არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა)  |  დეკემბერი 2015

 ბიოგრაფია

„დღეს ღმერთთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს და დედასთანაც“

„დღეს ღმერთთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს და დედასთანაც“

„რატომ ამბობ უარს საკუთარი წინაპრების თაყვანისცემაზე? — მკითხა დედამ. — ნუთუ არ გესმის, რომ მათ გარეშე ვერ იარსებებდი? განა არ იმსახურებენ ისინი შენგან მადლიერებას?! როგორ უნდა აქციო ზურგი ადათ-წესებს, რომლებიც ოდითგან მოგვდგამს? წინაპრების თაყვანისცემაზე უარის თქმა იმას ნიშნავს, რომ ჩვენს რწმენას უაზრობად თვლი“. ამ სიტყვების შემდეგ დედას ცრემლები წასკდა.

დედისგან ასეთ სიტყვებს ჩვეული არ ვიყავი. უფრო მეტიც, ბიბლიის შესწავლა დედაჩემის ინიციატივით დავიწყე: თავიდან მოწმეებმა შესწავლა დედას შესთავაზეს, მაგრამ ვინაიდან მას ეს არ სურდა, უხერხულობის თავიდან ასარიდებლად, მოწმეები ჩემთან გადმოამისამართა. ყოველთვის დამჯერი შვილი ვიყავი და ამჯერად დედის ნების წინააღმდეგ წასვლა ძალიან გამიჭირდა. თუმცა მესმოდა, რომ ასეთი საქციელით იეჰოვას გულს გავუხარებდი. სწორედ მან მომცა ძალა ამ სირთულესთან გასამკლავებლად.

ვხდები ქრისტიანი

იაპონელთა უმეტესობის მსგავსად, ჩვენც ბუდისტები ვიყავით. მაგრამ შესწავლის დაწყებიდან, სულ რაღაც, ორ თვეში მივხვდი, რომ ბიბლიაში ჭეშმარიტება ეწერა. მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ ზეციერი მამა მყავდა, დაუცხრომელი სურვილი გამიჩნდა, რაც შეიძლება ახლოს გამეცნო იგი. მე და დედა სიამოვნებით ვმსჯელობდით ხოლმე იმაზე, რასაც ბიბლიიდან ვსწავლობდი. კვირაობით სამეფო დარბაზში კრების შეხვედრებზეც დავიწყე სიარული. ვინაიდან ღვთის სიტყვიდან უფრო და უფრო მეტ ცოდნას ვიძენდი, დედას ვუთხარი, რომ ბუდისტურ წეს-ჩვეულებებში ვეღარ მივიღებდი მონაწილეობას. მოულოდნელად, დედამ ჭეშმარიტებისადმი დამოკიდებულება შეიცვალა. „როცა ოჯახის რომელიმე წევრი არად აგდებს წინაპრებს, ეს ოჯახის შეურაცხყოფაა და მეტი არაფერი“, — გამომიცხადა დედამ. მან მკაცრად მომთხოვა, რომ შემეწყვიტა ბიბლიის შესწავლა და კრების შეხვედრებზე დასწრება. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ დედა ასეთ რამეს მეტყოდა. ჩემ წინ, თითქოსდა, სრულიად უცხო ადამიანი იდგა!

ეფესოელების მე-6 თავიდან შევიტყვე, რომ იეჰოვა ჩემგან მშობლების მორჩილებას ითხოვდა. მამა დედას მიემხრო. თავიდან ვფიქრობდი, რომ თუ მათ აზრს გავითვალისწინებდი, ამით მშობლებს გულს მოვულბობდი და ოჯახში მშვიდობა აღდგებოდა. გარდა ამისა, სკოლაში გამოცდები მეწყებოდა და უნდა მემეცადინა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ უახლოესი სამი თვის განმავლობაში ისევ მორჩილი შვილი ვყოფილიყავი. თუმცა იეჰოვას აღვუთქვი, რომ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ კრების შეხვედრებზე დასწრებას განვაახლებდი.

