. სახლის შეძენა, სტაბილური სამსახურის შოვნა და კარიერის შექმნა სრულ უაზრობად მეჩვენებოდა. მხოლოდ მაშინ ვგრძნობდი თავს უკეთ, როცა ვსვამდი და მუსიკას ვუსმენდი.

ზუსტად შემიძლია იმ წამის გახსენება, როცა გამიჩნდა დიდი სურვილი, მეპოვა სიცოცხლის აზრი. პოლონეთში ყოფნისას მოვინახულე ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი. მანამდე წაკითხული მქონდა, რა საშინელება დატრიალდა ამ ადგილას. მაგრამ, როცა საკუთარი თვალით ვიხილე ეს უზარმაზარი საკონცენტრაციო ბანაკი, ამან  სულით ხორცამდე შემძრა. ვერ წარმომედგინა, თუ როგორ შეიძლებოდა ადამიანები ასეთი სისასტიკით მოპყრობოდნენ ერთმანეთს. მახსოვს, ვათვალიერებდი ბანაკს და თან თვალცრემლიანი ვკითხულობდი: „რატომ?“.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა:

1993 წელს, როდესაც მოგზაურობიდან დავბრუნდი, ბიბლიის კითხვა დავიწყე, რომ ჩემს კითხვებზე პასუხები მიმეღო. მალე ორმა იეჰოვას მოწმემ მომაკითხა სახლში და კონგრესზე დამპატიჟა, რომელიც იქვე, სტადიონზე ტარდებოდა. გადავწყვიტე, რომ წავსულიყავი.

რამდენიმე თვის წინ ამ სტადიონზე ფეხბურთის მატჩს დავესწარი, მაგრამ ამჯერად, სტადიონზე მისული, იმის ხილვამ გამაოცა, რაც იქ ხდებოდა. მოწმეები თავაზიანად იქცეოდნენ. ლამაზად და მოკრძალებულად ეცვათ და ბავშვებიც კარგად იქცეოდნენ. ძალიან გამაოცა იმან, რაც შესვენების დროს ვნახე. ასობით მოწმე გაშლილ მინდორზე მიირთმევდა სადილს, მაგრამ როცა თავ-თავიანთ ადგილებს დაუბრუნდნენ, მინდორზე ერთ ნამცეცსაც ვერ ნახავდით. გარდა ამისა, ჩანდა, რომ ამ ხალხს კმაყოფილების გრძნობა და სულის სიმშვიდე ჰქონდათ, რაც მე ასე მაკლდა. კონგრესის პროგრამაზე წარმოთქმული არც ერთი მოხსენება არ მახსოვს, მაგრამ მოწმეების საქციელმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.

იმ საღამოს გამახსენდა ჩემი ბიძაშვილი, რომელიც ბიბლიას კითხულობდა და სხვადასხვა რელიგიებს იკვლევდა. წლების წინ, მან მითხრა, რომ იესოს სიტყვების თანახმად, ჭეშმარიტ რელიგიას მისი ნაყოფით ამოიცნობდი (მათე 7:15—20). გადავწყვიტე, გამეგო, თუ რატომ იყვნენ იეჰოვას მოწმეები ასე განსხვავებულები. ცხოვრებაში პირველად იმედის თვალით შევხედე მომავალს.

ერთი კვირის შემდეგ კვლავ მეწვივნენ ის მოწმეები, რომლებმაც კონგრესზე დამპატიჟეს. მათ ბიბლიის შესწავლის დაწყება შემომთავაზეს და მეც დავთანხმდი. გარდა ამისა, ქრისტიანულ კრების შეხვედრებზე დასწრებაც დავიწყე.

ბიბლიის შესწავლამ ჩემი თვალსაზრისი ღმერთზე სრულიად შეცვალა. გავიგე, რომ მისი ხელი არ ერია ტანჯვასა და ბოროტებაში და თავადაც ძლიერ სტკიოდა გული, როცა ხედავდა ადამიანთა ბოროტებას (დაბადება 6:6; ფსალმუნი 78:40, 41). მივიღე მტკიცე გადაწყვეტილება, რომ მისთვის გული კი არ მეტკენინებინა, არამედ ყოველთვის გამეხარებინა (იგავები 27:11). შევწყვიტე სმა, თამბაქოს წევა და უზნეო ცხოვრების წესს შევეშვი. 1994 წლის მარტში მოვინათლე და იეჰოვას მოწმეთა რიგებს შევუერთდი.

კურთხევები:

დღეს ნამდვილად ბედნიერი და კმაყოფილი ვარ. დარდის გასაქარვებლად მეტად აღარ ვეძალები ალკოჰოლს. ვისწავლე, რომ ჩემი ტვირთი ყოველთვის იეჰოვას მივანდო (ფსალმუნი 55:22).

უკვე ათი წელია, რაც ცოლად კარენი მოვიყვანე, რომელსაც მშვენიერი გოგონა, ნელა, ჰყავს. დღეს სამივე დროის უმეტეს ნაწილს ქრისტიანულ მსახურებას ვუთმობთ და სხვებს ჭეშმარიტი ღვთის გაცნობაში ვეხმარებით. როგორც იქნა, ცხოვრების აზრი ვიპოვე!

^ აბზ. 11 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.