წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) ოქტომბერი 2015

მოუცდენლად ემსახურეთ იეჰოვას!

მოუცდენლად ემსახურეთ იეჰოვას!

„მარიამი ... ისმენდა მის [იესოს] სიტყვას. მართა კი ბევრ რამეზე ზრუნავდა“ (ლუკ. 10:39, 40).

სიმღერები: 94, 134

1, 2. ა) რატომ უყვარდა იესოს მართა? ბ) საიდან გამოჩნდა, რომ მართაც, ჩვენ მსგავსად, არასრულყოფილი იყო?

ბიბლიური პერსონაჟის, მართას, ხსენებაზე პირველად რა მოგდით გონებაში? მართალია, მართა ერთადერთი ქალი იყო, რომელსაც იესომ სახელით მიმართა და რომელიც მას ძალიან უყვარდა, მაგრამ უფალს სხვა ღვთისმოსავი ქალების, მაგალითად, მშობელი დედისა და მართას ღვიძლი დის, მარიამის, მიმართაც მსგავსი გრძნობები ჰქონდა (იოან. 11:5; 19:25—27). და მაინც, რატომ უყვარდა იესოს მართა?

2 იესოს მართა მხოლოდ იმიტომ კი არ უყვარდა, რომ იგი სტუმართმოყვარე და გამრჯე იყო, არამედ ამ ყველაფერთან ერთად, მართა სულიერად მოწიფული ქალი გახლდათ. მას წამითაც არ ეპარებოდა ეჭვი იესოს სწავლებებში. იგი მტკიცე რწმენას ავლენდა იესოს, როგორც აღთქმული მესიის, მიმართ (იოან. 11:21—27). თუმცა მართაც, ჩვენ მსგავსად, არასრულყოფილი იყო. მაგალითად, ერთხელ, როცა იესო მის ოჯახს სტუმრობდა, მან უფალს უთხრა, რომ მარიამისთვის შენიშვნა მიეცა. მართამ იესოს შესჩივლა: „უფალო, ნუთუ შენთვის სულერთია,  ჩემმა დამ რომ მე შემომატოვა ყველაფერი? უთხარი, მომეხმაროს“ (წაიკითხეთ ლუკას 10:38—42). რას ვსწავლობთ ბიბლიის ამ მონაკვეთიდან?

მართა ბევრ რამეზე ზრუნავდა

3, 4. რა გაგებით აირჩია მარიამმა უკეთესი და როგორ აღმოჩნდა ეს მართასთვის კარგი გაკვეთილი? (იხილეთ სურათი მე-18 გვერდზე)

3 მართასა და მარიამის სტუმართმოყვარეობამ იესო მათთვის სულიერი ძღვნის გაზიარებისკენ აღძრა. მარიამმა ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა, რომ უშუალოდ დიდებული მოძღვრისგან ესწავლა, „იგი უფალს ფერხთით დაუჯდა და ისმენდა მის სიტყვას“. მართასაც შეეძლო, რომ ასე მოქცეულიყო. ეჭვგარეშეა, ამ შემთხვევაში, ისიც დაიმსახურებდა იესოსგან შექებას.

