არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი  |  აგვისტო 2011

 რჩევები ოჯახებისთვის

პატივისცემით მოეპყარით მეუღლეს

პატივისცემით მოეპყარით მეუღლეს

ვილი * ამბობს: „როცა რეიჩელს რამე აწუხებს, დიდხანს ტირის. თუ მასთან დალაპარაკებას ვცდილობ, ღიზიანდება ან ხმას არ მცემს. აღარ ვიცი, რანაირად მივუდგე; ლამის არის, ყველაფერზე ხელი ჩავიქნიო“.

რეიჩელი ამბობს: „ერთხელ, როცა ვილი სახლში მოვიდა, ვტიროდი. მინდოდა ამის მიზეზი ამეხსნა, მაგრამ არ დამამთავრებინა და მითხრა, რომ ამაზე ნერვიულობა არ ღირდა, რამაც უფრო დამამძიმა“.

ნაცნობია თქვენთვის ვილისა და რეიჩელის სიტუაცია? ორივეს სურდა ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვა, მაგრამ ხშირად იმედგაცრუებულნი რჩებოდნენ. რა იყო ამის მიზეზი?

კაცი და ქალი სხვადასხვაგვარად გამოხატავენ აზრებს და, შესაბამისად, მოთხოვნილებებიც განსხვავებული აქვთ. ქალს ხშირად და დიდხანს უყვარს თავის გრძნობებზე დაუფარავად ლაპარაკი. ბევრი მამაკაცი კი ცდილობს, სიმშვიდე შეინარჩუნოს და რაც შეიძლება სწრაფად გადაჭრას სერიოზული პრობლემები. როგორ შეგიძლიათ ერთმანეთი მიიღოთ ისეთებად, როგორებიც ხართ და საერთო ენა გამონახოთ თქვენს მეორე ნახევართან? ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ პატივისცემით მოეპყრობით მეუღლეს.

ადამიანი, რომელიც სხვებს აფასებს და პატივს სცემს, ცდილობს, მათ მდგომარეობაში შევიდეს. შეიძლება ბავშვობიდანვე გასწავლიდნენ, რომ პატივი გეცათ მათთვის, ვისაც თქვენზე მეტი ავტორიტეტი და გამოცდილება აქვს. მაგრამ, რაც შეეხება ქორწინებას, საქმე სულ სხვაგვარადაა — თქვენ ვალდებული ხართ, პატივი სცეთ მეუღლეს, რომელიც თქვენი თანასწორია. „ვიცოდი, რომ ფილი მოთმინებით უსმენდა ნებისმიერს და შედიოდა მათ მდგომარეობაში, — ამბობს ლინდა, რომელიც რვა წელია დაქორწინებულია. — მინდოდა, რომ ის ჩემ მიმართაც ასეთივე თანამგრძნობი ყოფილიყო“. შეიძლება თქვენც მოთმინებით უსმენთ მეგობრებსა და უცხოებს და პატივისცემით ელაპარაკებით. მაგრამ მეუღლესთანაც ასე იქცევით?

უპატივცემულობა ოჯახში დაძაბულობას იწვევს და სიტუაციას ამწვავებს. ერთმა ბრძენმა მმართველმა თქვა: „ერთი ლუკმა ხმელი პური სიმშვიდეში უკეთესია, ვიდრე საკლავით სავსე სახლი  უთანხმოებაში“ (იგავები 17:1, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). ბიბლია ქმრებს მოუწოდებს, რომ ცოლებს პატივისცემით ანუ ღირსეულად მოექცნენ (1 პეტრე 3:7). „ცოლი კი დიდ პატივს უნდა სცემდეს ქმარს“ (ეფესოელები 5:33).

რას ნიშნავს საუბრისას მეუღლის მიმართ პატივისცემის გამოვლენა? განვიხილოთ ბიბლიაში ჩაწერილი რამდენიმე პრაქტიკული რჩევა.

