წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი ნოემბერი 2008

 რჩევები ოჯახებისთვის

იყავით მეუღლის ერთგული

იყავით მეუღლის ერთგული

მარია ამბობს: „შევნიშნე, რომ მაიკლი ჩემს მიმართ გულგრილი გახდა და შვილებსაც ცივად ექცეოდა; მას შემდეგ შეიცვალა, რაც ინტერნეტში ჩავერთეთ *. ვეჭვობდი, რომ პორნოგრაფიას უყურებდა. ერთხელ, როცა ბავშვებმა დაიძინეს, ვთხოვე, ეთქვა ჩემთვის, რა ხდებოდა. მას არ დაუმალავს, რომ პორნოგრაფიულ ვებ-გვერდებს ათვალიერებდა. ამ ფაქტმა გამანადგურა. ვერ ვიჯერებდი, რომ ასეთი რამ ჩემს თავს ტრიალებდა. მის მიმართ ნდობა დავკარგე. ამას ისიც ემატებოდა, რომ თანამშრომელი განსაკუთრებულ ყურადღებას ავლენდა ჩემ მიმართ“.

მაიკლი ამბობს: „არც ისე დიდი ხნის წინ, მარიამ ჩვენს კომპიუტერში პორნოგრაფიული სურათი ნახა და სერიოზულად დამელაპარაკა. როცა ვუთხარი, რომ პორნოგრაფიულ ვებ-გვერდებს ვათვალიერებდი, ძალიან გაბრაზდა. თავი უხერხულად და დამნაშავედ ვიგრძენი. ვიფიქრე, ჩვენს ქორწინებას წერტილი დაესვა-მეთქი“.

როგორ ფიქრობთ, რატომ დაიძაბა მაიკლისა და მარიას ურთიერთობა? ალბათ ფიქრობთ, რომ მაიკლის მთავარი პრობლემა პორნოგრაფიული მასალის ყურება იყო. მაგრამ მან კარგად იცოდა, რომ ამ ცუდი ჩვევის უკან უფრო დიდი პრობლემა იდგა — ის აღარ იყო მეუღლის ერთგული *. როცა მაიკლი და მარია დაქორწინდნენ, ფიქრობდნენ, რომ ყოველთვის ეყვარებოდათ ერთმანეთი და ბედნიერი ოჯახი ექნებოდათ. მაგრამ, მრავალი წყვილის მსგავსად, დროთა განმავლობაში, გულები გაუცივდათ და მეტად აღარ ცდილობდნენ ურთიერთობის განმტკიცებას.

ამჩნევთ, რომ დროის სვლასთან ერთად, თქვენსა და თქვენს მეუღლეს შორის ურთიერთობა ცივდება? გსურთ, კვლავაც მტკიცე ურთიერთობა გქონდეთ? მაშინ, მოდით, ამ კითხვებს ვუპასუხოთ: რას ნიშნავს იყო ერთგული? რამ შეიძლება ძირი გამოუთხაროს ერთგულებას? რა უნდა გააკეთოთ, რომ ბოლომდე მეუღლის ერთგული იყოთ?

რა არის მეუღლისადმი ერთგულება?

თქვენი აზრით, რა იგულისხმება მეუღლისადმი ერთგულებაში? მრავალი ფიქრობს, რომ ერთგულება ვალდებულებების შესრულებაა. მაგალითად, ცოლ-ქმარმა შეიძლება შვილების გამო ან ღვთის, ქორწინების დამფუძნებლის, წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობის გამო არ დაანგრიოს ოჯახი (დაბადება 2:22—24). რა თქმა უნდა, ამგვარი დამოკიდებულება გონივრულია და შეიძლება ოჯახს სირთულეების გადალახვაშიც დაეხმაროს, მაგრამ ცოლ-ქმრის ბედნიერებისთვის მხოლოდ პასუხისმგებლობის გრძნობა არ კმარა.

