არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა)  |  სექტემბერი 2015

როგორ გვიმტკიცებს იეჰოვა თავის სიყვარულს?

როგორ გვიმტკიცებს იეჰოვა თავის სიყვარულს?

„ნახეთ, როგორი სიყვარული გამოავლინა მამამ ჩვენდამი“ (1 იოან. 3:1).

სიმღერები: 91, 13

1. რისკენ მოგვიწოდა მოციქულმა იოანემ და რატომ?

მოციქულ იოანეს სიტყვები, რომელსაც 1 იოანეს 3:1-ში ვკითხულობთ, ნამდვილად იმსახურებს ჯეროვან ყურადღებას. სიტყვებით, „ნახეთ, როგორი სიყვარული გამოავლინა მამამ ჩვენდამი“, იოანემ თანაქრისტიანებს მოუწოდა, ეფიქრათ იმ განუზომელ სიყვარულზე, რომელსაც ღმერთი მათდამი გრძნობდა. თუ ჩვენც ჩავუღრმავდებით მოციქულის სიტყვებს, უდავოდ გაგვიძლიერდება ღვთისადმი სიყვარული და უფრო მეტად დავუახლოვდებით მას.

2. რატომ უჭირს ბევრს იმის დაჯერება, რომ ღმერთს უყვარს ადამიანები?

2 დღეს ბევრს უჭირს იმის დაჯერება, რომ ღმერთს უყვარს ადამიანები. მათი აზრით, ღვთის მხოლოდ უნდა გვეშინოდეს და ვემორჩილებოდეთ მას. ფართოდ გავრცელებული ცრურელიგიური სწავლებების საფუძველზე, ზოგი ასკვნის, რომ ღმერთს არავინ უყვარს და მისი შეყვარებაც შეუძლებელია. ზოგის შეხედულებით, ღვთის სიყვარული ჩვენდამი უპირობოა და მას ვუყვარვართ იმისდა მიუხედავად, თუ როგორ ვიქცევით. თუმცა თქვენ, ვისაც ბიბლიური ცოდნა გაქვთ, საუკეთესოდ უწყით, რომ ღვთის უმთავრესი თვისება სიყვარულია და სწორედ ამ თვისებამ აღძრა იგი, რომ კაცობრიობის გამოსასყიდად თავისი მხოლოდშობილი ძე მსხვერპლად გაეღო (იოან. 3:16; 1 იოან. 4:8). ერთი რამ აღსანიშნავია: ის, თუ რა შეხედულება გექნებათ თქვენდამი ღვთის სიყვარულზე, მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული გარემოზე, რომელშიც აღიზარდეთ.

3. რომელია უაღრესად მნიშვნელოვანი გარემოება, რაც ღვთის სიყვარულზე მეტყველებს?

 3 როგორ გვიმტკიცებს იეჰოვა თავის სიყვარულს? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად, არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი გარემოება — ის ჩვენი შემოქმედია (წაიკითხეთ ფსალმუნის 100:3—5). სწორედ ამიტომ უწოდებს ბიბლია ადამს „ღვთის ძეს“ და ამიტომაც მოუწოდა იესომ თავის მიმდევრებს, რომ იეჰოვა ლოცვაში „ზეციერ მამად“ მოეხსენიებინათ (ლუკ. 3:38; მათ. 6:9). ვინაიდან ღმერთმა სიცოცხლე გვიბოძა, ის ჩვენი მამაა; შესაბამისად, მასთან მამაშვილური ურთიერთობა გვაქვს. მარტივად რომ ვთქვათ, იეჰოვას ისე ვუყვარვართ, როგორც მოსიყვარულე მამას თავისი შვილები.

4. ა) რა მხრივ განსხვავდება იეჰოვა ხორციელი მამისგან? ბ) რას განვიხილავთ ამ და მომდევნო სტატიებში?

