წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) დეკემბერი 2015

საუკეთესოდ გამოიყენეთ ენა!

საუკეთესოდ გამოიყენეთ ენა!

„ჩემი პირიდან გამოსული სიტყვები . . . სასიამოვნო იყოს შენთვის, იეჰოვა“ (ფსალმ. 19:14).

სიმღერები: 82, 77

1, 2. რატომ არის შესაფერისი ენის ცეცხლთან შედარება?

უისკონსინის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ტყის მასივს 1871 წლის ოქტომბრის დასაწყისში ცეცხლი გაუჩნდა. ეს ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი ხანძარი იყო. როდესაც ცეცხლი არემარეს მოედო, ალმა და სიმხურვალემ 1 200-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა და დაახლოებით 2 მილიარდი ხე გადაწვა. ხანძარი შესაძლოა მატარებლის გავლის შედეგად გაჩენილ ნაპერწკალს გამოეწვია. ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ ცხადყო იაკობის 3:5-ში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტება: „პატარა ცეცხლსაც ხომ შეუძლია უზარმაზარი ტყის გადაბუგვა!“. რატომ მოიყვანა ბიბლიის დამწერმა, იაკობმა, ეს მაგალითი?

2 ამის მიზეზს მე-6 მუხლიდან ვიგებთ: „ენა ცეცხლია“. როგორც ვიცით, ენა მეტყველების საშუალებაა. ცეცხლის მსგავსად, ენასაც დიდი ზიანის მოტანა შეუძლია. ბიბლიაში ისიცაა ნათქვამი, რომ „სიკვდილ-სიცოცხლე ენის ხელშია“ (იგავ. 18:21). თუმცა იმის შიშით, რომ ცუდი არაფერი წამოგვცდეს, ლაპარაკს არ ვწყვეტთ; ისევე როგორც, მოსალოდნელი საფრთხის გამო ცეცხლის გამოყენებაზე უარს არ ვამბობთ. მთავარია, სწორად გამოვიყენოთ როგორც ენა, ისე ცეცხლი. მაგალითად, თუ ცეცხლით მართებულად ვისარგებლებთ, შეიძლება ის სადილის მოსამზადებლად, გასათბობად და სინათლის წყაროდაც გამოგვადგეს. მსგავსადვე, თუ ენას „მოვათვინიერებთ“, შევძლებთ, რომ ის ღვთის განსადიდებლად და სხვების  საკეთილდღეოდ გამოვიყენოთ (ფსალმ. 19:14).

3. რა სამ მნიშვნელოვან მხარეზე ვისაუბრებთ ამ სტატიაში?

3 ჩვენ ადამიანებთან ურთიერთობისას შეგვიძლია საკუთარი აზრები და გრძნობები მეტყველებითა და ჟესტებით გამოვხატოთ; ეს იეჰოვასგან ბოძებული უდიდესი საჩუქარია. როგორ შეგვიძლია, რომ ამ უნარის წყალობით გარშემომყოფნი კი არ დავანგრიოთ, არამედ აღვაშენოთ? (წაიკითხეთ იაკობის 3:9, 10). ამ სტატიაში ვისაუბრებთ სამ მნიშვნელოვან მხარეზე: როდის უნდა ვილაპარაკოთ, რა უნდა ვილაპარაკოთ და როგორ უნდა ვილაპარაკოთ.

როდის უნდა ვილაპარაკოთ

4. როდის არის „დუმილის დრო“?

4 მართალია, საუბარი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ვისაუბროთ. ბიბლიაში ნათქვამია, რომ არის „დუმილის დრო“ (ეკლ. 3:7). სხვების მოსმენა პატივისცემის ნიშანია (იობ. 6:24). როდესაც ენას ვაკონტროლებთ და კონფიდენციალურ საკითხებზე არ ვსაუბრობთ, ეს წინდახედულებასა და გამჭრიახობაზე მეტყველებს (იგავ. 20:19). გაღიზიანების დროს დუმილის შენარჩუნება სიბრძნის მაჩვენებელია (ფსალმ. 4:4).

5. როგორ შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ ვემადლიერებით ღმერთს, რომელმაც მეტყველების უნარი გვიბოძა?

