წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) ნოემბერი 2015

სამეფოს მმართველობის 100 წელი

სამეფოს მმართველობის 100 წელი

„მშვიდობის ღმერთმა . . . აღგჭურვოთ ყოველივე კარგით თავისი ნების შესასრულებლად“ (ებრ. 13:20, 21).

სიმღერები: 136, 14

1. რამდენად მნიშვნელოვანი იყო იესოსთვის ქადაგება? ახსენით.

იესოს ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგება უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა. თუ ბიბლიას თვალს გადავავლებთ, დავინახავთ, რომ ის ყველაზე ხშირად სამეფოზე საუბრობდა; მაგალითად, დედამიწაზე მსახურების განმავლობაში ქრისტე სამეფოს თემას 100-ზე მეტჯერ შეეხო. დიახ, იესოსთვის ღვთის სამეფო უაღრესად მნიშვნელოვანი იყო (წაიკითხეთ მათეს 12:34).

2. სავარაუდოდ, რამდენმა ადამიანმა მოისმინა უშუალოდ იესოსგან მათეს 28:19, 20-ში ჩაწერილი მითითება და რას მივყავართ ამ დასკვნამდე?

2 იესო მკვდრეთით აღდგომიდან მალევე ეჩვენა 500-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც მომავალში სამეფოს მაუწყებლები გახდებოდნენ (1 კორ. 15:6). შესაძლოა სწორედ ამ დროს დაავალა ქრისტემ მათ, რომ სამეფოს შესახებ ცნობა ყველა ერის ადამიანისთვის ექადაგათ, რაც იმ დროისთვის არცთუ ისე იოლი საქმე იყო. * იესოს წინასწარმეტყველების თანახმად, ეს დიდებული საქმე ქვეყნიერების აღსასრულამდე უნდა გაგრძელებულიყო და ეს ასეც ხდება. ალბათ, თქვენც მონაწილეობთ  ამ დავალების შესრულებაში, რითაც ხელს უწყობთ წინასწარმეტყველების შესრულებას (მათ. 28:19, 20).

3. რით აღგვჭურვა ღმერთმა, რომ სასიხარულო ცნობა გვექადაგა?

3 როცა იესომ შეკრებილთ ქადაგების საქმე დაავალა, დაჰპირდა, რომ მათთან იქნებოდა (მათ. 28:20). აქედან გამომდინარე, ამ მასშტაბურ სამქადაგებლო საქმეს იგი თავად უხელმძღვანელებდა. ჩვენ ღმერთმა აღგვჭურვა „ყოველივე კარგით“, რათა თავი გავართვათ ქრისტეს დავალებას (ებრ. 13:20, 21). ამ სტატიაში ვისაუბრებთ ზოგიერთ საშუალებაზე, რასაც „ყოველივე კარგი“ მოიცავს: 1) „იარაღები“, 2) მეთოდები და 3) მომზადება. მოდი, ჯერ მიმოვიხილოთ ზოგიერთი „იარაღი“, რომელსაც გასული 100 წლის განმავლობაში ვიყენებდით.

მეფე მსახურებს ქადაგებისთვის აღჭურავს

4. რატომ ვიყენებდით სხვადასხვა „იარაღს“?

4 იესომ სამეფოს შესახებ სიტყვა თესლის სხვადასხვა ნიადაგზე თესვას შეადარა (მათ. 13:18, 19). მებაღემ თესვამდე მიწა შესაძლოა არაერთი იარაღით დაამუშაოს. მსგავსადვე, ჩვენი მეფე წლების განმავლობაში აღგვჭურავდა „იარაღებით“, რათა მილიონობით ადამიანის გული სამეფოს შესახებ ცნობის მისაღებად მოგვემზადებინა. ამათგან ზოგი „იარაღი“ ხანმოკლე დროით გამოგვადგა, ზოგსაც დღემდე ვიყენებთ. თუმცა თითოეული „იარაღი“ დაგვეხმარა, რომ დავხვეწილიყავით როგორც მახარობლები.

