წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) ნოემბერი 2015

აღზარდეთ მოზარდები იეჰოვას მსახურებად!

აღზარდეთ მოზარდები იეჰოვას მსახურებად!

„ემატებოდა იესოს სიბრძნე, იზრდებოდა და უფრო მეტ კეთილგანწყობილებას იხვეჭდა ღვთისა და ადამიანთა თვალში“ (ლუკ. 2:52).

სიმღერები: 41, 89

1, 2. ა) რა აფიქრებთ მოზარდების მშობლებს? ბ) როგორ შეუძლიათ ქრისტიან ახალგაზრდებს, საუკეთესოდ გამოიყენონ მოზარდობის წლები?

ერთ-ერთი უბედნიერესი მოვლენა ქრისტიანი მშობლის ცხოვრებაში შვილის ნათლობაა. ბერენისს სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავს. ისინი 14 წლისანიც კი არ იყვნენ, როცა თავი იეჰოვას მიუძღვნეს. ბერენისი იხსენებს: „შვილების ნათლობა ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მოვლენა იყო ჩვენს ცხოვრებაში. ძალიან ბედნიერები ვიყავით, რომ ბავშვებს გულში იეჰოვას მსახურების სურვილი უღვიოდათ“. იგი დასძენს: „თუმცა ისიც კარგად გვესმოდა, რომ ჩვენი მოზარდები ვერც სირთულეებს აუვლიდნენ გვერდს“. მშობლებო, თუ თქვენი შვილიც მოზარდია ან დღეს თუ ხვალ შეაბიჯებს გარდატეხის ასაკში, ალბათ, ხვდებით, რა აფიქრებდა ბერენისს.

2 ერთი პროფესორი ბავშვთა ფსიქოლოგიის დარგში აღნიშნავს, რომ მოზარდობის წლები შესაძლოა საკმაოდ რთულად გადასალახი პერიოდი აღმოჩნდეს როგორც მშობლისთვის, ისე ახალგაზრდისთვის. იგი დასძენს: „მოზარდობის ხანა სიგიჟისა და უმწიფრობის პერიოდი არ გახლავთ. ეს ახალგაზრდის ცხოვრებაში განსაკუთრებული ეტაპია; მას ამ დროს მოზღვავებული აქვს ემოციები, იმავდროულად, მასში იღვიძებს სოციუმთან ურთიერთობის მოთხოვნილება და შემოქმედებითი უნარები“. ეს პერიოდი თქვენს შვილებს შეუძლიათ გამოიყენონ იმისათვის, რომ უფრო  მეტად დაუმეგობრდნენ იეჰოვას, დაისახონ გონივრული მიზნები, თავი მიუძღვნან ღმერთს და იცხოვრონ ქრისტიანულად. ისინი შესაძლოა პირადი გამოცდილებით დარწმუნდნენ, რომ მოზარდობის წლები სულიერი ზრდისთვის საუკეთესო პერიოდია; სწორედ ასე მოხდა იესოს შემთხვევაში (წაიკითხეთ ლუკას 2:52). პირადად თქვენ, როგორც მშობელს, როგორ შეგიძლიათ, ცხოვრების ამ გარდამტეხ ეტაპზე შვილს სწორი არჩევნის გაკეთებაში დაეხმაროთ? მოდი, ამ სტატიაში განვიხილოთ, თუ როგორ გამოავლინა იესომ, უკვე ზრდასრულ ასაკში, სიყვარული, თავმდაბლობა და წვდომის უნარი. ისიც ვნახოთ, თქვენ როგორ დაგეხმარებათ ეს თვისებები, იეჰოვას მსახურად აღზარდოთ შვილი.

გამოხატეთ სიყვარული

3. რატომ შეეძლო იესოს, მოციქულებისთვის მეგობრები ეწოდებინა?

3 იესო ერთგული და მოსიყვარულე მეგობარი იყო (წაიკითხეთ იოანეს 15:15). ბიბლიურ დროში, ბატონი, როგორც წესი, საკუთარ გრძნობებსა თუ ფიქრებზე მონებთან არ საუბრობდა. თუმცა იესო თავისი ერთგული მოციქულებისთვის ბატონიც იყო და მეგობარიც. ის მათთან ერთად ატარებდა დროს, თავის გრძნობებზე ესაუბრებოდა და მათაც გულისყურით უსმენდა, როცა გულს უღვრიდნენ (მარ. 6:30—32). ასეთი ურთიერთობის წყალობით, მათ შორის თბილი და მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. იესოსთან განსაკუთრებულმა სიახლოვემ მოციქულები ღვთის მსახურებაში პასუხისმგებლობების მისაღებადაც მოამზადა.

