წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი თებერვალი 2008

 ასწავლეთ შვილებს

მარკოზს არ შეუწყვეტია ქრისტიანული მსახურება

მარკოზს არ შეუწყვეტია ქრისტიანული მსახურება

ბიბლიის იმ ოთხი წიგნიდან, რომლებიც იესოს ცხოვრებას ეძღვნება, ერთი მარკოზმა დაწერა. ეს არის ყველაზე მოკლე და ადვილად წასაკითხი წიგნი. ვინ იყო მარკოზი? როგორ ფიქრობ, იცნობდა ის იესოს?~ * მოდი ვნახოთ, რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდა მარკოზი და გავიგოთ, რატომ არ შეუწყვეტია მას ქრისტიანული მსახურება.

მარკოზი ბიბლიაში პირველად მაშინ მოიხსენიება, როცა მეფე ჰეროდე აგრიპამ პეტრე მოციქული საპყრობილეში ჩასვა. ერთ ღამეს ანგელოზმა გაათავისუფლა პეტრე და ის მაშინვე წავიდა მარკოზის დედის, მარიამის, სახლში, რომელიც იერუსალიმში ცხოვრობდა. პეტრეს გათავისუფლება მოხდა იესოს სიკვდილიდან, ახ. წ. 33 წლის პასექის დღესასწაულიდან, დაახლოებით ათი წლის შემდეგ (საქმეები 12:1—5, 11—17).

იცი, რატომ წავიდა პეტრე მარიამის სახლში?~ შესაძლოა იმიტომ, რომ ის კარგად იცნობდა მისი ოჯახის წევრებს და იცოდა, რომ იესოს მოწაფეები მის სახლში ატარებდნენ შეხვედრებს. მარკოზის ბიძაშვილი ბარნაბა უკვე დიდი ხნის განმავლობაში — სულ მცირე, ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან — იყო ქრისტეს მიმდევარი. ბიბლია მოგვითხრობს, რომ მან ჯერ კიდევ იმ დროს გაიღო გულუხვი ძღვენი ახალი მოწაფეებისთვის. აქედან გამომდინარე, იესო ალბათ იცნობდა ბარნაბას, მის ბიძაშვილ მარკოზსა და მარკოზის დედას, მარიამს (საქმეები 4:36, 37; კოლოსელები 4:10).

თავის სახარებაში მარკოზი წერს, რომ იმ ღამეს, როდესაც იესო დააპატიმრეს, იქვე იყო ერთი ახალგაზრდა, რომელსაც ტანსაცმელი „შიშველ სხეულზე“ ეცვა. მარკოზი წერს, რომ იმ დროს, როცა მტრებმა იესოს ხელი წაავლეს და შეიპყრეს, ეს ახალგაზრდა გაიქცა. შენი აზრით, ვინ იყო ეს ახალგაზრდა?~ დიახ, ეს შესაძლოა, სწორედ მარკოზი იყო! ამგვარად, როდესაც იესო და მისი მოციქულები გვიან ღამით გეთსემანეს ბაღისკენ გაეშურნენ, მარკოზმა, როგორც ჩანს, სწრაფად მოიცვა ტანსაცმელი და გაჰყვა მათ (მარკოზი 14:51, 52).

ვინ შეიძლება იყოს ეს ახალგაზრდა? რა მდგომარეობაშია ის და რატომ?

მარკოზს სულიერად მოწიფულ ადამიანებთან ჰქონდა ურთიერთობა და ის მნიშვნელოვანი მოვლენების მომსწრე იყო. როგორც ჩანს, ისიც მათ შორის იმყოფებოდა, ვისზეც ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე წმინდა სული გადმოვიდა. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ღვთის ერთგულ მსახურებთან, მათ შორის პეტრესთან. ის თავის ბიძაშვილ ბარნაბასთანაც თანამშრომლობდა. ეს სწორედ ის ბარნაბა იყო, რომელმაც სავლე პეტრეს გააცნო — ეს მოხდა სამი წლის შემდეგ იმ შემთხვევიდან, როდესაც სავლემ ხილვაში იესო იხილა. რამდენიმე წლის შემდეგ ბარნაბა  ტარსოსში წავიდა სავლეს მოსაძებნად (საქმეები 9:1—15, 27; 11:22—26; 12:25; გალატელები 1:18, 19).

