წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი სექტემბერი 2012

ღვთის თვალში პატივდებულნი

ღვთის თვალში პატივდებულნი

დედამიწაზე ყოფნის დროს იესო სრულყოფილად ირეკლავდა თავისი ზეციერი მამის თვისებებს და ყველაფერში ჰბაძავდა. მან თქვა: „ჩემით არაფერს ვაკეთებ, არამედ როგორც მამამ მასწავლა, ისე ვლაპარაკობ . . . ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მას მოსწონს“ (იოანე 8:28, 29; კოლოსელები 1:15). თუ გავითვალისწინებთ იმას, როგორ ექცეოდა იესო ქალებს და როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მათ მიმართ, უკეთ გავიგებთ, როგორ უყურებს ღმერთი ქალებს და რას მოელის მათგან.

სახარებებში ჩაწერილ ცნობებზე დაყრდნობით, არაერთი სწავლული აცხადებს, რომ იესოს დამოკიდებულება ქალების მიმართ რადიკალურად განსხვავდებოდა მისი თანამედროვეების დამოკიდებულებისგან. უფრო მნიშვნელოვანი კი იმის გაგებაა, დღესაც თუ იცავს ქალებს იესოს სწავლებები.

როგორ ექცეოდა იესო ქალებს?

იესო არ უყურებდა ქალებს გულისთქმით. იუდეველი რელიგიური წინამძღოლების აზრით, კაცს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობა მხოლოდ უზნეობის ჩადენამდე  მიიყვანდა. რადგანაც ქალს მაცდურად მიიჩნევდნენ, მათ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ეკრძალებოდათ მამაკაცებთან საუბარი და რიდეჩამოფარებულთ უნდა ევლოთ. იესო კი კაცებს მოუწოდებდა, ვნებებსა და გულისთქმებს არ დამონებოდნენ, არ გაერიყათ ქალები, არ მორიდებოდნენ მათთან ურთიერთობას და, ამავე დროს, ღირსეულად მოქცეოდნენ მათ (მათე 5:28).

„ვინც ცოლს ეყრება და სხვაზე ქორწინდება, მის წინააღმდეგ მრუშობს“, — თქვა იესომ (მარკოზი 10:11, 12). ამ სიტყვებით იესომ დაგმო რაბინთა გავრცელებული შეხედულება, რომლის მიხედვითაც კაცს შეეძლო „ნებისმიერი მიზეზით“ გაყროდა ცოლს (მათე 19:3, 9). მრუშობა რომ ცოლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული იყო, იუდეველთა უმეტესობისთვის სიახლე იყო. რაბინები ხალხს ასწავლიდნენ, რომ კაცს არასდროს ეთვლებოდა ღალატად, თუ ცოლის გარდა სხვასთან დაწვებოდა, მაშინ როცა ქალის შემთხვევაში ეს ორგულობა იყო. ბიბლიის ერთი კომენტატორის თქმით, „იესომ ერთმანეთს გაუთანაბრა ცოლ-ქმრის ზნეობრივი ვალდებულება, რითაც ქალს აუმაღლა სტატუსი და ღირსება“.

იესოს სიტყვების ძალა. იეჰოვას მოწმეების კრების შეხვედრებზე ქალები კაცებთან თავისუფლად საუბრობენ. ისინი არც იმაზე ღელავენ, რომ ვინმე გულისთქმით დაუწყებს ცქერას ან ზედმეტად გაუშინაურდება (1 ტიმოთე 5:2).

იესო ასწავლიდა ქალებს. განსხვავებით იუდეველი რაბინებისაგან, რომლებიც ქალებს სრულ უმეცრებაში ამყოფებდნენ, იესო ასწავლიდა მათ და მოუწოდებდა, გამოეთქვათ საკუთარი აზრი. იესომ მარიამს არ წაართვა იმის შესაძლებლობა, რომ მეტი გაეგო მისგან და ამით აჩვენა, რომ ქალის ადგილი მხოლოდ სამზარეულოში არ იყო (ლუკა 10:38—42). აშკარაა, რომ მარიამის და, მართაც უსმენდა იესოს და სწავლობდა მისგან. ეს ლაზარეს სიკვდილის შემდეგ იესოს მიერ დასმულ კითხვებზე მართას გონივრული პასუხებიდან გამოჩნდა (იოანე 11:21—27).

