არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) ნოემბერი 2015

გიყვართ მოყვასი საკუთარი თავივით?

გიყვართ მოყვასი საკუთარი თავივით?

„მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“ (მათ. 22:39).

სიმღერები: 73, 36

1, 2. როგორ უსვამს ბიბლია ხაზს სიყვარულის გამოვლენის აუცილებლობას?

სიყვარული იეჰოვას უმთავრესი თვისებაა (1 იოან. 4:16). მისი პირველი ქმნილება, იესო, რომელმაც მილიარდობით წელი დაყო მამასთან ზეცაში, თავად დარწმუნდა, რომ იეჰოვა ყველაფერს სიყვარულით აკეთებს (კოლ. 1:15). იესოს მთელი არსებობა, მათ შორის დედამიწაზე გატარებული დრო, ერთ რამეზე მოწმობს: მას საუკეთესოდ ესმის, თუ რაოდენ მოსიყვარულე ღმერთია იეჰოვა და თავადაც ჰბაძავს მას ამ თვისების გამოვლენაში. ამრიგად, შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ იეჰოვა და იესო მთელი მარადიულობის განმავლობაში სიყვარულით გაგვიწევენ ხელმძღვანელობას.

2 როდესაც იესოს კითხვა დაუსვეს, თუ რომელი იყო კანონში უდიდესი მცნება, მან უპასუხა: «„გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“. ეს არის პირველი და უდიდესი მცნება. მეორე ამის მსგავსია: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“» (მათ. 22:37—39).

3. ვინ არის ჩვენი მოყვასი?

3 ყურადღება მიაქციეთ, რომ იესომ მოყვასის სიყვარული იეჰოვას სიყვარულის შემდეგ მოიხსენია. აქედან ჩანს, თუ  რამდენად მნიშვნელოვანია, ვავლენდეთ სიყვარულს ყველასთან. მაგრამ, ვინ არის ჩვენი მოყვასი? თუ დაქორწინებულები ვართ, ჩვენთვის უახლოესი მოყვასი მეუღლეა; გარდა ამისა, ჩვენთვის მოყვასს თანაქრისტიანები წარმოადგენენ, რომლებიც ჩვენ მსგავსად, ჭეშმარიტ ღმერთს სცემენ თაყვანს. მოყვასია ისიც, ვისაც მსახურებაში ვხვდებით. მოდი, ვნახოთ, როგორ უნდა გამოვავლინოთ მოყვასის სიყვარული ჩვენ, ვინც თაყვანს ვცემთ იეჰოვას და მივყვებით მისი ძის სწავლებებს.

გამოავლინეთ სიყვარული ცხოვრების თანამგზავრის მიმართ

4. როგორ შეგვიძლია, რომ არასრულყოფილების მიუხედავად, ბედნიერი ოჯახი გვქონდეს?

4 იეჰოვამ ადამი და ევა ერთმანეთისთვის შექმნა; ასე ჩაეყარა საფუძველი პირველ ქორწინებას. მას განზრახული ჰქონდა, რომ ადამსა და ევას ერთად და ბედნიერად ეცხოვრათ და დედამიწა თავიანთი შთამომავლებით აევსოთ (დაბ. 1:27, 28). თუმცა მას შემდეგ, რაც პირველმა წყვილმა იეჰოვას უზენაესობის წინააღმდეგ გაილაშქრა, ოჯახურ იდილიას წერტილი დაესვა და კაცობრიობამ ცოდვა და სიკვდილი იმემკვიდრა (რომ. 5:12). მიუხედავად ამისა, ბიბლიიდან ვიგებთ, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ბედნიერი ოჯახური ცხოვრება გვქონდეს. მასში ჩაწერილია საუკეთესო რჩევები დაქორწინებულთათვის; ეს რჩევები შეუფასებელია იმიტომ, რომ ისინი იეჰოვასგან, ქორწინების ინსტიტუტის დამფუძნებლისგან, მომდინარეობს (წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 3:16, 17).

5. რატომ უნდა გამოვავლინოთ სიყვარული მეუღლის მიმართ?

