წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი მაისი 2010

 რჩევები ოჯახებისთვის

დავეხმაროთ შვილებს, განივითარონ პასუხისმგებლობის გრძნობა

დავეხმაროთ შვილებს, განივითარონ პასუხისმგებლობის გრძნობა

ჯორჯი: * „ყოველ საღამოს ერთი და იგივე მეორდებოდა. მაიკლი, ჩემი ოთხი წლის ვაჟი, სათამაშოებს მთელ სახლში მიყრილ-მოყრილს ტოვებდა. ვაიძულებდი, დაძინებამდე სათამაშოები აეკრიფა, მაგრამ მაიკლი ისტერიკულ ტირილს იწყებდა, ყვიროდა და ჭირვეულობდა. ზოგჯერ ისე ვბრაზდებოდი, რომ ვუყვიროდი, მაგრამ ამას კარგი არაფერი მოჰქონდა. მინდოდა, ბავშვს მშვიდად დაეძინა, ამიტომ ბოლოს ვარჩიე, აღარაფერი მეთქვა და მისი დაყრილი სათამაშოები მე ამელაგებინა“.

ემილი: „პრობლემა მაშინ დაიწყო, როცა ჩემმა 13 წლის ქალიშვილმა, ჯენიმ, სკოლაში მასწავლებლის მიერ მიცემული დავალება ვერ გაიგო. სკოლიდან მოსული ჯენი მთელი საათი ტიროდა. ვთხოვე, მასწავლებელთან მისულიყო და დალაპარაკებოდა, მაგრამ ჯენიმ დაიჟინა, მისი მეშინია და ვერ დაველაპარაკებიო. ერთი სული მქონდა, სკოლაში გავქცეულიყავი და მასწავლებლისთვის პირში მიმეხალა, რასაც მასზე ვფიქრობდი. ჩემი აზრით, არავის ჰქონდა ჩემი ბავშვის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდების უფლება“.

ნაცნობია თქვენთვის ჯორჯისა და ემილის სიტუაცია? მრავალი მშობელი ვერ ეგუება, როცა საკუთარ შვილს პრობლემით შეწუხებულს ხედავს. ბუნებრივია, მშობელს შვილის დაცვის სურვილი უჩნდება. მაგრამ ზემოთ მოყვანილ შემთხვევებში მშობლებს ეძლევათ იმის საშუალება, რომ შვილებს პასუხისმგებლობის გრძნობა ჩაუნერგონ. თუმცა 4 და 13 წლის ბავშვების შემთხვევაში ეს სხვადასხვანაირად უნდა მოხდეს.

ფაქტია, რომ თქვენს შვილს ყოველთვის ვერ დაიცავთ ცხოვრებისეული სირთულეებისგან. საბოლოოდ შვილმა უნდა დატოვოს დედა და მამა და „თავისი სატარებელი“ თვითონ ატაროს (გალატელები 6:5; დაბადება 2:24). ბავშვმა საკუთარ პრობლემებთან გამკლავება რომ შეძლოს, მშობლები უნდა დაეხმარონ მას, განივითაროს პასუხისმგებლობის გრძნობა, იყოს უანგარო და მზრუნველი. მშობლისთვის ამის გაკეთება არცთუ ისე ადვილია.

 იესოსა და მოწაფეებთან მისი ურთიერთობიდან მშობლებს ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ. მართალია, იესოს შვილები არ ჰყოლია, მაგრამ ჰყავდა მოწაფეები, რომლებიც იმ მიზნით აირჩია და მოამზადა, რომ მომავალში მისი დაწყებული საქმე გაეგრძელებინათ (მათე 28:19, 20). მშობლები, ფაქტობრივად, იმის მიღწევას ცდილობენ, რასაც იესომ თავისი მოწაფეების შემთხვევაში მიაღწია, კერძოდ, პასუხისმგებლობის გრძნობა ჩაუნერგონ შვილებს. განვიხილოთ ის სამი მხარე, რაშიც მშობლებმა უნდა მიჰბაძონ იესოს.

მაგალითი მიეცით თქვენს შვილს.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იესომ მოწაფეებს უთხრა: „მაგალითი მოგეცით, რათა, რაც მე გაგიკეთეთ, თქვენც იგივე აკეთოთ“ (იოანე 13:15). მსგავსადვე, მშობლებმა შვილებს უნდა აუხსნან და საკუთარი მაგალითით აჩვენონ, რას ნიშნავს პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაუსვით საკუთარ თავს ასეთი კითხვები: „დადებითად ვსაუბრობ შვილთან ჩემს პასუხისმგებლობებზე? ვეუბნები მას, რა სიამოვნებას მანიჭებს სხვებისთვის სიკეთის კეთება? თუ ხშირად ვწუწუნებ და შევნატრი მათ, ვისაც უკეთესი ცხოვრება აქვთ?“.