4. მშობლებო, როგორ შეგიძლიათ შვილებთან დამეგობრება? (იხილეთ სურათი მე-8 გვერდზე)

4 ორი შვილის მამა, მაიკლი, გვიზიარებს: „მართალია, ჩვენი შვილების თანატოლები ვერ გავხდებით, მაგრამ დამეგობრებას რა უდგას წინ?!“. მეგობრები დროს ერთად ატარებენ. მშობლებო, ილოცეთ და დაფიქრდით, ხომ არ შეგიძლიათ თქვენს განრიგში ცვლილებების შეტანა, რათა უფრო მეტი დრო დაუთმოთ შვილებს. ჩვეულებრივ, მეგობრებს საერთო ინტერესები აქვთ. შეეცადეთ, თქვენც პოვოთ სიხარული იმაში, რაც თქვენს შვილს სიამოვნებს. მაგალითად, მოუსმინეთ მის საყვარელ მუსიკას, უყურეთ მისთვის საყვარელ ფილმებს და დაინტერესდით სპორტის იმ სახეობით, რომელიც მას უყვარს. ერთი იტალიელი და, ილარია, ამბობს: „მუსიკას, რასაც მე ვუსმენდი, ჩემი მშობლებიც უსმენდნენ. მამა ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა და პირად საკითხებზეც თამამად ვესაუბრებოდი“. მშობლებო, როცა თქვენს მოზარდ შვილს უმეგობრდებით და იეჰოვასთან დაახლოებაში ეხმარებით, ნუ იფიქრებთ, რომ ამით თქვენი, როგორც მშობლის, როლი კნინდება (ფსალმ. 25:14). პირიქით, ამით აჩვენებთ, რომ გიყვართ ისინი და პატივს სცემთ მათ; ეს ბავშვებს თავის მხრივ, თქვენთან მოსვლასა და საკუთარ გულისტკივილზე საუბარს გაუადვილებს.

5. როგორ დაეხმარა იესო თავის მოწაფეებს, რომ საკუთარ თავზე გამოეცადათ ღვთის მსახურებით გამოწვეული სიხარული?

5 იესოს მთელი გულით სურდა, რომ მის საყვარელ მოწაფეებსა და მეგობრებს საკუთარ თავზე გამოეცადათ ღვთის მსახურებით გამოწვეული სიხარული. სწორედ ამიტომ უნდოდა მას, რომ მოწაფეები მთელი გულით ჩაბმულიყვნენ სულიერ საქმეებში. დიახ, იესოს სურდა, რომ მათ გულმოდგინება გამოეჩინათ მოწაფეების მომზადების საქმეში. უფალმა სიყვარული გამოავლინა მოწაფეების მიმართ და დაარწმუნა, რომ მხარს დაუჭერდა, რათა წარმატებით გაერთმიათ თავი დავალებისთვის (მათ. 28:19, 20).

6, 7. რატომ არის მშობლების მხრიდან სიყვარულის მაჩვენებელი სულიერი განრიგის შედგენა და მისი ფეხდაფეხ მიყოლა?

6 მშობლებო, უდავოა, თქვენ გსურთ, რომ თქვენმა შვილებმა შეინარჩუნონ სულიერი სიფხიზლე. ღმერთს სურს, რომ შვილები მის მოსაწონად აღზარდოთ და დაარიგოთ (ეფეს. 6:4). ასე რომ, ისარგებლეთ ღვთისგან ბოძებული პასუხისმგებლობით — შეადგინეთ სულიერი განრიგი და ფეხდაფეხ მიჰყევით მას. მაგალითისთვის: მშობლებო, თქვენ გსურთ, რომ თქვენმა შვილებმა განათლება მიიღონ, ვინაიდან გესმით, რომ განათლება აუცილებელია; ეს რომ გესმით, ამიტომაც ცდილობთ, რომ მათ სწავლა შეაყვაროთ. ამის მსგავსად, მოსიყვარულე მშობლები ყველაფერს აკეთებენ, რომ შვილებმა კრების შეხვედრებსა თუ სხვა სულიერ ღონისძიებებზე იეჰოვას დარიგება მოისმინონ. ვინაიდან ღვთიური განათლება ფასდაუდებელია, თქვენ ცდილობთ, რომ მოზარდებს სულიერი საკითხები შეაყვაროთ და ბიბლიური სიბრძნისადმი მადლიერება გაუღვივოთ (იგავ. 24:14). მშობლებო,  როგორც იესო ეხმარებოდა თავის მოწაფეებს, თქვენც ასევე დაეხმარეთ თქვენს მოზარდებს — ჩაუნერგეთ ღვთის სიტყვის სიყვარული და ხელი შეუწყვეთ, რომ რეგულარულად იქადაგონ; ამგვარად ისინი ღვთის წარმატებული მსახურები გახდებიან.