როდესაც მეუღლეს რაიმეს თქმა სურს

პრობლემა:

ბევრს ლაპარაკი უფრო უყვარს, ვიდრე მოსმენა. თქვენც მათ რიცხვს განეკუთვნებით? ბიბლია „მოსმენამდე პასუხის გაცემას“ უგუნურებას უწოდებს (იგავები 18:13). ასე რომ, სანამ რამეს იტყოდეთ, ჯერ მოუსმინეთ მოსაუბრეს. რატომ არის ეს აუცილებელი? „არ მინდა, რომ ქმარმა მაშინვე გამოსავალი შემომთავაზოს, როცა ჩემს პრობლემებზე ველაპარაკები, — ამბობს მარიკა, რომელიც 26 წელია, რაც დაქორწინებულია. — აუცილებელი არ არის, დამეთანხმოს ან პრობლემის მიზეზი დაადგინოს. მხოლოდ ის მინდა, რომ მომისმინოს და გამიგოს“.

ზოგიერთი კაცი თუ ქალი თავს იკავებს გრძნობების გამოხატვისგან და ეუხერხულება, როცა მეუღლე თავის გრძნობებზე ესაუბრება. ლორიმ, რომელიც ახლახან დაქორწინდა, დაინახა, რომ მის ქმარს ძალიან უჭირს თავის გრძნობებზე საუბარი. „მოთმინებით ველოდები, როდის გაიხსნება ბოლომდე“, — ამბობს ის.

გამოსავალი:

თუ მეუღლესთან ისეთ საკითხზე გსურთ საუბარი, რამაც შეიძლება გაღიზიანება გამოიწვიოს, ეცადეთ ისეთი დრო შეარჩიოთ, როცა ორივენი დამშვიდებული იქნებით. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეუღლე ლაპარაკის ხასიათზე არ არის? გახსოვდეთ, რომ „კაცის გულის ზრახვა ღრმა წყალია, გამჭრიახი კაცი ამოხაპავს მას“ (იგავები 20:5). თუ ჭიდან ვედროს სწრაფად ამოქაჩავთ, ბევრ წყალს დაკარგავთ. ასევე, თუ აშკარად დაუპირისპირდებით მეუღლეს, ის შეიძლება თავდაცვაზე გადავიდეს და თავის თავში ჩაიკეტოს. ნაცვლად ამისა, ტაქტიანად და პატივისცემით დაუსვით კითხვები და მოთმინება გამოავლინეთ, თუ გულს მაშინვე არ გადაგიშლით.

მეუღლესთან საუბრისას „სწრაფი იყავით მოსმენაში და ნელი — სიტყვასა და რისხვაში“ (იაკობი 1:19). კარგი მსმენელი ის არის, ვინც მთელი გულისყურით უსმენს მოსაუბრეს. როცა მეუღლე გესაუბრებათ, ეცადეთ ჩასწვდეთ მის გრძნობებს. იმით, თუ როგორ უსმენთ, მეუღლე ხვდება, აფასებთ თუ არა მას.

იესო გვასწავლის, თუ როგორ უნდა მოვუსმინოთ სხვებს. მაგალითად, როცა ერთმა ავადმყოფმა მას დახმარებისთვის მიმართა, მან უცბად არ განკურნა ის. თავდაპირველად კარგად მოუსმინა მის ხვეწნა-მუდარას. მოსმენილმა მას გული აუჩუყა და სწორედ ამან აღძრა, რომ ეს მამაკაცი განეკურნა (მარკოზი 1:40—42). როდესაც მეუღლეს ესაუბრებით, მიჰბაძეთ იესოს. გახსოვდეთ, რომ თქვენს მეორე ნახევარს გულწრფელი თანაგრძნობა სჭირდება და არა პრობლემის უცბად გადაჭრა. ამიტომ, მთელი გულით მოუსმინეთ. შეეცადეთ, მთელი სიმძაფრით შეიგრძნოთ მისი ტკივილი. მხოლოდ და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ თქვენი მეუღლის მოთხოვნილებებზე ზრუნვას. ამგვარად მეუღლეს დაუმტკიცებთ, რომ პატივს სცემთ.