იესოს ქალების აზრი აინტერესებდა. იმ დროს, როცა იგი დედამიწაზე მსახურობდა, ებრაელი ქალების უმეტესობა დიდ ბედნიერებად მიიჩნევდა, თუ ღირსეული ვაჟი ეყოლებოდათ და განსაკუთრებით, თუ ის წინასწარმეტყველი იქნებოდა. როდესაც ერთმა ქალმა ხმამაღლა წამოიძახა ეს სიტყვები, „ბედნიერია, ვინც მუცლით გატარა“, იესომ მას დაანახა, თუ რა იყო ამაზე გაცილებით მნიშვნელოვანი (ლუკა 11:27, 28). იესომ ქალს უთხრა, რომ უფრო მნიშვნელოვანი იყო ღვთის მორჩილება და მისი თვალსაზრისის გათვალისწინება, ვიდრე უბრალოდ ტრადიციის თანახმად, ქალთა გარკვეული ჯგუფისთვის პატივის მიგება (იოანე 8:32).

იესოს სიტყვების ძალა. ვინც ქრისტიანულ კრებებს უძღვება, ქალებს მოუწოდებს, კომენტარები გააკეთონ შეხვედრებზე. ისინი აფასებენ სულიერად მოწიფულ ქალებს, რომელთაც შეუძლიათ „კარგი მასწავლებლები“ იყვნენ როგორც სიტყვით, ისე საქმით (ტიტე 2:3). ისინი ანდობენ ქალებს  ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებასაც (ფსალმუნი 68:11; იხილეთ ჩარჩო  „უკრძალავდა პავლე მოციქული ქალებს საუბარს?“ მე-9 გვერდზე).

იესო ზრუნავდა ქალებზე. ბიბლიურ დროში გოგოს დაბადებას ვაჟის დაბადებას არჩევდნენ. თალმუდში ეს აზრი შემდეგნაირად იყო გადმოცემული: „ბედნიერია ვაჟების პატრონი. ვაი მათ, ვისაც გოგონები ჰყავთ!“. ზოგი მშობელი გოგოს ყოლას მძიმე ტვირთად მიიჩნევდა; მათთვის ჯერ საქმრო უნდა ეპოვათ და მერე გაემზითვათ, თავად კი სიბერეში უპატრონოდ დარჩენილიყვნენ.

იესომ იაიროსის ასულიც აღადგინა და ნაინელი ქვრივის ვაჟიც და ამით ცხადყო, რომ ვაჟები არაფრით უპირატესობდნენ გოგონებზე (მარკოზი 5:35, 41, 42; ლუკა 7:11—15). მას შემდეგ, რაც იესომ განკურნა ქალი, რომელიც „თვრამეტი წელი უძლურების დემონით იყო შეპყრობილი“, მას „აბრაამის ასული“ უწოდა; ასეთ გამოთქმას იუდაურ ტექსტებში ვერსად წააწყდებოდით (ლუკა 13:10—16). რადგან იესომ ასეთი სიტყვებით პატივისცემა და სითბო გამოავლინა ამ ქალისადმი, ამით მხოლოდ ის კი არ აღნიშნა, რომ იგი საზოგადოების სრულფასოვანი წევრი იყო, არამედ იმასაც გაუსვა ხაზი, თუ რა ძლიერი რწმენა ჰქონდა მას (ლუკა 19:9; გალატელები 3:7).

იესოს სიტყვების ძალა დღეს. ერთ აზიურ ანდაზაში ნათქვამია: „გინდ გოგო გაგიზრდია და გინდ მეზობლის ბაღი მოგირწყავს“. მოსიყვარულე ქრისტიან მამებზე გავლენას არ ახდენს ასეთი მცდარი შეხედულება და ვაჟებსა და გოგონებს ერთმანეთისგან არ განასხვავებენ. ქრისტიანმა მშობლებმა უნდა იზრუნონ როგორც გოგონების, ისე ბიჭების ჯანმრთელობასა და განათლებაზე.

იესომ მაგდალელ მარიამს დაავალა, მოციქულებისთვის ეცნობებინა მისი მკვდრეთით აღდგომის შესახებ

იესო ნდობას უცხადებდა ქალებს. იუდაურ სასამართლოში ქალის მოწმობა მონის მოწმობის ტოლფასი იყო. პირველი საუკუნის ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი ურჩევდა თავის თანამედროვეებს: „ნუ ენდობით ქალს, რამეთუ მათ არამტკიცე და ცვალებადი ხასიათი აქვთ“.