იეჰოვა ღმერთს სურს, ქორწინებამ წყვილს სიხარული და კმაყოფილება მოუტანოს. მას სურს, რომ კაცს ეხარა თავის ცოლთან, ხოლო ქალს ეგრძნო, რომ ქმარს საკუთარი სხეულივით უყვარს ის (იგავები 5:18; ეფესოელები 5:28). მეუღლეებს ასეთი სიახლოვე რომ ჰქონდეთ, ერთმანეთის ნდობა უნდა ისწავლონ. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მათ ურთიერთშორის მეგობრობა უფრო და უფრო განავითარონ. როცა მეუღლეები ცდილობენ, ერთმანეთის ნდობა გაამართლონ და ყველაფერს აკეთებენ, რომ საუკეთესო მეგობრები იყვნენ, უფრო ერთგულები ხდებიან. ასეთ მჭიდრო კავშირს ბიბლია „ერთ ხორცად“ ყოფნას უწოდებს (მათე 19:5).

ერთგულება შეიძლება შევადაროთ დუღაბს. დუღაბი ქვიშისგან, ცემენტისა და წყლისგან შედგება. ამის მსგავსად, ერთგულება ვალდებულების, ნდობისა და მეგობრობის ერთობლიობაა. რამ შეიძლება დაასუსტოს ოჯახი?

რა სირთულეები შეიძლება წამოიჭრას?

ერთგულება მოითხოვს საკუთარ თავთან ბრძოლასა და თავგანწირვას, მეუღლის სიამოვნებისთვის პირადი ინტერესების მეორე პლანზე გადაწევას. მაგრამ, დათმობასა და უანგაროდ გაცემას დღეს ბევრი არ იწონებს და ბევრისთვის მიუღებელიც კია. ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რამდენ ეგოისტ ადამიანს ვიცნობ, რომელსაც ბედნიერი ოჯახი აქვს?“ ამ კითხვაზე პასუხი ნათელია. ეგოისტი ადამიანი ერთგულებას ვერ გამოავლენს მაშინ, როცა თავგანწირვა მოითხოვება; განსაკუთრებით კი მაშინ, როცა დათმობას მყისვე არ მოჰყვება მისთვის სასურველი შედეგი. ერთგულების გარეშე სიყვარული განელდება, როგორი ძლიერიც უნდა იყოს თავიდან.

ბიბლია ამბობს, რომ ქორწინებას სირთულეები მოჰყვება: „ცოლიანს . . . ქვეყნიური საქმეები აფიქრებს — როგორ ასიამოვნოს ცოლს . . . გათხოვილ ქალს კი ქვეყნიური საქმეები აფიქრებს — როგორ ასიამოვნოს ქმარს“ (1 კორინთელები 7:33, 34). სამწუხაროდ, ისინიც კი, ვინც ხშირ შემთხვევაში უანგარონი არიან, ყოველთვის ვერ იგებენ ერთმანეთის წუხილს და ვერ აფასებენ მეუღლის გაღებულ მსხვერპლს. თუ ისინი ერთმანეთის მიმართ მადლიერებას არ ავლენენ, დიდია იმის ალბათობა, რომ „ხორციელი გასაჭირი“ უფრო მეტად ექნებათ (1 კორინთელები 7:28).

მნიშვნელოვანია გესმოდეთ, რომ ქორწინება მუდმივი კავშირია. ასეთი შეხედულება ცოლ-ქმარს ეხმარება ჭირშიც და ლხინშიც ერთმანეთის ერთგულები იყვნენ. რა უნდა გააკეთოთ, ამგვარი თვალსაზრისის განსავითარებლად და როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ მეუღლეს ერთგულების გამოვლენაში?

როგორ უნდა განამტკიცოთ ოჯახი?

ყველაზე მნიშვნელოვანი ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში ჩაწერილი რჩევების გათვალისწინებაა. თუ ამგვარად მოიქცევით ეს თქვენსა და თქვენი მეუღლის კეთილდღეობას მოემსახურება (ესაია 48:17). განვიხილოთ ორი პრაქტიკული რჩევა.

დრო დაუთმეთ მეუღლეს

1. ყურადღება არ მოაკლოთ მეუღლეს.