7 თქვენი აზრით, როგორ დაეხმარება მოზარდს სულიერი განრიგის მიყოლა? სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მცხოვრები ერინი ამბობს: „პატარაობაში ყოველთვის გვეზარებოდა ბიბლიის შესწავლა, კრების შეხვედრებზე დასწრება და მსახურება; ჩვენ ხშირად ვწუწუნებდით. ზოგჯერ ყველა ღონეს ვხმარობდით, რომ ოჯახური შესწავლა ჩაშლილიყო და ვაღწევდით კიდეც საწადელს. მაგრამ მშობლები ამ სირთულეს არ დანებებიან“. იგი დასძენს: „მშობლების მაგალითმა შეუპოვრობა მასწავლა. და, თუ დღეს რაიმე ხელს მიშლის სულიერი განრიგის მიყოლაში, ერთი სული მაქვს, ავინაზღაურო დანაკლისი. ჩემი მშობლების სიმტკიცე რომ არა, ასეთი მოშურნე ნამდვილად არ ვიქნებოდი. მათ რომ თავის დროზე ფარ-ხმალი დაეყარათ, დარწმუნებული ვარ, დღეს მე უმნიშვნელო მიზეზის გამოც კი გავაცდენდი კრების შეხვედრებსა თუ სხვა სულიერ ღონისძიებებს.“

გამოავლინეთ თავმდაბლობა

8. ა) საიდან გამოჩნდა, რომ იესოს კარგად ესმოდა თავისი კომპეტენციის ზღვარი? ბ) რა გავლენა იქონია იესოს თავმდაბლობამ მოწაფეებზე?

8 მართალია, იესო სრულყოფილი იყო, მაგრამ იგი თავმდაბლობას ავლენდა — მან კარგად იცოდა თავისი კომპეტენციის ზღვარი და სავსებით ენდობოდა ღმერთს (წაიკითხეთ იოანეს 5:19). ხომ არ აკნინებდა მას ეს თვისება მოწაფეების თვალში? არავითარ შემთხვევაში! პირიქით, რაც უფრო მეტად ენდობოდა იესო იეჰოვას, მით უფრო მეტად ენდობოდნენ მას თავისი მოწაფეები. მოგვიანებით, მათ სწორედ იესოს მიჰბაძეს თავმდაბლობის გამოვლენაში (საქ. 3:12, 13, 16).

9. რა გავლენა შეიძლება იქონიოს მოზარდზე თქვენ მიერ თავმდაბლად მოხდილმა ბოდიშმა და შეცდომების აღიარებამ?

9 ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია; ისიც აღსანიშნავია, რომ იესოსგან განსხვავებით, არასრულყოფილები ვართ და ბევრ შეცდომას ვუშვებთ. ჩვენ უნდა შეგვეძლოს ამის თავმდაბლად აღიარება (1 იოან. 1:8). პირადად თქვენ, როგორ უფროსს სცემდით უფრო მეტ პატივს — მას, ვისაც შეცდომის აღიარება არ უჭირს თუ მას, ვინც არასდროს იხდის ბოდიშს? როცა თქვენი მოზარდი შენიშნავს, რომ არასდროს გეთაკილებათ ბოდიშის მოხდა, დარწმუნებულნი იყავით, რომ ის მეტი პატივისცემით განეწყობა თქვენ მიმართ. შედეგად, დიდი ალბათობით, არც მას გაუჭირდება შეცდომების აღიარება. სამი ზრდასრული შვილის დედა, როზმარი, საკუთარი გამოცდილებიდან გვიზიარებს: „ჩვენ არ გვიჭირდა შეცდომების აღიარება; ეს ჩვენს შვილებსაც უადვილებდა პრობლემების დროს ჩვენთან თავისუფლად საუბარს. კარგად გვესმოდა ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობები, ამიტომ შვილებს ვასწავლიდით, თუ სად ეპოვათ გამოსავალი პრობლემების დროს. როდესაც მათ დახმარება სჭირდებოდათ, ყოველთვის ბიბლიაზე დაფუძნებულ ლიტერატურაზე მივუთითებდით და ერთად ვლოცულობდით“.

