წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი თებერვალი 2010

  რჩევები ოჯახებისთვის

მეუღლის მშობლებთან ურთიერთობა

მეუღლის მშობლებთან ურთიერთობა

ნინო * ამბობს: გიორგის დედას, თუკი რამე არ მოეწონებოდა, მაშინვე პირში მახლიდა. არც გიორგი იყო კარგ დღეში, როცა ჩემს მშობლებთან უხდებოდა ურთიერთობა. არ მახსოვს, ისინი ვინმეს ასე უხეშად მოქცეოდნენ. ჩვენს მშობლებთან ურთიერთობა ორივე ჩვენგანისთვის სასჯელი იყო.

გიორგი ამბობს: დედაჩემი ფიქრობდა, რომ თავისი შვილების შესაფერისი არავინ მოიძებნებოდა, ამიტომ ნინო დანახვისთანავე აითვალწუნა. ნინოს მშობლებიც მსგავსი განწყობით შემხვდნენ. ისინი სულ მამცირებდნენ. ასეთი უსიამოვნო სიტუაციების შემდეგ ჩვენი მშობლების დაცვას ვიწყებდით და ერთმანეთის კრიტიკაზე გადავდიოდით.

რძალ-დედამთილსა თუ სიძე-სიდედრს შორის კონფლიქტები კარგი სახუმარო თემაა კომიკოსთათვის, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ეს სულაც არ არის სასაცილო. „ჩემი დედამთილი წლების მანძილზე ჩვენს პირადულ საქმეებში ერეოდა, — ამბობს ერთი ინდოელი ქალი, რიენა. — ხშირად დედამთილზე გაბრაზებული ქმარზე ვიყრიდი ჯავრს. ჩემი ქმარი ორ ცეცხლს შუა იდგა, არ იცოდა, ჩემთვის ესიამოვნებინა თუ დედამისისთვის“.

რატომ ერევიან მშობლები შვილების ცხოვრებაში? სტატიის დასაწყისში მოხსენიებულ ნინოს ამის ერთ-ერთი მიზეზი მოჰყავს: „ისინი ვერ ეგუებიან იმ აზრს, რომ ახლა ვიღაც ახალგაზრდამ და გამოუცდელმა უნდა იზრუნოს მათ შვილზე“. რიენას ქმარი, დილიპი, კიდევ ერთ მიზეზს ასახელებს: „მშობლები, რომლებიც ყველაფერს იკლებენ შვილების კეთილდღეობისთვის და სიმწრით ზრდიან მათ, თავს მიტოვებულად გრძნობენ. ისინი შესაძლოა იმასაც განიცდიან, რომ მათი შვილი ჯერ ვერ გაართმევს თავს ოჯახურ პასუხისმგებლობებს“.

სიმართლე რომ ვთქვათ, ზოგჯერ შვილები თავად აქეზებენ მშობლებს, რომ მათ ცხოვრებაში ჩაერიონ. განვიხილოთ ავსტრალიელი ცოლ-ქმრის მაიკლისა და ლიენის შემთხვევა. მაიკლი ყვება: „ლიენი თბილ ოჯახში გაიზარდა, სადაც ყველა ერთმანეთს გულს უშლიდა. დაქორწინების შემდეგ ის ხშირად სთხოვდა მამას რჩევას იმ საკითხებზე, რაც მხოლოდ ჩვენ უნდა  გადაგვეწყვიტა. მართალია, მამამისი საკმაოდ ჭკვიანი კაცი იყო, მაგრამ გული მტკიოდა, რომ ჩემი ცოლი არაფრად მაგდებდა“.

მეუღლის მშობლებთან დაძაბულობა ცოლ-ქმრის ურთიერთობაზეც აისახება. თქვენს შემთხვევაშიც ასეა? როგორ შეგიძლიათ მეუღლის მშობლებთან დაძაბულობის განმუხტვა? რომელი ორი პრობლემა შეიძლება წამოიჭრას ამ დროს და როგორ შეგიძლიათ მათი გადაჭრა?

პრობლემა.

თქვენი მეუღლე დამოკიდებულია მშობლებზე. „ჩემს ცოლს ჰგონია, რომ თუ თავის მშობლებთან ახლოს არ იცხოვრებს, ეს ღალატის ტოლფასი იქნება, — თქვა ერთმა ესპანელმა მამაკაცმა, ლუისმა. — მაგრამ არც ჩემი მშობლები უჩენდნენ ნაკლებ თავსატეხს ჩემს ცოლს. როცა ვაჟი შეგვეძინა, ისინი თითქმის ყოველდღე მოდიოდნენ ჩვენთან. ეს კი ჩვენს ოჯახში არაერთი კონფლიქტის მიზეზი ხდებოდა“.

