წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი ნოემბერი 2010

ესაუბრეთ შვილებს სექსზე

ესაუბრეთ შვილებს სექსზე

 რჩევები ოჯახებისთვის

ესაუბრეთ შვილებს სექსზე

მოზარდი ალისია * ამბობს: „სექსზე რაღაც-რაღაცეები მაინტერესებს, მაგრამ მგონია, თუ მშობლებს რამეს ვკითხავ, ისინი იფიქრებენ, რომ რაღაცას ვაშავებ“.

ალისიას დედა, ინეზი ამბობს: „ძალიან მინდა, მე და ჩემი ქალიშვილი დავსხდეთ და სექსზე ვილაპარაკოთ, მაგრამ ის ძალიან დაკავებულია. თავისუფალი დრო თითქმის არა აქვს“.

სექსუალურ სცენებს დღეს სად აღარ ნახავთ — სატელევიზიო გადაცემებში, ფილმებსა თუ რეკლამებში. როგორც ჩანს, ეს თემა დღემდე ტაბუდადებული მხოლოდ მშობლებსა და შვილებს შორის არის. „ნეტავ, იცოდნენ მშობლებმა, რა რთული და უხერხულია მათთან სექსზე საუბარი, — ამბობს თინეიჯერი მაიკლი, რომელიც კანადაში ცხოვრობს. — ამ თემაზე მეგობართან საუბარი უფრო ადვილია“.

ხშირად სექსზე საუბარი ბავშვებზე არანაკლებ მშობლებს ეუხერხულებათ. ჯანდაცვის სფეროში მომუშავე კონსულტანტი დებრა ჰაფნერი თავის წიგნში აღნიშნავს: „ბევრმა მშობელმა მითხრა, რომ სექსის თემაზე და სქესობრივ მომწიფებაზე შვილებს წიგნები უყიდეს და მაგიდაზე დაუდეს, მაგრამ ამ თემებზე მათთან არასოდეს უმსჯელიათ“. ჰაფნერი ამბობს, რომ ამ დროს მშობლის აზრი ბავშვისთვის ნათელია: „ჩვენი სურვილია, გაეცნო შენს სხეულს და გაიგო სექსის შესახებ, მაგრამ ამაზე საუბარი არ გვსურს“ (Beyond the Big Talk).

მშობლებო, თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ განსხვავებული უნდა იყოს. სინამდვილეში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირადად ესაუბროთ შვილებს სექსზე. განვიხილოთ ამის სამი მიზეზი:

1. სექსზე ადამიანების წარმოდგენა შეიცვალა. „დღეს სიტყვა სექსი ერთი მნიშვნელობით აღარ იხმარება. ის მარტო ცოლ-ქმარს შორის კავშირს არ ნიშნავს, — ამბობს 20 წლის ჯეიმზი. — სექსს უწოდებენ აგრეთვე ორალურ, ანალურ, კიბერსექსსა და სექსტინგს *“.

2. ადვილი შესაძლებელია, რომ თქვენმა შვილმა ადრეულ ასაკში სექსის შესახებ დამახინჯებული ინფორმაცია მიიღოს. „სექსის შესახებ ბავშვები მაშინვე გაიგებენ, როგორც კი სკოლაში სიარულს დაიწყებენ, — ამბობს ერთი დედა, შეილა. — მერე კი გაგიჭირდებათ დამახინჯებული შეხედულების შეცვლა“.

 3. ბავშვებს სექსზე კითხვები აქვთ, მაგრამ თქვენთან საუბარს ვერ ბედავენ. „გულწრფელად რომ ვთქვა, არ ვიცი, როგორ დავიწყო მშობლებთან სექსზე საუბარი“, — ამბობს 15 წლის ბრაზილიელი ანა.

როგორც მშობელს, ღმერთი გავალდებულებთ, რომ შვილებს სექსის შესახებ ესაუბროთ (ეფესოელები 6:4). მართალია, ამ თემაზე საუბარი მშობლებსაც ეუხერხულებათ და შვილებსაც, მაგრამ ბევრი დაეთანხმება 14 წლის დანიელის აზრს: „გვინდა, ამის შესახებ მშობლებისგან გავიგოთ და არა მასწავლებლებისგან ან ტელევიზორიდან“. როგორ შეგიძლიათ შვილებთან ამ მნიშვნელოვან და ამავე დროს უხერხულ თემაზე საუბრის დაწყება? *

გაითვალისწინეთ ბავშვის ასაკი

ბავშვები სრულ იზოლაციაშიც რომ ამყოფოთ, სექსის შესახებ მაინც ადრეულ ასაკში გაიგებენ. ყველაზე შემაშფოთებელი ის ფაქტია, რომ ამ „ბოლო დღეებში“ ბოროტი ადამიანები ‘უფრო უარესად იქცევიან’ (2 ტიმოთე 3:1, 13). სამწუხაროდ, ბევრი ბავშვებს გაუკუღმართებული სექსუალური სურვილების დასაკმაყოფილებლად იყენებს.

ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ ბავშვების განათლება ადრეული ასაკიდანვე დაიწყოთ. „თუ მოზარდობის ასაკს დაელოდებით, შეიძლება ბავშვებმა აღარ მოისურვონ ამ თემაზე ღიად საუბარი, რადგან სქესობრივი მომწიფების პერიოდში ისინი მორცხვები ხდებიან“, — ამბობს ერთი გერმანელი დედა, სახელად რენატე. ბავშვებს ინფორმაცია მათი ასაკის გათვალისწინებით უნდა მიაწოდოთ.

სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის: ასწავლეთ ბავშვებს სასქესო ორგანოების სწორი სახელები და უთხარით, რომ ამ ორგანოებს არავინ უნდა შეეხოს. ერთი მექსიკელი დედა, ჯულია ამბობს: „ჩემს ბიჭს სამი წლის ასაკიდან დავუწყე ამაზე ლაპარაკი. ძალიან ვნერვიულობდი, რომ მისთვის არაფერი დაეშავებინათ მასწავლებლებს, ძიძებს ან უფროსი ასაკის ბავშვებს. მას უნდა სცოდნოდა, როგორ დაეცვა თავი“.

ეცადეთ, ასე მოიქცეთ: ასწავლეთ თქვენს შვილს, მტკიცედ დაუდგეს მას, ვინც მის სასქესო ორგანოზე შეხებას მოინდომებს. მაგალითად, უთხარით ბავშვს ასე უპასუხოს: „ახლავე გაჩერდი! იცოდე, უფროსებს ვეტყვი!“. დაარწმუნეთ ბავშვი, რომ ამის თქმა აუცილებელია იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ვიღაც, ბავშვს საჩუქრებს დაჰპირდება ან დაემუქრება. *

დაწყებითი კლასის ბავშვებისთვის: ამ ასაკში ბავშვებს თანდათანობით უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდეთ. „საუბრის დაწყებამდე ნიადაგი მოსინჯეთ. გაიგეთ, რა იცის თქვენმა შვილმა ამ თემაზე და სურს თუ არა მეტის გაგება. თუ საუბარი არ სურს, ნუ დააძალებთ. თუ ბავშვთან ურთიერთობისთვის დროს რეგულარულად გამოყოფთ, ამ თემაზე საუბარიც ბუნებრივად აეწყობა“, — გვირჩევს ერთი მშობელი, სახელად პიტერი.

ეცადეთ, ასე მოიქცეთ: ერთი ხანგრძლივი საუბრის ნაცვლად ბავშვებს ცოტ-ცოტა და ხშირად ესაუბრეთ (კანონი 6:6—9). ამგვარად, ბავშვები ერთბაშად მიღებული ინფორმაციით არ შეძრწუნდებიან და მათი ასაკისთვის შესაბამისი ცოდნა ექნებათ.

მოზარდებისთვის: ეს ის ასაკია, როცა ბავშვებს საკმარისი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ სექსის ფიზიკურ, ემოციურ და მორალურ მხარეებზე. „ჩემს სკოლაში ბიჭებსა და გოგოებს უკვე ნებისმიერ შემხვედრთან აქვთ სქესობრივი ურთიერთობა, — ამბობს, ზემოხსენებული 15 წლის ანა. — ჩემი აზრით, როგორც ქრისტიანს ამ თემაზე საკმარისი ცოდნა უნდა მქონდეს. რაც უნდა უხერხული იყოს ამაზე საუბარი, მაინც უნდა ვიცოდე“. *

გაფრთხილება: მოზარდებმა შეიძლება შეკითხვების დასმისგან თავი იმის შიშით შეიკავონ, რომ  მშობლები მათ საქციელში ეჭვს შეიტანენ. აი, რა თქვა სტივენმა: „ჩვენს ვაჟს არ სურდა სექსზე საუბარი. მოგვიანებით გავიგეთ, რომ თურმე ეშინოდა, ეჭვი არ შეგვეტანა მის საქციელში. ჩვენ ავუხსენით, რომ მასთან სექსზე საუბარი იმიტომ კი არ გვინდოდა, რომ რაღაცას ვეჭვობდით, არამედ გვსურდა, საკმარისი ინფორმაცია მიგვეწოდებინა, რათა ცუდ გავლენაში არ მოქცეულიყო“.

