წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) ოქტომბერი 2015

„რწმენა განგვიმტკიცე“

„რწმენა განგვიმტკიცე“

„დამეხმარე იმაში, რაშიც რწმენა მაკლია!“ (მარ. 9:24).

სიმღერები: 81, 135

1. რამდენად მნიშვნელოვანია რწმენა? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)

გიკითხავთ ოდესმე საკუთარი თავისთვის: „ვარ ისეთი ადამიანი, რომელსაც იეჰოვა დიდ გასაჭირში გადაარჩენს და ახალ ქვეყნიერებაში აცხოვრებს?“. მართალია, ჩვენი გადარჩენა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ მათგან ყველაზე მნიშვნელოვანს პავლე მოციქულმა გაუსვა ხაზი: „რწმენის გარეშე შეუძლებელია ასიამოვნო ღმერთს“ (ებრ. 11:6). შეიძლება ეს მოთხოვნა ძალიან ზოგადად მოგვეჩვენოს, მაგრამ ფაქტი ერთია: „ყველას როდი აქვს რწმენა“ (2 თეს. 3:2). ამ აბზაცში მოყვანილი მუხლები დაგვეხმარება იმის გაგებაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი რწმენის განვითარება.

2, 3. ა) პეტრეს სიტყვებიდან გამომდინარე, რამდენად მნიშვნელოვანია რწმენა? ბ) რა კითხვებს გაეცემა პასუხი ამ სტატიაში?

2 მოციქულმა პეტრემ რწმენის მნიშვნელოვნებას მაშინ გაუსვა ხაზი, როდესაც ისაუბრა „გამონაცად რწმენაზე“, რომელიც შესაძლოა „ქების, დიდებისა და პატივის მიზეზი ... [გამხდარიყო] იესო ქრისტეს გამოცხადებისას“ (წაიკითხეთ 1 პეტრეს 1:7). ვინაიდან დიდი გასაჭირი სწრაფად გვიახლოვდება, გვინდა, რომ გვქონდეს ისეთი რწმენა, რომლის წყალობითაც იმ ადამიანთა შორის აღმოვჩნდებით, რომლებიც საქებარ სიტყვებს დაიმსახურებენ განდიდებული მეფის გამოცხადებისას. უფრო რომ დავკონკრეტდეთ, გვსურს, გვქონდეს, „რწმენა ... სულის ცოცხლად შესანარჩუნებლად“ (ებრ. 10:39). ამიტომ შეგვიძლია მივბაძოთ სახარებაში მოხსენიებულ ერთ მამაკაცს, რომელმაც იესოს სთხოვა: „დამეხმარე იმაში, რაშიც რწმენა მაკლია!“ (მარ. 9:24), ან — იესოს მოციქულებს, რომლებიც თავიანთ მოძღვარს შეევედრნენ: „რწმენა განგვიმტკიცე“ (ლუკ. 17:5).

 3 ვინაიდან რწმენის განმტკიცება გვსურს, ამ სტატიაში პასუხი გაეცემა შემდეგ კითხვებს: რა განგვიმტკიცებს რწმენას? როგორ შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ გვაქვს რწმენა? რა გვარწმუნებს იმაში, რომ იეჰოვა დააკმაყოფილებს ჩვენს სათხოვარს და განგვიმტკიცებს რწმენას?

განიმტკიცეთ რწმენა და ასიამოვნეთ ღმერთს

4. რომელმა მაგალითებმა შეიძლება გვიბიძგოს რწმენის განმტკიცებისკენ?

4 ვინაიდან „ყველაფერი, რაც წინათ დაიწერა, ჩვენ სასწავლებლად დაიწერა“, ბიბლიურ პერსონაჟთა მაგალითზე ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია (რომ. 15:4). როდესაც ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ ისეთ ერთგულ მსახურებზე, როგორებიც იყვნენ, აბრაამი, სარა, ისაკი, იაკობი, მოსე, რახაბი, გედეონი, ბარაკი თუ სხვები, შესაძლოა საკუთარი რწმენის შემოწმების სურვილი გაგვიჩნდეს (ებრ. 11:32—35). ამასთანავე, ჩვენს პუბლიკაციებში თანამედროვე დროის მტკიცე რწმენის მქონე ღვთის მსახურთა ბიოგრაფიების კითხვამ შეიძლება გაგვიჩინოს სურვილი, რომ საკუთარი რწმენის განსამტკიცებლად ბევრი ვიშრომოთ. *

5. როგორ ცხადყო ელიამ, რომ ღვთისადმი მტკიცე რწმენა ჰქონდა და რისკენ აღგვძრავს მისი მაგალითი?