ასეთი სტრატეგია ორი მიზეზის გამო აღმოჩნდა წარუმატებელი. პირველი: თავიდან ვფიქრობდი, რომ ეს სამთვიანი პაუზა ვერაფერს დააკლებდა იეჰოვასთან ჩემს ურთიერთობას, მაგრამ საპირისპირო  მოხდა — მალე სულიერად დავუძლურდი და იეჰოვასგან ჩამოშორება დავიწყე. მეორე: ნაცვლად იმისა, რომ მშობლები დათმობაზე წამოსულიყვნენ, ისინი უფრო მომთხოვნები გახდნენ — მათ სურდათ, რომ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის სრულად მექცია ზურგი.

დახმარება და წინააღმდეგობა

სამეფო დარბაზში ბევრ ისეთ და-ძმას შევხვდი, რომელთაც ოჯახის წევრები ეწინააღმდეგებოდნენ. ისინი მამხნევებდნენ, რომ ძალას იეჰოვა მომცემდა (მათ. 10:34—37). ამასთანავე, მარწმუნებდნენ, რომ ღმერთი შესაძლოა მე მიყენებდა ჩემი ოჯახის წევრების სახსნელად. ამიტომ ხშირად და გულმხურვალედ ვლოცულობდი, რათა იეჰოვაზე მინდობა მესწავლა.

ახალშეძენილ რწმენაზე რომ უარი მეთქვა, მშობლები სხვადასხვა მეთოდს მიმართავდნენ. დედა ხან საუბრით, ხანაც ხვეწნა-მუდარით ცდილობდა, ჩემთვის აზრი შეეცვლევინებინა. მე, როგორც წესი, ვდუმდი. თუ საუბარში ვერთვებოდი, ჩვენ ემოციების მოთოკვა გვიჭირდა, ვინაიდან ორივე საკუთარი სიმართლის მტკიცებას ვიწყებდით. დედის გრძნობები და რელიგიური შეხედულებები მეტად რომ გამეთვალისწინებინა, ჩვენ შორის დაძაბულობა განიმუხტებოდა. სახლიდან რომ არ გავსულიყავი, დედ-მამა საოჯახო საქმეებით მტვირთავდა. ხანდახან ისეც ხდებოდა, რომ მშობლები სახლში მშიერ-მწყურვალს მკეტავდნენ.

დედამ საშველად სხვებს მიმართა. თავდაპირველად მან დახმარება ჩემი სკოლის მასწავლებელს სთხოვა, თუმცა ის ჩვენს საქმეში არ ჩარეულა. მერე დედამ თავის უფროსთან მიმიყვანა, რათა მას დავერწმუნებინე, რომ ადამიანისთვის არც ერთ რელიგიას არ მოჰქონდა ხეირი. დედა ნათესავებსაც შეეხმიანა ტელეფონით: მათ დახმარებას ცრემლებით შესთხოვდა. ამან ძალიან გამაღიზიანა, თუმცა კრების უხუცესებმა ერთ რამეზე დამაფიქრეს: დედა ასეთი საქციელით, თავისდა უნებურად, სხვებს ღმერთზე უმოწმებდა!

 მალე ახალ პრობლემას წავაწყდი: მშობლებს სურდათ, რომ სწავლა უნივერსიტეტში გამეგრძელებინა. მათი აზრით, განათლების წყალობით კარგ სამსახურს ვიშოვიდი. მშობლებთან პირისპირ მშვიდად საუბარი არ გამომდიოდა; ამიტომ მათ რამდენიმე წერილი მივწერე, რომლებშიც ჩემს მიზნებზე ვესაუბრე. გააფთრებული მამა დამემუქრა: „თუ შეგიძლია სამუშაოს პოვნა, ხვალვე იპოვე, თუ არადა, მიბრძანდი სახლიდან!“. ამ საკითხზე იეჰოვას მივმართე ლოცვით. მომდევნო დღეს, მსახურებაში ყოფნისას, ორმა დამ, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, თავიანთი შვილების რეპეტიტორობა შემომთავაზა. თუმცა მამას ვერც ამან მოულბო გული; უფრო მეტიც, ის აღარ მელაპარაკებოდა და შეიძლება ითქვას, ძაღლადაც არ მაგდებდა. დედამ კი მითხრა, რომ ერჩივნა მისი შვილი რეციდივისტი ყოფილიყო, ვიდრე — იეჰოვას მოწმე.