ფაქტია, რომ სრულყოფილები არ ვართ, ამიტომ დროდადრო ყველას გვიჭირს ჩვენი პასუხისმგებლობების შესრულება. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ საუკეთესოდ ისევ ჩვენი მაგალითით თუ დავანახვებთ შვილებს, რამდენად მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის გრძნობა.

ეცადეთ, ასე მოიქცეთ: თუ შესაძლებელია, ხანდახან წაიყვანეთ ბავშვი სამსახურში, რომ ნახოს, როგორ შრომობთ ოჯახის სარჩენად. როცა ვინმეს დასახმარებლად მიდიხართ, ბავშვიც თან წაიყვანეთ. შემდეგ იმსჯელეთ, რა სასიამოვნო იყო ამ საქმის შესრულება (საქმეები 20:35).

ნუ იქნებით მეტისმეტად მომთხოვნი.

იესოს კარგად ესმოდა, რომ დრო უნდა გასულიყო, ვიდრე მისი მოწაფეები შეძლებდნენ მათთვის დაკისრებული პასუხისმგებლობების შესრულებას. ერთხელ იესომ მათ უთხრა: „კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ამჯერად ვერ ჩასწვდებით“ (იოანე 16:12). მას მაშინვე არ მოუთხოვია მოწაფეებისგან, რომ მისგან დამოუკიდებლად ემოქმედათ. იესოს დრო დასჭირდა, რომ მათთვის ბევრი რამ ესწავლებინა. მან მხოლოდ მას შემდეგ გაგზავნა მოწაფეები დამოუკიდებლად, რაც დაინახა, რომ ისინი უკვე მზად იყვნენ.

არ იქნება სწორი, თუ მშობელი ბავშვს იმას მოსთხოვს, რაც დიდისგან მოითხოვება. ბავშვის ზრდასთან ერთად მშობლებმა უნდა განსაზღვრონ, რა დავალებების შესრულებას შეძლებს ის. მაგალითად, მშობლებმა შვილებს უნდა ასწავლონ, იზრუნონ პირად ჰიგიენაზე, ოთახის სისუფთავეზე, იყვნენ პუნქტუალურები და იცოდნენ ფულის გონივრულად ხარჯვა. მას შემდეგ, რაც ბავშვი სკოლაში სიარულს დაიწყებს, მშობლებმა უნდა ასწავლონ მას, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდოს სასკოლო დავალებებს.

მშობლებმა მხოლოდ კი არ უნდა დააკისრონ შვილებს პასუხისმგებლობები, არამედ თავადაც უნდა დაეხმარონ მათ შესრულებაში. სტატიის დასაწყისში მოხსენიებული ჯორჯი მიხვდა, რა იყო მაიკლის ჭირვეულობის მიზეზი. ბავშვს დავალება მეტისმეტად რთული ეჩვენებოდა. „ყვირილის ნაცვლად, ვცდილობდი მესწავლებინა, როგორ უნდა დაელაგებინა თავისი სათამაშოები“.

კონკრეტულად რა გააკეთა ჯორჯმა? ის ამბობს: „გადავწყვიტე საღამოობით სათამაშოები ერთი და იმავე დროს დაგველაგებინა. შემდეგ მე და მაიკლმა ერთად დავიწყეთ დალაგება. ეს საქმე სახალისო რომ ყოფილიყო, ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, ვინ უფრო სწრაფად დაალაგებდა. მალე მაიკლი ძილის წინ სათამაშოების დალაგებას მიეჩვია. მას შევპირდი, რომ თუ დავალებას სწრაფად შეასრულებდა, ძილის წინ უფრო მეტ ზღაპარს წავუკითხავდი, თუ არადა ზღაპრების კითხვა დიდხანს არ გაგრძელდებოდა“.

ეცადეთ, ასე მოიქცეთ: განსაზღვრეთ, რისი გაკეთება შეუძლიათ თქვენს შვილებს, რომ ყველამ შეიტანოს წვლილი საოჯახო საქმეების კეთებაში. დაფიქრდით, თქვენი  შვილების გასაკეთებელს ისევ თქვენ ხომ არ აკეთებთ? თუ ასეა, დაეხმარეთ შვილებს თავიანთი პასუხისმგებლობის შესრულებაში, სანამ დამოუკიდებლად არ ისწავლიან საქმის კეთებას. აუხსენით შვილებს, რომ იმის მიხედვით, თუ როგორ შეასრულებენ თავიანთ დავალებას, დაჯილდოვდებიან ან დაისჯებიან. შემდეგ კი შეასრულეთ პირობა.

