წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი თებერვალი 2008

რატომ უნდა ვილოცოთ იესოს სახელით?

რატომ უნდა ვილოცოთ იესოს სახელით?

 რატომ უნდა ვილოცოთ იესოს სახელით?

იესო თავის მიმდევრებს ხშირად ასწავლიდა, თუ როგორ ელოცათ. მის დროს იუდეველი რელიგიური წინამძღოლები „მთავარი ქუჩების კუთხეებში“ ლოცულობდნენ. რატომ? „სხვების დასანახავად“. მათ აშკარად სურდათ, რომ ხალხი აღტაცებული ყოფილიყო მათი ღვთისმოსაობით. ბევრი მათგანი წარმოთქვამდა გრძელ ლოცვებს და ლოცვის დროს ხშირად ერთსა და იმავე ფრაზებს იმეორებდა, თითქოს „მრავალსიტყვაობა“ იყო საჭირო იმისთვის, რომ ღმერთს მათი ლოცვები შეესმინა (მათე 6:5—8). იესომ თქვა, რომ ასეთი ლოცვები უსარგებლო იყო, რითაც გულწრფელ ადამიანებს უჩვენა, რას მორიდებოდნენ ლოცვის დროს. მაგრამ იესოს თავისი მიმდევრებისთვის მხოლოდ ის არ უსწავლებია, თუ რა სახით არ უნდა ელოცათ.

იესოს სწავლების თანახმად ჩვენს ლოცვებში უნდა ჩანდეს, რომ გვსურს ღვთის სახელი განიწმინდოს, მისი სამეფო მოვიდეს და მისი ნება შესრულდეს. იესომ ისიც გვასწავლა, რომ სავსებით ნორმალურია, ღმერთს დახმარება ვთხოვოთ პირადი საკითხების მოგვარებაში (მათე 6:9—13; ლუკა 11:2—4). მაგალითის მოყვანით იესომ გვიჩვენა, რომ საჭიროა დაჟინებით ვილოცოთ და ლოცვისას რწმენა და თავმდაბლობა გამოვავლინოთ, რათა ღმერთმა მოგვისმინოს (ლუკა 11:5—13; 18:1—14). საკუთარი მაგალითით იესომ ძალა შემატა თავის სიტყვებს (მათე 14:23; მარკოზი 1:35).

ეს დასწავლება, უეჭველად, დაეხმარა იესოს მოწაფეებს, რომ გაეუმჯობესებინათ თავიანთი ლოცვები. თუმცა, თავისი სიკვდილის წინა ღამეს იესომ მოწაფეებს ლოცვასთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ასწავლა.

 „გარდამტეხი მომენტი ლოცვის ისტორიაში“

იესომ სიკვდილის წინა ღამეს თითქმის მთელი დრო თავისი ერთგული მოციქულების გამხნევებას დაუთმო. ეს მართლაც შესაფერისი დრო იყო იმისთვის, რომ მათთვის რაღაც ახალი გაემჟღავნებინა. „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე, — თქვა იესომ. — მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა“. მოგვიანებით მან გამამხნევებელი დაპირება მისცა მოციქულებს: „რაც არ უნდა ითხოვოთ ჩემი სახელით, გავაკეთებ, რათა განდიდდეს მამაჩემი ძის მეშვეობით. თუკი რამეს ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ“. მათთან საუბრის ბოლოს იესომ დასძინა: „აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით. ითხოვეთ და მიიღებთ, რათა სრული იყოს თქვენი სიხარული“ (იოანე 14:6, 13, 14; 16:24).

ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები იყო. ერთ ნაშრომში ნათქვამია, რომ ეს იყო „გარდამტეხი მომენტი ლოცვის ისტორიაში“. ზემოხსენებული სიტყვების თქმით იესოს არ უგულისხმია, რომ ლოცვით ღვთის ნაცვლად მისთვის მიემართათ. მან უჩვენა მოწაფეებს ის, თუ იმ დროიდან მოყოლებული როგორ უნდა მიემართათ ლოცვით იეჰოვა ღმერთისთვის.