იეჰოვა დამეხმარა, რომ სწორად მეაზროვნა და ბრძნულად მოვქცეულიყავი

ხანდახან ვფიქრობდი, მოსწონდა კი იეჰოვას, მშობლებს ასე რომ ვუძალიანდებოდი?! ხშირად ლოცვა და ბიბლიის იმ მონაკვეთებზე დაფიქრება, საიდანაც ვიგებდი, თუ როგორ ვუყვარვართ იეჰოვას, მეხმარებოდა, მშობლების სასტიკი წინააღმდეგობის მიღმა სიყვარული და მზრუნველობა დამენახა. იეჰოვა დამეხმარა, რომ სწორად მეაზროვნა და ბრძნულად მოვქცეულიყავი. ამასთანავე, რაც უფრო მეტს ვმსახურობდი, მით უფრო მიყვარდებოდა ეს საქმე. ამიტომ მიზნად პიონერული მსახურება დავისახე.

პიონერული მსახურება

როცა ზოგმა დამ გაიგო, რომ პიონერად მსახურებას ვაპირებდი, მირჩიეს, მომეცადა, სანამ მშობლები არ დაშოშმინდებოდნენ. იეჰოვას ლოცვაში სიბრძნეს ვთხოვდი; გარდა ამისა, ამ საკითხზე ბევრს ვკითხულობდი და საკუთარ თავს ვეკითხებოდი, რატომ მსურდა პიონერობა. ჩემს მიზანზე გამოცდილ და-ძმებსაც ვესაუბრებოდი. შედეგად, მივხვდი, რომ ერთადერთი სურვილი, რაც მამოძრავებდა, იეჰოვას გულის გახარება იყო. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პიონერული მსახურების დაწყებას გადავდებდი, არანაირი გარანტია არ არსებობდა იმისა, რომ მშობლები დამოკიდებულებას შეიცვლიდნენ.

პიონერული მსახურება სკოლაში სწავლის ბოლო წელს დავიწყე. სრული დროით მსახურების დაწყებიდან მალევე მიზნად დავისახე, რომ მემსახურა იქ, სადაც მეტი მაუწყებელი იყო საჭირო. მაგრამ მშობლებს ჩემი სახლიდან წასვლა არ სურდათ. ასე რომ ვუცდიდი, როდის შემისრულდებოდა 20 წელი. შემდეგ, დედას რომ არ ედარდა, ფილიალს ვთხოვე, დავენიშნე სამხრეთ იაპონიაში, სადაც ნათესავები გვყავდა.

სამხრეთ იაპონიაში მსახურების დროს დიდი სიხარული განვიცადე, როცა ზოგმა ჩემმა შემსწავლელმა თავი მიუძღვნა იეჰოვას. იმავდროულად, მსახურების გაფართოების მიზნით ინგლისურ ენას ვსწავლობდი. ჩემს კრებაში ორი სპეციალური პიონერი ძმა მსახურობდა. ვხედავდი, თუ რა გულმოდგინედ ქადაგებდნენ ისინი და როგორ ეხმარებოდნენ სხვებს. მიზნად დავისახე, რომ მეც სპეციალური პიონერი გავმხდარიყავი. იმავე პერიოდში დედა ორჯერ გახდა ავად და ორივეჯერ დავბრუნდი სახლში მის მოსავლელად. ის გააოცა ჩემმა საქციელმა; ნელ-ნელა დედა ჩემთან ურთიერთობაში მოლბა.

კურთხევა კურთხევაზე!