მოციქული პავლე გვირჩევს, დავრწმუნდეთ, „რა უფრო მნიშვნელოვანია“ (ფილიპელები 1:10). ღვთის თვალში ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ   ექცევიან მეუღლეები ერთმანეთს. კაცი, რომელიც პატივისცემით ეპყრობა თავის ცოლს, ღვთისგან იქნება პატივცემული. თავის მხრივ, ცოლი, რომელიც პატივს სცემს ქმარს „ღვთის თვალში ძალიან ძვირფასია“ (1 პეტრე 3:1—4, 7).

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ოჯახი? რაც უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის ოჯახი, მით უფრო მეტ დროს უთმობთ მას. ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რამდენი დრო დავუთმე ჩემს მეუღლეს ბოლო ერთი თვის განმავლობაში? რა გავაკეთე იმის საჩვენებლად, რომ ის კვლავ ჩემი საუკეთესო მეგობარია?“ თუ მისთვის დათმობილი დრო ძალიან მცირეა, მეუღლეს შეიძლება გაუჭირდეს იმის დაჯერება, რომ ნამდვილად მისი ერთგული ხართ.

გრძნობს თქვენი მეუღლე, რომ მისი ერთგული ხართ? როგორ უნდა გაიგოთ?

სცადეთ: ფურცელზე ჩამოწერეთ ხუთი რამ: ფული, სამუშაო, ოჯახი, გართობა და მეგობრები. შემდეგ თანმიმდევრულად დაალაგეთ, იმის მიხედვით, რასაც, თქვენი აზრით, თქვენი მეუღლე ანიჭებს უპირატესობას. იმავეს გაკეთება მეუღლესაც სთხოვეთ. შემდეგ გაცვალეთ ფურცლები. თუ მეუღლე ფიქრობს, რომ ოჯახს აკლებთ დროსა და ენერგიას, იმსჯელეთ, როგორ შეგიძლიათ ოჯახის განმტკიცება. აგრეთვე, ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ მეტად დავინტერესდე იმით, რაც ჩემი მეუღლისთვის არის მნიშვნელოვანი?“.

ღალატი ჯერ გულში იბადება

2. გაექეცით ღალატს.

იესო ქრისტემ თქვა: „ვინც ქალს უყურებს და ვნება აღეძვრება, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში“ (მათე 5:28). როცა ერთ-ერთი მეუღლე სხვასთან ამყარებს სექსუალურ ურთიერთობას, ამით დიდ დარტყმას აყენებს ქორწინებას. ბიბლია ამბობს, რომ მრუშობა გაყრის მიზეზს იძლევა (მათე 5:32). თუმცა იესოს სიტყვებიდან ჩანს, რომ ადამიანის გულში არასწორი სურვილი უკვე მრუშობამდე იბადება. ამგვარი სურვილის გაღვივება ღალატის ტოლფასია.

მეუღლეს რომ ბოლომდე უერთგულო, მტკიცედ გადაწყვიტე, არ უყურო პორნოგრაფიას. ათასგვარ რამეს ამბობენ, მაგრამ ერთი რამ ცხადია — პორნოგრაფია ძირს უთხრის ქორწინებას. ნახეთ, როგორ გამოხატავს თავის გრძნობებს ერთი ქალი: „ჩემი ქმარი ამბობს, რომ პორნოგრაფიის ყურება ჩვენს ინტიმურ ურთიერთობებს უფრო აცოცხლებს. მაგრამ ეს იმას  მაფიქრებინებს, რომ არარაობა ვარ და მისთვის არასაკმარისი. როცა ის პორნოგრაფიას უყურებს ცხარე ცრემლით ვტირი“. თქვენი აზრით, ეს კაცი ამტკიცებს თავის ოჯახს თუ ანგრევს? უადვილებს თავის მეუღლეს ერთგულების გამოვლენას? მისთვის ცოლი საუკეთესო მეგობარია?