გამოსავალი.

დაქორწინებულ წყვილზე ბიბლიაში ნათქვამია: „მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ერთი ხორცი იქნებიან“ (დაბადება 2:24). ერთ ხორცად ყოფნაში მხოლოდ ერთად ცხოვრება არ იგულისხმება. ცოლ-ქმარი ქმნის ახალ ოჯახს, რომელიც იმ ოჯახზე წინ უნდა დააყენოს, სადაც გაიზარდა (1 კორინთელები 11:3). რასაკვირველია, დაქორწინებულმა წყვილმა პატივი უნდა სცეს თავის მშობლებს და მზრუნველობა არ მოაკლოს (ეფესოელები 6:2). რა შეიძლება ითქვას, თუ მაშინაც გრძნობთ თავს იგნორირებულად, როცა თქვენი მეუღლე აუცილებელ ყურადღებას ავლენს მშობლების მიმართ?

რა შეგიძლიათ გააკეთოთ.

შეეცადეთ სიტუაციას სხვაგვარად შეხედოთ. მართლა დამოკიდებულია თქვენი მეუღლე მშობლებზე, თუ ეს, უბრალოდ, გეჩვენებათ, რადგან თავად არასდროს გქონიათ მსგავსი სიახლოვე საკუთარ მშობლებთან? თუ ასეა, თქვენზე ის გარემო ხომ არ ახდენს გავლენას, რომელშიც აღიზარდეთ? ხომ არ ეჭვიანობთ? (იგავები 14:30; 1 კორინთელები 13:4; გალატელები 5:26).

აუცილებელია, ამ კითხვებზე პასუხის გაცემისას საკუთარ გულში ჩაიხედოთ. თუ მშობლების გამო გამუდმებით კამათობთ, სინამდვილეში მშობლებს კი არ მიუძღვით ბრალი, არამედ თავად თქვენს ურთიერთობაშია პრობლემა.

მრავალ დაქორწინებულ წყვილს პრობლემები იმის გამო აქვს, რომ ბევრ საკითხზე ერთ აზრს არ იზიარებენ. ცდილობთ მეუღლის თვალით შეხედოთ ამა თუ იმ საკითხს? (ფილიპელები 2:4; 4:5). ერთი მექსიკელი მამაკაცი, ადრიანი, სწორედ ასე მოიქცა. ის ყვება: „ჩემი მეუღლე არაჯანსაღ გარემოში გაიზარდა. ამიტომ, სიდედრ-სიმამრთან ახლო ურთიერთობას ვერიდებოდი. მოგვიანებით საერთოდ გავწყვიტე მათთან კავშირი და ასე გრძელდებოდა წლები. ამის გამო მეუღლესთან ურთიერთობა დამეძაბა, რადგან მას სურდა ოჯახთან, განსაკუთრებით კი დედასთან ახლოს ყოფნა“.

დროთა განმავლობაში ადრიანმა შეიცვალა აზრი. იგი ამბობს: „მართალია, მშობლებთან ურთიერთობა მეუღლეს ემოციურად ფიტავდა, მაგრამ ურთიერთობის საერთოდ გაწყვეტაც არანაკლებ პრობლემას ქმნიდა. შეძლებისდაგვარად განვმუხტე დაძაბულობა და დღეს სიდედრ-სიმამრთან კარგი ურთიერთობა მაქვს“. *

ეცადეთ, ასე მოიქცეთ. ჩამოწერეთ, ძირითადად რა მიზეზების გამო გეძაბებათ მშობლებთან ურთიერთობა. დაწერეთ თქვენ-თქვენი აზრი, ერთად იმსჯელეთ აღნიშნულ საკითხებზე და იპოვეთ საუკეთესო გამოსავალი.

პრობლემა.

მეუღლის მშობლები გამუდმებით ერევიან თქვენს ცხოვრებაში და თავს გახვევენ საკუთარ აზრს. ერთი ქალი, ნელი, რომელიც ყაზახეთში ცხოვრობს, ყვება: „შეუღლებიდან პირველი შვიდი წელი ქმრის ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი. გაუთავებლად ვკამათობდით ყველაფერზე, იქნებოდა ეს ბავშვების გაზრდა,  დალაგება თუ საჭმლის გაკეთება. არაერთხელ ვცადე ქმართან და დედამთილთან დალაპარაკება, მაგრამ ამას მხოლოდ მორიგ კონფლიქტამდე მივყავდით“.