უნდა აღინიშნოს, რომ ღმერთი ყოველთვის ისმენდა თავისი ერთგული მსახურების ლოცვებს (1 სამუელი 1:9—19; ფსალმუნი 65:2). მაგრამ, მას შემდეგ, რაც ღმერთმა ისრაელ ერთან შეთანხმება დადო, მათ, ვისაც სურდა, რომ მათი ლოცვები ღმერთს შეესმინა, უნდა ეღიარებინათ, რომ ისრაელი ღმერთის რჩეული ერი იყო. ხოლო მოგვიანებით, სოლომონის დროიდან, მათ უნდა გაეცნობიერებინათ, რომ ტაძარი იყო ღვთის მიერ არჩეული ადგილი, სადაც მსხვერპლი უნდა შეწირულიყო (კანონი 9:29; 2 მატიანე 6:32, 33). თუმცა აღსანიშნავია, რომ თაყვანისმცემლობის ასეთი ფორმა დროებითი იყო. როგორც პავლე მოციქულმა დაწერა, ისრაელისთვის მიცემული კანონი და მსხვერპლი, რომელიც ტაძარში იწირებოდა, ‘მომავალ კურთხევათა ჩრდილი იყო და არა თვით ეს კურთხევა’ (ებრაელები 10:1, 2). ‘ჩრდილი სინამდვილეს’ უნდა შეეცვალა (კოლოსელები 2:17). ახ. წ. 33 წლიდან მოყოლებული იეჰოვასთან ახლო ურთიერთობისთვის აღარ არის საჭირო მოსეს კანონის მორჩილება. ამისთვის საჭიროა მისდამი მორჩილება, ვისზეც მოსეს კანონი მიუთითებდა — ქრისტე იესოსადმი (იოანე 15:14—16; გალატელები 3:24, 25).

„ყველა სახელზე აღმატებული სახელი“

იესომ იეჰოვასთან დასაახლოებლად ადამიანებს აღმატებული გზა უჩვენა. მან საკუთარ თავზე მიუთითა, რომ ის არის ჩვენი ძლევამოსილი მეგობარი, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, მისი მეშვეობით ღმერთმა ჩვენი ლოცვები შეისმინოს. როგორ გახდა შესაძლებელი, რომ ასეთი სახით იესოს შეუძლია ჩვენ სასარგებლოდ იმოქმედოს?

ვინაიდან ჩვენ ყველა ცოდვილები ვიბადებით, რაც არ უნდა გავაკეთოთ და რა შესაწირავიც არ უნდა გავიღოთ ღვთისთვის, ეს ჩვენ ვერ გაგვწმენდს და   ვერ გვაქცევს მართლებად, რომ ურთიერთობა გვქონდეს ჩვენს წმინდა ღმერთთან, იეჰოვასთან (რომაელები 3:20, 24; ებრაელები 1:3, 4). მაგრამ იესომ ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად და ღმერთთან ჩვენს შესარიგებლად თავისი სრულყოფილი ადამიანური სიცოცხლე მსხვერპლად გაიღო (რომაელები 5:12, 18, 19). ახლა ყველას, ვისაც სურს, რომ ღმერთმა ცოდვები აპატიოს, შესაძლებლობა აქვს სუფთად წარდგეს იეჰოვას წინაშე და ‘სიტყვაში სითამამით’ მიმართოს ღმერთს — მაგრამ ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ რწმენას გამოავლენს იესოს გაღებული მსხვერპლისადმი და მისი სახელით ილოცებს (ეფესოელები 3:11, 12).

როდესაც იესოს სახელით ვლოცულობთ, ჩვენ რწმენას ვავლენთ მისდამი და ვაღიარებთ, რომ მას სულ მცირე სამი როლი აკისრია ღვთის განზრახვის შესრულებაში: 1) ის არის „ღვთის კრავი“, რომლის მსხვერპლის საფუძველზე ცოდვები გვეპატიება; 2) იეჰოვამ ის მკვდრეთით აღადგინა და ახლა „მღვდელმთავრად“ მსახურობს, რომ სარგებლობა მივიღოთ მის მიერ გაღებული გამოსასყიდიდან; 3) მხოლოდ ის არის „გზა“, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია, რომ იეჰოვას ლოცვით მივმართოთ (იოანე 1:29; 14:6; ებრაელები 4:14, 15).

როცა იესოს სახელით ვლოცულობთ, ამით პატივს მივაგებთ მას. ასეთი პატივის მიგება სათანადოა, რადგან იეჰოვას ნებაა, რომ „იესოს სახელით მუხლი მოიდრიკოს ყველამ . . . და ყოველმა ენამ საჯაროდ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი ღვთის, მამის სადიდებლად“ (ფილიპელები 2:10, 11). მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იესოს სახელით ლოცვა განადიდებს იეჰოვას, რომელმაც საკუთარი ძე გასწირა ჩვენთვის (იოანე 3:16).

იმისათვის, რომ ჩავწვდეთ, თუ რა მნიშვნელოვანი როლი აკისრია იესოს, ბიბლიაში ის სხვადასხვა ტიტულით და სახელით მოიხსენიება. ეს გვეხმარება დავინახოთ, თუ რამდენი რამ გააკეთა იესომ ჩვენთვის, რამდენ რამეს აკეთებს ახლა და რამდენ რამეს გააკეთებს მომავალში (იხილეთ მე-14 გვერდზე მოცემული ჩარჩო „იესოს მნიშვნელოვანი როლი“). მართლაც, ღმერთმა იესოს „ყველა სახელზე აღმატებული სახელი“ * მიანიჭა. მთელი ძალაუფლება ზეცაში თუ დედამიწაზე იესოს აქვს მიცემული (ფილიპელები 2:9; მათე 28:18).