5 ღვთის სიტყვიდან ნათლად ჩანს, რომ სიყვარული — ურთიერთმიჯაჭვულობა, ესოდენ თბილი და ღრმა გრძნობა — აუცილებელია იმისათვის, რომ ადამიანებთან ურთიერთობა გვიხაროდეს. ამ გრძნობის გამოვლენა უპირველეს ყოვლისა მეუღლის მიმართ გვმართებს. პავლე მოციქულმა კორინთელებისთვის მიწერილ წერილში სწორედ ამ გრძნობაზე ისაუბრა: „სიყვარული სულგრძელი და კეთილია. სიყვარულს არ შურს, სიყვარული არ ტრაბახობს, არ ყოყოჩობს, უწესოდ არ იქცევა, თავისას არ ეძებს, არ ღიზიანდება და განაწყენებას არ ითვლის, უმართლობით არ ხარობს, არამედ ჭეშმარიტება ახარებს, ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს და ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება. წინასწარმეტყველების ძღვენი გაუქმდება, ენები შეწყდება, ცოდნაც გაუქმდება“ (1 კორ. 13:4—8). თუ ჩაუღრმავდებით ამ სიტყვებს და ცხოვრებაში გამოიყენებთ, დარწმუნებულნი იყავით, რომ თქვენ გაცილებით  ბედნიერი ოჯახური ცხოვრება გექნებათ.

ღვთის სიტყვაში მოცემული რჩევები დაგვეხმარება, გვქონდეს ბედნიერი ოჯახური ცხოვრება (იხილეთ მე-6 და მე-7 აბზაცები)

6, 7. ა) რას ამბობს ბიბლია მეთაურობის პრინციპის თაობაზე? ბ) როგორ უნდა მოექცეს ქრისტიანი ქმარი ცოლს?

6 ღვთის მიერ დადგენილი მეთაურობის პრინციპის გამო კიდევ უფრო საჭიროა სიყვარულის გამოვლენა. პავლე წერს: „მინდა იცოდეთ, რომ ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი კაცია, ქრისტეს თავი კი ღმერთია“ (1 კორ. 11:3). თუმცა მეთაურობა სხვაზე ბატონობას არ ნიშნავს. მაგალითად, იეჰოვა თავის ძეს სიყვარულით მეთაურობს და ისიც ემორჩილება მას. ძე რომ მთელი გულით აფასებს სიყვარულით გაწეულ ხელმძღვანელობას, მისი სიტყვებიდანაც ჩანს: „მამა მიყვარს“ (იოან. 14:31). იეჰოვა რომ დესპოტი მამა ყოფილიყო, დიდი ალბათობით, იესოს მისადმი ასეთი თბილი გრძნობები არ ექნებოდა.

7 მართალია, ქმარი ოჯახისთავია, მაგრამ ბიბლია მას ცოლის პატივისცემისკენ მოუწოდებს (1 პეტ. 3:7). ერთ-ერთი საშუალება, რითაც ქმარს შეუძლია ცოლისადმი პატივისცემა გამოხატოს, ისაა, რომ მხედველობაში მიიღოს მისი საჭიროებები და ზოგიერთ საკითხში არჩევნის გაკეთების საშუალება მისცეს. ღვთის სიტყვაში ქმრების საყურადღებოდ შემდეგი მოწოდებაა ჩაწერილი: „ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა კრება და თავი გასწირა მისთვის“ (ეფეს. 5:25). დიახ, იესომ თავისი მიმდევრებისთვის სიცოცხლეც კი გაიღო. როცა ქმრები ჰბაძავენ მას და სიყვარულით ხელმძღვანელობენ თავიანთ ოჯახებს, ცოლებსაც არ უჭირთ მათ მიმართ სიყვარულის, პატივისცემისა და მორჩილების გამოვლენა (წაიკითხეთ ტიტეს 2:3—5).

გამოავლინეთ სიყვარული თანამორწმუნეების მიმართ

8. როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს იეჰოვას თაყვანისმცემლებს თანამორწმუნეების მიმართ?