გავიდა შვიდი წელი და ერთ-ერთმა სპეციალურმა პიონერმა ძმამ, აცუშიმ, რომელიც ზემოთ ვახსენე, წერილი მომწერა. იგი წერილში მწერდა, რომ დაოჯახებაზე ფიქრობდა და აინტერესებდა, რას ვფიქრობდი მასზე. აცუშისადმი რომანტიკული გრძნობები არასდროს მქონია და არც მისგან მიგრძვნია რამე. ერთი თვის შემდეგ მივწერე, რომ მსურდა მისი უკეთ გაცნობა. აღმოვაჩინეთ, რომ ბევრი რამ გვქონია საერთო — ორივეს გვინდოდა სრული დროით მსახურების გაგრძელება იმისდა მიუხედავად, თუ სად ვიმსახურებდით. გავიდა დრო და შევუღლდით. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემს ქორწილს დედ-მამა და რამდენიმე ნათესავი დაესწრნენ!

ნეპალი

ჩვენ ერთად შევუდექით პიონერულ მსახურებას. მალე აცუში სარაიონო ზედამხედველის დამხმარედ დაინიშნა. ამას სხვა კურთხევებიც მოჰყვა — ჩვენ ჯერ სპეციალურ პიონერებად დავინიშნეთ, შემდეგ კი სარაიონო მსახურებაში ჩავებით. მას შემდეგ, რაც ჩვენს რაიონში ყველა კრება მოვინახულეთ, ფილიალიდან  დაგვირეკეს და გვკითხეს, შეგვეძლო თუ არა სარაიონო მსახურების გაგრძელება ნეპალში.

სხვადასხვა ქვეყანაში მსახურების წყალობით ბევრი რამ ვისწავლე იეჰოვას შესახებ

ვფიქრობდი, ჩემი მშობლები როგორ მიიღებდნენ იმ ფაქტს, რომ მათგან ასე შორს მივემგზავრებოდი. გადავწყვიტე, ამის შესახებ ტელეფონით მეცნობებინა. ყურმილი მამამ აიღო და როცა ახალი ამბავი გავაგებინე, ასეთი რამ მითხრა: „შესანიშნავ ადგილზე მიემგზავრებით“. თურმე ერთი კვირით ადრე მისთვის მეგობარს წიგნი მიეცა ნეპალის შესახებ და მამა იმდენად მოხიბლული იყო ამ ქვეყნით, რომ მის მონახულებასაც კი გეგმავდა.

ნეპალელები თბილი ხალხია; ჩვენ ძალიან გვსიამოვნებდა მათთვის სასიხარულო ცნობის გაზიარება. იქ მსახურების დროს კიდევ ერთი კურთხევა მივიღეთ: ჩვენი რაიონის ტერიტორიაში ბანგლადეშიც შევიდა! მართალია, ეს ქვეყანა ახლოს მდებარეობდა ნეპალთან, მაგრამ ბევრი რამ განასხვავებდა მისგან. ბანგლადეშში მსახურება მრავალფეროვანი იყო. ხუთი წლის შემდეგ ჩვენ კვლავ იაპონიაში დაგვნიშნეს და დღემდე სარაიონო მსახურებაში ვართ ჩაბმულნი.

იაპონიაში, ნეპალსა და ბანგლადეშში მსახურების წყალობით ბევრი რამ ვისწავლე იეჰოვას შესახებ. თითოეულ ქვეყანას მართლაც უნიკალური კულტურა და ტრადიციები აქვს. იმავდროულად, ამ ქვეყნებში მცხოვრები თითოეული ადამიანიც უნიკალურია. საკუთარი თვალით ვნახე, რომ იეჰოვა გულწრფელადაა დაინტერესებული ყოველი ინდივიდით, მიუკერძოებლად იღებს თითოეულ მათგანს, ყველას მხარში უდგას და კურთხევებს არავის აკლებს!

იეჰოვამ მეც უხვად მაკურთხა: მაქვს ცოდნა მის შესახებ, ვასრულებ მისგან მონდობილ საქმეს და მყავს შესანიშნავი მეუღლე. ღმერთი ყოველთვის მეხმარებოდა სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში; შედეგად, ვხარობ კარგი ურთიერთობით როგორც მასთან, ისე ჩემი ოჯახის წევრებთან. მადლობა იეჰოვას, რომ მე და დედა ისევ უახლოესი მეგობრები ვართ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს ღმერთთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს და დედასთანაც!

სარაიონო მსახურება დიდ სიხარულს გვანიჭებს