წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი მაისი 2010

მალავი, აფრიკა

 მკითხველები გვეკითხებიან

რა არის სამეფო დარბაზი?

რა არის სამეფო დარბაზი?

სამეფო დარბაზი არის შენობა, რომელსაც იეჰოვას მოწმეები ღვთისმსახურებისთვის იყენებენ. მსოფლიოში ათიათასობით ასეთი დარბაზია. ამ დარბაზებში ყოველკვირეულად იეჰოვას მოწმეების 105 000-ზე მეტი კრება ატარებს შეხვედრებს.

ყველა სამეფო დარბაზს აქვს აუდიტორია, სადაც პროგრამის მიხედვით განიხილავენ ბიბლიას და კითხულობენ მოხსენებებს. აუდიტორიათა უმრავლესობას აქვს სცენა, საიდანაც შეხვედრებს უძღვებიან. დარბაზში ადგილები 100—300 კაცზეა გათვლილი. სამეფო დარბაზს შეიძლება ჰქონდეს ერთი ან რამდენიმე დამატებითი ოთახი, კაბინეტი და პატარა ბიბლიოთეკა, სადაც ბიბლიური ლიტერატურა და ცნობარები ინახება. მათი გამოყენება კრების თითოეულ წევრს შეუძლია პირადი გამოკვლევისთვის.

ეკლესიებისგან განსხვავებით სამეფო დარბაზებში ვერ ნახავთ რელიგიურ ნივთებსა და სიმბოლოებს. იქ არც საკურთხეველი, არც ხატები და არც ჯვრებია. რატომ? იეჰოვას მოწმეებს სწამთ, რომ მათი გამოყენება ეწინააღმდეგება ბიბლიაში ჩაწერილ მითითებას: „გაექეცით კერპთაყვანისმცემლობას“ (1 კორინთელები 10:14; იოანე 4:24). მრავალი ტაძარი მდიდრულად არის აშენებული და გაფორმებული. მათგან განსხვავებით, სამეფო დარბაზები სადა და პრაქტიკულია. შეხვედრების დროს მთავარი ყურადღება ბიბლიის შესწავლას ეთმობა და არა შენობას.

საიდან მოდის მისი სახელწოდება? სამეფო დარბაზში შეხვედრების დროს, ყურადღება ძირითადად მახვილდება ბიბლიაზე და მის მთავარ თემაზე, „ღვთის სამეფოზე“, რომელზეც იესო ქადაგებდა (ლუკა 4:43). ამიტომ სახელწოდება სამეფო დარბაზი, რომელიც მას 1930-იან წლებში ეწოდა, ზუსტად შეესაბამება ამ შენობის მიზანს — მოემსახუროს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის წინ წაწევას და სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებას (მათე 24:14). ასე რომ, სამეფო დარბაზები არც გასართობი ღონისძიებებისთვის არის განკუთვნილი და არც კომერციული საქმიანობისთვის. სამშენებლო, საექსპლუატაციო და მსოფლიო მასშტაბით სამქადაგებლო საქმიანობის მხარდასაჭერად გაწეული ხარჯები ნებაყოფლობითი შესაწირავებით იფარება. შესაწირავის გაღებას არავის აიძულებენ. ყველა დარბაზში არის სპეციალური ყუთები, რომლებშიც ყველას სურვილისამებრ შეუძლია ჩააგდოს გარკვეული თანხა.

მთელ მსოფლიოში სამეფო დარბაზები ერთ მიზანს ემსახურება, თუმცა მათი ფორმა და ზომა განსხვავდება. შენობის დიზაინის განსხვავებულობა განპირობებულია კონკრეტულ ტერიტორიაზე ხელმისაწვდომი სამშენებლო მასალით, კლიმატითა და ადგილობრივი იეჰოვას მოწმეების ფინანსური მდგომარეობით. ზოგი შენობა აგებულია აგურით, ხით ან ქვით. ზოგი სამეფო დარბაზი ბამბუკით არის აგებული და ჩალით გადახურული, გვერდები კი ნაწილობრივ ღია აქვს.

სამეფო დარბაზში მისვლა ყველა მსურველს შეუძლია (ებრაელები 10:25). იქ ყოველ კვირა იკითხება მოხსენებები, რომლებიც ბიბლიაზეა დაფუძნებული და საინტერესოა, როგორც კრების თითოეული წევრისთვის, ისე სტუმრებისთვის. ასე რომ, თქვენც შეგიძლიათ ეწვიოთ თქვენს ტერიტორიაზე არსებულ სამეფო დარბაზს.

ინგლისი, დიდი ბრიტანეთი