5 მოდი, ვისაუბროთ ბიბლიის ერთ-ერთ პერსონაჟზე, კერძოდ, წინასწარმეტყველ ელიაზე. გონებაში გააცოცხლეთ რამდენიმე ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან, საიდანაც დაინახავთ, რომ იგი ბოლომდე ენდობოდა ღმერთს. მაგალითად, როდესაც ელიამ მეფე ახაბი გააფრთხილა, რომ ღვთის ნებით ისრაელში გვალვა დაიჭერდა, მან მეფეს სავსებით დარწმუნებულმა განუცხადა: „ცოცხალია იეჰოვა ... არ იქნება ... არც ნამი და არც წვიმა, სანამ მე არ ვიტყვი“ (1 მეფ. 17:1). წინასწარმეტყველს იოტისოდენა ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ გვალვის პერიოდში ღმერთი იზრუნებდა როგორც მასზე, ისე სხვებზე (1 მეფ. 17:4, 5, 13, 14). ელია დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვას გარდაცვლილი ბიჭუნას მკვდრეთით აღდგენა შეეძლო (1 მეფ. 17:21). მას არც იმაში შეჰპარვია ეჭვი, რომ ღმერთი ცეცხლს მოავლენდა ქარმელის მთაზე აღვლენილი მსხვერპლის შთასანთქმელად (1 მეფ. 18:24, 37). როდესაც დადგა დრო, რომ იეჰოვას გვალვა უნდა შეეწყვიტა ისრაელში, მიუხედავად იმისა, რომ წვიმის მოსვლაზე არაფერი მოასწავებდა, ელიამ ახაბს უთხრა: „წადი, ჭამე და დალიე, რადგან წვიმის ხმაური ისმის“ (1 მეფ. 18:41). ნუთუ არ აღგვძრავს ბიბლიის ასეთი მონაკვეთების განხილვა, შევამოწმოთ საკუთარი თავი და გავიგოთ, გვაქვს თუ არა ელიას მსგავსად ძლიერი რწმენა?!

რა დაგვეხმარება რწმენის განმტკიცებაში

6. რა არის საჭირო, რომ იეჰოვამ მოგვცეს ძლიერი რწმენა?

6 რწმენის განსამტკიცებლად მხოლოდ სურვილი არ კმარა. რწმენა ღვთის სულის ნაყოფის შემადგენელი ნაწილია (გალ. 5:22). ამიტომ, ბრძნულია, მივყვეთ იესოს რჩევას და ღმერთს შევთხოვოთ, მოგვცეს ძლიერი რწმენა; იესო გვარწმუნებს: „მამა მისცემს წმინდა სულს მათ, ვინც სთხოვს!“ (ლუკ. 11:13).

7. მოიყვანეთ მაგალითი, თუ როგორ შეგვიძლია რწმენის განმტკიცება.

7 ძლიერ რწმენას შენარჩუნება სჭირდება. რწმენა შეიძლება კოცონს შევადაროთ. როდესაც ცეცხლს ვანთებთ, ის თანდათან უმატებს ბრიალს. თუმცა, თუ კოცონს შეშას არ შევუკეთებთ, ის ნელ-ნელა ჩაქრება; მისგან ჯერ ნაკვერჩხლები დარჩება, ბოლოს კი ნაცრად იქცევა. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლს შეშას დავუმატებთ, ის მუდამ იგიზგიზებს. იმავეს თქმა შეიძლება რწმენაზეც — თუ რეგულარულად გამოვიკვებებით ღვთის სიტყვით, ყოველთვის გვექნება ძლიერი რწმენა. თუ გამუდმებით შევისწავლით ბიბლიას, უფრო მეტად შეგვიყვარდება ის და მისი ავტორი; შედეგად კი რწმენა განგვიმტკიცდება.

8. კიდევ რა დაგეხმარებათ რწმენის განმტკიცებასა და შენარჩუნებაში?

 8 კიდევ რა უნდა გააკეთოთ რწმენის განსამტკიცებლად და შესანარჩუნებლად? ნუ დაკმაყოფილდებით მხოლოდ იმ ცოდნით, რაც ნათლობამდე მიიღეთ (ებრ. 6:1, 2). დაუკვირდით, როგორ შესრულდა ბიბლიური წინასწარმეტყველებები; ეს ნამდვილად დაგეხმარებათ რწმენის განმტკიცებასა და შენარჩუნებაში. ბიბლია იმის განსასაზღვრავადაც გამოიყენეთ, გაქვთ თუ არა ისეთივე რწმენა, როგორსაც ღმერთი თავისი თაყვანისმცემლებისგან მოელის (წაიკითხეთ იაკობის 1:25; 2:24, 26).

