წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი თებერვალი 2010

რებეკა მზად იყო იეჰოვას ნების შესასრულებლად

რებეკა მზად იყო იეჰოვას ნების შესასრულებლად

 ასწავლეთ შვილებს

რებეკა მზად იყო იეჰოვას ნების შესასრულებლად

რებეკა დღეს საკმაოდ გავრცელებული სახელია. იცნობ ვინმეს, ვისაც ეს სახელი ჰქვია? ~ * რებეკა ყველასთვის კარგად ცნობილი წიგნის, ბიბლიის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟია. რა იცი მის შესახებ? ~ კარგია, თუ უკეთ გავიცნობთ რებეკას, რადგან მისი მაგალითი დაგვეხმარება, ვემსახუროთ იეჰოვა ღმერთს.

რებეკა ბიბლიაში მოხსენიებულ ღვთის ერთგულ ქალებს შორის მეორეა. იცი, ვინ იყო პირველი ერთგული ქალი? ~ სარა, აბრაამის ცოლი. სარა ხანდაზმული იყო, როცა ისაკის, თავისი ერთადერთი ვაჟის, დედა გახდა. ახლა გავიგოთ, როგორ შეასრულა რებეკამ იეჰოვას ნება.

სამოც წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ღმერთმა აბრაამსა და სარას უთხრა, რომ ხარანიდან ქანაანის მიწაზე წასულიყვნენ. ხანდაზმულობის ასაკში ღმეთი აბრაამსა და სარას შვილს დაჰპირდა, რომელსაც ისაკს დაარქმევდნენ. წარმოიდგინეთ, როგორ ეყვარებოდათ მშობლებს ისაკი! სარა 127 წლის ასაკში მოკვდა; ისაკი უკვე ზრდასრული მამაკაცი იყო. იგი ძალიან განიცდიდა დედის სიკვდილს. აბრაამს არ უნდოდა, რომ ისაკს ქანაანელი ცოლი მოეყვანა, რადგან ეს ხალხი თაყვანს არ სცემდა იეჰოვას. ამიტომ მან თავის მსახურს, ელიეზერს დაავალა, ისაკისთვის ცოლი თავისი სანათესაოდან მოეყვანა, რომლებიც 800 კილომეტრით დაშორებით, ხარანში ცხოვრობდნენ (დაბადება 12:4,  5; 15:2; 17:17, 19; 23:1).

ელიეზერმა გაამზადა ისაკის საცოლისთვის საჩუქრები, შეკაზმა ათი აქლემი, აჰკიდა ტვირთი  და აბრაამის სხვა მსახურებთან ერთად დაადგა ხარანისკენ მიმავალ გზას. ისინი შეჩერდნენ ჭასთან. ელიეზერმა იცოდა, რომ იქ ხალხი შუადღით ოჯახისა და ცხოველებისთვის წყლის მოსამარაგებლად მიდიოდა. ელიეზერმა ღმერთს ლოცვაში სთხოვა, ნიშანი მიეცა, თუ ვინ იქნებოდა ისაკის ცოლი — ის იმ ყმაწვილ ქალს აირჩევდა თავისი ბატონისთვის, რომელიც მასაც შესთავაზებდა წყალს და აქლემებსაც დაურწყულებდა.

ყველაფერი სწორედ ასე მოხდა! ჭასთან მივიდა რებეკა, რომელიც „ძალიან მიმზიდველი“ იყო. როცა ელიეზერმა სთხოვა, წყალი დაელევინებინა, რებეკამ უთხრა: „შენი აქლემებისთვისაც ამოვიღებ წყალს“. ელიეზერი განცვიფრებული აკვირდებოდა რებეკას, სანამ იგი აქლემებს არწყულებდა. წარმოიდგინე, ათი აქლემის დასარწყულებლად რებეკას 1 000 ლიტრი წყალი უნდა ამოეღო ჭიდან!

ელიეზერმა რებეკას ძვირფასი საჩუქრები გადასცა. მან გაიგო, რომ ის აბრაამის ძმისშვილის, ბეთუელის ქალიშვილი იყო. რებეკამ ელიეზერსა და მის მეგობრებს მამის სახლში „ღამის გასათევი ადგილი“ შესთავაზა. შემდეგ გაიქცა და შეატყობინა თავის ოჯახს, რომ აბრაამს მათ სანახავად ქანაანიდან მსახურები გამოეგზავნა.

როდესაც რებეკას ძმამ, ლაბანმა დისთვის მირთმეული ძვირფასი სამკაულები დაინახა და შეიტყო ელიეზერის ვინაობა, შინ შეიპატიჟა. ელიეზერმა უთხრა: „ვერ შევჭამ, სანამ ჩემს სათქმელს არ ვიტყვი“. მან აუხსნა რებეკას ოჯახს, თუ რატომ გაგზავნა აბრაამმა მათთან. ბეთუელმა, მისმა ცოლმა და ლაბანმა მოიწონეს ეს გადაწყვეტილება და თანხმობა მისცეს, რომ რებეკას მიათხოვებდნენ ისაკს.

ელიეზერმა და მასთან მყოფმა კაცებმა ივახშმეს და ღამე იქ გაათიეს. მომდევნო დილით ელიეზერმა თქვა: „გამიშვით ჩემს ბატონთან“. რებეკას დედამ და ძმამ მოისურვეს, რომ „ათ დღეს მაინც“ დარჩენილიყვნენ, მაგრამ რებეკა თანახმა იყო, მაშინვე გაჰყოლოდა ელიეზერს. მათ დაუყოვნებლივ დატოვეს ხარანი. ჩასვლისთანავე რებეკა ისაკის ცოლი გახდა (დაბადება 24:1—58, 67).

როგორ ფიქრობ, რებეკასთვის ადვილი იქნებოდა ოჯახის წევრებისა და მეგობრების დატოვება და ისეთ შორეულ მიწაზე გადახვეწა, რომელიც უწინ არასდროს ენახა? ~ რა თქმა უნდა, არა. მაგრამ მორჩილებისთვის იეჰოვამ აკურთხა რებეკა. სწორედ ის გახდა ჩვენი მხსნელის, იესო ქრისტეს, ერთ-ერთი წინაპარი. თუ რებეკასავით იეჰოვას ნებას შევასრულებთ, ის ჩვენც გვაკურთხებს (რომაელები 9:7—10).

[სქოლიო]

^ აბზ. 3 ბავშვთან ამ სტატიის კითხვის დროს ტილდასთან პაუზა გააკეთეთ და მას თავისი აზრი გამოათქმევინეთ.

კითხვები:

▪ ვინ იყო რებეკა, და როგორ შეხვდა ელიეზერი მას?

▪ რატომ არ უნდოდა აბრაამს, რომ ისაკს ქანაანელი ქალი ეთხოვა?

▪ როგორ ცხადყო რებეკამ, რომ კარგი ცოლი იქნებოდა?

▪ როგორ შეგიძლია მიჰბაძო რებეკას?