8 დედამიწის ზურგზე მილიონობით ადამიანი თაყვანს სცემს იეჰოვას და მისი დიდებული სახელისა და განზრახვის შესახებ ამცნობს სხვებს. როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს იეჰოვას თაყვანისმცემლებს თანამორწმუნეების მიმართ? ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ: „ყველას სიკეთე გავუკეთოთ, განსაკუთრებით კი მათ, ვინც რწმენით ჩვენიანია“ (გალ. 6:10; წაიკითხეთ რომაელების 12:10). მოციქულმა პეტრემ დაწერა: „ვინაიდან ჭეშმარიტებისადმი მორჩილებით გაისპეტაკეთ სულები და ახლა უთვალთმაქცო ძმათმოყვარეობას ავლენთ. მთელი გულით გიყვარდეთ ერთმანეთი“. პეტრემ შემდეგიც დასძინა: „რაც მთავარია, გულითადად გიყვარდეთ ერთმანეთი“ (1 პეტ. 1:22; 4:8).

9, 10. რით არის განპირობებული ღვთის ხალხის ერთობა?

9 ჩვენს შორის არსებული სიყვარულის შედეგია ის, რომ იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციას მსოფლიოში ბადალი არ მოეპოვება. ჩვენ გვიყვარს ღმერთი და ვემორჩილებით მის კანონებს; ამიტომ იგი მხარს გვიჭერს სამყაროში განუზომელი ძალით, თავისი წმინდა სულით, რის წყალობითაც ჩვენ საერთაშორისო საძმოს წარმოვადგენთ და ვხარობთ ერთობით (წაიკითხეთ 1 იოანეს 4:20, 21).

10 პავლემ კოლოსელებს მისწერა, რომ ქრისტიანებს ერთმანეთი ჰყვარებოდათ; მის წერილში ვკითხულობთ: „შეიმოსეთ სათუთი გრძნობით — თანაგრძნობით, სიკეთით, თავმდაბლობით, რბილი ხასიათითა და სულგრძელობით, როგორც ღვთის რჩეულები, წმინდა და საყვარელი ადამიანები. მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ. როგორც იეჰოვამ გაპატიათ მთელი გულით, თქვენც ისე აპატიეთ ერთმანეთს. გარდა ამისა, შეიმოსეთ სიყვარულით, რადგან ის გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია“ (კოლ. 3:12—14). რა ბედნიერები ვართ, რომ სიყვარული, რომელიც „გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია“, განსხვავებული წარმომავლობის ადამიანებს გვაერთიანებს!

11. რით გამოირჩევა ღვთის ორგანიზაცია?

 11 იეჰოვას მსახურები რომ ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლები არიან, ამაზე მათ შორის არსებული ერთობა და სიყვარული მოწმობს. იესომ თქვა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოან. 13:34, 35). იოანე მოციქულმაც მსგავსი აზრი დაწერა: „ამით ამოიცნობიან ღვთის შვილები და ეშმაკის შვილები: ვინც სიმართლით არ იქცევა და ვისაც თავისი ძმა არ უყვარს, ღვთისგან არ არის, რადგან დასაწყისიდანვე მოგისმენიათ, რომ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი“ (1 იოან. 3:10, 11). სიყვარული, რომლის წყალობითაც იეჰოვას მოწმეებს შორის არნახული ერთობა სუფევს, მეტყველებს იმაზე, რომ ისინი ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევრები არიან, რომელთაც ღმერთი თავისი განზრახვის შესასრულებლად, მთელ მსოფლიოში სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის საქადაგებლად იყენებს (მათ. 24:14).

„უამრავი ხალხის“ შეკრება

12, 13. რას აკეთებს „უამრავი ხალხი“ დღეს და რას იხილავენ ისინი მალე საკუთარი თვალით?

12 იეჰოვას მსახურთა უმეტესობა წარმოადგენს „უამრავ ხალხს . . . ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან“. ისინი დგანან „[ღვთის] ტახტისა და კრავის [იესო ქრისტეს] წინ“. ისინი „დიდი გასაჭირიდან მოსულები არიან, მათ გაირეცხეს თავიანთი გრძელი სამოსელი და გაათეთრეს კრავის სისხლით“, რადგან მათ ირწმუნეს ქრისტეს გამოსასყიდი. „უამრავ ხალხს“, რომელთა რიცხვიც დღითი დღე მატულობს, უყვარს იეჰოვა და მისი ძე; ისინი „წმინდა მსახურებას ასრულებენ მისთვის [ღვთისთვის] დღე და ღამე“ (გამოცხ. 7:9, 14, 15).

