წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) ნოემბერი 2015

 ჩვენი არქივიდან

„ამ ცისქვეშეთში ვერავინ და ვერაფერი შეგაჩერებთ!“

„ამ ცისქვეშეთში ვერავინ და ვერაფერი შეგაჩერებთ!“

იდგა 1931 წლის გაზაფხული. პარიზში, საქვეყნოდ განთქმული სალ პლეიელის საკონცერტო დარბაზის ფოიე ხალხით გადაჭედილიყო; დელეგატები 23 ქვეყნიდან იყვნენ ჩასულნი; დარბაზის წინ ერთი მეორის მიყოლებით ჩერდებოდა ტაქსები და იქიდან კოხტად ჩაცმული ხალხი გადმოდიოდა. ცოტა ხანში დარბაზში 3 000-მდე კაცმა მოიყარა თავი. თუმცა ეს ხალხი კონცერტზე დასასწრებად როდი იყო მისული, ისინი ჯოზეფ რუტერფორდის მოსასმენად შეკრებილიყვნენ. მაშინ მთელ მსოფლიოში სამქადაგებლო საქმიანობას ძმა რუტერფორდი ხელმძღვანელობდა. იმ დღეს მისი შთამბეჭდავი მოხსენებები ფრანგულად, გერმანულად და პოლონურად ითარგმნა. ძმა რუტერფორდის მჭექარე ხმა მთელ დარბაზს აზანზარებდა.

პარიზში გამართული კონგრესი საფრანგეთის სამქადაგებლო საქმიანობის ისტორიაში გარდამტეხი მოვლენა აღმოჩნდა. ძმა რუტერფორდმა საერთაშორისო დელეგატებს — განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს — მიმართა, რომ საფრანგეთში წიგნების დამტარებლებად ემსახურათ. ერთ ინგლისელ ახალგაზრდას, ჯონ კუკს, არასდროს დავიწყებია ძმა რუტერფორდის ამაღელვებელი სიტყვები: „ახალგაზრდებო, ამ ცისქვეშეთში ვერავინ და ვერაფერი შეგაჩერებთ — თქვენ იმსახურებთ წიგნების დამტარებლებად!“. *

ჯონ კუკის გარდა, რომელიც მოგვიანებით მისიონერი გახდა, ამ მოწვევას „მაკედონიაში გადასვლაზე“ ბევრი გამოეხმაურა (საქ. 16:9, 10). საფრანგეთში წიგნების დამტარებელთა რიცხვი 1930—1931 წლებში 27-დან 104-მდე გაიზარდა; ეს მართლაც არნახული ზრდა იყო! სრული დროით მსახურთა უმეტესობამ ფრანგული ენა არ იცოდა. ამიტომ მათ უნდა დაეძლიათ ენობრივი ბარიერი, ერჩინათ თავი და შეჰგუებოდნენ ყველასგან მოშორებით ცხოვრებას.

ენობრივი ბარიერი

უცხოელი წიგნების დამტარებლები სამქადაგებლო ბარათების იმედად იყვნენ; ეს ბარათები მათ მაგივრად აუწყებდა ხალხს სამეფოს იმედს. გერმანულ ენაზე მოლაპარაკე ერთი ძმა, რომელიც პარიზში გაბედულად ქადაგებდა, იხსენებს: «ჩვენ დარწმუნებულნი ვიყავით იეჰოვას ძლევამოსილებაში. მსახურებაში კაცთმოშიშების გამო კი არ გვებჯინებოდა გული ყელში, არამედ იმის გამო, რომ არ დაგვვიწყებოდა ეს მარტივი ფრაზა: „გთხოვთ, გაეცანით ამ ბარათს“. ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვიყავით შეჭიდებულნი».

წიგნების დამტარებლები საფრანგეთში სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად ველოსიპედებითა და მოტოციკლებით გადაადგილდებოდნენ

როდესაც წიგნების დამტარებლები კორპუსებში ქადაგებდნენ, მათ ხშირად კონსიერჟები ქადაგების საშუალებას არ აძლევდნენ. მაგალითად, ერთხელ ინგლისელი დები, რომლებმაც ფრანგული თითქმის არ იცოდნენ, კარდაკარ ქადაგების დროს აგრესიულ კონსიერჟს შეხვდნენ. მან ჰკითხა, თუ ვის ეძებდნენ. ერთ-ერთმა დამ, რომელსაც მისი დამშვიდება სურდა, კართან შენიშნა წარწერა, რაც ფრანგულად ნიშნავს, „დარეკეთ ზარი“. მან იფიქრა, რომ ეს მასპინძლის სახელი და გვარი იყო და კონსიერჟს ღიმილით უთხრა: «ჩვენ ქალბატონ „დარეკეთ ზარისთან“ ვართ». ასეთმა „იუმორმა“ გაჭრა.