ახ. წ. 47 წელს ბარნაბასა და სავლეს მისიონერული მსახურება დაევალათ. მათ თან წაიყვანეს მარკოზი, მაგრამ ჩვენთვის უცნობი მიზეზის გამო მარკოზმა მიატოვა ისინი და სახლში, იერუსალიმში დაბრუნდა. ამის გამო სავლე, რომელიც მოგვიანებით ცნობილი გახდა თავისი რომაული სახელით, პავლეთი, ძალიან გაბრაზდა და მარკოზს ეს საქციელი სერიოზულ შეცდომად ჩაუთვალა (საქმეები 13:1—3, 9, 13).

მისიონერული მოგზაურობიდან დაბრუნებულმა პავლემ და ბარნაბამ ძმებს თავიანთი წარმატებების შესახებ უამბეს (საქმეები 14:24—28). რამდენიმე თვის შემდეგ მათ გადაწყვიტეს, რომ კვლავ გამგზავრებულიყვნენ და მოენახულებინათ ის ახალმოქცეული მოწაფეები, რომლებსაც უქადაგეს. ბარნაბას სურდა, რომ თან წაეყვანა მარკოზი, მაგრამ იცი, რას ფიქრობდა ამაზე პავლე?~ ის „შეუფერებლად მიიჩნევდა მის წაყვანას“ იმის გამო, რომ ადრე მარკოზმა მიატოვა ისინი და სახლში დაბრუნდა. ის, რაც ამის შემდეგ მოხდა, უდავოდ, ძალიან დაამწუხრებდა მარკოზს!

პავლე და ბარნაბა „გაცეცხლდნენ და ერთმანეთს დასცილდნენ“. ბარნაბამ მარკოზი წაიყვანა კვიპროსში საქადაგებლად, ხოლო პავლემ სილა აირჩია და, როგორც გეგმავდა, ახალი მოწაფეების მოსანახულებლად წავიდა. როგორ ეტკინებოდა გული მარკოზს იმის გამო, რომ პავლესა და ბარნაბას უთანხმოების მიზეზი გახდა! (საქმეები 15:36—41).

ჩვენ არ ვიცით, თუ რატომ მოუწია ადრე მარკოზს სახლში დაბრუნება. ალბათ თავად ფიქრობდა, რომ საამისოდ საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდა. როგორც უნდა ყოფილიყო,  ბარნაბა, როგორც ჩანს, დარწმუნებული იყო, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდებოდა, და ის მართალიც აღმოჩნდა. მარკოზს არ შეუწყვეტია მსახურება! მოგვიანებით ის მისიონერულ მსახურებას ეწეოდა პეტრესთან ერთად შორეულ ბაბილონში. პეტრემ იქიდან თანამორწმუნეებს მოკითხვა შეუთვალა და დასძინა: ‘მოკითხვას გითვლით ჩემი შვილი მარკოზი’ (1 პეტრე 5:13).

პეტრესა და მარკოზს, რომლებიც მხარდამხარ ემსახურებოდნენ ღმერთს, მართლაც რომ ახლო ურთიერთობა ჰქონდათ! ეს მარკოზის სახარებიდანაც კარგად ჩანს. ამ სახარებაში მარკოზი აღწერს იმას, რისი თვითმხილველიც იყო პეტრე. მაგალითისთვის ავიღოთ გალილეის ზღვაზე ამოვარდნილი ქარიშხლის შემთხვევა. მარკოზი დამატებით დეტალებს გვაწვდის იმის შესახებ, თუ სად ეძინა იესოს ნავზე და რაზე ედო თავი, რაც შეუმჩნეველი არ დარჩებოდა პეტრეს, რომელიც მეთევზე იყო. მოდი წავიკითხოთ მათეს 8:24; მარკოზის 4:37, 38 და ლუკას 8:23 და სამივე მონათხრობი ერთმანეთს შევადაროთ.

მოგვიანებით, როცა პავლე რომში იყო დაპატიმრებული, მან დადებითად მოიხსენია მარკოზი მისი ერთგული მხარდაჭერისთვის (კოლოსელები 4:10, 11). გარდა ამისა, როდესაც პავლე კიდევ ერთხელ დააპატიმრეს რომში, მან მისწერა ტიმოთეს, რომ თან წამოეყვანა მარკოზი, რადგან ის ‘მსახურებაში დასჭირდებოდა’ (2 ტიმოთე 4:11). მარკოზს მართლაც რომ დიდი პატივი ხვდა წილად ცხოვრებაში, რადგან არ შეუწყვეტია მსახურება!

რა კურთხევები მოიმკა მარკოზმა იმის გამო, რომ არ შეწყვიტა მსახურება?

^ აბზ. 3 თუ ამ სტატიას ბავშვთან ერთად კითხულობთ, ტილდასთან პაუზა გააკეთეთ და აღძარით ბავშვი, თავისი აზრი გამოთქვას.