4 თუმცა, მართას გონება სხვა საზრუნავს მოეცვა: იგი განსაკუთრებულ სადილს ამზადებდა და ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ იესოს მათთან ყოფნით გაეხარა. მართა ფაციფუცობდა და ბევრ რამეზე წუხდა; იგი საკუთარ დასაც კი გაუნაწყენდა. როცა ეს იესომ შენიშნა, მას თბილად უთხრა: „მართა, მართა, შენ ბევრ რამეზე წუხხარ და ზრუნავ“. იესომ მართას უთხრა, რომ ერთი კერძიც კი საკმარისი იქნებოდა. შემდეგ მარიამს მიუბრუნდა და უხერხული მდგომარეობიდან რომ გამოეყვანა იგი, თქვა: „მარიამმა უკეთესი აირჩია და არ წაერთმევა მას“. შესაძლოა მარიამს მალე დავიწყებოდა ის, თუ რა მიირთვა იმ განსაკუთრებულ დღეს, მაგრამ მას სიცოცხლის ბოლომდე ეხსომებოდა იესოს ქების სიტყვები და გაზიარებული სულიერი ძღვენი, რაც იმის წყალობით ხვდა წილად, რომ მთელი ყურადღებით უსმენდა უფალს. ამ შემთხვევიდან სამოც წელზე მეტი ხნის შემდეგ, იოანე მოციქულმა დაწერა: „იესოს მართაც უყვარდა [და] მისი დაც“ (იოან. 11:5). ამ ღვთივშთაგონებული სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ მართამ გულთან ახლოს მიიტანა იესოს მიერ სიყვარულით მიცემული შენიშვნა და მთელი ცხოვრების მანძილზე ცდილობდა, იეჰოვასთვის ერთგულად ემსახურა.

5. როგორ ფიქრობთ, მომცდენი საშუალებები ბიბლიურ დროში უფრო მეტი იყო, თუ — დღეს, და რა კითხვა წამოიჭრება?

5 როგორ ფიქრობთ, მომცდენი საშუალებები ბიბლიურ დროში უფრო მეტი იყო, თუ — დღეს? «კაცობრიობის ისტორიის არც ერთ ეპოქაში არ უარსებია ასეთ განვითარებულ საკომუნიკაციო სისტემას, მაღალსიჩქარიან საბეჭდ მანქანებს, მაღალპოლიგრაფიულ დონეზე შესრულებულ ილუსტრირებულ ჟურნალებს, რადიოს, ტელევიზიასა თუ ფილმებს ... შედეგად, ყოველდღიურად „ვისეტყვებით“ ახალ-ახალი მომცდენი საშუალებებით ... არცთუ ისე დიდი ხნის წინ ჩვენს ეპოქას „განმანათლებლობის ხანა“ ერქვა. დღეს კი მას შეგვიძლია „მომცდენი საშუალებების ხანა“ ვუწოდოთ», — ეს სიტყვები ამერიკელმა სტუდენტებმა 60 წელზე მეტი ხნის წინათ თქვეს. 1958 წლის 15 სექტემბრის „საგუშაგო კოშკში“ ნათქვამი იყო: „მომცდენი საშუალებები ქვეყნიერების აღსასრულამდე კიდევ მოიმატებს“. ეს მართლაც ასეა! ასე რომ, წამოიჭრება კითხვა: რა უნდა გავაკეთოთ, რომ ვერიდოთ მომცდენ საშუალებებს, მივბაძოთ მარიამს და მთელი ყურადღება სულიერ საკითხებზე გადავიტანოთ?

იყავით ქვეყნიერებით არასრულად მოსარგებლენი

6. როგორ იყენებს იეჰოვას ხალხი ტექნოლოგიურ მიღწევებს?

6 ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის წინსვლისთვის ღვთის ორგანიზაციის მიწიერ ნაწილში მომსახურენი ყოველთვის აქტიურად იყენებდნენ ტექნოლოგიურ მიღწევებს. მაგალითისთვის მოვიყვანოთ „შემოქმედების ფოტოდრამა“ — მუსიკალურად გაფორმებული, მოძრავი ფერადი სურათებითა და სლაიდებით შექმნილი ფილმი. I მსოფლიო ომამდე და ომის დროს ფოტოდრამამ, რომლის დასკვნით ნაწილშიც წარმოდგენილი იყო იესო ქრისტეს მშვიდობიანი ათასწლიანი მეფობა, მსოფლიო მასშტაბით მილიონობით ადამიანი ანუგეშა. მოგვიანებით, რადიომაუწყებლობის მეშვეობით სამეფოს შესახებ ცნობა მთელ დედამიწაზე მცხოვრებ მილიონებს ექადაგა. დღეს კომპიუტერული ტექნოლოგიები და ინტერნეტი საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ სასიხარულო ცნობა მივაწვდინოთ დედამიწის ყველა კუთხეში  მცხოვრებ ადამიანს, თუნდაც დაშორებულ კუნძულებზე.

