წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) დეკემბერი 2015

ღვთის სიტყვის ცოცხალი თარგმანი

ღვთის სიტყვის ცოცხალი თარგმანი

„ღვთის სიტყვა არის ცოცხალი“ (ებრ. 4:12).

სიმღერები: 37, 116

1. ა) რა დავალება მისცა ღმერთმა ადამს? ბ) როგორ იყენებს ოდითგანვე ღვთის ხალხი ენას?

იეჰოვამ თავის ქმნილებებს ურთიერთობის უნარი უბოძა. მას შემდეგ, რაც მან ადამი სამოთხეში დაასახლა, დავალება მისცა; ეს დავალება ენის ცოდნას უკავშირდებოდა — მას ცხოველებისთვის სახელები უნდა დაერქმია. ადამმა თავისი შემოქმედებითი უნარისა და გონებრივი შესაძლებლობების წყალობით, თითოეულ ცხოველს შესაფერისი სახელი შეურჩია (დაბ. 2:19, 20). იმ დროიდან მოყოლებული, ღვთის ხალხი სწორედ ენის მეშვეობით ასხამს ხოტბას იეჰოვას და აუწყებს მის ნებას სხვებს. ბოლო წლებში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღორძინებას მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი ღვთის სიტყვის სხვადასხვა ენაზე თარგმნამ.

2. ა) რომელი პრინციპებით იხელმძღვანელა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ კომიტეტმა? ბ) რაზე ვისაუბრებთ ამ სტატიაში?

2 მართალია, ბიბლიის ათასობით თარგმანი არსებობს, მაგრამ აზრი დედნისეული ენიდან ყველა თარგმანში ერთნაირი სიზუსტით როდია გადმოტანილი. გასული საუკუნის 40-იან წლებში ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ კომიტეტმა შეიმუშავა თარგმნის პრინციპები, რომლითაც იხელმძღვანელეს მთარგმნელობითმა ჯგუფებმა ბიბლიის 130-ზე მეტ ენაზე თარგმნისას. ეს პრინციპებია: 1) ღვთის სახელის აღდგენა ყველა იმ ადგილას, სადაც მას დედანში ვხვდებით, რაც, თავის მხრივ, ღვთის სახელის განწმენდას ემსახურება (წაიკითხეთ მათეს 6:9); 2) დედნისეული ენიდან სიტყვასიტყვით თარგმნა, თუმცა აზრობრივი თარგმანის შესრულება მაშინ, როცა სიტყვასიტყვითი თარგმანი  აზრს აბუნდოვნებს და 3) ადვილად გასაგები ენით თარგმნა, რაც მკითხველს ტექსტის აღქმას უადვილებს * (წაიკითხეთ ნეემიას 8:8, 12). მოდი, ამ სტატიაში ვისაუბროთ, თუ როგორ იხელმძღვანელეს მთარგმნელებმა აღნიშნული პრინციპებით „ახალი ქვეყნიერების თარგმანისა“ და მისი 2013 წლის გადამუშავებული გამოცემის მომზადებისას; ამასთანავე, განვიხილოთ, თუ როგორ ხელმძღვანელობენ ამავე პრინციპებით სხვა მთარგმნელობითი ჯგუფები ბიბლიის თარგმნისას.

ღვთის სახელის განდიდება

3, 4. ა) რომელ უძველეს მანუსკრიპტებშია მოხსენიებული ტეტრაგრამატონი? ბ) როგორ გაქრა ბიბლიის ბევრი თარგმანიდან ღვთის სახელი?

3 ბიბლიის უძველესი მანუსკრიპტების, კერძოდ, მკვდარი ზღვის ხელნაწერების, შემსწავლელთ აოცებთ ის ფაქტი, თუ რამდენად ხშირადაა გამოყენებული მათში ტეტრაგრამატონი — ღვთის სახელის აღმნიშვნელი 4 ებრაული ასო. თუმცა ღვთის სახელს ძველი ებრაული მანუსკრიპტების გარდა ძვ. წ. II — ახ. წ. I საუკუნეებით დათარიღებულ სეპტუაგინტის ზოგ ასლშიც ვხვდებით.

