წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი ოქტომბერი 2012

რამდენად კორუმპირებულია დღევანდელი მსოფლიო?

რამდენად კორუმპირებულია დღევანდელი მსოფლიო?

„ჩვენი ფირმა ერთ-ერთ სახელმწიფო დაწესებულებას ემსახურება. გაწეული სამსახურის ანაზღაურების მისაღებად ხანდახან ორი-სამი თვე გვიწევს ლოდინი. ამას წინათ ამ დაწესებულების ერთი წარმომადგენელი დამიკავშირდა და შემომთავაზა, რომ თუ გარკვეულ თანხას ქრთამის სახით მივცემდით, ჩვენი ფირმა კუთვნილ ანაზღაურებას დროულად მიიღებდა“, — ამბობს ჯონი. *

გამხდარხართ ოდესმე კორუფციის მსხვერპლი? შესაძლოა მსგავს სიტუაციაში არ აღმოჩენილხართ, მაგრამ კორუფციის მსხვერპლი მაინც გამხდარხართ.

ანტიკორუფციული ორგანიზაციის, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“, მიერ გამოქვეყნებული 2011 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ * თანახმად, კორუფციის დონე 183 ქვეყანასა თუ ტერიტორიაზე 10-ბალიანი სისტემით შეფასდა და აღმოჩნდა, რომ მათგან ნახევარზე მეტი 5 ბალს ქვემოთ მოხვდა [0 (ყველაზე კორუმპირებული) — 10 (ყველაზე არაკორუმპირებული)]. ამავე ორგანიზაციის მიერ 2009 წელს ჩატარებულმა კვლევებმა სავალალო რეალობა გამოააშკარავა: „ნათელია, რომ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ შესწევს ძალა, სრულად აღმოფხვრას კორუფცია“.

„კორუფცია მინიჭებული უფლებამოსილების საკუთარი მიზნისთვის გამოყენებაა. მისი მსხვერპლი ნებისმიერი ადამიანი ხდება, რომელთა სიცოცხლე და ბედნიერება სწორედ უფლებამოსილ პირთა პატიოსნებაზეა დამოკიდებული“, — „საერთაშორისო გამჭვირვალობა“.

ზოგ შემთხვევაში კორუფციის შედეგები შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს. მაგალითად, ჟურნალი „ტაიმი“ იუწყება, რომ გარკვეულწილად სწორედ „კორუფციასა და გულგრილობას“ მიუძღვის წვლილი იმაში, რომ 2010 წელს ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად ამდენი ადამიანი დაიღუპა. ამის თაობაზე ჟურნალი „ტაიმი“ დასძენს: „შენობები არ იყო  სათანადოდ დაპროექტებული და არც ექსპლუატაციის უფლების მისაღებად საჭირო შემოწმება ჰქონდა გავლილი, რადგან ეს საკითხები ქრთამით მოგვარდა“.

შესაძლებელია თუ არა, რომ კორუფციას ერთხელ და სამუდამოდ მოეღოს ბოლო? ამ კითხვაზე პასუხი რომ მივიღოთ, კორუფციის გამომწვევ მიზეზებზე უნდა ვიმსჯელოთ. სწორედ ამაზე ვისაუბრებთ მომდევნო სტატიაში.

^ აბზ. 2 სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 4 «„კორუფციის აღქმის ინდექსში“ ქვეყნები რანგირებულია იმის მიხედვით, თუ რამდენად კორუმპირებულად აღიქმება ამა თუ იმ ქვეყნის საჯარო სექტორი» („საერთაშორისო გამჭვირვალობა“).