5 მეორე მხრივ, ბიბლიაში ნათქვამია, რომ არის „ლაპარაკის დრო“ (ეკლ. 3:7). თუ მეგობარი ძვირფას საჩუქარს მოგიძღვნით, ალბათ მას თვალს არ მოაფარებთ. თქვენი მხრიდან მეგობრისადმი მადლიერებას გამოხატავთ, თუ ამ საჩუქარს სათანადოდ მოიხმართ. მსგავსადვე, იეჰოვასადმი მადლიერებას გამოვავლენთ, თუ მისგან ნაბოძებ მეტყველების უნარს ბრძნულად გამოვიყენებთ. ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ვისაუბრებთ ჩვენს გრძნობებსა და საჭიროებებზე, გავამხნევებთ სხვებს და განვადიდებთ ღმერთს (ფსალმ. 51:15). მაგრამ, როგორ უნდა განვსაზღვროთ, როდის არის „ლაპარაკის დრო“?

6. რომელი თვალსაჩინო მაგალითის საშუალებით გვიხსნის ბიბლია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საუბრისთვის დროის შერჩევა?

6 იგავების 25:11 ხაზს უსვამს იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საუბრისთვის საუკეთესო დროის შერჩევა: „დროულად ნათქვამი სიტყვა ჰგავს ოქროს ვაშლებს ნაჭედ ვერცხლზე“. ოქროს ვაშლები თავისთავად ლამაზია. და, თუ ოქროს ვაშლებს ნაჭედი ვერცხლის ლანგარზე მოვათავსებთ, ეს კიდევ უფრო გამოკვეთს მათ მშვენიერებას. ამის მსგავსად, თუ სასაუბროდ დროს საგულდაგულოდ შევარჩევთ, ჩვენი ლაპარაკი სასიამოვნოც იქნება და კარგ ნაყოფსაც გამოიღებს. მაგრამ ისმის კითხვა: როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?

7, 8. როგორ მიჰბაძეს იაპონელმა და-ძმებმა იესოს?

7 შესაძლოა ის, რის თქმასაც ვაპირებთ, ძალიან სჭირდება ჩვენს მსმენელს, მაგრამ ჩვენი ნათქვამი მიზანს ვერ მიაღწევს, თუ სასაუბროდ დროს სწორად არ შევარჩევთ (წაიკითხეთ იგავების 15:23). 2011 წლის მარტში მომხდარმა საშინელმა მიწისძვრამ და ცუნამმა იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროზე არაერთი ქალაქი მიწასთან გაასწორა. დატრიალებულმა ტრაგედიამ 15 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მართალია, სტიქიური უბედურების შედეგად სხვებთან ერთად იეჰოვას მოწმეებიც დაზარალდნენ, მაგრამ ისინი ყველანაირად ცდილობდნენ, რომ მგლოვიარენი ბიბლიური იმედით ენუგეშებინათ. თუმცა აღსანიშნავია ერთი გარემოება: ადგილობრივ მცხოვრებთაგან უმრავლესობა ბუდისტი იყო, რომელთაც თავიანთი ტრადიციები ძვალსა და რბილში ჰქონდათ გამჯდარი და ბიბლიურ სწავლებებზე მეტად მწირ ცოდნას ფლობდნენ. ამიტომ ჩვენი ძმები გამჭრიახობის წყალობით მიხვდნენ, რომ ცუნამით დაზარალებულ, დათრგუნულ ადამიანებთან მკვდრეთით აღდგომის იმედზე სასაუბროდ შესაფერისი დრო არ იყო. მათ არჩიეს, რომ ღვთისგან ბოძებული მეტყველების უნარი მოყვასის მხარდასაჭერად გამოეყენებინათ და ბიბლიიდან აეხსნათ, თუ რატომ ატყდება უბედურება უდანაშაულო ადამიანებს.

 8 იესომ შესანიშნავად იცოდა, თუ როდის იყო ლაპარაკისთვის შესაფერისი დრო (იოან. 18:33—37; 19:8—11). ერთხელ მან თავის მოწაფეებს უთხრა: „კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ამჯერად ვერ ჩასწვდებით“ (იოან. 16:12). აღმოსავლეთ იაპონიაში მცხოვრებმა იეჰოვას მოწმეებმა იესოს მიჰბაძეს. ტრაგედიიდან ორწელიწად-ნახევრის შემდეგ ისინი მსოფლიო კამპანიაში ჩაებნენ და დაიწყეს ბუკლეტის, „იქნება მკვდრეთით აღდგომა?“ („ცნობა სამეფოს შესახებ“ № 38), გავრცელება. აი, მაშინ კი მრავალ ადამიანს მოჰგვარა ნუგეში მკვდრეთით აღდგომის შესახებ ბიბლიურმა ცნობამ და ბევრმა მათგანმა სიხარულით აიღო ეს ბუკლეტი. ზემოთქმულიდან გამომდინარე, კულტურულ თუ რელიგიურ შეხედულებათა სხვადასხვაობის გამო, გვმართებს, ვიყოთ გამჭრიახნი და განვსაზღვროთ, როდისაა საუბრისთვის ყველაზე ხელსაყრელი დრო.