4 მიუხედავად იმისა, რომ ღვთის სახელი ბიბლიის დედნისეულ ტექსტში არაერთხელ იყო მოყვანილი, ბევრ მთარგმნელს თავის თარგმანში ის ერთხელაც არ მოუხსენიებია. 1950 წელს „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოსვლიდან, სულ რაღაც, 2 წელიწადში გამოიცა „გადამუშავებული სტანდარტული თარგმანი“. 1901 წელს დაბეჭდილი „ამერიკული სტანდარტული თარგმანისგან“ განსხვავებით, ამ გამოცემაში ღვთის სახელი არაა მოხსენიებული, რის მიზეზსაც წინასიტყვაობა გვატყობინებს: „ღმერთი ერთადერთია . . . [ამიტომ] ღვთის ნებისმიერი საკუთარი სახელით მოხსენიება სრულიად მიუღებელია ქრისტიანული ეკლესიის საყოველთაო მრწამსით“. სწორედ ამ პრინციპით იხელმძღვანელა ბევრმა მთარგმნელმა, რომელთაც ბიბლია ინგლისურსა თუ სხვა ენებზე თარგმნეს.

5. რატომ უნდა შენარჩუნდეს ღვთის სახელი ბიბლიაში?

5 რატომ არის მეტად მნიშვნელოვანი, იქნება თუ არა ბიბლიის თარგმანში ღვთის სახელი მოხსენიებული? გამოცდილმა მთარგმნელმა უწყის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, ჩასწვდეს ავტორის სათქმელს. მას ესმის, რომ ეს უთუოდ დიდ გავლენას იქონიებს თარგმნის პროცესში მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ბიბლიის უამრავი მუხლი ყურადღებას ამახვილებს ღვთის სახელის მნიშვნელოვნებასა და მისი განწმენდის საჭიროებაზე (გამ. 3:15; ფსალმ. 83:18; 148:13; ეს. 42:8; 43:10; იოან. 17:6, 26; საქ. 15:14). ბიბლიის ავტორმა, იეჰოვა ღმერთმა, თავისი სულით შთააგონა ღვთის სიტყვის დამწერთ, რომ თავისუფლად გამოეყენებინათ მისი სახელი (წაიკითხეთ ეზეკიელის 38:23). აქედან გამომდინარე, ათასობით უძველეს ხელნაწერში მოხსენიებული ღვთის სახელის ამოღება ბიბლიის თარგმანებიდან მისი ავტორისადმი აშკარა უპატივცემულობაზე მეტყველებს.

6. რატომ არის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებულ გამოცემაში ღვთის სახელი კიდევ ექვს ადგილას მოხსენიებული?

6 დღეს უფრო მეტი მტკიცებულება გვაქვს საიმისოდ, რომ ბიბლიის თარგმანში ღვთის სახელი მოვიხსენიოთ. 2013 წლის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებულ გამოცემაში ღვთის სახელი 7 216-ჯერ არის მოხსენიებული ანუ 1984 წლის გამოცემისგან განსხვავებით, ამ თარგმანში ღვთის სახელს კიდევ 6 ადგილას ვხვდებით. აქედან ხუთჯერ სამუელის პირველ წიგნში, კერძოდ: 2:25, 6:3, 10:26-სა და 23:14, 16-ში. გადამუშავებულ თარგმანში ღვთის სახელი ბიბლიის ამ მონაკვეთებში იმიტომ აღვადგინეთ, რომ იგი მოხსენიებულია მასორეტულ ტექსტამდე 1 000 წელზე მეტი ხნით ადრე დათარიღებულ მკვდარი ზღვის ხელნაწერებში. მეექვსე ადგილი, სადაც გადამუშავებულ გამოცემაში ღვთის სახელს ვხვდებით, მსაჯულების 19:18-ია. ამ მუხლში ღვთის სახელის აღდგენის მიზეზი ის გახლავთ, რომ უფრო უკეთ იქნა გამოკვლეული უძველესი ხელნაწერები.

7, 8. რა აზრობრივ დატვირთვას ატარებს ებრაული ზმნის კაუზატიური ფორმა „აქცევინებს“?