4 ვერც ერთი მამა ვერ შეძლებს, სრულყოფილად მიჰბაძოს იეჰოვას მამობრივი სიყვარულის გამოვლენაში, ვინაიდან ისინი არასრულყოფილები არიან. უფრო მეტიც, ზოგი მტარვალი მამის ხელში აღიზარდა და ბავშვობის დროინდელი მოგონებები დღემდე მათ სულს მოუშუშებელ იარებად აჩნია. ერთი რამის თქმა დაბეჯითებით შეგვიძლია: იეჰოვა ნამდვილად არ ჰგავს ასეთ მამებს (ფსალმ. 27:10). თუ ბოლომდე გავიაზრებთ, რამდენად ვუყვარვართ იეჰოვას და როგორ ზრუნავს იგი ჩვენზე, ეს ნამდვილად დაგვაახლოებს მასთან (იაკ. 4:8). ამ სტატიაში ვისაუბრებთ ოთხ მხარეზე, რაშიც ჩვენდამი იეჰოვას სიყვარული ვლინდება. მომდევნო სტატიაში კი ვისაუბრებთ იმ ოთხ მხარეზე, რითაც ჩვენ ვუმტკიცებთ ღმერთს სიყვარულს.

იეჰოვა მოსიყვარულე და მზრუნველი მამაა

5. რა განუცხადა პავლემ ათენელებს ღვთის შესახებ?

5 ათენში ყოფნისას მოციქულმა პავლემ შენიშნა, რომ ქალაქი სავსე იყო ცრუ ღვთაებათა კერპებით; ათენელები თავიანთ არსებობასა და კეთილდღეობას სწორედ მათ უმადლოდნენ. ამ ყოველივეს ხილვის შემდეგ პავლემ ქალაქის მკვიდრთ განუცხადა: „ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო და ყველაფერი, რაც მასშია . . . აძლევს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვასა და ყოველივეს . . . მისით ვცოცხლობთ, ვმოძრაობთ და ვარსებობთ“ (საქ. 17:24, 25, 28). დიახ, იეჰოვამ სიყვარულით გვიბოძა „ყოველივე“ ანუ ყველაფერი აუცილებელი, რაც სიცოცხლისთვის გვჭირდება. მოდი, ვნახოთ, რა იგულისხმება ყოველივე აუცილებელში.

6. როგორ მოწმობს დედამიწა ღვთის სიყვარულზე? (იხილეთ სურათი მე-18 გვერდზე)

6 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვამ, შემოქმედმა, დედამიწა „ადამიანთა ძეებს მისცა“ (ფსალმ. 115:15, 16). მეცნიერები უამრავ თანხას ხარჯავენ კოსმოსური სივრცის გამოსაკვლევად, რათა მიაგნონ პლანეტებს, სადაც ისეთივე სასიცოცხლო პირობებია, როგორიც დედამიწაზე. მართალია, მათ ასობით პლანეტა აღმოაჩინეს, მაგრამ იმედი გაუცრუვდათ, ვინაიდან ვერც ერთ პლანეტაზე ვერ მიაკვლიეს სიცოცხლის არსებობისთვის საჭირო ზუსტ ბალანსს, სწორედ ისეთს, როგორიც დედამიწაზეა. დედამიწა მართლაც უნიკალური პლანეტაა. უბრალოდ დაფიქრდით, იმ აურაცხელ პლანეტათა შორის, რომლებსაც გალაქტიკა „ირმის ნახტომსა“ თუ მის ფარგლებს გარეთ ვხვდებით, მხოლოდ დედამიწაა როგორც სასიცოცხლოდ ვარგისი, ისე ლამაზი და უსაფრთხო ადგილი კაცთა საცხოვრებლად (ეს. 45:18). ეს უდავო დასტურია იმისა, რომ ღმერთს ძლიერ ვუყვარვართ (წაიკითხეთ იობის 38:4, 7; ფსალმუნის 8:3—5).

7. როგორ მოწმობს ღვთის სიყვარულზე ის, თუ როგორ ვართ შექმნილნი?

