წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი აგვისტო 2008

როგორ გამოვნახოთ საერთო ენა მოზარდებთან?

როგორ გამოვნახოთ საერთო ენა მოზარდებთან?

 რჩევები ოჯახებისთვის

როგორ გამოვნახოთ საერთო ენა მოზარდებთან?

„ჩვენი ბიჭი 16 წლისაა. ადრე მე და ჩემს ქმარს მასთან ურთიერთობა გვიადვილდებოდა. ახლა არც კი ვიცით, რას ფიქრობს, რადგან თავის ოთახში იკეტება და თითქმის არ გველაპარაკება“ (მირიამი, მექსიკა).

„ერთ დროს ჩემი შვილები დიდი გულისყურით მისმენდნენ და თითოეულ ჩემს სიტყვას ღრუბელივით ისრუტავდნენ. ახლა ისინი წამოიზარდნენ და ფიქრობენ, რომ მათი არ მესმის“ (სკოტი, ავსტრალია).

თუ თქვენც მოზარდი შვილი გყავთ, შესაძლოა მსგავსად გრძნობდეთ თავს. წარსულში თქვენ შეიძლება არ გიჭირდათ აზრების გაცვლა-გამოცვლა. თქვენი ასეთი ურთიერთობა შეიძლება ორმხრივ მოძრაობას ჰგავდა, სადაც ავტომანქანები თავისუფლად გადაადგილდებიან. ახლა კი გზაზე თითქოს დაბრკოლება იქმნება. „როდესაც ჩემი შვილი პატარა იყო, იმდენ კითხვას მისვამდა, რომ მოსვენებას არ მაძლევდა, — ამბობს იტალიაში მცხოვრები ანჟელა. — ახლა კი მხოლოდ მე ვიწყებ საუბარს. ლაპარაკი რომ არ წამოვიწყო, დღე შეიძლება ისე გავიდეს, რომ ერთმანეთს წესიერად არც კი დაველაპარაკოთ“.

ანჟელას მსგავსად შეიძლება ამჩნევთ, რომ თქვენი ბავშვი, რომელიც ერთ დროს საკმაოდ კომუნიკაბელური იყო, ახლა საკუთარ თავში იკეტება. ყოველთვის, როცა მასთან საუბრის წამოწყებას ცდილობთ, ის შეიძლება მოკლედ და ცივად გპასუხობთ. „როგორ ჩაირა დღემ?“ — ეკითხებით თქვენს ბიჭს. „კარგად“, — მშრალად გპასუხობთ ის. „რა ხდებოდა დღეს სკოლაში?“ — ეკითხებით ქალიშვილს. „არაფერი“, — გპასუხობთ ის და მხრებს იჩეჩავს. თქვენ ცდილობთ საუბრის გაგრძელებას და ეკითხებით: „შვილო, მეტს არაფერს მეტყვი?“, ის კი საერთოდ აღარ იღებს ხმას.

ცხადია, ყველა მოზარდი არ გაურბის მშობლებთან ლაპარაკს. მაგრამ ის, რასაც ისინი ამბობენ, მშობლებისთვის სულაც არ არის სასიამოვნო მოსასმენი. «„თავი დამანებე“, ხშირად ასე მპასუხობდა ჩემი გოგონა, როცა რამის გაკეთებას ვთხოვდი» — იხსენებს ნიგერიელი ედნა. მექსიკელი რამონიც მსგავს რამეს ამბობს თავის 16 წლის ვაჟზე. „ჩვენ თითქმის ყოველდღე ვკამათობთ, — ამბობს ის. — საკმარისია, რაღაცის გაკეთება ვთხოვო, რომ ის მიზეზებს ეძებს, თავი დაიძვრინოს“.

როდესაც მშობელი ცდილობს, შვილთან საუბარი წამოიწყოს, მაგრამ მისი მხრიდან გულგრილობას აწყდება, ამან შეიძლება გააღიზიანოს მშობელი. ბიბლიაში ნათქვამია, რომ „გულახდილი საუბრის გარეშე გეგმები ჩაიშლება“ (იგავები 15:22). „როცა არ ვიცი, რაზე ფიქრობს ჩემი შვილი, ისე ვღიზიანდები, რომ ლამის ვიყვირო“, — აღიარებს ანა, რუსეთში მცხოვრები მარტოხელა დედა. რატომ ხდება ისე, რომ ზუსტად მაშინ, როცა ასე აუცილებელია ურთიერთობა, ახალგაზრდები და მათი მშობლები ვერ პოულობენ საერთო ენას?