9. რა შემთხვევაში გამოიღებს ნაყოფს ჩვენ მიერ სწორად შერჩეული სიტყვები?

9 დიახ, არის შემთხვევები, როცა უნდა განვსაზღვროთ, ვთქვათ თუ არა საერთოდ რამე. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ ვინმე, თავისდა უნებურად, გულს გვატკენს, ჩვენი მხრიდან კარგი იქნება, თუ წინდახედულობას გამოვიჩენთ და დავფიქრდებით, ღირს თუ არა მასთან ამ საკითხზე დალაპარაკება. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ დალაპარაკებას მაინც გადავწყვეტთ, ბრძნული იქნება, თუ ამას ცხელ გულზე არ გავაკეთებთ, რათა სათქმელი უხეშად არ ვუთხრათ (წაიკითხეთ იგავების 15:28). ასეთი წინდახედულობა ნათესავებთან ჭეშმარიტებაზე საუბრის დროსაც უნდა გამოვავლინოთ. მართალია, მთელი გულით გვსურს, რომ მათ იეჰოვა გაიცნონ, მაგრამ აუცილებელია, ვიყოთ მომთმენნი და გამჭრიახნი. თუ შესაფერის სიტყვებს შესაფერის დროს ვიტყვით, ამ შემთხვევაში შესაძლოა ჩავწვდეთ ახლობელთა გულებს.

რა უნდა ვილაპარაკოთ

10. ა) რატომ უნდა შევარჩიოთ სიტყვები? ბ) როგორ საუბარს უნდა ვერიდოთ?

10 სიტყვებს სხვებისთვის ტკივილის მიყენების ძალაც შესწევს და — განკურნებისაც (წაიკითხეთ იგავების 12:18). სატანის ქვეყნიერებაში ენით ტკივილის მიყენება ჩვეულებრივი მოვლენაა. დღეს გართობის სამყარო ადამიანებს აქეზებს, რომ ენები მახვილებივით აილესონ და მწარე სიტყვები ისრებივით მომართონ (ფსალმ. 64:3). ქრისტიანები ქვეყნიერების გავლენაში არ უნდა მოექცნენ. ბიბლიაში მოხსენიებულ „მწარე სიტყვებში“ იგულისხმება სარკაზმი, სხვების დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი შენიშვნები. დღეს ადამიანები სარკაზმს იუმორს არქმევენ, მაგრამ ხშირად ასეთი „იუმორი“ შეურაცხყოფითა და გულისტკენით მთავრდება. სარკაზმი ლანძღვის ერთ-ერთი ფორმაა და მას ქრისტიანები უნდა ერიდონ. მართალია, იუმორი სანელებელივითაა, რომელიც ჩვენს საუბარს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის, მაგრამ ჩვენ უნდა ვერიდოთ სხვების გაცინების მიზნით სარკასტულ შენიშვნებს, ვინაიდან ეს გულს სტკენს და ამცირებს სხვას. ბიბლია მოგვიწოდებს: „ნუ გამოვა თქვენი პირიდან ცუდი სიტყვა, არამედ მხოლოდ კარგი გამოვიდეს აღსაშენებლად საჭიროებისამებრ, რათა ამან მადლი მიანიჭოს მსმენელებს“ (ეფეს. 4:29, 31).

11. რა კავშირია გულსა და შესაფერისი სიტყვების შერჩევას შორის?

11 იესომ თქვა, რომ „პირი გულში მოჭარბებულს ლაპარაკობს“ (მათ. 12:34). ასე რომ, შესაფერისი სიტყვების შერჩევა გულიდან იწყება. როგორც წესი, ჩვენი მეტყველებიდან ჩანს, თუ რას ვფიქრობთ სხვებზე. თუ გული სიყვარულითა და თანაგრძნობით გვექნება სავსე, ჩვენი საუბრები უფრო დადებითი და აღმშენებლური იქნება.

12. რა დაგვეხმარება შესაფერისი სიტყვების შერჩევაში?