9, 10. როგორ გვიმტკიცებს რწმენას: ა) კარგი საზოგადოება? ბ) კრების შეხვედრები? გ) მსახურება?

9 მოციქულმა პავლემ რომაელ ქრისტიანებს მისწერა, რომ მათ შეეძლოთ ერთმანეთი თავ-თავიანთი რწმენით გაემხნევებინათ (რომ. 1:12). თანამორწმუნეებთან ურთიერთობისას ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია, რომ ერთმანეთს რწმენა განვუმტკიცოთ; რწმენა განსაკუთრებით მაშინ გვიმტკიცდება, როდესაც მათთან ერთად ვართ, ვისაც „გამონაცადი რწმენა“ აქვს (იაკ. 1:3). ცუდი საზოგადოება რწმენას გვირყევს, კარგი საზოგადოება კი პირიქით, გვიმტკიცებს (1 კორ. 15:33). ამიტომაც ვკითხულობთ ბიბლიაში მოწოდებას, რომ არ მივატოვოთ „ჩვენი შესაკრებელი“ და „გავამხნეოთ ერთმანეთი“ (წაიკითხეთ ებრაელების 10:24, 25). გარდა ამისა, კრების შეხვედრებზე მიგვითითებენ, თუ როგორ განვიმტკიცოთ რწმენა. პავლე მოციქულმაც მსგავსი რამ თქვა: „რწმენა მოსმენილისგან მოდის“ (რომ. 10:17). აქედან გამომდინარე, ისმის კითხვა: ვესწრები ყოველთვის ქრისტიანულ შეხვედრებს?

10 მსახურებაში, როდესაც სხვებს ვუქადაგებთ, არა მარტო მათ ვუნერგავთ რწმენას, არამედ საკუთარ რწმენასაც ვიმტკიცებთ. ჩვენ პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად, ვსწავლობთ იეჰოვაზე მინდობას და ნებისმიერ სიტუაციაში გაბედულად ვქადაგებთ (საქ. 4:17—20; 13:46).

11. რატომ ჰქონდათ ქალებ იეფუნეს ძესა და იესო ნავეს ძეს ძლიერი რწმენა და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მათ?

11 რწმენა გვიძლიერდება, როდესაც ვგრძნობთ, თუ როგორ გვპასუხობს იეჰოვა ლოცვებზე და როგორ ზრუნავს იგი ყოველდღიურად ჩვენზე. ამ სიტყვების ჭეშმარიტება ქალებ იეფუნეს ძემ და იესო ნავეს ძემ საკუთარ თავზე გამოსცადეს. მათ იეჰოვასადმი ნდობა მაშინ გამოავლინეს, როცა აღთქმული მიწის დასაზვერად წავიდნენ. თუმცა ამის შემდეგაც, როცა ისინი იეჰოვას ხელმძღვანელობას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხედავდნენ, მისადმი რწმენა უძლიერდებოდათ. ასე რომ, ნამდვილად არ გვიკვირს, თუ რატომ მიმართა იესო ნავეს ძემ ასე დამაჯერებლად ისრაელებს: „არ გამტყუნებულა არც ერთი სასიკეთო სიტყვა, რომელიც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა გითხრათ“. შემდეგ დასძინა: „გეშინოდეთ იეჰოვასი და უბიწოებითა და ჭეშმარიტებით ემსახურეთ მას ... მე და ჩემი სახლეულობა კი იეჰოვას ვემსახურებით“ (იეს. 23:14; 24:14, 15). ასეთი რწმენა ჩვენც გვექნება, თუ ვიგემებთ და ვნახავთ, რომ კარგია იეჰოვა (ფსალმ. 34:8).

რწმენა საქმით დაამტკიცეთ

12. რა თქვა მოციქულმა იაკობმა რწმენის შესახებ?

12 როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ გვაქვს რწმენა? ამ კითხვაზე პასუხს მოციქული იაკობი გვცემს: „მე ... საქმეებით გაჩვენებ ჩემს რწმენას“ (იაკ. 2:18). დიახ, ჩვენი საქმეები ადასტურებს, რომ ნამდვილად გვაქვს რწმენა. მოდი, ქვემოთ ვისაუბროთ ამის რამდენიმე მაგალითზე.