რატომ იქმნება დაბრკოლება?

ურთიერთობა საუბარზე მეტია. იესომ თქვა, რომ „გულში მოჭარბებულს პირი ლაპარაკობს“ (ლუკა 6:45). ამრიგად, გულახდილი ურთიერთობის წყალობით ჩვენ სხვებისგანაც ბევრს ვსწავლობთ და ისინიც ჩვენზე ბევრ რამეს იგებენ. მოზარდებს შეიძლება უჭირდეთ ვინმესთვის გულის გადაშლა. ამის მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ გარდატეხის ასაკში ყველაზე გულღია ბავშვიც კი მოულოდნელად შეიძლება მორიდებული გახდეს. სპეციალისტები ამბობენ, რომ მოზარდები, როგორც წესი, თავს ისე გრძნობენ, თითქოს   შუაგულ სცენაზე დგანან და ყველა მათ მისჩერებია. ამ დროს მორიდებული მოზარდები, ასე ვთქვათ, ფარდას უშვებენ და თავიანთ სამყაროში იკეტებიან, ისე რომ მშობლებსაც კი უჭირთ „ფარდის“ იქით შეღწევა.

კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ურთიერთობის „გზაზე“ დაბრკოლებას ქმნის, არის ის, რომ მოზარდები დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვიან და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ბავშვი იზრდება და ადრე თუ გვიან ის სახლს დატოვებს და დამოუკიდებელ ცხოვრებას დაიწყებს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოზარდი უკვე მზად არის ამ ნაბიჯის გადასადგმელად. მრავალი მიზეზის გამო დღეს თქვენს შვილს ისე სჭირდებით, როგორც არასდროს. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ მანამ, სანამ მოზარდი სრულწლოვანი გახდება, მას წლებით ადრე უვითარდება სავსებით ბუნებრივი სურვილი იმისა, რომ დამოუკიდებელი პიროვნება იყოს. ამ გარდამტეხ წლებში, სანამ მოზარდი საბოლოოდ ჩამოყალიბდება, მრავალი ამჯობინებს, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები, ვიდრე ვინმეს მიმართოს რჩევებისთვის.

თუმცა, ისიც მართალია, რომ თანატოლებთან მოზარდები შეიძლება ჩაკეტილები არ იყვნენ. ამ აზრს იზიარებს მექსიკაში მცხოვრები ჯესიკა. „ადრე ჩემი გოგონა ყოველთვის მოდიოდა ჩემთან და თავის პრობლემებზე მელაპარაკებოდა, — ამბობს ის. — მაგრამ ახლა ის თავის მეგობრებს უშლის გულს, ჩემთან კი არაფერს ამბობს“. თუ თქვენი შვილიც ასე იქცევა, ნუ დაასკვნით, რომ მას თქვენი, როგორც მშობლის, აზრი აღარ აინტერესებს. პირიქით, როგორც გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, მოზარდები მშობლების აზრს უფრო მეტად აფასებენ, ვიდრე მეგობრებისას, თუმცა ისინი ამას შეიძლება ხმამაღლა არ ამბობენ. მაშ, როგორ შეგიძლიათ მოზარდებთან საერთო ენის გამონახვა?

ბარიერების გადალახვა წარმატების საწინდარია

წარმოიდგინეთ, რომ ავტომანქანით სწორ, გრძელ მაგისტრალზე მიდიხართ. მრავალი კილომეტრის მანძილზე საჭეს მხოლოდ შიგადაშიგ ატრიალებთ. მოულოდნელად წინ მკვეთრი მოსახვევი გხვდებათ. გზიდან რომ არ გადახვიდეთ, აუცილებელია, საჭე გზის მიმართულების შესაბამისად დაატრიალოთ. მსგავსი რამის თქმა შეიძლება იმ პერიოდზეც, როცა თქვენი შვილი გარდატეხის ასაკში შედის. წლების განმავლობაში თქვენ, როგორც მშობელი, შვილის აღზრდის მეთოდებს შიგადაშიგ ცვლიდით. მაგრამ ახლა, როდესაც თქვენი შვილი „მკვეთრ მოსახვევში შედის“, თქვენ „საჭე გზის შესაბამისად უნდა დაატრიალოთ“, ანუ თქვენი აღმზრდელობითი მეთოდები საჭიროებისამებრ უნდა შეცვალოთ. საკუთარ თავს დაუსვით შემდეგი კითხვები:

„ვარ მზად შვილის მოსასმენად, როდესაც მას ჩემთვის გულის გადაშლა უნდა?“ ბიბლიაში ნათქვამია: „დროულად ნათქვამი სიტყვა ჰგავს ოქროს ვაშლებს ნაჭედ ვერცხლზე“ (იგავები 25:11). როგორც ამ მუხლიდან კარგად ჩანს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი დროულად გაკეთდეს. ილუსტრაციისთვის: მიწათმოქმედმა მოსავალი არც დროზე ადრე უნდა აიღოს და არც უნდა დააგვიანოს ამის გაკეთება. მან ზუსტად თავის დროზე უნდა აიღოს მოსავალი. თქვენი მოზარდი შვილი შეიძლება ზოგჯერ უფრო მეტად იყოს განწყობილი სალაპარაკოდ, ვიდრე სხვა დროს. ხელიდან ნუ გაუშვებთ მასთან საუბრის შესაძლებლობას. „ხშირად ჩემი გოგონა ღამით შემოდიოდა ჩემს საწოლ ოთახში და ზოგჯერ ერთი საათი მელაპარაკებოდა ხოლმე, — ამბობს ფრანსისი, ავსტრალიაში მცხოვრები მარტოხელა დედა. — მართალია, ჩემთვის ადვილი არ იყო ღამის გატეხვა, მაგრამ იმის გამო, რომ ის სწორედ ამ დროს არჩევდა სალაპარაკოდ, მეც მზად ვიყავი მის მოსასმენად“.

ეცადეთ, ასე მოიქცეთ: თუ ატყობთ, რომ თქვენი შვილი თქვენთან ლაპარაკს ერიდება, სცადეთ, რაიმე გააკეთოთ ერთად — მაგალითად, გაისეირნეთ ფეხით ან მანქანით, ერთად ითამაშეთ ან რაიმე საოჯახო საქმით დაკავდით. ხშირად ასეთი თავისუფალი გარემო ხელს უწყობს მოზარდებს, რომ უფრო გაიხსნან.

„სწორად მესმის სინამდვილეში, რისი თქმა უნდა?“ იობის 12:11-ში ვკითხულობთ: „განა ყური ვერ არჩევს სიტყვებს, და სასა — საჭმლის გემოს?!“ ახლა, ისე როგორც არასდროს, თქვენ უნდა შეგეძლოთ იმის „გარჩევა“, თუ რას ამბობს თქვენი შვილი. მოზარდებს ხშირად გაზვიადებული ლაპარაკი ახასიათებთ. მაგალითად, თქვენი შვილი შეიძლება ამბობს: „შენ ყოველთვის ბავშვივით მექცევი!“ ან „შენ არასოდეს არ მისმენ!“ მაინცდამაინც ყურადღებას ნუ გაამახვილებთ მის სიტყვებზე „ყოველთვის“ და „არასოდეს“, რადგან თქვენს შვილს ამ სიტყვებით შესაძლოა სულ სხვა რამის თქმა უნდა. მაგალითად, როდესაც ის ამბობს „შენ ყოველთვის ბავშვივით მექცევი!“, სინამდვილეში მას შეიძლება სურს გითხრათ: „ვგრძნობ, რომ არ მენდობი“; ან როცა ამბობს „შენ არასოდეს არ მისმენ!“, ამ სიტყვებით შეიძლება შემდეგი რამის თქმა უნდოდეს: „მინდა გითხრა, სინამდვილეში რას ვგრძნობ“.  შეეცადეთ გაიგოთ, რისი თქმა უნდა თქვენს შვილს სინამდვილეში.

ეცადეთ, ასე მოიქცეთ: თუ თქვენი შვილი უხეშად გელაპარაკებათ, შეგეძლოთ ასეთი რამ გეთქვათ: „ვხედავ, რომ განაწყენებული ხარ. მითხარი, რისი თქმაც გინდა. რატომ ფიქრობ, რომ ბავშვივით გექცევი?“ შემდეგ მოუსმინეთ შვილს ისე, რომ ლაპარაკი არ შეაწყვეტინოთ.