ერთგულმა კაცმა იობმა თავისი ოჯახისა და ღვთის მიმართ ერთგულება იმით გამოხატა, რომ „შეთანხმება დაუდო თავის თვალებს“. მან მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ქალწულისთვის გულისთქმით არ შეეხედა (იობი 31:1). როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ იობს?

პორნოგრაფიის ყურებაზე უარის თქმის გარდა, საპირისპირო სქესის მიმართ არასწორი სურვილების განვითარებისგან უნდა დაიცვათ გული. მრავალი ფიქრობს, რომ ფლირტი ქორწინებას საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ ღვთის სიტყვა გვაფრთხილებს: „გული ყველაზე ვერაგი და უმართავია. ვინ შეიცნობს მას?“ (იერემია 17:9). რას გკარნახობთ გული? ჰკითხეთ საკუთარ თავს: „ვის მიმართ ვავლენ ყველაზე მეტ ყურადღებას, მეუღლის მიმართ თუ სხვის მიმართ? პირველ რიგში ვის ვუზიარებ სასიხარულო ამბებს — მეუღლეს თუ სხვას? რა რეაქცია მექნებოდა, მეუღლეს რომ ეთხოვა, ნაკლები ურთიერთობა მქონოდა საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან? გავითვალისწინებდი მის თხოვნას თუ გავბრაზდებოდი?“.

სცადეთ: თუ შეამჩნიეთ, რომ სხვასთან ურთიერთობა უფრო მოგწონთ, ვიდრე მეუღლესთან, შეზღუდეთ მასთან ურთიერთობა და მოერიდეთ ზედმეტი ყურადღების გამოვლენას. იფიქრეთ მეუღლის დადებით თვისებებზე და არა იმაზე, რით სჯობია მას სხვა (იგავები 31:29). გაიხსენეთ, რატომ შეგიყვარდათ ის, ვინც ცხოვრების თანამგზავრად აირჩიეთ. ჰკითხეთ თავს: „მართლა არაფერი შერჩა კარგი ჩემს მეუღლეს თუ მე ვეღარ ვამჩნევ?“.

გადადგით პირველი ნაბიჯი

დასაწყისში მოხსენიებულმა მაიკლმა და მარიამ პრობლემების მოსაგვარებლად რჩევა ითხოვეს. ამ პირველი ნაბიჯის გადადგმით მათ აჩვენეს, რომ ერთმანეთის ერთგულები არიან და სურთ, ყველაფერი გააკეთონ ოჯახის ბედნიერებისთვის.

იმის მიუხედავად, ურთიერთშორის გაქვთ თუ არა პრობლემები, თქვენმა მეუღლემ უნდა იცოდეს, რომ თქვენ ყველაფერს აკეთებთ ქორწინების განსამტკიცებლად. ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგით თქვენი მეუღლის ამაში დასარწმუნებლად. მზად ხართ ამისთვის?

^ აბზ. 3 სახელები შეცვლილია.

^ აბზ. 5 მართალია, აქ მოცემული მაგალითი პორნოგრაფიით გატაცებულ მამაკაცს ეხება, მაგრამ ასეთივე ორგული იქნება იმავეს გამკეთებელი ქალიც.

ჰკითხეთ საკუთარ თავს . . .

  • მეუღლეს უფრო მეტი დრო რომ დავუთმო, რას უნდა მოვაკლო ის?
  • როგორ დავარწმუნო მეუღლე ჩემს ერთგულებაში?

 

გაიგეთ მეტი

უერთგულეთ ერთმანეთს

შეიძლება მოხდეს ისე, რომ არ მრუშობდეთ, მაგრამ მაინც არ ითქმოდეს თქვენზე, რომ ერთგული ხართ?

რა უნდა გააკეთოთ თქვენი ოჯახის ბედნიერებისთვის?

იეჰოვას, ბედნიერ ღმერთს სურს, რომ ოჯახები ბედნიერები იყვნენ. გაიგეთ რომელი ბიბლიური პრინციპები გამოადგებათ ქმრებს, ცოლებს, მშობლებს და შვილებს.