10. როგორ ავლენდა იესო თავმდაბლობას, როცა დავალებებს აძლევდა თავის მიმდევრებს?

10 მართალია, იესოს თავისი მიმდევრებისთვის დავალებების მიცემის უფლება ჰქონდა, მაგრამ მას ხშირად მიზეზებიც მოჰყავდა იმის ასახსნელად, თუ რატომ აძლევდა მათ ამა თუ იმ დავალებას. მაგალითად, მან თავის მიმდევრებს მხოლოდ კი არ დაავალა, რომ უპირველესად ღვთის სამეფო და მამის სიმართლე ეძებნათ, არამედ შემდეგი სიტყვებიც უთხრა: „სხვა დანარჩენი შეგემატებათ“. ამასთანავე, როცა მან თავის მოწაფეებს მოუწოდა, რომ აღარ გაესამართლებინათ, ისიც აუხსნა, თუ რატომ უნდა მოქცეულიყვნენ ასე: „რომ არც თქვენ გასამართლდეთ, რადგან რა სასამართლოთიც ასამართლებთ, იმავეთი გასამართლდებით“ (მათ. 6:31—7:2).

11. რატომ უნდა აუხსნათ შვილს დადგენილი წესისა თუ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზები, როცა ეს შესაძლებელია?

11 მშობლებო, როცა შესაძლებელია, აუხსენით შვილებს, თუ რა დგას თქვენ მიერ დადგენილი წესისა თუ მიღებული გადაწყვეტილების მიღმა. როცა მოზარდი თქვენს მოტივებს დაინახავს, ალბათ, ის უფრო ხალისით დაგემორჩილებათ. ერთი მამა, სახელად ბარი, რომელმაც ოთხი შვილი გაზარდა, გვიზიარებს: „როდესაც მოზარდებთან შენ მიერ მიღებული გადაწყვეტილების  მიზეზებზე საუბრობ, ისინი ხედავენ, რომ ამ გადაწყვეტილებებს საფუძვლად პირადი ახირება კი არა, საღი აზრი უდევს“. ყოველივე ამის წყალობით, მოზარდები ზრდასრულ პიროვნებებად ყალიბდებიან და გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებას სწავლობენ (რომ. 12:1). ბარი დასძენს: „მოზარდებმა უნდა ისწავლონ ბრძნული გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც ემოციებით არ იქნება ნაკარნახევი“ (ფსალმ. 119:34). მშობლებო, როდესაც თავმდაბლობას ავლენთ და მოზარდს უხსნით, თუ რატომ იღებთ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, იგი დაინახავს, რომ მას ზრდასრულ პიროვნებად მიიჩნევთ. ამგვარად ის ისწავლის, თუ როგორ მიიღოს გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად და გააზრებულად.

გამოავლინეთ წვდომის უნარი და გაუგეთ მოზარდს

12. როგორ გამოიყენა იესომ წვდომის უნარი პეტრეს დასახმარებლად?

12 იესო ავლენდა წვდომის უნარს და ესმოდა, თუ როდის საჭიროებდნენ მოწაფეები დახმარებას. მაგალითად, პეტრემ კარგი მოტივით ურჩია მას, რომ შეეწყალებინა თავი, რათა არ მოეკლათ. თუმცა იესომ უწყოდა, რომ პეტრეს მცდარი აზროვნება ჰქონდა და ამიტომ, აზროვნების შესასწორებლად მასა და სხვა მოციქულებს პირდაპირი რჩევა მისცა; მან მოციქულებს აუხსნა, თუ რა უარყოფითი შედეგები სდევს ეგოიზმს და რა კურთხევები ახლავს თავგანწირვის სულის გამოვლენას (მათ. 16:21—27). ბიბლიიდან ჩანს, რომ პეტრემ იესოსგან ნასწავლი შეისისხლხორცა (1 პეტ. 2:20, 21).