 ხელმოკლეობამ და სხვებისგან სიშორემ ისინი ვერ შეაჩერა

1930-იან წლებში საფრანგეთის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი გაჭირვებაში ცხოვრობდა; გამონაკლისს არც უცხოელი წიგნების დამტარებლები წარმოადგენდნენ. ინგლისურ ენაზე მოსაუბრე ერთი და, მონა ბჟოსკა, თავის პიონერ პარტნიორთან გატარებულ დროს ასე იხსენებდა: „არაკომფორტულ პირობებში გვიხდებოდა ცხოვრება. ყველაზე მეტად ზამთარში გვიჭირდა, რადგან ოთახის გათბობა ძალიან რთული იყო. ხშირად გაყინულ ოთახში გვიწევდა ყოფნა. გრაფინში წყალიც კი იყინებოდა. დილაობით პირი რომ დაგვებანა, ჯერ ეს ყინული უნდა დაგვედნო“. ხომ არ შეაშინა ასეთმა საცხოვრებელმა პირობებმა ჩვენი პირველი სრული დროით მქადაგებლები? ნამდვილად არა! ერთ-ერთმა მათგანმა ყველა პიონერის სათქმელი თქვა: „არაფერი გვებადა, მაგრამ არც არაფერი გვაკლდა“ (მათ. 6:33).

ინგლისელი პიონერი დები 1931 წელს პარიზში გამართულ საერთაშორისო კონგრესზე

წიგნების გულმოდგინე დამტარებლებს სხვა სირთულეც ჰქონდათ; ისინი ყველასგან მოშორებით ცხოვრობდნენ. 1930-იანი წლების დასაწყისში საფრანგეთში სასიხარულო ცნობას 700-მდე მაუწყებელი ქადაგებდა. მათგან უმრავლესობა ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ცხოვრობდა. საინტერესოა, რა ეხმარებოდა სიხარულის შენარჩუნებაში ერთმანეთისგან შორს მცხოვრებ წიგნების დამტარებლებს? ამ სირთულის პირისპირ აღმოჩნდნენ ზემოთ მოხსენიებული მონა და მისი პარტნიორი. მონა ბჟოსკამ აღნიშნა: „ჩვენ რეგულარულად ვსწავლობდით საზოგადოების პუბლიკაციებს და ამ სირთულეს ერთად ვებრძოდით. იმ დროს არც განმეორებით ვინახულებდით ხალხს და არც ბიბლიის შესწავლები გვქონდა. ამიტომ საღამოობით თავისუფალ დროს წერილებს ვწერდით ოჯახის წევრებს; ყველაზე ხშირად წერილებით პიონერებს ვეხმიანებოდით. გვსურდა, ყველასთვის გაგვეზიარებინა მსახურების შემთხვევები და ამგვარად გაგვემხნევებინა ერთმანეთი“ (1 თეს. 5:11).

წიგნების დამტარებლები, რომლებიც თავგანწირვას ავლენდნენ, პრობლემების მიუხედავად, დადებით განწყობას ინარჩუნებდნენ. ეს კარგად ჩანს მათი წერილებიდან, რომლებსაც ისინი საფრანგეთში მსახურებიდან ათწლეულების გასვლის შემდეგ დროდადრო წერდნენ ფილიალს. ერთმა ცხებულმა დამ, ენი ქრეჯინმა, რომელმაც მეუღლესთან ერთად მთელი საფრანგეთი 1931—1935 წლებში შემოიარა, განვლილი დროის შესახებ ფილიალს მისწერა: «ჩვენ ბედნიერი და საინტერესო ცხოვრება გვქონდა. პიონერები ერთმანეთთან ვთანამშრომლობდით. როგორც პავლე მოციქულმა თქვა, „მე დავრგე, აპოლოსმა მორწყო, მაგრამ ღმერთმა გაზარდა“. ეს სიტყვები დღემდე გვამხნევებს ჩვენ, ვისაც შესაძლებლობა გვქონდა, წლების წინ საფრანგეთში გვექადაგა» (1 კორ. 3:6).

ამ პიონერებმა მოთმინებისა და ენთუზიაზმის უბადლო მაგალითი დაუტოვეს მათ, ვისაც მსახურების გაფართოება სწადია. დღესდღეობით საფრანგეთში დაახლოებით 14 000 პიონერია. ბევრი მათგანი უცხოენოვან ჯგუფებსა და კრებებში მსახურობს. * წინამორბედთა მსგავსად, ისინიც ერთგულად ემსახურებიან ღმერთს და ვერც მათ აჩერებს ვერავინ და ვერაფერი ამ ცისქვეშეთში (ჩვენი არქივიდან, საფრანგეთი).

^ აბზ. 4 საფრანგეთში პოლონელი იმიგრანტების საქმიანობის შესახებ იხილეთ 2015 წლის 15 აგვისტოს „საგუშაგო კოშკში“ სტატია „იეჰოვამ საფრანგეთში ჭეშმარიტების გასაგებად ჩამოგიყვანათ“.

^ აბზ. 13 2014 წლისთვის საფრანგეთის ფილიალი ზედამხედველობას უწევდა 900-ზე მეტ უცხოენოვან კრებასა თუ ჯგუფს, რომლის წევრებიც ჭეშმარიტებას მოწყურებულ ადამიანებს 70 ენაზე უქადაგებდნენ.