„ხომ არ ვაძალებ შვილს, რომ დამელაპარაკოს, და ამით ჩემდა უნებურად ხელს ხომ არ ვუშლი, რომ ჩემთან თავისუფლად იგრძნოს თავი?“

ბიბლიაში ნათქვამია: „სიმართლის ნაყოფი მშვიდობიან პირობებში ითესება მშვიდობისმყოფელთათვის“ (იაკობი 3:18). სიტყვითა და მოქმედებით „მშვიდობიანი პირობები“ შექმენით, რათა თქვენს შვილს უფრო გაუადვილდეს თქვენთან ურთიერთობა. გახსოვდეთ, თქვენ, როგორც მშობელი, თქვენი შვილის დამცველი უნდა იყოთ და არა ბრალმდებელი. ამიტომ, როდესაც რაიმე საკითხზე მსჯელობთ მასთან, შეეცადეთ, არ ელაპარაკოთ ბრალმდებლის მსგავსად, რომელსაც ეჭვი შეაქვს სასამართლოზე მოწვეული მოწმის სიტყვებში. კორეაში მცხოვრები სამი შვილის მამა, სახელად ონი ამბობს: «გონიერი მშობელი არასოდეს ეტყვის შვილს ასეთ რამეს: „ჭკუა როდის უნდა მოგემატოს?!“ ან „რამდენჯერ უნდა გითხრა ერთი და იგივე?!“ საკუთარმა შეცდომებმა დამანახვა, რომ ჩემი ბიჭები ღიზიანდებოდნენ არა მხოლოდ იმაზე, თუ როგორ ველაპარაკებოდი მათ, არამედ იმაზეც, თუ რას ვეუბნებოდი».

ეცადეთ, ასე მოიქცეთ: თუ თქვენი შვილი კითხვებზე პასუხს არ გცემთ, შეეცადეთ, მას სხვანაირად მიუდგეთ. მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ თქვენს გოგონას ჰკითხოთ, თუ როგორ ჩაიარა დღემ, უთხარით, თქვენ როგორი დღე გქონდათ, და დააკვირდით, რა რეაგირებას მოახდენს. ან თუ გინდათ გაიგოთ, რას ფიქრობს თქვენი შვილი ამა თუ იმ საკითხზე, კითხვები ისე დაუსვით, რომ მან ყურადღება სულ სხვა ვინმეზე გადაიტანოს, მაგრამ ამ დროს საკუთარი აზრები გამოთქვას. მაგალითად, ჰკითხეთ, რას ფიქრობს მისი მეგობარი იმ საკითხზე, რაზეც მსჯელობთ. შემდეგ კი შეეკითხეთ, რას ურჩევდა მას.

მოზარდებთან საერთო ენის გამონახვა შეუძლებელი არ არის. ის მეთოდები, რომლებსაც მათთან ურთიერთობისას იყენებთ, საჭიროებისამებრ შეცვალეთ. რჩევებისთვის მიმართეთ იმ მშობლებს, რომლებსაც კარგად გამოსდით მოზარდ შვილებთან ურთიერთობა (იგავები 11:14). შვილთან ურთიერთობისას იყავით „სწრაფი მოსმენაში და ნელი — სიტყვასა და რისხვაში“ (იაკობი 1:19). რაც მთავარია, არასოდეს ჩაიქნიოთ ხელი იმაზე, რომ შვილები ‘იეჰოვას მოსაწონად აღზარდოთ და დაარიგოთ’ (ეფესოელები 6:4).

ჰკითხეთ საკუთარ თავს:

▪ რა ცვლილებებს ვამჩნევ ჩემს შვილს მას შემდეგ, რაც ის წამოიზარდა?

▪ რისი გაკეთება შემიძლია პირადად მე, რომ შვილთან ურთიერთობა გავიუმჯობესო?

[ჩარჩო 12 გვერდზე]

რას ამბობს ზოგი მშობელი

„ჩემი შვილი უფრო გახსნილია მაშინ, როცა სხვებთან ერთად ვართ. ამიტომ, მოგვიანებით, როცა მარტო ვრჩებით, მე ვაგრძელებ მასთან საუბარს იმ თემებზე, რაზეც მანამდე სხვებთან ერთად ვსაუბრობდით“ (ანჟელა, იტალია).

„როგორც დავინახეთ, ჩვენი შვილები მაშინ უფრო განეწყობიან ხოლმე სასაუბროდ, როცა ჯერ ვაქებთ მათ და ვეუბნებით, როგორ გვიყვარს ისინი“ (დონიცეტი, ბრაზილია).

„ხშირად ველაპარაკები მათ, ვისაც მშობლები ბიბლიური ნორმების თანახმად ზრდიდნენ, და ვეკითხები, რას გრძნობდნენ მაშინ, როცა მოზარდები იყვნენ, და როგორ ეხმარებოდნენ მათ მშობლები. მათგან ბევრ რამეს ვსწავლობ“ (დონი, ბრიტანეთი).