13, 14. ა) რა შეიძლება მოწმობდეს თქვენი მოზარდის შერყეულ რწმენაზე? ბ) როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ წვდომის უნარი, რომ გაუგოთ და დაეხმაროთ თქვენს მოზარდს?

13 იეჰოვას ლოცვაში წვდომის უნარი სთხოვეთ, რათა გაიგოთ, თუ რა სახის დახმარებას საჭიროებს თქვენი შვილი (ფსალმ. 32:8). მაგალითად, რამ შეიძლება მიგახვედროთ, რომ თქვენს შვილს რწმენა შეერყა? შესაძლოა ამის ნიშანი ის იყოს, რომ მას ბევრი რამ უწინდებურად აღარ ეხალისება, თანაქრისტიანების კრიტიკა დასჩემდა ან საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტა. თუკი ასეთ „სიმპტომებს“ შენიშნავთ, ნაჩქარევად ნუ დაასკვნით, რომ თქვენი მოზარდი გაორებულ ცხოვრებას ეწევა და სერიოზულ ცოდვას გიმალავთ. * თუმცა, ნურც წაუყრუებთ ასეთ „სიმპტომებს“ და ნუ ჩათვლით, რომ თუ შვილი გაგერიყათ, ეს ჩვეულებრივი რამაა.

ხელი შეუწყვეთ შვილებს კრების წევრებთან დამეგობრებაში (იხილეთ მე-14 აბზაცი)

14 იესოს მსგავსად, შვილს კითხვები რბილად და პატივისცემით დაუსვით. მოვიყვანოთ მაგალითი. თუ ჭიდან წყლით სავსე ვედროს დიდი სისწრაფით ამოიღებთ, დიდი ალბათობით  ის პირთამდე სავსე აღარ ამოგყვებათ. მსგავსად ამისა, თუ თქვენს მოზარდს კითხვებს დააყრით და პასუხის გაცემას აიძულებთ, ის შესაძლოა კიდევ უფრო ჩაიკეტოს საკუთარ თავში და ხელიდან გაუშვათ იმის შესაძლებლობა, რომ გაიგოთ, რას ფიქრობს და რას გრძნობს იგი (წაიკითხეთ იგავების 20:5). ზემოთ მოხსენიებული ილარია ამბობს: „გარდატეხის ასაკში გაორებული ვიყავი. იეჰოვას გზაზე დარჩენაც მსურდა და ვერც ჩემს ქვეყნიურ თანაკლასელებს ველეოდი. ეს შინაგანი ბრძოლა ჩემს განწყობაზეც აისახა, რაც მშობლებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. ერთ საღამოს მათ მითხრეს, რომ უგუნებობას მატყობდნენ და მკითხეს, რა იყო ამის მიზეზი. ცრემლები წამსკდა. მშობლებს ავუხსენი, თუ რაში იყო საქმე და შველა ვთხოვე. მათ გულში ჩამიკრეს; მითხრეს, რომ ესმოდათ ჩემი და დახმარებას დამპირდნენ“. ილარიას მშობლებმა დაუყოვნებლივ იზრუნეს, რომ იგი უფრო დაახლოებოდა კრების წევრებს და ახალი მეგობრები შეეძინა.

15. საიდან ჩანს, რომ იესო სხვებთან ურთიერთობისას წვდომის უნარს ავლენდა?

15 იესო წვდომის უნარის წყალობით თავის მოწაფეებში მათ ძლიერსა თუ სუსტ მხარეებს ამჩნევდა. მაგალითად, როდესაც ნათანაელმა შეიტყო, რომ იგი ნაზარეთიდან იყო, თქვა: „ნაზარეთიდან კარგს რას უნდა ელოდო?“ (იოან. 1:46). თქვენ რომ მოგესმინათ ასეთი აზრი ნათანაელისგან, რა შთაბეჭდილება შეგექმნებოდათ მასზე? შესაძლოა გეფიქრათ, რომ იგი კრიტიკული ადამიანი იყო, წინასწარაკვიატებული აზრი ჰქონდა და რწმენა აკლდა. თუმცა იესოს წვდომის უნარი დაეხმარა, რომ ნათანაელში კარგი დაენახა. მან მასზე თქვა: „აი ნამდვილი ისრაელი, რომელშიც არ არის ცბიერება“ (იოან. 1:47). იესოს გულების წაკითხვა შეეძლო და ამ უნარის დახმარებით ის სხვებში კარგს ხედავდა.