5. რა იყო სამქადაგებლო ბარათები და როგორ იყენებდნენ მაუწყებლები მათ?

5 ერთ-ერთი „იარაღი“ გახლდათ სამქადაგებლო ბარათები, რითაც 1933 წელს ბევრმა მაუწყებელმა ქადაგება დაიწყო. ეს ბარათები მცირე ზომისა (7,6 x 12,7 სმ) იყო და მოკლე ბიბლიურ ინფორმაციას შეიცავდა. დროდადრო მათი შინაარსი იცვლებოდა. მაუწყებლები მობინადრეებს ბარათს მეტად მარტივად წარუდგენდნენ. ჩარლზ ერლენმაიერი დაახლოებით ათი წლისა იყო, როცა სამქადაგებლო ბარათებით მსახურება დაიწყო. მან აღნიშნა: «საუბარს ასე ვიწყებდით: „გთხოვთ, გაეცანით ამ ბარათს“. მას შემდეგ, რაც მობინადრე წაიკითხავდა მას, ლიტერატურას ვთავაზობდით და გზას ვაგრძელებდით».

6. რა მხრივ იყო პრაქტიკული სამქადაგებლო ბარათები?

6 სამქადაგებლო ბარათები სხვა მხრივაც დიდ სამსახურს უწევდა მაუწყებლებს. ზოგ მაუწყებელს ძლიერ სურდა ქადაგება, თუმცა მორიდებული იყო და არ იცოდა, რა ეთქვა. ზოგი კი პირიქით, საკმაოდ გაბედული იყო. მართალია, მათ რამდენიმე წუთში შეეძლოთ მობინადრისთვის ეთქვათ ყველაფერი, რაც იცოდნენ, მაგრამ ყოველთვის ტაქტიანობას როდი ავლენდნენ. სამქადაგებლო ბარათებში კი კარგად შერჩეული სიტყვებით მოკლედ იყო ჩამოყალიბებული სათქმელი და ისინი, შეიძლება ითქვას, მაუწყებლების ნაცვლად ლაპარაკობდნენ.

7. რა სირთულეებს ხვდებოდნენ და-ძმები ბარათებით მსახურებისას?

7 თუმცა იყო სირთულეებიც. ერთი გამოცდილი მაუწყებელი, გრეის ისტეპი, იხსენებდა: «ზოგჯერ, როცა ხალხს სამქადაგებლო ბარათს ვთავაზობდით, გვეკითხებოდნენ: „რა წერია ამ ბარათში? თქვენ ვერ მეტყვით?“». უფრო მეტიც, ზოგმა კითხვაც არ იცოდა. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მაუწყებლებს ბარათებს ართმევდნენ და კარს ხურავდნენ. აგრესიული მობინადრეები კი ზოგჯერ ბარათებს ხევდნენ. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი და-ძმები მაინც ქადაგებდნენ და ამგვარად საზოგადოებას სამეფოს წარმომადგენლებად აცნობდნენ თავს.

8. როგორ იყენებდნენ მაუწყებლები პატეფონებს? (იხილეთ სურათი 26-ე გვერდზე)

8 სხვა „იარაღი“, რომელსაც ღვთის მსახურები 1930-იან წლებსა და 1940-იანი წლების დასაწყისში იყენებდნენ, პატეფონი იყო; მას და-ძმები მეტსახელად „აარონს“ ეძახდნენ, ვინაიდან ეს მოწყობილობა მათ მაგივრად საუბრობდა (წაიკითხეთ გამოსვლის 4:14—16). მობინადრის ნებართვით, მაუწყებელს შეეძლო მისთვის ოთხწუთ-ნახევრიანი ბიბლიური მოხსენება ჩაერთო და შემდეგ რაიმე  ლიტერატურა შეეთავაზებინა. ხანდახან ბიბლიური მოხსენებების ჩანაწერის მოსასმენად რამდენიმე ოჯახი ერთად იკრიბებოდა. 1934 წელს საზოგადოება „საგუშაგო კოშკმა“ პატეფონების გამოშვება დაიწყო, რომლებსაც მაუწყებლები მსახურების დროს იყენებდნენ. მთლიანობაში, არსებობდა 92 ბიბლიური მოხსენების ჩანაწერი.