13 ღმერთი ძალიან მალე, „დიდ გასაჭირში“, ბოლოს მოუღებს ბოროტ ქვეყნიერებას (მათ. 24:21; წაიკითხეთ იერემიას 25:32, 33). ვინაიდან იეჰოვას ძალიან უყვარს თავისი მსახურები, იგი მათ, როგორც ჯგუფს, დაიცავს და ახალ ქვეყნიერებას დაამკვიდრებინებს. დაახლოებით 2 000 წლის წინ წარმოთქმული წინასწარმეტყველებაც ამაზე მოწმობს: „[ღმერთი] მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი“. გსურთ, იცხოვროთ სამოთხეში, როცა წინანდელი ყველაფერი მოისპობა? (გამოცხ. 21:4).

14. როგორ გაიზარდა „უამრავი ხალხის“ რიცხვი?

14 როდესაც 1914 წელს ბოლო დღეები დაიწყო, იეჰოვას მთელ მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ათასი მსახური ჰყავდა. მოყვასის სიყვარულით ანთებული ცხებულთა დარჩენილი ნაწილი ღვთის სულის დახმარებით არ ეპუებოდა სირთულეებს და ხალხს სამეფოს შესახებ ცნობას აუწყებდა. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ დღემდე მიმდინარეობს მიწიერი იმედის მქონე „უამრავი ხალხის“ შეკრება. დღესდღეობით, იეჰოვას დაახლოებით 8 მილიონი მოწმე ჰყავს, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 115 400-ზე მეტ კრებაში მსახურობენ. ღვთის მსახურთა რიცხვი კვლავაც იზრდება. მაგალითად, 2014 სამსახურებრივი წლის განმავლობაში 275 500-ზე მეტი ადამიანი მოინათლა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზაციას ყოველკვირეულად დაახლოებით 5 300 და-ძმა ემატებოდა.

15. რა მასშტაბებს მიაღწია სამქადაგებლო საქმემ?

15 სამქადაგებლო საქმემ განსაცვიფრებელ მასშტაბებს მიაღწია. ბიბლიური ლიტერატურა დღესდღეობით 700-ზე მეტ ენაზე გამოიცემა. „საგუშაგო კოშკი“, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ჟურნალია, ყოველთვიურად 247 ენაზე 52 მილიონზე მეტ ეგზემპლარად გამოიცემა, ხოლო ბიბლიის შესწავლაში დამხმარე სახელმძღვანელოს, „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, 200 მილიონზე მეტი ეგზემპლარია დაბეჭდილი 250-ზე მეტ ენაზე.

16. რაში მდგომარეობს იეჰოვას ორგანიზაციის მიწიერი ნაწილის წარმატების საიდუმლო?

16 ღვთის ორგანიზაციის სასწაულებრივი ზრდა იმის შედეგია, რომ გვწამს ღმერთი და მის მიერ შთაგონებული სიტყვა, ბიბლია  (1 თეს. 2:13). იეჰოვას მსახურები სულიერი კეთილდღეობით ხარობენ, იმისდა მიუხედავად, რომ „ამ ქვეყნიერების ღმერთს“, სატანას, სძულს ისინი და ეწინააღმდეგება მათ (2 კორ. 4:4).

გამოავლინეთ სიყვარული მათ მიმართ, ვისაც უქადაგებთ

17, 18. რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ღვთის მსახურებს მათ მიმართ, ვინც ჩვენს რწმენას არ იზიარებს?

17 რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ღვთის მსახურებს მათ მიმართ, ვინც ჭეშმარიტ ღმერთს არ სცემს თაყვანს? ჩვენ მიერ ნაქადაგებ სასიხარულო ცნობას ზოგი კეთილგანწყობით ხვდება, ზოგიც — მტრულად. თუმცა, რა რეაქციასაც არ უნდა შევხვდეთ მსახურებაში, ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ მოწოდებას: „თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის როგორი პასუხი გასცეთ“ (კოლ. 4:6). როდესაც ჩვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას გვთხოვენ, ჩვენ მათ „რბილად და ღრმა პატივისცემით“ ვესაუბრებით, ვინაიდან გვიყვარს მოყვასი (1 პეტ. 3:15).