ნუ დაკავდებით არასაჭირო საქმეებით, რათა ხელი არ შეგეშალოთ სულიერ საქმეებში (იხილეთ მე-7 აბზაცი)

7. ა) რატომ შეიძლება აღმოჩნდეს სახიფათო, თუ სრულად ვისარგებლებთ ქვეყნიერებით? ბ) რას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება? (იხილეთ სქოლიო)

7 ბიბლია გვაფრთხილებს, რომ ხიფათს გადავეყრებით, თუ ქვეყნიერებით სრულად ვისარგებლებთ (წაიკითხეთ 1 კორინთელების 7:29—31). ქრისტიანს შეიძლება დიდი დრო წაართვას ისეთმა უწყინარმა საქმეებმა, როგორიცაა: ჰობი, ქვეყნიური ლიტერატურის კითხვა, ტელევიზორის ყურება, ღირსშესანიშნავი ადგილების მონახულება, მაღაზიებში უმიზნოდ სიარული, ბოლო მოდელის ელექტრონული მოწყობილობებისა და ფუფუნების საგნების თვალიერება. დრო შეიძლება სოციალურმა ქსელებმა, მესიჯებისა და იმეილების დაგზავნამ, გამუდმებით ახალი ამბებისა თუ სპორტული სიახლეების ძიებამაც წაგვართვას და შესაძლოა ამ ყველაფერზე დამოკიდებულნიც კი გავხდეთ * (ეკლ. 3:1, 6). თუ არ შევზღუდავთ არასაჭირო საქმეებისთვის გამოყოფილ დროს, შეიძლება უმნიშვნელოვანეს საქმეს — იეჰოვას თაყვანისცემას — სათანადო დრო ვეღარ დავუთმოთ (წაიკითხეთ ეფესოელების 5:15—17).

8. რატომ არის მნიშვნელოვანი ბიბლიური რჩევა: „ნუ გეყვარებათ ... ის, რაც ქვეყნიერებაშია“?

8 სატანა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყნიერებამ მიგვიზიდოს და მთავარი საქმის შესრულებაში ხელი შეგვიშალოს. ეს ასე იყო პირველ საუკუნეში; დღეს ეშმაკი კიდევ უფრო მეტად ცდილობს ჩვენს შეცდენას (2 ტიმ. 4:10). ამიტომაც ყურად უნდა ვიღოთ ბიბლიაში ჩაწერილი რჩევა: „ნუ გეყვარებათ ... ის, რაც ქვეყნიერებაშია“. თუ ყოველთვის გავითვალისწინებთ ამ რჩევას, არასოდეს გადავიტანთ ყურადღებას სხვა რამეზე და უფრო მეტად შევიყვარებთ ჩვენს ზეციერ მამას. ეს კი თავის მხრივ, გაგვიადვილებს ღვთის ნების შესრულებას და სამუდამოდ მოგვაპოვებინებს კიდეც მის კეთილგანწყობას (1 იოან. 2:15—17).

სუფთად შეინახეთ თვალი

9. რა თქვა იესომ ჩვენს სიმბოლურ თვალზე და თავად რა მაგალითი დაგვიტოვა?

9 მართასთვის მიცემული იესოს თბილი რჩევა სრულად ეთანხმებოდა მის სწავლებებსა და ცხოვრებისეულ მაგალითს. მან თავის მოწაფეებს მოუწოდა, რომ სიმბოლური თვალი სუფთად შეენახათ, რათა მოუცდენლად ემსახურათ ღვთისთვის (წაიკითხეთ მათეს 6:22, 33). ქრისტე არ იყო მატერიალური ნივთებით დაინტერესებული; მას არც სახლი ჰქონდა და არც — მიწის ნაკვეთი (ლუკ. 9:58; 19:33—35).

10. რა მაგალითი დაგვიტოვა იესომ მსახურების დასაწყისში?