7 ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის იეჰოვას სახელს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. 2013 წლის  „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული გამოცემის დანართი ღვთის სახელის მნიშვნელობასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას გვაწვდის. ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ კომიტეტს ესმის, რომ სახელი იეჰოვა არის ებრაული ზმნის, „ჰავაჰ“, კაუზატიური ფორმა და ნიშნავს: „აქცევინებს“. * უწინ ჩვენს პუბლიკაციებში ამ სახელის მნიშვნელობას გამოსვლის 3:14-ს ვუკავშირებდით, სადაც ნათქვამია: „მე ვიქცევი იმად, რადაც ვიქცევი“. ამ მუხლზე დაყრდნობით, ბიბლიის 1984 წლის გამოცემაში ღვთის სახელის მნიშვნელობა ასე იყო განმარტებული: „იგი თავისი განზრახვის შესასრულებლად იქცევა იმად, რადაც საჭიროა“. * 2013 წლის გადამუშავებულ გამოცემაში (დანართი 4ა [ინგლ.]) კი ახსნილია: „იეჰოვას შეუძლია არა მხოლოდ თავად იქცეს იმად, რადაც მოინდომებს, არამედ თავისი ქმნილებებიც აქციოს იმად, რადაც საჭიროა თავისი განზრახვების შესასრულებლად“ (იხილეთ აგრეთვე ბროშურა „ბიბლიის გზამკვლევი“, გვ. 5).

8 ეს რომ ასეა, ამაზე ბიბლიური მაგალითებიც მოწმობს. მაგალითად, ღმერთმა ნოე კიდობნის მშენებლად აქცია, ბეცალელი — დახელოვნებულ ოსტატად, გედეონი — ძლიერ მეომრად, პავლე კი — უცხოტომელთა მოციქულად. დიახ, ღვთის სახელს მისი ხალხისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ კომიტეტი არასდროს ამოიღებს ბიბლიის თარგმანიდან ღვთის სახელს და ამგვარად არ დააკნინებს მის მნიშვნელოვნებას.

9. რატომ ექცევა დიდი ყურადღება ბიბლიის სხვა ენებზე გადათარგმნას?

9 „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“, რომელიც 130-ზე მეტ ენაზეა გამოცემული, ღვთის სახელი აღდგენილია ყველა იმ ადგილას, სადაც იგი დედანში იყო მოხსენიებული, რაც პატივს მიაგებს ღვთის სახელს (წაიკითხეთ მალაქიას 3:16). ამის საპირისპიროდ, დღესდღეობით მსოფლიოში არსებობს ტენდენცია — მთარგმნელები ბიბლიიდან იღებენ ღვთის სახელს და მას „უფლით“ ან რომელიმე ადგილობრივი ღვთის სახელით ანაცვლებენ. ამიტომ იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭო დიდ ყურადღებას აქცევს იმას, რომ, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს მიუწვდებოდეს ხელი ბიბლიის ისეთ თარგმანზე, რომელიც განადიდებს ღვთის სახელს.

გასაგები და ზუსტი თარგმანი

10, 11. რა სირთულეებს შეხვდნენ მთარგმნელები ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანზე“ მუშაობისას?

10 წმინდა წერილების არაერთ ენაზე თარგმნას სირთულეებიც ახლდა. მაგალითად, უწინ ინგლისურ ენაზე გამოცემულ „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ მთარგმნელები მიჰყვნენ სხვა ინგლისური თარგმანების ნიმუშს და ზოგიერთ მუხლში ებრაული სიტყვა „შეოლი“ პირდაპირ გადმოიტანეს. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი მუხლია ეკლესიასტეს 9:10, სადაც ეწერა: „არც საქმე, არც ჩანაფიქრი, არც ცოდნა და არც სიბრძნე არ არის . . . [შეოლში], სადაც მიდიხარ“. თუმცა ბევრ მთარგმნელს ამან პრობლემა შეუქმნა: „შეოლი“ მათ ენაზე მოსაუბრე ხალხისთვის სრულიად უცხო სიტყვა იყო, რომლის მნიშვნელობის დადგენა თავიანთ ენაზე გამოცემული ლექსიკონების საშუალებით შეუძლებელი იყო და უფრო მეტიც, ბევრისთვის ეს სიტყვა გეოგრაფიული ადგილის სახელწოდებასავით ჟღერდა. აქედან გამომდინარე, მთარგმნელებმა მიიღეს ნებართვა, რომ ებრაული სიტყვა „შეოლი“ და მისი ბერძნული შესატყვისი „ჰადესი“ თავიანთ თარგმანებში გადმოეტანათ ყველასთვის გასაგები და ზუსტი ეკვივალენტით „სამარე“.