მიეცით კონკრეტული მითითებები.

იესომ, როგორც კარგმა მასწავლებელმა იცოდა, რომ ადამიანი ყველაზე კარგად მაშინ სწავლობს, როცა თავად აკეთებს საქმეს. მაგალითად, როცა იესო დარწმუნდა, რომ მისი მოწაფეები უკვე მზად იყვნენ, „წინასწარ გაგზავნა ორ-ორი ყველა იმ ქალაქსა და ადგილას, სადაც თვითონ აპირებდა წასვლას“ (ლუკა 10:1). მაგრამ, სანამ გაგზავნიდა, იესომ მათ კონკრეტული მითითებებიც მისცა (ლუკა 10:2—12). როცა მოწაფეები იესოსთან დაბრუნდნენ და თავიანთი წარმატებების შესახებ მოუყვნენ, მან შეაქო და გაამხნევა ისინი (ლუკა 10:17—24). იესომ მოწაფეებს აგრძნობინა, რომ ენდობოდა მათ და კმაყოფილი იყო მათ მიერ შესრულებული დავალებით.

როგორ რეაგირებთ, როცა თქვენს შვილს უჭირს პასუხისმგებლობების შესრულება? ცდილობთ დაიცვათ შვილები ყველაფრისგან, რისიც ეშინიათ, რომ გული არაფერზე გაუტყდეთ? ბუნებრივია, თუ ინსტინქტურად შვილის დაცვის სურვილი გიჩნდებათ და მზად ხართ, მისი ტვირთი ატაროთ.

მაგრამ დაფიქრდით: ყოველთვის, როცა თქვენს შვილს „იცავთ“, რას აჩვენებთ ამით? იმას, რომ ენდობით მის შესაძლებლობებს თუ იმას, რომ ისევ უსუსურ ბავშვად მიგაჩნიათ, რომელსაც უთქვენოდ არაფრის გაკეთება არ შეუძლია?

მაგალითად, როგორ მოიქცა სტატიის დასაწყისში მოხსენიებული ემილი, როდესაც მისი ქალიშვილი სკოლაში პრობლემას შეხვდა? იმის ნაცვლად, რომ თვითონ მისულიყო მასწავლებელთან, ემილი ჯენის დაეხმარა, რომ პირადად დალაპარაკებოდა მასწავლებელს. მან შვილთან ერთად ჩამოწერა კითხვები, რომლებიც ჯენის მასწავლებლისთვის უნდა დაესვა. მათ იმსჯელეს, როდის აჯობებდა მასწავლებელთან დალაპარაკება და წინასწარ გაივარჯიშეს კიდეც, როგორ წარიმართებოდა საუბარი. „ბოლოს ჯენიმ გაბედა მასწავლებელთან მისვლა, რისთვისაც მან შეაქო ის, — ამბობს ემილი. — მე და ჯენი ძალიან კმაყოფილები დავრჩით“.

ეცადეთ, ასე მოიქცეთ: ჩამოწერეთ, რა პრობლემებს ხვდება თქვენი შვილი. გვერდზე მიუწერეთ, როგორ შეგიძლიათ მისი დახმარება ისე, რომ თქვენ არ გადაჭრათ მისი პრობლემა. შვილთან ერთად მოიფიქრეთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ პრობლემის მოსაგვარებლად. აგრძნობინეთ შვილს, რომ ეჭვი არ გეპარებათ მის შესაძლებლობებში.

თუ ყოველთვის შვილის დაცვას ეცდებით, მომავალში მას გაუჭირდება ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავება. ამიტომ დაეხმარეთ შვილს, რომ განივითაროს პასუხისმგებლობის გრძნობა. ეს ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი საჩუქარია, რომელიც შეგიძლიათ შვილს გაუკეთოთ.

^ აბზ. 3 სახელები შეცვლილია.

ჰკითხეთ საკუთარ თავს . . .

  • მეტისმეტს ხომ არ ვითხოვ შვილებისგან?

  • ვაჩვენებ შვილებს სიტყვით და საქმით, როგორ უნდა მიაღწიონ წარმატებას?

  • ბოლოს როდის შევაქე და გავამხნევე ჩემი შვილი?