9. რამდენად შედეგიანი აღმოჩნდა პატეფონით ქადაგება?

9 ერთმა მობინადრემ, ჰილარი გოსლინმა, ბიბლიური მოხსენების მოსმენის შემდეგ მაუწყებელს სთხოვა, რომ პატეფონი ერთი კვირით ეთხოვებინა, რათა სამეფოს შესახებ ცნობა მეზობლებისთვისაც გაეგებინებინა. როცა მაუწყებელმა ჰილარის მიაკითხა, მას იქ რამდენიმე დაინტერესებული დახვდა. განვლო ხანმა და დაინტერესებულებიდან ზოგმა იეჰოვას მიუძღვნა თავი; ჰილარის ორმა ქალიშვილმა კი სკოლა „გალაადი“ დაამთავრა და მისიონერად დაინიშნა. სამქადაგებლო ბარათების მსგავსად, პატეფონებიც დიდად წაადგა და-ძმებს ქადაგების დაწყებაში. მოგვიანებით, იეჰოვამ თავისი მსახურები ქადაგებისთვის თეოკრატიული მსახურების სკოლის დახმარებითაც მოამზადა.

მიმართეთ ყველა მეთოდს და უქადაგეთ ხალხს

10, 11. როგორ გამოიყენებოდა გაზეთები და რადიო ბიბლიური ჭეშმარიტების საუწყებლად და რატომ იყო ეს მეთოდები ეფექტიანი?

10 ღვთის ხალხმა მეფის ხელმძღვანელობით სხვადასხვა მეთოდსაც მიმართა; მათი მიზანი იყო, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის ექადაგათ სასიხარულო ცნობა. ასეთი მეთოდებით მსახურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან „მუშები“ ცოტანი იყვნენ (წაიკითხეთ მათეს 9:37). XX საუკუნის დასაწყისში იეჰოვას ხალხი იქ, სადაც ისინი თითზე ჩამოსათვლელნი იყვნენ, ფართო მასებს სასიხარულო ცნობას გაზეთების მეშვეობით ამცნობდნენ. ძმა რასელი თავის ქადაგებას ბეჭდვითი სიტყვის სააგენტოს ტელეგრაფით ყოველკვირეულად უგზავნიდა. ეს სააგენტო კი ამ მოხსენებას შეერთებული შტატების, კანადისა და ევროპის გაზეთებს გადასცემდა. 1913 წლისთვის ძმა რასელის ქადაგებები 2 000 გაზეთში იბეჭდებოდა; მათ დაახლოებით 15 მილიონი ადამიანი გაეცნო.

11 რასელის გარდაცვალების შემდეგ ღვთის ხალხმა სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად კიდევ ერთ მეთოდს მიმართა. 1922 წლის 16 აპრილს შედგა ძმა რუტერფორდის მოხსენების ერთ-ერთი პირველი რადიოტრანსლაცია, რომელიც დაახლოებით 50 000-მა ადამიანმა მოისმინა. შემდეგ, 1924 წლის 24 თებერვალს ჩვენი ორგანიზაციის პირველმა რადიოსადგურმა, WBBR-მა დაიწყო რადიომაუწყებლობა. ქადაგების ამ ახალი მეთოდის შესახებ 1924 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკში“ ეწერა: „მიგვაჩნია, რომ რადიო ყველაზე იაფი და ეფექტიანი საშუალებაა, რაც კი აქამდე გამოგვიყენებია ჭეშმარიტების გასავრცელებლად“. გაზეთის მსგავსად, რადიოც საუკეთესო მეთოდი აღმოჩნდა ფართო მასებისთვის სასიხარულო ცნობის საქადაგებლად იმ ტერიტორიებზე, სადაც სამეფოს თითო-ოროლა მაუწყებელი ცხოვრობდა.