11 ზოგიერთ ენაზე ბიბლიის თარგმნისას კიდევ ერთი პრობლემა წამოიჭრა. სირთულეს ქმნიდა ის გარემოება, რომ ებრაული სიტყვა „ნეფეშ“ და მისი ბერძნული შესატყვისი „ფსიქე“ ინგლისურ ენაზე „სულად“ იყო ნათარგმნი; სიტყვა „სულს“ კი ამ ენებზე ადამიანის სხეულის არამატერიალური ნაწილის აღსაწერად გამოიყენებენ. ამგვარად ნათარგმნ სიტყვას მკითხველი შესაძლოა შეცდომაში შეეყვანა და ეფიქრა, რომ ამ სიტყვაში იგულისხმებოდა არა თავად „ადამიანი“, არამედ „აჩრდილი“. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მთარგმნელებმა მიიღეს ნებართვა, რომ ეს სიტყვა კონტექსტიდან  გამომდინარე ეთარგმნათ და მხედველობაში მიეღოთ „წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სქოლიოებიანი გამოცემის დანართში მოცემული სულთან დაკავშირებული ინფორმაცია. მაშასადამე, ბიბლიის თარგმანზე მუშაობისას ყურადღება მიექცა იმას, რომ ტექსტი ადვილად გასაგები ყოფილიყო და დამატებითი ინფორმაცია, ხშირ შემთხვევაში, სქოლიოებში ჩატანილიყო.

12. რა ცვლილებები შევიდა 2013 წლის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებულ გამოცემაში? (იხილეთ მე-14 გვერდი).

12 მთარგმნელების მიერ დასმულმა კითხვებმა გამოააშკარავა, რომ ბიბლიის სხვა მონაკვეთებსაც შესაძლოა მსგავსი ორაზროვნება გამოეწვია. ამიტომ 2007 წლის სექტემბერში, ხელმძღვანელმა საბჭომ ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ კომიტეტს ინგლისურენოვანი ტექსტის გადამუშავების ნებართვა მისცა. კომიტეტმა გადამუშავების პროცესში გაითვალისწინა ათასობით კითხვა, რომლებიც ბიბლიის მთარგმნელებისგან ჰქონდათ მიღებული. მათ მოძველებული ინგლისური გამოთქმები ახლით შეცვალეს და ყველაფერი გააკეთეს საიმისოდ, რომ ტექსტი ადვილად გასაგები ყოფილიყო; თუმცა მათ იმაზეც იზრუნეს, რომ ამ ყველაფერს ტექსტის აზრობრივი სიზუსტე არ შესწირვოდა. ამგვარად, სხვა ენებზე ბიბლიის თარგმნა ინგლისურენოვანი ტექსტის დახვეწასაც მოემსახურა (იგავ. 27:17).

მადლიერების სიტყვები

13. როგორ მიიღო მკითხველმა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული გამოცემა ინგლისურ ენაზე?

13 როგორ მიიღო მკითხველმა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული გამოცემა ინგლისურ ენაზე? იეჰოვას მოწმეთა მთავარ სამმართველოში ათასობით მადლიერების წერილი შემოვიდა. ერთი და, თავის წერილში, მრავალი ადამიანის სათქმელს ახმოვანებს: „ბიბლიის ეს გამოცემა განძით სავსე სკივრს ჰგავს, საიდანაც უამრავი ძვირფასი თვალი გამოკრთის. 2013 წლის გადამუშავებული გამოცემის კითხვა შეიძლება ამ ძვირფასი თვლების შესწავლას შევადაროთ — ჩვენ ვტკბებით მათი წახნაგებით, ფერითა თუ სინატიფით. მარტივი ენით დაწერილმა ბიბლიამ უკეთ გამაცნო იეჰოვა; ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ იგი მშობელი მამაა, რომელსაც გულში ვყავარ ჩახუტებული და თავად მიკითხავს საამურ სიტყვებს“.

14, 15. რა რეზონანსი მოჰყვა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სხვა ენებზე გამოცემას?

14 თუმცა ასეთი რეზონანსი მხოლოდ „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ინგლისურენოვან გადამუშავებულ გამოცემას არ მოჰყოლია. სოფიაში (ბულგარეთი) მცხოვრებმა ერთმა მამაკაცმა ბულგარულ ენაზე გამოცემულ ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანზე“ ასეთი რამ თქვა: „ბიბლიას წლებია ვკითხულობ, მაგრამ  ასეთი მარტივი და გულში ჩამწვდომი სიტყვებით ნათარგმნი ბიბლია ჯერ არ წამიკითხავს“. ამ ძმის მსგავსად, ერთმა ალბანელმა დამ თავის მშობლიურ ენაზე გამოცემულ ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანზე“ თქვა: „რა ლამაზად ჟღერს ღვთის სიტყვა ალბანურ ენაზე! რაოდენ დიდი პატივია, რომ იეჰოვა მშობლიურ ენაზე გვესაუბრება!“.