ეცადეთ, ასე მოიქცეთ: ნაცვლად იმისა, რომ მოზარდს სექსის შესახებ პირდაპირ დააყაროთ კითხვები, ჰკითხეთ, რას ფიქრობენ მისი კლასელები ამ თემაზე. მაგალითად, შეგიძლიათ უთხრათ: „დღეს ბევრი ფიქრობს, რომ ორალური სექსი სექსი არ არის. შენი კლასელებიც ასე ფიქრობენ?“. ადვილი შესაძლებელია, რომ ასეთი არაპირდაპირი კითხვების დასმის შემდეგ მოზარდმა საკუთარი აზრი თავისუფლად გამოთქვას.

უხერხულობის დაძლევა

მართალია, შვილებთან სექსზე საუბარი მშობლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული საქმეა, მაგრამ ეს ღირს ძალისხმევად. „დროთა განმავლობაში უხერხულობა გაქრება და ამ თემაზე საუბარი შვილთან უფრო დაგაახლოებთ“, — ამბობს ერთი დედა, დიანა. ზემოხსენებული სტივენიც ამავე აზრისაა: „თუ შვილს ნებისმიერ თემაზე ესაუბრებით, სექსზე საუბარიც გაგიადვილდებათ. უხერხულობის ბოლომდე დაძლევა შეუძლებელია, მაგრამ ჯანსაღი ქრისტიანული ოჯახი რომ გქონდეთ, გულღია საუბრები აუცილებელია“.

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 სტატიაში სახელები შეცვლილია.

^ აბზ. 8 სექსტინგი არის მობილური ტელეფონით სექსუალური შინაარსის წერილების, ფოტოების ან ვიდეომასალის გაგზავნა.

^ აბზ. 11 ამ სტატიაში საუბარია იმაზე, რომ საჭიროა, ესაუბროთ შვილებს სექსზე. ამავე რუბრიკის შემდეგ სტატიაში განხილული იქნება, როგორ უნდა ჩაუნერგოთ შვილებს ზნეობრივი ფასეულობები.

^ აბზ. 16 ეს აზრები აღებულია იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული წიგნიდან „უსმინეთ დიდებულ მასწავლებელს“, გვერდი 171.

^ აბზ. 19 იხილეთ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, ტომი 2, თავები 1—5, 28, 29, 33.

[ჩარჩო⁄სურათი 14 გვერდზე]

როგორ უპასუხებთ?

წაიკითხეთ სხვადასხვა ქვეყნიდან გამოგზავნილი ახალგაზრდების კომენტარები და უპასუხეთ თანდართულ კითხვებს.

• „მშობლები მეუბნებიან, სტატიები წავიკითხო სექსის შესახებ და თუ კითხვები გამიჩნდება, მათ მივმართო. მაგრამ მირჩევნია, ამ თემაზე მშობლები დამელაპარაკონ“ (ანა, ბრაზილია).

როგორ ფიქრობთ, საკმარისია, შვილს მხოლოდ წასაკითხი მასალა მისცეთ?

• „მამაჩემს წარმოდგენაც არა აქვს, რამდენი სიბინძურე ვიცი სექსის შესახებ. ამ თემაზე რამე რომ ვკითხო, ალბათ, გული გაუსკდება“ (კენი, კანადა).

რატომ შეიძლება ეშინოდეს ბავშვს ამ თემაზე თქვენთან საუბარი?

• «როცა გავბედე და მშობლებს სექსის შესახებ ვკითხე, მათ თითქოს დამადანაშაულეს და მკითხეს: „ეს რატომ გაინტერესებს, რამე მოხდა?“» (მასამი, იაპონია).

როცა შვილი სექსის შესახებ კითხვას გისვამთ, რა ჩანს თქვენი რეაქციიდან? თავისუფლად შეძლებს ის მომავალში თქვენთან საუბარს, თუ ხალისი დაეკარგება?

• „მშობლებთან საუბარი გამიადვილდება, თუ ისინი მეტყვიან, რომ ჩემს ასაკში მათაც აწუხებდათ მსგავსი კითხვები და ასეთი კითხვების დასმა სავსებით ნორმალურია“ (ლიზეტი, საფრანგეთი).

რა უნდა გააკეთოთ, რომ შვილს გაუადვილდეს თქვენთან სექსზე საუბარი?

• „დედა სექსის შესახებ კითხვებს ყოველთვის თბილი ტონით მისვამდა. ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მშობლის ტონიდან ბავშვს ისეთი შთაბეჭდილება არ უნდა დარჩეს, რომ მას განსჯიან“ (გერალდი, საფრანგეთი).

როგორი ტონით ესაუბრებით ბავშვს სექსზე? ხომ არ გჭირდებათ ტონის შეცვლა?