იესო ასე არ ფიქრობდა. როცა ის მკვდრეთით აღდგა, სწორედ ქალებს დაავალა, რომ მისი მკვდრეთით აღდგომის შესახებ სხვებისთვის ეცნობებინათ (მათე 28:1, 8—10). თუმცა, ეს ერთგული ქალები იყვნენ თავიანთი უფლის სიკვდილით დასჯისა და დამარხვის თვითმხილველნი, მოციქულებს მაინც გაუჭირდათ მათი სიტყვების დაჯერება (მათე 27:55, 56, 61; ლუკა 24:10, 11). რადგან მკვდრეთით აღმდგარი იესო პირველად სწორედ ქალებს ეჩვენა, ამით ცხადყო, რომ ქალებს ისეთივე უფლება ჰქონდათ, დაემოწმებინათ მის შესახებ, როგორც სხვა მოწაფეებს (საქმეები 1:8, 14).

იესოს სიტყვების ძალა დღეს. იეჰოვას მოწმეების კრებებში მამაკაცები, რომლებსაც პასუხისმგებლობები აკისრიათ, ქალებს ჯეროვან პატივს სცემენ და ითვალისწინებენ მათ აზრს. თავის მხრივ,  ქრისტიანი ქმრებიც ყურადღებით უსმენენ ცოლებს და ამით პატივს მიაგებენ მათ (1 პეტრე 3:7; დაბადება 21:12).

ბიბლიური პრინციპების დაცვა ხელს უწყობს ქალთა ბედნიერებას

ვინც იცავს ბიბლიურ პრინციპებს, პატივისცემით ეპყრობა ქალებს და არ ლახავს მათ ღირსებას

როდესაც მამაკაცები ქრისტეს ჰბაძავენ, ისინი ღვთის თავდაპირველი განზრახვის შესაბამისად პატივს სცემენ ქალს და არ ხელყოფენ მათ თავისუფლებას (დაბადება 1:27, 28). ქრისტიანი ქმრები არ იზიარებენ მოსაზრებას, რომ კაცი ქალზე უპირატესობს; ისინი ბიბლიური პრინციპებით ხელმძღვანელობენ, რაც ხელს უწყობს მათი ცოლების ბედნიერებას (ეფესოელები 5:28, 29).

როდესაც ელენამ ბიბლიის შესწავლა დაიწყო, ქმარი სასტიკად ეპყრობოდა, ის კი ამის შესახებ არავის არაფერს ეუბნებოდა. მისი ქმარი ისეთ გარემოში გაიზარდა, სადაც ქალის მოტაცება და მისთვის შეურაცხყოფის მიყენება ჩვეულებრივი რამ იყო. ელენა ამბობს: „ბიბლიიდან ნასწავლმა ძალა შემმატა. ჩემთვის მანუგეშებელი იყო იმის გაგება, რომ არსებობდა ისეთი პიროვნება, რომელსაც ძალიან ვუყვარდი, მაფასებდა და ზრუნავდა ჩემზე. იმასაც მივხვდი, რომ თუ ჩემი ქმარიც შეისწავლიდა ბიბლიას, ჩემ მიმართ დამოკიდებულებას შეიცვლიდა“. ელენას ოცნება მაშინ ახდა, როცა ქმარმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო, მოინათლა და იეჰოვას მოწმე გახდა. „მან ისწავლა საკუთარი თავის ხელში აყვანა. ჩვენ დღეს უკვე ადვილად ვპატიობთ ერთმანეთს“, — ამბობს ელენა. „ბიბლიური პრინციპების წყალობით ამჟამად ოჯახში თავს სასურველად და დაცულად ვგრძნობ“, — დასძენს იგი (კოლოსელები 3:13, 18, 19).

ელენას შემთხვევა გამონაკლისი არ არის. მილიონობით ქრისტიანი ქალი ბედნიერია იმის გამო, რომ თავიანთ ქმრებთან ერთად ცდილობენ ბიბლიური პრინციპების ოჯახურ ცხოვრებაში გამოყენებას. მათ თანაქრისტიანები პატივს სცემენ, ნუგეშს ჰგვრიან და არც შებოჭილად გრძნობენ თავს მათ გარემოცვაში (იოანე 13:34, 35).

ქრისტიანი კაცები და ქალები აღიარებენ, რომ ცოდვილები და არასრულყოფილები, „ამაოებას დამორჩილებული“ ქმნილებები არიან. მაგრამ მათ იმედი აქვთ, რომ მოსიყვარულე მამასთან, იეჰოვასთან, ახლო ურთიერთობის წყალობით „გათავისუფლდებიან ხრწნის მონობისგან და მიიღებენ ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“. მართლაც შესანიშნავი იმედი აქვთ როგორც მამაკაცებს, ისე ქალებს, რომელთაც იეჰოვა დიდად აფასებს! (რომაელები 8:20, 21).