წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი ოქტომბერი 2012

კორუფცია ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრება!

კორუფცია ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრება!

„იეჰოვას იმედი გქონდეს და მისი გზა დაიცავი . . . დაინახავ, როგორ მოისპობიან ბოროტები“ (ფსალმუნი 37:34)

თქვენც სხვებივით ხომ არ შიშობთ, რომ კორუფცია ყოველთვის იარსებებს და არასდროს აღმოიფხვრება? თუ ასეა, თქვენი შიში ნამდვილად არ არის უსაფუძვლო. ისტორიის მანძილზე ადამიანებმა მმართველობის ყველანაირი ფორმა მოსინჯეს, მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა ვერ ამოძირკვა კორუფცია. შეგვიძლია გვქონდეს იმედი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ხალხი ერთმანეთს პატიოსნად მოექცევა?

საბედნიეროდ, ბიბლია გვარწმუნებს, რომ ასეთი დღე მართლაც დადგება. ამ წიგნიდან ვიგებთ, რომ ღმერთი მალე ზომებს მიიღებს კორუფციის წინააღმდეგ, რომელსაც ასე ღრმად აქვს ფესვი გადგმული მთელ მსოფლიოში. როგორ მიაღწევს ის ამას? თავისი სამეფოს, ზეციერი ხელისუფლების, მეშვეობით ღმერთი სრულიად გარდაქმნის მსოფლიოს. ეს სწორედ ის სამეფოა, რომლის შესახებაც იესო ასწავლიდა თავის მიმდევრებს, რომ ელოცათ. იესო ამ ლოცვაში, რომელიც „უფლის ლოცვის“ ან „მამაო ჩვენოს“  სახელითაა ცნობილი, ამბობს: „მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება . . . დედამიწაზე“ (მათე 6:10).

ამ სამეფოს მმართველის, იესო ქრისტეს, შესახებ ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია: „ის დაიხსნის ღარიბს, შველას რომ ითხოვს, დაჩაგრულს და მას, ვისაც შემწე არა ჰყავს. ის შეიბრალებს საწყალსა და ღარიბს, იხსნის ღარიბთა სულებს. ჩაგვრისა და ძალადობისგან გამოისყიდის მათ სულებს“ (ფსალმუნი 72:12—14). ყურადღება მიაქციეთ, რომ იესოს ებრალება ყველა, ვინც კორუფციის მსხვერპლი გახდა. ის იმოქმედებს ჩაგრულთა დასახსნელად! განა არ გვანუგეშებს ამის ცოდნა?!

ღვთის სამეფოს თანამგრძნობი და ძლევამოსილი მეფის მეშვეობით ერთხელ და სამუდამოდ ამოიძირკვება კორუფცია. როგორ გააკეთებს იგი ამას? ის აღმოფხვრის კორუფციის გამომწვევ სამივე მიზეზს.

ცოდვა

დღეს ყველა ვებრძვით ცოდვილ მიდრეკილებებს, რომლებიც ეგოიზმისკენ გვიბიძგებს (რომაელები 7:21—23). საბედნიეროდ, დღესაც არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც სწორად იქცევიან. მათ სწამთ, რომ იესოს მიერ დაღვრილ სისხლს ხსნის ძალა აქვს, რის წყალობითაც ეპატიებათ ცოდვები (1 იოანე 1:7, 9). * იეჰოვამ ასეთი ადამიანების მიმართ უდიდესი სიყვარული გამოავლინა, რის შესახებაც იოანეს 3:16-ში ვკითხულობთ: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“.

ერთგულთათვის იეჰოვა მართლაც სასწაულს მოახდენს. ახალ ქვეყნიერებაში ის ცოდვის ყოველგვარ კვალს წაშლის და ნელ-ნელა ადამიანებს სრულყოფილებამდე მიიყვანს, რის შედეგადაც ისინი მის თვალში მართლები გახდებიან (ესაია 26:9; 2 პეტრე 3:13). ცოდვა აღარ იბატონებს ჩვენზე და მეტად აღარ გვიბიძგებს უკანონობისკენ. ღვთის სამეფოს მმართველობის დროს ერთგულნი „გათავისუფლდებიან ხრწნის მონობისგან“ (რომაელები 8:20—22).

ბოროტი ქვეყნიერება

სამწუხაროდ, დღეს ბევრი განზრახ სჩადის ბოროტებას. ისინი პირადი ინტერესებისთვის იყენებენ უბრალო და ღარიბ ხალხს და სხვებსაც თავის გავლენაში აქცევენ, რომ ისინიც მათსავით უპატიოსნოდ მოიქცნენ. ბიბლია ასეთებს აფრთხილებს: „მიატოვოს ბოროტმა თავისი გზა, ბოროტმოქმედმა თავისი ზრახვები“. თუ ასეთი უკანონობის მოქმედნი მოინანიებენ, ღმერთი ჰპირდება მათ, რომ მრავალ ცოდვას მიუტევებს (ესაია 55:7).

ვინც არ შეიცვლება, ღმერთს სხვა გზა არ ექნება და მათი განადგურება მოუწევს. ღვთის სამეფოს მეშვეობით ბიბლიური დანაპირები რეალობად იქცევა: „იეჰოვას იმედი გქონდეს და მისი გზა დაიცავი . . . დაინახავ, როგორ მოისპობიან ბოროტები“ (ფსალმუნი 37:34). * გამოუსწორებელი ბოროტები მოისპობიან, ღვთის ერთგული თაყვანისმცემლები აღარასოდეს გახდებიან თაღლითობის მსხვერპლი.

სატანა ეშმაკი

ყველაზე დიდი ცოდვილი სატანა ეშმაკია. საბედნიეროდ, მალე იეჰოვა შებოჭავს მას და ვეღარ მოახდენს ადამიანებზე გავლენას. ბოლოს კი ღმერთი გაანადგურებს სატანას. ეს საშინელი მტარვალი მეტად ვეღარ მოაქცევს ადამიანებს თავის გავლენაში და მეტად ვეღარ უბიძგებს უპატიოსნობისკენ.

კორუფცია რომ ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრება, აუხდენელი ოცნება არ არის. თქვენ შეიძლება იკითხოთ: ძალუძს ღმერთს ამხელა ცვლილების მოხდენა? თუ ასეა, დღემდე რატომ არ ამოძირკვა კორუფცია? ეს მართლაც საინტერესო კითხვებია, რაზეც ბიბლია დამაკმაყოფილებელ პასუხებს გვცემს. * შეგიძლიათ თავად გამოიკვლიოთ, რას ამბობს ბიბლია ახლო მომავლის შესახებ, როდესაც კორუფცია ერთხელ და სამუდამოდ ჩაჰბარდება წარსულს.

^ აბზ. 8 დამატებითი ინფორმაცია იესოს მიერ გაღებული გამოსასყიდის შესახებ იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-5 თავში. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

^ აბზ. 12 ბიბლიის მიხედვით, იეჰოვა ღვთის პირადი სახელია.

^ აბზ. 15 მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავები 3, 8,  11.