12 შესაფერისი სიტყვების შერჩევას ძალისხმევა და განსჯის უნარიც სჭირდება. ბრძენი მეფე სოლომონიც კი „ფიქრობდა და გულმოდგინედ იკვლევდა“, რათა „ეპოვა სასიამოვნო სიტყვები და ზუსტი სიტყვებით დაეწერა ჭეშმარიტება“ (ეკლ. 12:9, 10). ხომ არ გიჭირთ „სასიამოვნო სიტყვების“ შერჩევა?  თუ დიახ, გაიმდიდრეთ ლექსიკური მარაგი. ამის გასაკეთებლად ერთ-ერთი საშუალება ისაა, რომ დაუკვირდეთ, რა სიტყვებია გამოყენებული ბიბლიასა და ჩვენს პუბლიკაციებში. ისწავლეთ თქვენთვის უცხო სიტყვები თუ ფრაზები. უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ისწავლოთ, როგორ გამოიყენოთ სიტყვები სხვების დასახმარებლად. იეჰოვასა და მის პირმშოს შორის ურთიერთობის შესახებ ბიბლიაში ვკითხულობთ: „იეჰოვამ მომცა სწავლულთა ენა, რათა ვიცოდე, როგორი სიტყვით ვუპასუხო დაღლილს“ (ეს. 50:4). თუ წინასწარ იფიქრებთ იმაზე, რის თქმასაც აპირებთ, ეს შესაფერისი სიტყვების შერჩევაში დაგეხმარებათ (იაკ. 1:19). მაგალითად, ჰკითხეთ საკუთარ თავს: „სწორად გამოხატავს ეს სიტყვები ჩემს სათქმელს? როგორ იმოქმედებს ჩემ მიერ შერჩეული სიტყვები მსმენელზე?“.

13. რატომ უნდა ვილაპარაკოთ გასაგებად?

13 ძველ ისრაელში კრებულის შეკრებისა და დაშლის მიზნით საყვირს ჩაჰბერავდნენ ხოლმე; მეომრებსაც საყვირით უხმობდნენ ბრძოლის ველზე. ბიბლია სწორედ საყვირის მაგალითზე გვანახვებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გასაგებად საუბარი. თუ საყვირი გაურკვეველ ხმას გამოსცემდა, ეს ბრძოლის ველზე გასული ჯარისთვის შეიძლება საბედისწერო აღმოჩენილიყო. ამის მსგავსად, ჩვენმა ორაზროვანმა და ბუნდოვანმა საუბარმა შეიძლება სხვები დააბნიოს და შეცდომაში შეიყვანოს. თუმცა აზრების პირდაპირ და ნათლად თქმა უტაქტობასა და უხეშობაში არ უნდა აგვერიოს (წაიკითხეთ 1 კორინთელების 14:8, 9).

14. საიდან ჩანს, რომ იესო გასაგებად საუბრობდა?

14 შესაფერისი სიტყვების შერჩევის საუკეთესო მაგალითი იესომ დაგვიტოვა. შევიხსენოთ მათეს სახარების მე-5—7 თავებში ჩაწერილი მის მიერ წარმოთქმული მოკლე, თუმცა მრავლისმთქმელი ქადაგება. იესოს ქადაგებისას არ გამოუყენებია რთულად გასაგები და არასაჭირო სიტყვები; მას არც უხეშად უსაუბრია და არც გული უტკენია ვინმესთვის. პირიქით, ის მსმენელთა გულს რომ ჩასწვდომოდა, გასაგებად და მარტივად საუბრობდა. მაგალითად, ხალხისთვის იმის საჩვენებლად, რომ საკვებზე მეტისმეტად არ ეწუხათ, იესომ მათ ყურადღება იმაზე გაუმახვილა, თუ იეჰოვა როგორ ზრუნავდა ცის ფრინველებზე. შემდეგ კი ჰკითხა: „განა თქვენ მათზე ძვირფასნი არა ხართ?“ (მათ. 6:26). მართლაც რაოდენ დიდი სიყვარულია ჩაქსოვილი ამ მარტივ და გასაგებ სიტყვებში, რამაც შეუძლებელია, ვინმე გულგრილი დატოვოს! მოდი, ქვემოთ ვისაუბროთ მესამე მნიშვნელოვან მხარეზე: როგორ უნდა ვილაპარაკოთ?

როგორ უნდა ვილაპარაკოთ

15. რატომ უნდა ვისაუბროთ „მადლიანი სიტყვებით“?