ღვთის მსახურები თავდაუზოგავი ქადაგებით ცხადყოფენ, რომ ძლიერი რწმენა აქვთ (იხილეთ მე-13 აბზაცი)

13. რატომ არის ქადაგება რწმენის გამოხატვის საშუალება?

13 ქადაგება რწმენის გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა. როდესაც ვქადაგებთ, ამით ნდობას ვუმტკიცებთ იეჰოვას, რომ იგი დანიშნულ დროს გაანადგურებს ქვეყნიერებას და დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს წინასწარმეტყველება თავის დროზე შესრულდება (აბაკ. 2:3). ჩვენი რწმენის სიმტკიცეს ის განსაზღვრავს, თუ რამდენად გვსურს, ბოლომდე დავიხარჯოთ მსახურებაში. მაგალითად, ყოველ ღონეს ვხმარობთ იმისათვის, რომ გავაფართოოთ ჩვენი მსახურება? (2 კორ. 13:5). დიახ, ბიბლიური ენით რომ ვთქვათ, როდესაც სასიხარულო ცნობას სახალხოდ ვაღიარებთ გადასარჩენად, ამით საუკეთესოდ ვაჩვენებთ, რომ გვაქვს რწმენა (წაიკითხეთ რომაელების 10:10).

14, 15. ა) როგორ შეგვიძლია ყოველდღიურად გამოვავლინოთ რწმენა? ბ) მოიყვანეთ მაგალითი, თუ როგორ გამოავლინა ძლიერი რწმენა ერთმა ოჯახმა.

 14 რწმენას მაშინაც ვავლენთ, როცა ყოველდღიურ სირთულეებს არ ვეპუებით. მაგალითად, როდესაც ავად ვხდებით, გული გვიტყდება, დეპრესიაში ვცვივით, ეკონომიკურად გვიჭირს ან სხვა სახის განსაცდელებს ვაწყდებით, ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ იეჰოვა და მისი ძე დროულად დაგვეხმარებიან (ებრ. 4:16). ასეთ ნდობას ღმერთს მაშინ ვუცხადებთ, როცა მას ლოცვაში დახმარებას ვთხოვთ. იესომ გვასწავლა, რომ ჩვენ შეგვეძლო ღვთისთვის სულიერი საჭიროებების გარდა, სხვა სათხოვრითაც მიგვემართა. მაგალითად, გვეთხოვა „დღეისთვის სამყოფი პური“ (ლუკ. 11:3). ბიბლიის არაერთი მონაკვეთიდან ვრწმუნდებით, რომ იეჰოვას ნამდვილად შეუძლია ჩვენს საჭიროებებზე ზრუნვა. ალბათ გახსოვთ, როდესაც ისრაელში გვალვამ დაიჭირა, ზეციერი მამის დახმარებით წინასწარმეტყველ ელიას საკვები და წყალი არ მოჰკლებია. ღვთის მითითებისამებრ, „მოჰქონდათ ყორნებს მისთვის პური და ხორცი დილას და საღამოს, წყალს კი ხევიდან სვამდა“ (1 მეფ. 17:3—6). ერთ რამეში ეჭვი არ გვეპარება: იეჰოვას შეუძლია ისე წარმართოს მოვლენები, რომ არც ჩვენ მოგვაკლოს ყოველივე აუცილებელი.

როცა ქრისტიანები ცხოვრებისეულ სირთულეებს არ ეპუებიან, აჩვენებენ, რომ მტკიცე რწმენა აქვთ (იხილეთ მე-14 აბზაცი)

15 დარწმუნებულნი ვართ, რომ თუ ბიბლიური პრინციპებით ვიხელმძღვანელებთ, იეჰოვა ულუკმაპუროდ არ დაგვტოვებს. ეს სიტყვები ერთი აზიელი დაქორწინებული დის, რებეკას, ოჯახზეც გამართლდა. რებეკამ და მისმა მეუღლემ მათეს 6:33-სა და იგავების 10:4-ში ჩაწერილი პრინციპებით იხელმძღვანელეს, სამეფოს საქმეს უმთავრესი ადგილი დაუთმეს და არც შრომა დაიზარეს. რებეკა გვიამბობს, რომ მისმა მეუღლემ სამსახურს გადატვირთული გრაფიკის გამო დაანება თავი; ის მიხვდა, რომ სამუშაოს შესაძლოა მათი ოჯახის სულიერი კეთილდღეობა შესწირვოდა. თუმცა ერთიც აღსანიშნავია, მათ ოთხი შვილი ჰყავდათ სარჩენი! რებეკა იხსენებს: „ჩვენ დავიწყეთ საკონდიტრო ნაწარმის მომზადება და გაყიდვა. წლების განმავლობაში ასე ვირჩენდით თავს; აშკარად ვგრძნობდით იეჰოვას მზრუნველ ხელს, მას არ მივუტოვებივართ. დიახ, საჭმლის გარეშე არასდროს დავრჩენილვართ“. თქვენც მოგცემიათ ცხოვრებაში შესაძლებლობა, დაგემტკიცებინათ, რომ ბიბლიაში ჩაწერილი რჩევები დღემდე პრაქტიკულია?