ეცადეთ, ასე მოიქცეთ: როდესაც მეუღლე თქვენთან საუბარს წამოიწყებს, მაშინვე არ შესთავაზოთ გამოსავალი. დაამთავრებინეთ სათქმელი და კარგად გაიაზრეთ მისი ნათქვამი. მოგვიანებით კი ჰკითხეთ: „როგორ ფიქრობ, ყურადღებით გისმენდი?“

როდესაც რაღაც გაქვთ სათქმელი

პრობლემა:

„სატელევიზიო შოუებში ხშირად წარმოდგენილია მეუღლეების შეურაცხყოფა და დაცინვა, რაც ჩვეულებრივ რამედ ითვლება“, — აღნიშნავს ზემოთ ხსენებული ლინდა. ზოგი ისეთ ოჯახში გაიზარდა, სადაც ერთმანეთს უპატივცემულოდ ელაპარაკებიან. დაქორწინების შემდეგ მათ სხვაგვარად მოქცევა უჭირთ. კანადელი ივი ამბობს: „ისეთ გარემოში გავიზარდე, სადაც სარკაზმი, ყვირილი და დამამცირებელი სახელებით მიმართვა ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი იყო“.

გამოსავალი:

როცა სხვებთან თქვენს მეუღლეზე საუბრობთ, „მხოლოდ კარგი [სიტყვები] გამოვიდეს აღსაშენებლად საჭიროებისამებრ, რათა ამან მადლი მიანიჭოს მსმენელებს“ (ეფესოელები 4:29). თქვენს მეუღლეზე ისე ესაუბრეთ სხვებს, რომ ისინი მის მიმართ პატივისცემით განაწყოთ.

 მაშინაც კი, როცა მეუღლესთან მარტო ხართ, მოერიდეთ სარკაზმსა და დამამცირებელი სახელებით მიმართვას. ძველ ისრაელში მცხოვრები მიქალი ერთხელ ძალიან გაბრაზდა თავის ქმარზე, მეფე დავითზე. მან დასცინა დავითს და უთხრა, რომ ქარაფშუტასავით იქცეოდა. მისმა სიტყვებმა არა მარტო დავითი, არამედ ღმერთიც გაანაწყენა (2 სამუელი 6:20—23). რას ვსწავლობთ აქედან? მეუღლესთან საუბრისას სწორად შეარჩიეთ სიტყვები (კოლოსელები 4:6). ფილიპი, რომელიც რვა წელია, რაც დაოჯახებულია, აღიარებს, რომ მას და მის მეუღლეს დღემდე აქვთ უთანხმოებები. ის ხედავს, რომ ზოგჯერ რაიმეს თქმა უფრო ამწვავებს სიტუაციას. „მივხვდი, რომ ჩემი მიზანი კამათში გამარჯვება არ უნდა იყოს მაშინაც კი, როცა მართალი ვარ, რადგან ეს ჩვენს ურთიერთობაზე უარყოფითად აისახება. აშკარად ვხედავ, რომ გაცილებით დიდი სიხარული მოაქვს, როცა ჩვენს ურთიერთობას ვუფრთხილდებით“.

ძველ დროში ერთმა ხანდაზმულმა ქვრივმა ქალმა თავის რძლებს სთხოვა, რომ თავშესაფარი ეპოვათ თავ-თავიანთი „ქმრების სახლში“ (რუთი 1:9). როცა ცოლ-ქმარი ღირსეულად ექცევა ერთმანეთს, თავიანთ სახლს თავშესაფრად აქცევენ.

ეცადეთ, ასე მოიქცეთ: ქვემოთ მოცემული კითხვები თქვენს მეუღლესთან ერთად განიხილეთ. ჰკითხეთ ერთმანეთს: როცა ხალხში შენზე ვლაპარაკობ, დამცირებულად ხომ არ გრძნობ თავს? რა უნდა შევცვალო საკუთარ თავში? მთელი გულით მოუსმინეთ ერთმანეთს, როცა მეუღლე გრძნობებს გიზიარებთ. შეეცადეთ, მისი ნათქვამი გაითვალისწინოთ.