15 მართალია, მნიშვნელოვანია ის, თუ რაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ ვლაპარაკობთ. როდესაც იესო თავის მშობლიურ ქალაქ ნაზარეთში იყო და სინაგოგაში საუბრობდა, ყველანი „გაოცებულები იყვნენ მისი პირიდან გამოსული მადლიანი სიტყვებით“ (ლუკ. 4:22). „მადლიანი სიტყვები“ ადამიანის გულს სწვდება, რაც არანაირად არ აკნინებს ღვთის ამ დიდებულ ძღვენს. პირიქით, ის ჩვენს სიტყვებს დამაჯერებლობას სძენს (იგავ. 25:15). თუ ვიქნებით თბილები, თავაზიანები და სხვების გრძნობებს გავითვალისწინებთ, ჩვენც, იესოს მსგავსად, „მადლიანი სიტყვებით“ ვისაუბრებთ. როდესაც იესომ დაინახა, რომ ხალხს მისი მოსმენა სწყუროდა, „გული დაეწვა მათ გამო“ და ბევრი რამის სწავლება დაუწყო (მარ. 6:34). იესო უხეშად არც თავის მლანძღველებს პასუხობდა (1 პეტ. 2:23).

16, 17. ა) როგორ შეგვიძლია ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობისას მივბაძოთ იესოს? (იხილეთ სურათი მე-18 გვერდზე) ბ) რა მოჰყვა შედეგად ერთი დის „მადლიან სიტყვებს“?

16 რბილად და ტაქტიანად საუბარი შეიძლება გაგვიჭირდეს მათთან, ვისაც ძალიან კარგად ვიცნობთ. ახლობელთან საუბრისას შესაძლოა თავს იმდენად თავისუფლად  ვგრძნობთ, რომ რაც ენაზე მოგვადგება, ყველაფერს ვამბობთ. ასეთი დამოკიდებულება შესაძლოა ოჯახის წევრის ან ახლო მეგობრის მიმართ გვქონდეს. ფიქრობდა იესო, რომ მოწაფეებთან ახლო ურთიერთობა მას მათთან უხეშად საუბრის უფლებას აძლევდა? რა თქმა უნდა, არა! როცა მან დაინახა, რომ მისი უახლოესი მიმდევრები არ წყვეტდნენ კამათს იმის თაობაზე, თუ ვინ იყო მათ შორის უდიდესი, მან რბილად შეუსწორა მოციქულებს თვალსაზრისი და თვალსაჩინოებისთვის ბავშვის მაგალითი მოუყვანა (მარ. 9:33—37). უხუცესებს შეუძლიათ მიჰბაძონ იესოს და თანაქრისტიანებს რჩევები რბილად მისცენ (გალ. 6:1).

17 თუ მასაც „მადლიანი სიტყვებით“ მივმართავთ, ვინც გულს გვტკენს, ამან შეიძლება კარგი შედეგი გამოიღოს (იგავ. 15:1). მოვიყვანოთ ერთი რეალური შემთხვევა: მოზარდი, რომელსაც მარტოხელა ქრისტიანი დედა ზრდიდა, გაორებულ ცხოვრებას ეწეოდა. კარგი მოტივებით აღძრულმა ერთმა დამ მოზარდი ბიჭის დედას უთხრა: „რა სამწუხაროა, რომ შვილის აღზრდას თავი ვერ გაართვი“. დედა ერთი წუთით ჩაფიქრდა და შემდეგ დას მიუგო: „მართალია, დღეს რაღაცები რიგზე ვერ გვაქვს, მაგრამ იმედი ჯერ არ გადამიწურავს. ამაზე არმაგედონის შემდეგ ვისაუბროთ; მაშინ ყველაფერი გამოჩნდება“. რბილად გაცემული პასუხის წყალობით დებს შორის მშვიდობა შენარჩუნდა; ამასთანავე, მოზარდი, რომელმაც მათ საუბარს ყური მოჰკრა, გამხნევდა. ის მიხვდა, რომ დედას ჯერ კიდევ არ ჩაექნია მასზე ხელი. იგი ცუდ საზოგადოებას ჩამოშორდა, გარკვეული დროის შემდეგ მოინათლა და მოგვიანებით, ბეთელშიც მსახურობდა. მაშასადამე, ვისთანაც არ უნდა ვსაუბრობდეთ, და-ძმებთან, ოჯახის წევრებთან თუ სრულიად უცხო ადამიანებთან, ჩვენი სიტყვები „ყოველთვის მადლიანი [უნდა] იყოს, მარილით შეზავებული“ (კოლ. 4:6).

18. როგორ დაგვეხმარება იესოს მაგალითი, რომ საუკეთესოდ გამოვიყენოთ ენა?

18 აზრებისა და გრძნობების სიტყვებით გადმოცემა ნამდვილად უნიკალური უნარია. დაე, მივბაძოთ იესოს და შესაფერის დროს შესაფერისი სიტყვები მადლიანად ვთქვათ. მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება ჩვენს ენას განკურნების ძალა და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეასხამს ის ხოტბას იეჰოვას, ღმერთს, რომელმაც მეტყველების უნარი გვიბოძა!