სამეფოს მაუწყებლები ქადაგებენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და ხალხის ყურადღებას ჩვენი ვებ-გვერდისკენ jw.org მიმართავენ (იხილეთ მე-12 და მე-13 აბზაცები)

12. ა) პირადად თქვენ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მსახურების რომელი ფორმა მოგწონთ ყველაზე მეტად? ბ) რა დაგვეხმარება, დავძლიოთ შიში და ვიქადაგოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში?

12 დღესდღეობით აქტიურად ვმსახურობთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში: ჩვენ ვქადაგებთ ავტობუსის გაჩერებებზე, მატარებლის სადგურებში, ავტოსადგომებზე, მოედნებსა და მაღაზიებში. თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქადაგება გეძნელებათ, ილოცეთ და დაფიქრდით ერთი გამოცდილი სარაიონო ზედამხედველის, ანჯელო მანერას, სიტყვებზე: „მიგვაჩნდა, რომ თუ ყოველ ახალ მეთოდს დავნერგავდით მსახურებაში, კიდევ უფრო მეტს გავაკეთებდით იეჰოვასთვის, კიდევ უფრო მეტად დავუმტკიცებდით მას ერთგულებას და კიდევ ერთხელ გამოვცდიდით საკუთარ უმწიკვლობას; ჩვენ ერთი სული გვქონდა, რომ იეჰოვასთვის გვემსახურა ისე, როგორც თავად გვთხოვდა“. თუ საკუთარ თავს მოერევით, ფეხს აუწყობთ სიახლეებს და ახალი მეთოდებით იმსახურებთ,  განიმტკიცებთ იეჰოვასადმი ნდობასა და რწმენას, რაც თქვენსავე სულიერ კეთილდღეობას შეუწყობს ხელს (წაიკითხეთ 2 კორინთელების 12:9, 10).

13. ა) რატომ არის ვებ-გვერდით jw.org მსახურება ქადაგების წარმატებული მეთოდი? ბ) შეგიძლიათ გაიხსენოთ გამამხნევებელი შემთხვევები?

13 ბევრ მაუწყებელს ძალიან სიამოვნებს, როცა ხალხის ყურადღებას ჩვენი ვებ-გვერდისკენ jw.org მიმართავს, საიდანაც მათ შეუძლიათ ბიბლიაზე დაფუძნებული ლიტერატურის 700-ზე მეტ ენაზე წაკითხვა და ჩამოტვირთვა. ჩვენს ვებ-გვერდს ყოველდღიურად 1,6 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს. როგორც წარსულში რადიო, ისე დღეს ვებ-გვერდი სასიხარულო ცნობას აუწყებს ადამიანებს, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი, დაშორებულ ადგილებშიც კი.

სასიხარულო ცნობის მქადაგებელთა მომზადება

14. რა მომზადება სჭირდებოდათ სამეფოს მაუწყებლებს და რომელი სკოლის დახმარებით გახდნენ ისინი კარგი მასწავლებლები?

14 ზემოთ ვისაუბრეთ ზოგიერთ „იარაღსა“ თუ მეთოდზე, რამაც სასიხარულო ცნობის ქადაგებას შეუწყო ხელი. თუმცა საინტერესოა, რა მომზადება გაიარეს სამეფოს მაუწყებლებმა? მაგალითად, თუ მობინადრე ბიბლიური მოხსენების ჩანაწერის მოსმენის შემდეგ რომელიმე საკითხს არ ეთანხმებოდა ან სამქადაგებლო ბარათის წაკითხვისას ინტერესს ავლენდა, მაუწყებლებს უნდა სცოდნოდათ, პირველ შემთხვევაში, როგორ გადაელახათ წინააღმდეგობა და ეს ტაქტიანად გაეკეთებინათ, ხოლო მეორე შემთხვევაში, ესწავლებინათ ოსტატურად. ცხადია, ღვთის სულით აღძრულმა ძმა ნეითან ნორმა დაინახა მაუწყებლების მომზადების საჭიროება, რათა მათ ღვთისგან ბოძებული მეტყველების უნარი მსახურებაში სათანადოდ გამოეყენებინათ. შედეგად, 1943 წელს კრებებში ამოქმედდა თეოკრატიული მსახურების სკოლა. ამ სკოლის დახმარებით მაუწყებლები ღვთის სიტყვის კარგი მასწავლებლები გახდნენ.