მიიღეთ მეუღლე ისეთი, როგორიც არის

პრობლემა:

ზოგი ახალდაქორწინებული ფიქრობს, რომ „ერთ ხორცად“ ყოფნა იმას ნიშნავს, რომ ცოლ-ქმარი ერთნაირები უნდა იყვნენ და ყველაფერზე ერთნაირი შეხედულება ჰქონდეთ (მათე 19:5). მაგრამ ისინი მალევე ხვდებიან, რომ ეს რეალობისგან შორს არის. დაქორწინების შემდეგ მათი განსხვავებულობა კამათის მიზეზი ხდება. ლინდა ამბობს: „ჩვენ ყველაზე მეტად იმით განვსხვავდებით, რომ ჩემთან შედარებით ფილიპი ნაკლებად ნერვიულობს რამეზე. მას შეუძლია მშვიდად იყოს მაშინ, როცა მე აღელვებული ვარ. ამას კიდევ უფრო გამოვყავარ მდგომარეობიდან, რადგან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მას ჩემი მდგომარეობა არ ანაღვლებს“.

გამოსავალი:

ისეთებად მიიღეთ ერთმანეთი, როგორებიც ხართ და დააფასეთ ერთმანეთის განსხვავებული თვალსაზრისი. მაგალითად, თქვენს თვალებსა და ყურებს სრულიად განსხვავებული ფუნქციები აქვს. მაგრამ გზაზე უსაფრთხოდ რომ გადახვიდეთ, თვალიც აუცილებელია და ყურიც. ედრიენი, რომელიც დაახლოებით 30 წელია, რაც გათხოვილია, გვიზიარებს: „თუ ჩვენი შეხედულებები არ ეწინააღმდეგება ღვთის სიტყვას, მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს არ ვზღუდავთ და საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობას ვაძლევთ. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ დაქორწინებულები ვართ და არა კლონირებულები“.

როდესაც თქვენს მეუღლეს საკუთარი შეხედულება აქვს და თქვენგან განსხვავებულად რეაგირებს, მხოლოდ თქვენს თავზე ნუ იფიქრებთ. მისი გრძნობებიც გაითვალისწინეთ (ფილიპელები 2:4). ედრიენის ქმარი, კაილი, აღიარებს: „ყოველთვის არ ვიზიარებ ჩემი მეუღლის შეხედულებას ამა თუ იმ საკითხზე, მაგრამ საკუთარ თავს შევახსენებ, რომ მე მეუღლე უფრო მიყვარს, ვიდრე ჩემი თვალსაზრისი. როცა ჩემი ცოლი ბედნიერია, მეც ბედნიერი ვარ“.

ეცადეთ, ასე მოიქცეთ: ჩამოწერეთ, რისი გაკეთება გამოსდის თქვენს მეუღლეს თქვენზე უკეთ (ფილიპელები 2:3).

პატივისცემა ხელს უწყობს ბედნიერ ქორწინებას. „თუ ცოლ-ქმარი ერთმანეთს პატივს სცემს, ოჯახში სიხარული ისადგურებს და მათ ქორწინებასაც საფრთხე არ ემუქრება, — ამბობს ლინდა. — პატივისცემის გამოვლენა ნამდვილად ღირს ძალისხმევად“.

^ აბზ. 3 სახელები შეცვლილია.

ჰკითხეთ საკუთარ თავს . . .

  • როგორ ამრავალფეროვნებს ჩვენს ოჯახს ჩემი მეუღლის განსხვავებულობა?

  • რატომ არის კარგი, დავუთმო ჩემს მეუღლეს, როცა ბიბლიური პრინციპები არ ირღვევა?

 

გაიგეთ მეტი

თქვენი ოჯახის ბედნიერება თქვენს ხელთაა!

ბედნიერი ქორწინების წყარო ღმერთია

ორი მარტივი კითხვა დაგეხმარებათ, რომ უფრო მტკიცე ქორწინება გქონდეთ.

საგუშაგო კოშკი

ქმრებო, სუფევს თქვენს ოჯახში სიმყუდროვე?

ოჯახი შეიძლება ფინანსურად უზრუნველყოფილი იყოს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი რამ აკლდეს.

საგუშაგო კოშკი

რა არის საჭირო ცოლ-ქმრული ბედნიერებისთვის?

ბიბლიაში ჩაწერილი რჩევები გვეხმარება, გვქონდეს ბედნიერი ოჯახი, რადგან ამ რჩევებს ქორწინების ფუძემდებელი, იეჰოვა ღმერთი, გვაძლევს.