18 მოყვასისადმი სიყვარულს მაშინაც ვავლენთ, როცა მობინადრე არ იღებს სასიხარულო ცნობას და ღიზიანდება. ასეთ დროს ვბაძავთ იესოს; „როცა [მას] ლანძღავდნენ, ლანძღვით არ პასუხობდა, და როცა იტანჯებოდა, არ იმუქრებოდა, არამედ . . . [იეჰოვას] ჩააბარა თავი, ვინც სიმართლით ასამართლებს“ (1 პეტ. 2:23). ნებისმიერ შემთხვევაში, თანაქრისტიანების გარემოცვაში ვიმყოფებით თუ მათთან ერთად ვართ, ვინც ჩვენს რწმენას არ იზიარებს, თავმდაბლობას ვავლენთ და ვითვალისწინებთ რჩევას: „ბოროტის გამკეთებელს სამაგიეროს ნუ გადაუხდით და მლანძღველს ლანძღვით ნუ უპასუხებთ, არამედ აკურთხეთ ისინი“ (1 პეტ. 3:8, 9).

19. რა მნიშვნელოვან პრინციპზე ისაუბრა იესომ მთაზე ქადაგებისას?

19 ჩვენ ვინარჩუნებთ თავმდაბლობას და ვითვალისწინებთ მნიშვნელოვან პრინციპს, რომელზეც იესომ მთაზე ქადაგებისას ისაუბრა: «თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: „მოყვასი გიყვარდეს და მტერი გძულდეს“, მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და ილოცეთ თქვენი მდევნელებისთვის, რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის შვილები, რადგან მას მზე ბოროტებისთვისაც ამოჰყავს და კეთილებისთვისაც და წვიმას მართლებსაც უგზავნის და უმართლოებსაც» (მათ. 5:43—45). დიახ, ჩვენ უნდა გვიყვარდეს „მტრები“, იმისდა მიუხედავად, თუ როგორ გვეპყრობიან ისინი.

20. რატომ ეყვარება დედამიწის ყველა მკვიდრს ღმერთი და მოყვასი ახალ ქვეყნიერებაში? (იხილეთ სურათი 21-ე გვერდზე)

20 იეჰოვას ხალხმა ჩვენი დამოკიდებულებითა და საქმით ღმერთსა და მოყვასს სიყვარული ყოველ ფეხის ნაბიჯზე უნდა დავუმტკიცოთ. ჩვენ მოყვასისადმი სიყვარული აღგვძრავს, რომ საჭიროების შემთხვევაში დახმარების ხელი მასაც გავუწოდოთ, ვინც სასიხარულო ცნობას არ იღებს. მოციქულმა პავლემ დაწერა: «არავისი არაფერი გემართოთ გარდა ერთმანეთის სიყვარულისა, რადგან ვისაც სხვა უყვარს, კანონი შეასრულა. კანონები: „არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო“ და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“. სიყვარული ბოროტს არ უკეთებს მოყვასს. ამიტომ სიყვარული კანონის შესრულებაა» (რომ. 13:8—10). ჩვენ, იეჰოვას მოწმეები, სწორედ ასეთ გულწრფელ სიყვარულს ვავლენთ ამ დაქსაქსულ, ძალადობითა და ბოროტებით აღსავსე ქვეყნიერებაში, რომელიც სატანა ეშმაკის ხელშია (1 იოან. 5:19). მას შემდეგ, რაც ღმერთი ერთხელ და სამუდამოდ გაანადგურებს სატანას, დემონებსა და ურჩ ადამიანებს, ყველგან სიყვარული გამეფდება. მართლაც, რა ბედნიერი იქნება ცხოვრება მაშინ, როცა დედამიწის ყველა მკვიდრს ეყვარება ღმერთი და მოყვასი!