ჩვევაზე გაცილებით მეტი

დიახ, ჩვენ იესოს სახელით უნდა წარმოვთქვათ ლოცვები, თუ გვსურს, რომ ისინი იეჰოვამ შეისმინოს  (იოანე 14:13, 14). მაგრამ, ჩვენ არ გვინდა, რომ ფრაზა „იესოს სახელით“ ავტომატურად ვიმეოროთ და ეს უბრალოდ ჩვევად გვექცეს. რატომ?

მოვიყვანოთ მაგალითი. როდესაც ბიზნესმენისგან წერილს იღებთ, ბოლოში შეიძლება მას მიწერილი ჰქონდეს სიტყვა „პატივისცემით“. როგორ ფიქრობთ, ამ სიტყვით ბიზნესმენი თავის გულწრფელ გრძნობებს გამოხატავს, თუ ის უბრალოდ საქმიანი წერილებისთვის დამახასიათებელ ფორმალურ მხარეს იცავს? როდესაც ლოცვისას იეჰოვას იესოს სახელით მივმართავთ, ეს გააზრებულად უნდა გავაკეთოთ და არა იმ ფორმალური ფრაზის მსგავსად, რომელიც საქმიანი წერილების ბოლოსაა მიწერილი. ჩვენ ‘განუწყვეტლივ უნდა ვილოცოთ’ და ეს „მთელი გულით“ უნდა ვაკეთოთ და არა მექანიკურად (1 თესალონიკელები 5:17; ფსალმუნი 119:145).

როგორ უნდა მოიქცეთ, რომ ფრაზა „იესოს სახელით“ მექანიკურად არ იმეოროთ? კარგი იქნება, თუ იფიქრებთ იესოს განსაკუთრებულ თვისებებზე. დაფიქრდით, რა გააკეთა მან უკვე თქვენთვის და რის გაკეთება სურს მომავალში. ლოცვაში მადლობა გადაუხადეთ იეჰოვას და განადიდეთ ის იმისთვის, რომ თავისი ძის მეშვეობით მასთან დაახლოების შესაძლებლობა მოგცათ. თუ ასე მოიქცევით, თქვენ უფრო დარწმუნდებით იესოს შემდეგი დანაპირების უტყუარობაში: „რასაც კი სთხოვთ მამას ჩემი სახელით, ის მოგცემთ“ (იოანე 16:23).

[სქოლიო]

^ აბზ. 14 ვაინის „ახალი აღთქმის სიტყვების განმარტებითი ლექსიკონის“ თანახმად, ბერძნული სიტყვა, რომელიც ნათარგმნია, როგორც „სახელი“, შეიძლება ეხებოდეს „ყველაფერს, რასაც სახელი მოიცავს: ძალაუფლებას, რეპუტაციას, წოდებას, სიდიადეს, სიძლიერესა [და] ღირსებას“.

[ჩანართი 13 გვერდზე]

ჩვენ „მთელი გულით“ უნდა ვილოცოთ და არა მექანიკურად

[ჩარჩო⁄სურათი 14 გვერდზე]

რა როლი აკისრია იესოს?

უკეთესად რომ ჩავწვდეთ, თუ რა როლი აკისრია იესოს, ვნახოთ, რა ტიტულებით და სახელებითაა ის მოხსენიებული ბიბლიაში.

ამინი (2 კორინთელები 1:19, 20; გამოცხადება 3:14).

ემანუელი (მათე 1:23).

ერთგული მოწმე (გამოცხადება 1:5).

კარგი მწყემსი (იოანე 10:11).

კაცის ძე (მათე 8:20).

კრების თავი (ეფესოელები 5:23).

მარადიული მამა (ესაია 9:6).

მეფე (გამოცხადება 11:15).

მიქაელ მთავარანგელოზი (1 თესალონიკელები 4:16; იუდა 9).

მოსამართლე (საქმეები 10:42).

მოციქული (ებრაელები 3:1).

მოძღვარი (იოანე 13:13).

მღვდელმთავარი (ებრაელები 4:14, 15).

მშვიდობის მთავარი (ესაია 9:6).

მხსნელი (ლუკა 2:11).

საოცარი მრჩეველი (ესაია 9:6).

სიტყვა (იოანე 1:1).

სიცოცხლის მეთაური (საქმეები 3:15).

უკანასკნელი ადამი (1 კორინთელები 15:45).

უფალი (იოანე 13:13).

ქრისტე/მესია (მათე 16:16; იოანე 1:41).

ღვთის კრავი (იოანე 1:29).

ღვთის ძე (იოანე 1:34).

შუამავალი (1 ტიმოთე 2:5).

ძლიერი ღმერთი (ესაია 9:6).

წინამძღოლი (მათე 23:10).