16. როგორ შეძლებთ, რომ თქვენს მოზარდს კარგი თვისებების განვითარებაში დაეხმაროთ?

16 მართალია, თქვენ გულების წაკითხვა არ ძალგიძთ, მაგრამ ღვთის დახმარებით თქვენ შეძლებთ, გამოავლინოთ წვდომის უნარი. გამოიყენებთ ამ უნარს იმისათვის, რომ თქვენს მოზარდში კარგი დაინახოთ? ერთი რამ ცხადია: არავის სურს, რომ „შფოთის ამტეხად“ იცნობდნენ. ამიტომაც, თქვენს მოზარდს ნურც პირდაპირ ეტყვით და ნურც გულში გაივლებთ, რომ იგი „მეამბოხე თინეიჯერი“ ან „პრობლემური ბავშვია“. მაშინაც კი, თუ თქვენი შვილი ზოგჯერ თქვენს მოლოდინს ვერ ამართლებს, უთხარით, რომ ამჩნევთ მასში პოტენციალს და იმის კეთების სურვილს, რაც სწორია. ყურადღებით იყავით, რათა მაშინ, როცა თქვენი შვილი ზრდასრული ადამიანივით მოიქცევა, შეაქოთ. როცა შესაძლებლობა მოგეცემათ, მეტი პასუხისმგებლობა მიანდეთ; ამგვარად მას კარგი თვისებების განვითარებაში დაეხმარებით. იესოც ასე ექცეოდა თავის მოწაფეებს. ნათანაელთან (ბიბლიაში მას ბართლომეც ეწოდება) პირველი შეხვედრიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ, იესომ იგი მოციქულად აირჩია და როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, იგი გულანთებული ქრისტიანი გახდა (ლუკ. 6:13, 14; საქ. 1:13, 14). გამხნევებისა და შექების წყალობით, თქვენი შვილი იგრძნობს, რომ ის ჩამოუყალიბებელი ადამიანი კი არაა, რომელსაც ვერაფერში ენდობი, არამედ მოწიფული ქრისტიანია, რომლის გამოყენებაც იეჰოვას მრავალმხრივ შეუძლია.

ენით აუწერელი სიხარული

17, 18. რა შედეგს გამოიღებს, თუ შვილების იეჰოვას მსახურებად აღსაზრდელად ძალისხმევას არ დაიშურებთ?

17 თუ მშობელი ხართ და მხრებზე შვილების აღზრდის პასუხისმგებლობა გაწევთ, შესაძლოა თავი მოციქულ პავლესავით იგრძნოთ, რომელიც ბევრისთვის სულიერი მამა იყო. მან დიდი გასაჭირი და გულისტკივილი გადაიტანა, ვინაიდან ძალიან უყვარდა კორინთელი ქრისტიანები, თავისი სულიერი შვილები (2 კორ. 2:4; 1 კორ. 4:15). ორი ვაჟისა და ერთი ქალიშვილის მამა, ვიქტორი, ამბობს: „გარდატეხის პერიოდი საკმაოდ რთულად გადავლახეთ. თუმცა იმ დიდ სიხარულთან, რასაც განვიცდიდით, სირთულეები რა მოსატანია. იეჰოვას დახმარებით, დავუმეგობრდით შვილებს“.

18 ბევრი იშრომეთ, რომ ბავშვები იეჰოვას მსახურებად აღზარდოთ. თუ მათ სიყვარულს აგრძნობინებთ, ნამდვილად გამოცდით ენით აუწერელ სიხარულს, როდესაც ისინი გაითავისებენ ჭეშმარიტებას და შეუერთდებიან მათ რიგებს, რომლებიც „ჭეშმარიტებაში დადიან“ (3 იოან. 4).

^ აბზ. 13 მშობლებს შესაძლოა წაადგეთ ის რჩევები, რომლებიც მოცემულია წიგნში „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, ტ. 1, გვ. 317 და ტ. 2, გვ. 136—141.