 10 იესოს მსახურების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ მოხდა, რასაც მისთვის ხელის შეშლა შეეძლო, თუმცა მან არაფერს დართო ამის ნება. მსახურების დასაწყისში, როცა მან კაპერნაუმში შეკრებილ ხალხს უქადაგა და სასწაულები მოახდინა, მათ სთხოვეს, რომ იგი მათ ქალაქში დარჩენილიყო. საინტერესოა, რა რეაქცია ჰქონდა იესოს ამ მაცდუნებელ წინადადებაზე? ქრისტემ მათ უთხრა: „სხვა ქალაქებსაც უნდა ვაუწყო სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ, რადგან ამისთვის ვარ გამოგზავნილი“ (ლუკ. 4:42—44). დიახ, იესომ მართლაც შეასრულა თავისი სიტყვა და პალესტინის ყოველი კუთხე-კუნჭული მოიარა; იგი ქადაგებდა და ასწავლიდა. მართალია, ქრისტე სრულყოფილი იყო, მაგრამ მასაც ჰქონდა ბუნებრივი მოთხოვნილებები; ზოგჯერ ძალიან იღლებოდა, რადგან ღვთის საქმეში ბოლომდე იხარჯებოდა (ლუკ. 8:23; იოან. 4:6).

11. რა პასუხი გასცა იესომ კაცს, რომელმაც თავისი ოჯახის საქმეში ჩარევა სთხოვა და რა გაფრთხილება მისცა მან თავის მსმენელებს?

11 მოგვიანებით, როდესაც იესო თავის მიმდევრებს ასწავლიდა, თუ როგორ მოქცეულიყვნენ დევნების დროს, ხალხში მყოფმა ერთმა მამაკაცმა მას საუბარი გააწყვეტინა და მიმართა: „მოძღვარო, უთხარი ჩემს ძმას, მემკვიდრეობა გამიყოს“. იესო მის საქმეში არ ჩაერია და უთხრა: „ადამიანო, ვინ დამნიშნა თქვენს მოსამართლედ ანდა გამნაწილებლად?“. ამის შემდეგ უფალმა კვლავ განაგრძო სწავლება; მან მსმენელები გააფრთხილა, რომ თუ ისინი მატერიალურ ნივთებზე გადაიტანდნენ ყურადღებას, ამით ღვთის საქმის შესრულებაში ხელი შეეშლებოდათ (ლუკ. 12:13—15).

12, 13. ა) რატომ დაინტერესდნენ ბერძენი პროზელიტები იესოს პიროვნებით მის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე? ბ) რა გააკეთა იესომ იმისათვის, რომ ყურადღება სხვა რამეზე არ გადაეტანა?

12 იესოს დედამიწაზე ცხოვრების უკანასკნელი კვირა მეტისმეტად დაძაბული იყო (მათ. 26:38; იოან. 12:27). მას ბევრი საქმე უნდა გაეკეთებინა; წინ ელოდა დამამცირებელი სასამართლო პროცესი, წამება და სიკვდილი. მოდი, ვნახოთ, რა მოხდა ახ. წ. 33 წლის 9 ნისანს, კვირა დღეს. წინასწარმეტყველებისამებრ, იესო იერუსალიმში ჩოჩორზე მჯდომი შევიდა; მას ხალხი ეგებებოდა და შესძახოდა: „იეჰოვას სახელით მომავალი მეფე!“ (ლუკ. 19:38). მომდევნო დღეს მან ტაძრიდან გაბედულად გაყარა ხარბი ვაჭრები, რომლებიც თავიანთ თანამემამულეებს ღვთის სახლში ფულს სძალავდნენ (ლუკ. 19:45, 46).

