არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი აგვისტო 2009

ყველა რელიგია ჭეშმარიტია?

ყველა რელიგია ჭეშმარიტია?

დღეს მსოფლიოში უამრავი რელიგიაა. ბოლო მონაცემებით, 19 ძირითადი კონფესია და 10 000-მდე მცირერიცხოვანი რელიგიური ჯგუფი არსებობს. ადამიანებს უპრეცედენტოდ დიდი არჩევნის საშუალება ეძლევათ. მაგრამ აქვს მნიშვნელობა, რომელ რელიგიას აირჩევთ?

ზოგი რელიგიებს მთის მწვერვალისკენ მიმავალ სხვადასხვა გზას ადარებს. მათთვის მნიშვნელობა არა აქვს, რომელ გზას დაადგებიან, რადგან თვლიან, რომ საბოლოოდ ყველა გზა ერთი და იმავე ადგილისკენ მიდის. მათი აზრით, არსებობს ერთი ყოვლისშემძლე ღმერთი და საბოლოოდ ყველა რელიგიას მასთან მივყავართ.

ყველა გზა მიდის ღმერთთან?

რას ასწავლიდა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდებული მოძღვარი იესო ქრისტე? „შედით ვიწრო კარიბჭით“, — უთხრა იესომ თავის მოწაფეებს. რატომ უნდა შესულიყვნენ ვიწრო კარიბჭით? „ვინაიდან ფართოა კარიბჭე და განიერია გზა, რომელსაც დაღუპვისაკენ მიჰყავს, და მრავალნი დადიან მასზე. ვინაიდან ვიწროა კარიბჭე და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლისაკენ მიჰყავს, და მცირედნი ჰპოვებენ მას“ (მათე 7:13, 14, ბიბლიური საზოგადოების გამოცემა, ბსგ).

უნდოდა იესოს იმის თქმა, რომ ზოგ რელიგიას შეიძლება დაღუპვამდე მიეყვანა ხალხი? ან იმის თქმა ხომ არ სურდა, რომ მხოლოდ ურწმუნოები დადიან ფართო გზით, სიცოცხლისკენ მიმავალი ვიწრო გზით კი — მორწმუნეები განურჩევლად იმისა, თუ რომელ რელიგიას მიეკუთვნებიან?

მას შემდეგ, რაც მოწაფეებს ორი გზის არსებობის შესახებ უთხრა, იესომ დასძინა: „ერიდეთ ცრუ წინასწარმეტყველებს, რომლებიც ცხვრის სამოსით მოდიან თქვენთან, შინაგანად კი მტაცებელი მგლები არიან“ (მათე 7:15, ბსგ). მოგვიანებით კი უთხრა: „ვინც მეუბნება:  ‘უფალო, უფალო!’ ყველა როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც შეასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნება-სურვილს“ (მათე 7:21, ბსგ). ბუნებრივია, ურწმუნოს ვერ დავარქმევთ ისეთ ადამიანს, ვინც წინასწარმეტყველად იწოდება ან ვინც „უფალს“ უწოდებს იესოს. მაშასადამე, იესოს სიტყვები იმაზე მიუთითებს, რომ ყველა რელიგია არ არის ჭეშმარიტი და არც ყველა მოძღვარია სანდო.

შესაძლებელია ვიწრო გზის პოვნა?

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ყველა გზა არ მიდის ღმერთთან, როგორ შეგიძლიათ ათასობით გზიდან იმ ერთადერთი, სიცოცხლისკენ მიმავალი გზის პოვნა? დავუშვათ, დიდ ქალაქში დაიკარგეთ და დახმარება გამვლელებს სთხოვეთ. ერთი გარწმუნებთ, აღმოსავლეთის მიმართულებით წახვიდეთ, მეორე დასავლეთისკენ გაგზავნით, მესამე კი იმ გზის არჩევას გთავაზობთ, რომელიც თქვენი აზრით, დანიშნულების ადგილამდე მიგიყვანთ. ბოლოს ხვდებით კაცს, რომელიც შლის სანდო რუკას, სწორ გზას გიჩვენებთ და რუკას გაძლევთ გზის გასაგნებად. ახლა უფრო იმედიანად იქნებით, რადგან იცით, რომ დანიშნულების ადგილამდე აუცილებლად მიხვალთ.

მსგავსად ამისა, ჭეშმარიტი რელიგიის ასარჩევად საჭიროა სანდო „რუკა“. არსებობს ასეთი რუკა? რა თქმა უნდა, და ეს რუკა ბიბლიაა, რომელშიც ვკითხულობთ: „მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში“ (2 ტიმოთე 3:16, ბსგ).

ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია ბიბლიის სხვადასხვა თარგმანი, რომლებიც ჭეშმარიტი რელიგიის პოვნაში დაგეხმარებათ. ამ ჟურნალის გამომცემლებმა, იეჰოვას მოწმეებმა, გამოსცეს ბიბლიის სანდო თარგმანი „ბიბლია — ახალი ქვეყნიერების თარგმანი“. თუ იეჰოვას მოწმე არა ხართ, შეგიძლიათ ისარგებლოთ სხვა თარგმანებით, რომელიც ჭეშმარიტი რელიგიის პოვნაში დაგეხმარებათ. სწორედ ამიტომ არის ამ სტატიათა სერიაში ბიბლიური მუხლები სხვა თარგმანებიდან ციტირებული.

მომდევნო სტატიების კითხვისას თქვენი თვალსაზრისი ბიბლიის თვალსაზრისს შეადარეთ. გახსოვდეთ იესოს მითითება, თუ როგორ უნდა განვასხვავოთ ჭეშმარიტი რელიგია ცრუ რელიგიისგან: „ყოველი კარგი ხე ნაყოფსაც კარგს იძლევა, ხოლო ცუდი ხე ნაყოფსაც ცუდს იძლევა. არ შეუძლია კარგ ხეს ცუდი ნაყოფის გამოღება; და არც ცუდ ხეს კარგი ნაყოფის გამოღება“ (მათე 7:17, 18, ბსგ). ბიბლიის დახმარებით განვიხილოთ, რომელი სამი კარგი ნაყოფით ამოიცნობა „კარგი ხე“ ანუ ჭეშმარიტი რელიგია.

ბიბლია შეიძლება შევადაროთ საგზაო რუკას, რომელიც ადამიანს ჭეშმარიტი რელიგიის პოვნაში ეხმარება