15 ბევრ ქვეყანაში ბიბლია საკმაოდ ძვირი ღირს და მასზე ხელი ყველას არ მიუწვდება. ასეთ ქვეყნებში მცხოვრებთათვის ბიბლია მართლაც უდიდესი საჩუქარია! რუანდიდან მოწოდებულ ანგარიშში ნათქვამი იყო: „დაინტერესებულები, რომლებსაც იეჰოვას მოწმეები შესწავლას დიდი ხნის განმავლობაში უტარებდნენ, სულიერად ვერ იზრდებოდნენ. ამის მიზეზი ბიბლიის უქონლობა გახლდათ. მათ არ ჰქონდათ საშუალება, რომ ადგილობრივი ეკლესიის მიერ გამოცემული ბიბლია შეეძინათ. მათ სულიერ ზრდას ისიც აფერხებდა, რომ უჭირდათ ზოგი ბიბლიური მუხლის გაგება“. როცა რუანდელებმა მშობლიურ ენაზე მიიღეს ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, შვებით ამოისუნთქეს. რუანდაში მცხოვრებმა ერთმა წყვილმა, რომელსაც ოთხი მოზარდი შვილი ჰყავს, თქვა: «ჩვენს ენაზე გამოცემული ბიბლიისთვის უდიდეს მადლობას ვწირავთ იეჰოვასა და „ერთგულ და გონიერ მონას“. ჩვენ ხელმოკლედ ვცხოვრობთ. ამიტომ ნამდვილად არ გვქონდა იმის საშუალება, რომ ოჯახის თითოეულ წევრს საკუთარი ბიბლია გვქონოდა. მაგრამ ახლა ყველას ჩვენ-ჩვენი ბიბლია გვაქვს. იეჰოვასადმი მადლიერების ნიშნად, მთელი ოჯახი ყოველდღე ერთად ვკითხულობთ წმინდა წერილებს».

16, 17. ა) რა სურს იეჰოვას თავისი ხალხისთვის? ბ) რა უნდა დავისახოთ მიზნად?

16 დროთა განმავლობაში ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული გამოცემა უფრო მეტ ენაზე იქნება ხელმისაწვდომი. მართალია, ეშმაკი ცდილობს, რომ ღვთის ხალხს ხელი შეუშალოს, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ იეჰოვას სურვილია, მისმა ხალხმა მშობლიურ, გასაგებ და ნათელ ენაზე მოუსმინოს მას (წაიკითხეთ ესაიას 30:21). ძალიან მალე დადგება დრო, როცა „დედამიწა იეჰოვას ცოდნით აივსება, როგორც ზღვაა წყლით სავსე“ (ეს. 11:9).

17 მოდი, მიზნად დავისახოთ, რომ გამოვიყენოთ ყველა „საჩუქარი“, რომელსაც იეჰოვა გვჩუქნის; მათ შორის ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული გამოცემა, რომელიც იეჰოვას სახელს მიაგებს პატივს. მიეცით ღმერთს საშუალება, რომ ყოველდღიურად თავისი სიტყვის მეშვეობით დაგელაპარაკოთ. იეჰოვას უსაზღვრო შესაძლებლობები გააჩნია; ის ყველას ლოცვას ყურადღებით ისმენს. ნამდვილად, ღმერთთან ასეთი ურთიერთობის წყალობით, შესაძლებელია, რომ უფრო ახლოს გავიცნოთ და შევიყვაროთ ის (იოან. 17:3).

„რაოდენ დიდი პატივია, რომ იეჰოვა მშობლიურ ენაზე გვესაუბრება!“

^ აბზ. 2 იხილეთ „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული გამოცემა, დანართი 1ა (ინგლ.) და 2008 წლის 1 მაისის „საგუშაგო კოშკში“ დაბეჭდილი სტატია „ბიბლიის რომელ თარგმანს მივანიჭოთ უპირატესობა?“.

^ აბზ. 7 მართალია, ეს მოსაზრება გამოთქმულია ზოგ სამეცნიერო ნაშრომში, მაგრამ მას ყველა ბიბლეისტი მხარს არ უჭერს.

^ აბზ. 7 იხილეთ „ბიბლია — ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, დანართი 1ა, „ღვთის სახელი ებრაულ წერილებში“, გვ. 1734.