13 იერუსალიმში შეკრებილთა შორის ბერძენი პროზელიტებიც იმყოფებოდნენ; ისინი, როგორც ჩანს, იესოს სწავლებით მოიხიბლნენ და მოციქულ ფილიპეს მასთან შეხვედრა სთხოვეს. იესოს წინ მეტად მნიშვნელოვანი საქმეები ელოდა, ამიტომ არ სურდა, რომ ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა. მას არ უნდოდა აღიარების მოპოვება, რითაც თავს დააღწევდა ღვთის მტრების ხელში ჩავარდნასა და სიკვდილს. მას შემდეგ, რაც ქრისტემ ფილიპესა და ანდრიას შეახსენა, რომ ძალიან მალე მოკვდებოდა, დასძინა: „ვისაც თავისი სული უყვარს, სპობს მას, ხოლო ვისაც თავისი სული სძულს ამ ქვეყნიერებაში, მარადიული სიცოცხლისთვის დაიცავს მას“. უფალს ბერძნების ცნობისმოყვარეობა არ დაუკმაყოფილებია; მან თავის მოწაფეებს მოუწოდა, რომ მათაც მიებაძათ მისთვის და გამოევლინათ თავგანწირული სული. სანაცვლოდ ქრისტე მათ დაჰპირდა: „ვისაც უნდა, რომ მემსახუროს, მამა პატივისცემით მოეპყრობა მას“. ცხადია, ფილიპე იესოს ამ გამამხნევებელ სიტყვებს ბერძნებს გადასცემდა (იოან. 12:20—26).

14. საიდან ჩანს, რომ იესო გაწონასწორებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ მისი ძირითადი საქმიანობა ქადაგება იყო?

14 მართალია, იესოს ყურადღება მთავარი მიზნიდან, სასიხარულო ცნობის ქადაგებიდან, სხვა რამეზე არ გადაჰქონდა, მაგრამ ის ყოველთვის ამ საქმით არ იყო დაკავებული. ქრისტე ერთხელ ქორწილშიც წავიდა და სტუმართა გულის გასახალისებლად სასწაულიც მოახდინა — წყალი ღვინოდ აქცია (იოან. 2:2, 6—10). იგი აგრეთვე სტუმრობდა  ახლო მეგობრებსა და მათ, ვინც მომავალში მისი მოწაფეები გახდებოდნენ (ლუკ. 5:29; იოან. 12:2). რაც მთავარია, იესო დროს უთმობდა ლოცვას, ფიქრსა და დასვენებას (მათ. 14:23; მარ. 1:35; 6:31, 32).

„მოვიშოროთ ყველაფერი, რაც გვამძიმებს“

15. რა ურჩია პავლე მოციქულმა ქრისტიანებს და თავად როგორ დაგვიტოვა ამ მხრივ საუკეთესო მაგალითი?

15 პავლე მოციქულმა, რომელმაც მიძღვნილი ქრისტიანის ცხოვრება სარბიელის მოთმინებით გარბენას შეადარა, დაწერა: „მოვიშოროთ ყველაფერი, რაც გვამძიმებს“ (წაიკითხეთ ებრაელების 12:1). პავლე ამ სიტყვების თანახმად ცხოვრობდა კიდეც; მან უარი თქვა კარიერაზე, რასაც შესაძლოა მისთვის სიმდიდრე და სახელი მოეხვეჭა. მოციქულმა ყურადღება უფრო მნიშვნელოვანზე შეაჩერა და მთელი ცხოვრება ღვთის მსახურებას შეალია — ქადაგებით შემოიარა სირია, მცირე აზია, მაკედონია და იუდეა. პავლემ თავისი ზეციური იმედის შესახებ თქვა: „ვივიწყებ იმას, რაც უკან დარჩა, და ვისწრაფვი იმისკენ, რაც წინ არის, ვისწრაფვი მიზნისკენ ... ჯილდოსკენ“ (ფილ. 1:10; 3:8, 13, 14). პავლე მოციქულმა საუკეთესოდ გამოიყენა დაუქორწინებლობა და განუწყვეტლივ ემსახურებოდა უფალს მოუცდენლად (1 კორ. 7:32—35).

16, 17. როგორ შეგვიძლია მივყვეთ პავლე მოციქულის მაგალითს, იმისდა მიუხედავად, დაუქორწინებელნი ვართ თუ დაქორწინებულნი? მოიყვანეთ მაგალითი.