15. ა) რა შეემთხვა ზოგს თეოკრატიული მსახურების სკოლაში დავალებით გამოსვლისას? ბ) როგორ გამართლდა ფსალმუნის 32:8-ში ჩაწერილი იეჰოვას დაპირება თქვენზე?

15 ბევრისთვის ადვილი არ იყო აუდიტორიის წინაშე საუბარი. ხულიო რამუ იხსენებდა თავის პირველ მოხსენებას, რომლითაც იგი თეოკრატიული მსახურების სკოლაში 1944 წელს გამოვიდა. მას დოეგის შესახებ უნდა ესაუბრა ანუ იმ კაცის შესახებ, რომელიც ბიბლიის მხოლოდ ხუთ მუხლშია ნახსენები. ხულიო ყვებოდა: „მუხლებს ვერ ვიმორჩილებდი, ხელები მიცახცახებდა და ყბა მიკანკალებდა“. ერთიცაა, მას მთელი მოხსენება მხოლოდ ამ ხუთ მუხლზე უნდა აეგო. იგი განაგრძობს: „მოხსენება სამ წუთში წავიკითხე. მართალია, ცხოვრებაში პირველად მივმართე აუდიტორიას ტრიბუნიდან, მაგრამ  ამ სირთულეს თავი გავართვი“. თეოკრატიული მსახურების სკოლაში ბავშვებიც იღებდნენ მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ ზოგისთვის კრების წინაშე მოხსენებით გამოსვლა ნამდვილად არ იყო ადვილი. ანჯელო მანერას, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, კარგად ახსოვდა ერთი პატარა ბიჭუნას პირველი გამოსვლა თეოკრატიული მსახურების სკოლაში; ის საჯარო სკოლაში ახალი შესული იყო. ანჯელო გვიამბობს: „ის ისე ნერვიულობდა, რომ ლაპარაკის დაწყებისთანავე ტირილი აუტყდა. თუმცა ეტყობოდა, რომ საუბრის შეწყვეტას არ აპირებდა; მან მთელი მოხსენება სლუკუნ-სლუკუნით წარმოთქვა“. პირადად თქვენ, თუ შეგიკავებიათ თავი სიმორცხვისა თუ სხვა მიზეზის გამო კომენტარის გაკეთებისგან ან კრების შეხვედრის პროგრამაში რაიმე სახით მონაწილეობის მიღებისგან? თუ ასეა, სთხოვეთ იეჰოვას, რომ დაგაძლევინოთ შიში. ღმერთი თქვენც ისევე დაგეხმარებათ, როგორც თეოკრატიული მსახურების სკოლის პირველ მოსწავლეებს დაეხმარა (წაიკითხეთ ფსალმუნის 32:8).

16. ა) რა მიზანს მოემსახურა სკოლა „გალაადი“ უწინ? ბ) რა მიზანს ემსახურება ეს სკოლა 2011 წლის შემდეგ?

16 იეჰოვას ხალხის მომზადება მხოლოდ თეოკრატიული მსახურების სკოლით არ შემოიფარგლება. მისიონერებმა და სხვა სრული დროით მსახურებმა დიდი ცოდნა და გამოცდილება მიიღეს სკოლა „გალაადში“. „გალაადის“ სკოლის ერთ-ერთი მასწავლებლის სიტყვების თანახმად, ამ სკოლის მიზანია, რომ „მოსწავლეებს გაუღვივდეთ სამახარობლო საქმის შესრულების სურვილი“. სკოლა „გალაადი“ 1943 წელს დაარსდა და იმ დროიდან მოყოლებული 8 500-ზე მეტი მაუწყებელი მოამზადა. „გალაადის“ კურსდამთავრებულები დაახლოებით 170 ქვეყანასა თუ ტერიტორიაზე გაიგზავნენ. განხორციელებული ცვლილების შედეგად, 2011 წლიდან ამ სკოლაში სწავლის შესაძლებლობა ეძლევათ მხოლოდ სპეციალური სრული დროით მსახურებს — სპეციალურ პიონერებს, მიმომსვლელ ზედამხედველებს, ბეთელელებს ან იმ მისიონერებს, რომელთაც ეს სასწავლო კურსი ჯერ არ გაუვლიათ.

