არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი  |  სექტემბერი 2012

 ისწავლეთ ღვთის სიტყვიდან

რა მოხდება განკითხვის დღეს?

რა მოხდება განკითხვის დღეს?

ამ სტატიაში დასმულია კითხვები, რომლებზეც შესაძლოა არაერთხელ გიფიქრიათ, და მითითებულია ის ბიბლიური მუხლები, რომლებიც ამ კითხვებს სცემს პასუხს. იეჰოვას მოწმეები დიდი სიამოვნებით იმსჯელებენ თქვენთან ერთად ამ ბიბლიურ მუხლებზე.

1. რა არის განკითხვის დღე ანუ „სასამართლოს დღე“?

“The Last Judgement,” by Gustave Doré, 1832-1883

როგორც მარჯვნივ მოცემულ სურათზე ვხედავთ, ბევრს ჰგონია, რომ სასამართლოს დღეს მილიარდობით სული წარდგება ღვთის ტახტის წინაშე, რათა გასამართლდნენ თავიანთი საქმეების მიხედვით — ზოგი ზეცად წავა სამოთხეში, სხვები კი ჯოჯოხეთში დაიტანჯებიან. მაგრამ ბიბლიიდან ვიგებთ, რომ სასამართლოს დღის მიზანი ისაა, რომ უსამართლობას დაესვას წერტილი (ფსალმუნი 96:13). ღმერთმა იესო მოსამართლედ დანიშნა, რათა კაცობრიობას სამართალი გაუჩინოს (წაიკითხეთ ესაიას 11:1—5; საქმეების 17:31).

2. როგორ აღადგენს სამართალს „სასამართლოს დღე“?

როდესაც პირველი მამაკაცი, ადამი, შეგნებულად ეურჩა ღმერთს, შთამომავლობას მემკვიდრეობად დაუტოვა ცოდვა, ტანჯვა და სიკვდილი (რომაელები 5:12). ამ უსამართლობას ბოლო რომ მოუღოს, იესო სიცოცხლეს დაუბრუნებს ანუ მკვდრეთით აღადგენს მილიარდობით გარდაცვლილ ადამიანს. წიგნ „გამოცხადებიდან“ ვიგებთ, რომ ეს მოხდება იესო ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დროს (წაიკითხეთ გამოცხადების 20:4, 11, 12).

მკვდრეთით აღმდგრები სიკვდილამდე ჩადენილი საქმეების საფუძველზე კი არა, გამოცხადების მე-20 თავში მოხსენიებულ „გრაგნილებში“ ჩაწერილი საქმეების საფუძველზე გასამართლდებიან (გამოცხადება 6:7). მათ შორის, ვინც მკვდრეთით აღდგება და ღვთის გაცნობის შესაძლებლობა მიეცემა, როგორც მოციქული პავლე ამბობს, მართლებიც იქნებიან და უმართლოებიც (წაიკითხეთ საქმეების 24:15).

 3. როგორ დაგვირგვინდება „სასამართლოს დღე“?

ვინც ისე მოკვდა, რომ არც იეჰოვა ღმერთს იცნობდა და არც ემსახურებოდა, შესაძლებლობა მიეცემა, შეიცვალოს და კარგი საქმე აკეთოს. თუ ისინი ასე მოიქცევიან, „სიცოცხლის აღდგომისთვის“ აღდგებიან. მაგრამ ზოგი მკვდრეთით აღმდგარი არ მოისურვებს იეჰოვას გზებით სიარულს. ამიტომ, ისინი „სასამართლოს აღდგომისთვის“ აღდგებიან (წაიკითხეთ იოანეს 5:28, 29; ესაიას 26:10; 65:20).

ათასწლიანი სასამართლოს დღის ბოლოს იეჰოვა მორჩილ ადამიანებს თავდაპირველ სრულყოფილებას დაუბრუნებს (1 კორინთელები 15:24—28). მართლაც შესანიშნავი იმედი აქვთ მორჩილთ! უკანასკნელი გამოცდის დროს ღმერთი გაათავისუფლებს სატანა ეშმაკს უფსკრულიდან, სადაც ათასი წლით იქნება დამწყვდეული. სატანა კვლავ შეეცდება იეჰოვასგან ხალხის ჩამოშორებას, მაგრამ ვინც მას წინააღმდეგობას გაუწევს, მარადიულად იცხოვრებს (წაიკითხეთ ესაიას 25:8; გამოცხადებას 20:7—9).

4. კიდევ რომელ „სასამართლოს დღეზე“ საუბრობს ბიბლია?

ბიბლია „სასამართლოს დღეს“ უწოდებს აგრეთვე იმ მოვლენას, როცა ბოროტ ქვეყნიერებას ბოლო მოეღება. სასამართლოს დღე ისევე მოულოდნელი იქნება, როგორც ნოეს დროინდელი წარღვნა, რომელმაც ბოროტი მოდგმა აღგავა პირისაგან მიწისა. საბედნიეროდ, უღვთოთა განადგურების შემდეგ დედამიწაზე ჩამოყალიბდება ახალი საზოგადოება, სადაც „დამკვიდრებული იქნება სიმართლე“ (წაიკითხეთ 2 პეტრეს 3:6, 7, 13).