16 პავლე მოციქულის მსგავსად, ღვთის ზოგი მსახური დაუქორწინებლობას ამჯობინებს, რათა შედარებით ნაკლები პასუხისმგებლობა ჰქონდეთ და უფრო მეტი დრო სამეფოს საქმეს დაუთმონ (მათ. 19:11, 12). ხშირად დაქორწინებულ ქრისტიანებს ოჯახში მეტი პასუხისმგებლობა აკისრიათ. თუმცა დაუქორწინებელნი ვართ თუ დაქორწინებულნი, თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია, „მოვიშოროთ ყველაფერი, რაც გვამძიმებს“ და შეძლებისდაგვარად მოუცდენლად ვემსახუროთ ღმერთს. ამისათვის შესაძლოა ცხოვრებაში ცვლილებების მოხდენა დაგვჭირდეს, მაგალითად, ნაკლებად დავკავდეთ იმ საქმეებით, რაც დროს გვართმევს და მიზნად დავისახოთ, რომ მეტი დრო დავუთმოთ ღვთის მსახურებას.

17 მოდი, გავეცნოთ ერთ უელსელ წყვილს, მარკსა და კლერს. ისინი სკოლის დამთავრებისთანავე პიონერულ მსახურებას შეუდგნენ; მათ პიონერული მსახურება დაქორწინების შემდეგაც განაგრძეს. მარკი გვიამბობს: „ჩვენ გავიმარტივეთ ცხოვრება; უარი ვთქვით კერძო სახლზე, რომელსაც სამი საძინებელი ჰქონდა და ნახევარგანაკვეთიან სამსახურზე. ამგვარად შეგვეძლო საერთაშორისო სამშენებლო საქმეში მოგვესინჯა ძალა“. მარკმა და კლერმა 20 წლის განმავლობაში აფრიკის სხვადასხვა ქვეყანაში არაერთი სამეფო დარბაზის მშენებლობაში მიიღეს მონაწილეობა. ერთხელ, როცა მათ 15 დოლარიღა ებადათ, იეჰოვამ გასაოცრად იზრუნა მათზე. კლერი თავის გრძნობებს გვიზიარებს: „უდიდეს კმაყოფილებას ვგრძნობთ, რომ იეჰოვას ყოველდღე ვემსახურებით. ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინეთ და არაფერი გვაკლია. ის მცირედი, რაზეც უარი ვთქვით, ნამდვილად ვერ გაუტოლდება ბედნიერებას, რაც იეჰოვასთვის სრული დროით მსახურებას სდევს თან“. ასეთი გრძნობები ბევრ სრული დროით მსახურს დაუფლებია. *

18. რა კითხვებზე ღირს დაფიქრება?

18 თქვენზე რის თქმა შეიძლება? როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ ყურადღება სხვა რამეზე გაქვთ გადატანილი და ატყობთ, რომ სამეფოს საქმეს უწინდებური ენთუზიაზმით ვეღარ ასრულებთ? თუ უფრო გულდასმით წაიკითხავთ და შეისწავლით ბიბლიას, ეს უდავოდ დიდ დახმარებას გაგიწევთ. როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება? ამ საკითხზე მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ.

^ აბზ. 7 წაიკითხეთ ამავე ნომერში დაბეჭდილი სტატია „გამოუცდელს ყველა სიტყვისა სჯერა“.

^ აბზ. 17 გაეცანით ჰეიდენ და მელოდი სანდერსონების ბიოგრაფიას სახელწოდებით „ვიცით, რა არის სწორი და ასე ვიქცევით“ (2006 წლის 1 მარტის „საგუშაგო კოშკი“). მათ უარი თქვეს ავსტრალიაში წარმატებულ ბიზნესზე და სრული დროით მსახურება დაიწყეს. გაიგეთ, რა მოხდა მაშინ, როცა მათ ინდოეთში მისიონერად მსახურების დროს ფული შემოაკლდათ.