16. რა შედეგს გამოიღებს ღმერთზე მინდობა?

 16 ჩვენ უნდა გვჯეროდეს, რომ თუ ღვთის ხელმძღვანელობას მივყვებით, ეს ჩვენსავე კეთილდღეობას მოემსახურება. პავლე მოციქულმა წინასწარმეტყველ აბაკუმის სიტყვები მოიშველია და დაწერა: „მართალი რწმენით იცოცხლებს“ (გალ. 3:11; აბაკ. 2:4). ამიტომ გონივრულია, რწმენა მის მიმართ გამოვავლინოთ, ვისაც ჩვენი დახმარება ხელეწიფება. პავლე შეგვახსენებს, რომ ღმერთი არის ის, „ვისაც ჩვენში მოქმედი ძალით შეუძლია იმაზე განუზომლად მეტი გააკეთოს, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ ან აზრად მოგვდის“ (ეფეს. 3:20). მართალია, იეჰოვას მსახურები მისი ნების შესასრულებლად ძალას არ ზოგავენ, მაგრამ იციან, რომ მათი შესაძლებლობები შეზღუდულია; ამიტომ ისინი ღმერთს ენდობიან, რათა მან აკურთხოს მათი ძალისხმევა. რა ბედნიერნი ვართ, რომ იეჰოვა ჩვენ გვერდითაა!

ღმერთი პასუხობს ჩვენს სათხოვარს

17. ა) როგორ დაკმაყოფილდა მოციქულების თხოვნა? ბ) რატომ შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ იეჰოვა შეისმენს ჩვენს სათხოვარს და განგვიმტკიცებს რწმენას?

17 ზემოთ განხილულის საფუძველზე, შეიძლება ჩვენც დაგვებადოს ისეთივე სურვილი, როგორიც მოციქულებს გაუჩნდათ, რომლებმაც უფალს სთხოვეს: „რწმენა განგვიმტკიცე“ (ლუკ. 17:5). მოწაფეების თხოვნას პასუხი ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე გაეცა, როდესაც მათზე წმინდა სული გადმოვიდა, რის წყალობითაც ისინი უკეთ ჩასწვდნენ ღვთის განზრახვას. ამან მათ რწმენა განუმტკიცა. შედეგად, მოწაფეებმა გრანდიოზული სამქადაგებლო საქმიანობა წამოიწყეს (კოლ. 1:23). ჩვენზე რის თქმა შეიძლება? მოისმენს იეჰოვა ჩვენს თხოვნას და განგვიმტკიცებს რწმენას? დიახ, ამაში ბიბლია გვარწმუნებს. ერთიცაა, იეჰოვა იმ შემთხვევაში შეისმენს ჩვენს სათხოვარს, თუ ის მის ნებასთან იქნება შეთანხმებული (1 იოან. 5:14).

18. როგორ აკურთხებს იეჰოვა მათ, ვისაც რწმენის განმტკიცება სწადია?

18 იეჰოვას ძალიან სიამოვნებს, როდესაც მისი მსახურები სრულად ენდობიან. იგი უდავოდ დააკმაყოფილებს ჩვენს სათხოვარს, რწმენა უფრო და უფრო განგვიმტკიცდება და შედეგად, ღვთის სამეფოს ღირსად ჩავითვლებით (2 თეს. 1:3, 5).

^ აბზ. 4 მაგალითისთვის იხილეთ ლილიან გობაიტას კლოზეს (1993 წლის 22 ივლისის „გამოიღვიძეთ!“, [ინგლ.]), ფელიქს ბორისის (1994 წლის 22 თებერვლის „გამოიღვიძეთ!“, [ინგლ.]) და ჟოზეფინა ელიასის (2009 წლის სექტემბრის „გამოიღვიძეთ!“) ბიოგრაფიები.