არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი  |  აგვისტო 2008

 ასწავლეთ შვილებს

სამუელი სწორად იქცეოდა

სამუელი სწორად იქცეოდა

გინახავს, როგორ აკეთებენ ადამიანები ცუდ საქმეებს? ~ * სამუელი ხედავდა ამას. ის ისეთ ადგილას ცხოვრობდა, რომელზეც ალბათ ვერც კი წარმოიდგენდი, რომ იქ ვინმე ცუდად მოიქცეოდა. ეს იყო ღვთის კარავი, ანუ თაყვანისმცემლობის ადგილი, რომელიც ქალაქ შილოში მდებარეობდა. ვნახოთ, 3 000 წელზე მეტი ხნის წინ როგორ გახდა კარავი სამუელის სახლი.

სანამ სამუელი დაიბადებოდა, დედამისს, ხანას ძალიან უნდოდა, რომ ბავშვი ჰყოლოდა. კარავში თაყვანსაცემად ჩასული ხანა ღმერთს მხურვალედ სთხოვდა ლოცვაში ამას. მართალია, ხანა გულში ლოცულობდა, მაგრამ ის ამ დროს ბაგეებს ამოძრავებდა. ამის გამო ელიმ იფიქრა, რომ ხანა მთვრალი იყო. მაგრამ როდესაც ელიმ გაიგო, რომ ხანა ძალიან დამწუხრებული იყო და არა მთვრალი, მან შემდეგი სიტყვებით აკურთხა ის: „ისრაელის ღმერთმა შეგისრულოს სათხოვარი“ (1 სამუელი 1:17).

ცოტა ხანში დაიბადა სამუელი. ხანა ძალიან ბედნიერი იყო. ღვთისადმი მადლიერებით აღძრულმა ხანამ უთხრა თავის ქმარს, ელკანას: ‘როგორც კი ბავშვს ძუძუს მოვწყვეტ, კარავში წავიყვან, რომ იქ ღმერთს ემსახუროს’. ხანა ასეც მოიქცა. სამუელი ოთხი-ხუთი წლის იქნებოდა, როცა დედამ ის კარავში მიიყვანა.

ელი საკმაოდ მოხუცდა. მისი ვაჟები ხოფნი და ფინხასი იეჰოვას სწორად არ სცემდნენ თაყვანს. ისინი უკანონო სქესობრივ კავშირსაც კი ამყარებდნენ კარავში მისულ ქალებთან. რას ფიქრობ, როგორ უნდა მოქცეულიყო მათი მამა? ~ მართალი ხარ! მას უნდა დაესაჯა თავისი შვილები და ნება არ უნდა მიეცა მათთვის, რომ ცუდი საქმეები ეკეთებინათ.

პატარა სამუელი კარავში იზრდებოდა და ალბათ იცოდა კიდეც, თუ რა ცუდ საქმეებს სჩადიოდნენ ელის შვილები. მიჰბაძა მათ სამუელმა? ~ არა, ის ყოველთვის სწორად იქცეოდა, ისე როგორც მშობლებმა ასწავლეს. გასაკვირი არაა, რომ იეჰოვა განრისხებული იყო ელიზე. მან წინასწარმეტყველიც კი გაუგზავნა  ელის, რომ ეთქვა, თუ როგორ დასჯიდა მის ოჯახს, განსაკუთრებით კი მის ცუდ შვილებს (1 სამუელი 2:22—36).

სამუელი კვლავაც განაგრძობდა ელისთან ერთად კარავში მსახურებას. ერთ ღამეს, სამუელი ხმამ გააღვიძა, რომელიც მას უხმობდა. ის ელისთან გაიქცა, მაგრამ ელიმ უთხრა, რომ მას არ დაუძახია. ასეთი რამ კვლავ გამეორდა. როცა მესამედაც იგივე მოხდა, ელიმ სამუელს უთხრა, რომ თუ კიდევ გაიგებდა ხმას, ეთქვა: „მითხარი, იეჰოვა, გისმენს შენი მსახური“. სამუელი ასეც მოიქცა და იეჰოვაც დაელაპარაკა მას. იცი, რა უთხრა იეჰოვამ სამუელს? ~

როგორც ვიცით, ღმერთმა წინასწარმეტყველის პირით შეატყობინა ელის თავისი განზრახვა, რომ დასჯიდა მის ოჯახს. ახლა, იეჰოვამ სამუელსაც უთხრა, თუ რას უპირებდა ელის ოჯახს. დილით სამუელს შეეშინდა, რომ ელისთვის ეთქვა ყველაფერი, რაც იეჰოვამ უთხრა. მაგრამ, ელიმ სამუელს სთხოვა, რომ არ დაემალა მისთვის ის, რაც ღმერთმა უთხრა. ბოლოს სამუელი ყველაფერს მოუყვა ელის. იმ წინასწარმეტყველის მსგავსად, რომელმაც ადრე ელის ღვთის ნება გაუცხადა, სამუელმაც გაუმეორა მას, თუ რის გაკეთებას აპირებდა იეჰოვა. ამაზე ელიმ თქვა: „გააკეთოს [იეჰოვამ], რასაც ინებებს“. იეჰოვას განაჩენი ზუსტად შესრულდა — ხოფნი და ფინხასი დაიხოცნენ, მალევე ელიც მოკვდა (1 სამუელი 3:1—18).

‘სამუელი კი იზრდებოდა და იეჰოვა იყო მასთან’. იმ დროისთვის, როცა ეს მოვლენები ხდებოდა, სამუელი როგორც ჩანს მოზარდი იყო. ეს მნიშვნელოვანი დროა ახალგაზრდების ცხოვრებაში. როგორ ფიქრობ, ადვილი იქნებოდა სამუელისთვის, სწორად მოქცეულიყო იმ დროს, როცა სხვები ცუდად იქცეოდნენ? ~ მართალია, ეს ადვილი არ იქნებოდა მისთვის, მაგრამ ის ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას მთელი თავისი ცხოვრება (1 სამუელი 3:19—21).

შენ როგორ მოიქცევი? მიჰბაძავ სამუელს როცა გაიზრდები? ყოველთვის სწორად მოიქცევი ღვთის თვალში? ყოველთვის ისე იცხოვრებ, როგორც ბიბლია გასწავლის და როგორც მშობლები გარიგებენ? თუ დიახ, იეჰოვასაც გაახარებ და შენს მშობლებსაც.

^ აბზ. 3 თუ ამ სტატიას ბავშვთან ერთად კითხულობთ, ტილდასთან პაუზა გააკეთეთ და აღძარით ბავშვი, თავისი აზრი გამოთქვას.