17. რამდენად შედეგიანი აღმოჩნდა სკოლა „გალაადის“ სასწავლო კურსის გავლა?

17 რამდენად შედეგიანი აღმოჩნდა სკოლა „გალაადის“ სასწავლო კურსის გავლა? მოვიყვანოთ მაგალითი. 1949 წლის აგვისტოს თვეში იაპონიაში ადგილობრივ მაუწყებელთა რიცხვი ათზე ნაკლებს შეადგენდა. თუმცა იმავე წლის დასასრულს „გალაადის“ კურსდამთავრებული 13 მისიონერი იქ უკვე აქტიურად ქადაგებდა. ამჟამად იაპონიაში დაახლოებით 216 000 მაუწყებელია და მათგან თითქმის 42 პროცენტი პიონერია!

18. დაასახელეთ ზოგიერთი სკოლა, რომელმაც იეჰოვას ხალხის სულიერ წინსვლას შეუწყო ხელი.

18 იეჰოვას ხალხის სულიერ წინსვლას მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი ისეთმა სკოლებმა, როგორიცაა: სამეფო მსახურების სკოლა, პიონერული მსახურების სკოლა, სამეფოს მახარობელთა სკოლა, სკოლა მიმომსვლელი ზედამხედველებისა და მათი მეუღლეებისთვის და სკოლა ფილიალის კომიტეტის წევრებისა და მათი მეუღლეებისთვის. დიახ, არავის გვეპარება ეჭვი, რომ მეფე თავის ქვეშევრდომთა მომზადებას განაგრძობს!

19. რა თქვა ჩარლზ რასელმა სამქადაგებლო საქმის თაობაზე და როგორ გამართლდა მისი ნათქვამი?

19 ღვთის სამეფოს დაბადებიდან 100 წელზე მეტი გავიდა. ჩვენი მეფე, იესო ქრისტე, კვლავაც გვამზადებს. ჩარლზ რასელმა 1916 წელს, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, განჭვრიტა, თუ რა მასშტაბებს მიიღებდა სამქადაგებლო საქმე. მან ერთ-ერთ თანამოაზრეს უთხრა: „საქმე ძალიან სწრაფად მიიწევს წინ და უფრო დაჩქარდება, რადგან სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა უნდა ექადაგოს მთელ მსოფლიოს“ („რწმენის მარში“, ა. მაკმილანი, გვ. 69 [ინგლ.]). ძმა რასელი არ ცდებოდა. რაოდენ მადლიერნი ვართ, რომ მშვიდობის ღმერთი კვლავაც „აღგვჭურავს“ ყველაზე დიდებული საქმის საკეთებლად! ნამდვილად, იგი უზრუნველგვყოფს „ყოველივე კარგით“, რათა შევასრულოთ მისი ნება!

^ აბზ. 2 ჩვენ საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს, გვჯეროდეს, რომ მათგან, ვინც იესოს მითითება მოისმინა, უმრავლესობა ქრისტიანი გახდა. კორინთელებისადმი მიწერილ წერილში პავლე მოციქული ჯერ „ხუთასზე მეტ ძმას“ იხსენიებს, შემდეგ კი დასძენს: „[მათგან] უმრავლესობა ცოცხალია, ზოგმა კი სიკვდილის ძილით დაიძინა“. როგორც ჩანს, პავლე და პირველ საუკუნეში მცხოვრები სხვა ქრისტიანები პირადად იცნობდნენ მათ, ვისაც უშუალოდ იესოსგან ჰქონდა მიღებული დავალება.