გამოსავალი.

როდესაც ოჯახს ქმნით, აღარ უნდა იყოთ მშობლებზე დამოკიდებული. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი კაცია“, ანუ ქმარი (1 კორინთელები 11:3). თუმცა, როგორც ზემოთ არის აღნიშნული, ცოლ-ქმარმა პატივი უნდა სცეს თავის მშობლებს. იგავების 23:22-ში ნათქვამია: „უსმინე შენს მშობელ მამას და ნუ მოიძულებ დედაშენს სიბერის გამო“. მაგრამ როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენი ან თქვენი მეუღლის მშობლები ზღვარს გადადიან და საკუთარ აზრს თავს გახვევენ?

რა შეგიძლიათ გააკეთოთ.

შეეცადეთ გაუგოთ მშობლებს და თქვენს ცხოვრებაში, ერთი შეხედვით, უხეში ჩარევის მიღმა კარგი მოტივი დაინახოთ. ზემოხსენებული გიორგი ამბობს: „ზოგჯერ მშობლებს უნდა აგრძნობინოთ, რომ კვლავაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ თქვენს ცხოვრებაში“. თუ შვილებს ეცოდინებათ, რომ მშობლები კეთილი სურვილით ერევიან მათ საქმეში, გაუადვილდებათ შემდეგი ბიბლიური რჩევის გათვალისწინება: „მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ“ (კოლოსელები 3:13). მაგრამ როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენი მეუღლის მშობლები ზედმეტად ერევიან თქვენს ცხოვრებაში და კონფლიქტის მიზეზი ხდებიან?

ზოგმა დაქორწინებულმა წყვილმა მშობლებთან ზომიერი ურთიერთობა ისწავლა. თუმცა, ამისთვის საჭირო არაა წესების დადგენა. * მშობლებს საქციელით უნდა აჩვენოთ, რომ თქვენთვის ახლა მეუღლეა მთავარი. ერთი იაპონელი მამაკაცი, მასაიუკი, ამბობს: „როცა მშობელი რამეს გირჩევთ, მაშინვე ნუ დაეთანხმებით. გახსოვდეთ, ახლა თქვენი ოჯახი გყავთ და, პირველ რიგში, აზრი თქვენს მეუღლეს უნდა ჰკითხოთ“.

ეცადეთ, ასე მოიქცეთ. მეუღლესთან ერთად იმსჯელეთ, კონკრეტულად რაში ერევიან მშობლები, რაც თქვენ შორის უსიამოვნებას იწვევს. დაწერეთ, რა საზღვრებს დაუდგენთ მშობლებს და შესაბამისად იმოქმედეთ, ოღონდ ეს ისე გააკეთეთ, რომ გული არ ატკინოთ.

ბევრი კონფლიქტი იმ შემთხვევაში მოგვარდება, თუ წყვილი დაინახავს მშობლების ნამდვილ მოტივს და არ დაუშვებს, რომ კონფლიქტურმა სიტუაციამ დაძაბოს მათ შორის ურთიერთობა. ნინო გულახდილად ამბობს: „მშობლებზე საუბრისას ზოგჯერ მე და ჩემს ქმარს ემოციები გვმართავდა და მათ ნაკლოვანებებზე ყურადღების გამახვილება ძალიან გვტკენდა გულს. დროთა განმავლობაში მივხვდით, რომ უმჯობესი იყო, გაუთავებლად მშობლების შეცდომებზე კი არ გველაპარაკა, არამედ პრობლემების გადაჭრა გვესწავლა. ამის წყალობით მე და ჩემი მეუღლე კიდევ უფრო დავახლოვდით“.

^ აბზ. 3 სახელები შეცვლილია

^ აბზ. 14 აღსანიშნავია ისიც, რომ თუ მშობლები ცუდ ცხოვრებას ეწევიან და არ ინანიებენ, გონივრულია, მათთან შეიზღუდოს ურთიერთობა (1 კორინთელები 5:11).

^ აბზ. 19 ზოგჯერ შეიძლება საჭირო გახდეს მშობლებთან გულახდილი საუბარი. მშობლებს მშვიდად და პატივისცემით ესაუბრეთ (იგავები 15:1; ეფესოელები 4:2; კოლოსელები 3:12).

ჰკითხეთ საკუთარ თავს . . .

  • რა ღირსებები აქვთ ჩემი მეუღლის მშობლებს?
  • როგორ გამოვავლინო მშობლების მიმართ ყურადღება ისე, რომ მეუღლემ თავი მარტო არ იგრძნოს?