7 მართალია, იეჰოვამ მშვენიერი საცხოვრებელი გარემო გვიბოძა, მაგრამ მან საუკეთესოდ იცის, რომ ჩვენს ბედნიერებასა და კმაყოფილებას მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობა არ განაპირობებს. მაგალითად, ბავშვი თავს დაცულად მაშინ გრძნობს, როცა მშობლებს იგი უყვართ და ყურადღებას აქცევენ. იეჰოვამ ადამიანები თავის ანარეკლად შექმნა; მან მათში სიყვარულის უნარი ჩადო — ადამიანებს შეუძლიათ იგრძნონ ღვთის სიყვარული და მზრუნველობა და თავადაც უყვარდეთ ღმერთი (დაბ. 1:27). უფრო მეტიც, იესომ  თქვა: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათ. 5:3). იეჰოვა, მოსიყვარულე მამა, „ჩვენ გასახარად ყველაფერს უხვად გვაძლევს“ — იგი ზრუნავს როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ მოთხოვნილებებზე (1 ტიმ. 6:17; ფსალმ. 145:16).

იეჰოვა სიყვარულით გვასწავლის ჭეშმარიტებას

8. რატომ უნდა მივმართოთ ხელმძღვანელობისთვის „ჭეშმარიტების ღმერთს“, რომელსაც ვუყვარვართ?

8 მართალია, მშობლებს უყვართ თავიანთი შვილები და მათი დაცვა სურთ, რათა ისინი სხვებმა შეცდომაში არ შეიყვანონ, მაგრამ ბევრ მათგანს არ ხელეწიფება შვილისთვის სათანადო ხელმძღვანელობის გაწევა; ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ისინი თავად არ იყენებენ ბიბლიაში ჩაწერილ ღვთიურ ნორმებს. ხშირ შემთხვევაში ამას შედეგად ის მოსდევს, რომ როგორც მშობლები, ისე შვილები გამოუვალ მდგომარეობაში ცვივიან და გული უტყდებათ (იგავ. 14:12). ჩვენს ზეციერ მამას, იეჰოვას კი ბიბლიაში „ჭეშმარიტების ღმერთი“ ეწოდება (ფსალმ. 31:5). მას უყვარს თავისი შვილები და ახარებს, როცა მათ თავისი ჭეშმარიტების შუქით უნათებს გზა-სავალს — ხელმძღვანელობს ყოველდღიურ ცხოვრებაში და ასწავლის, როგორ სცენ მას თაყვანი (წაიკითხეთ ფსალმუნის 43:3). რის შესახებ გაგვიმჟღავნა ღმერთმა ჭეშმარიტება და როგორ მოწმობს ეს მის სიყვარულზე?

როგორც იეჰოვა, ქრისტიანი მამებიც თავიანთ შვილებს ჭეშმარიტებას ასწავლიან; ისინი მათ ზეციერ მამასთან დაახლოებაში ეხმარებიან (იხილეთ მე-8—10 აბზაცები)

9, 10. როგორ მეტყველებს იეჰოვას სიყვარულზე ის, რომ მან ჭეშმარიტება გაგვიმჟღავნა ა) საკუთარ თავზე? ბ) იმის თაობაზე, თუ რა ადგილი გვიკავია მის განზრახვაში?

9 უპირველესად, იეჰოვამ გაგვიმჟღავნა ჭეშმარიტება საკუთარი თავის შესახებ; გაგვაგებინა თავისი სახელი, რომელსაც ბიბლიაში ყველა სხვა სახელზე მეტჯერ ვხვდებით. ეს ყოველივე იმაზე მეტყველებს, რომ მას ჩვენთან დაახლოება სწადია (იაკ. 4:8). იეჰოვა თავის პიროვნულ თვისებებსაც გვაცნობს; თვალით ხილული სამყარო მის ძლევამოსილებასა და სიბრძნეზე მოწმობს, ხოლო წმინდა წერილები მისი სამართლიანობისა და უსაზღვრო სიყვარულის შესახებ გვატყობინებს (რომ. 1:20). ის მამასავითაა, რომელიც მხოლოდ ძლიერი და ბრძენი კი არაა, არამედ სამართლიანი და მოსიყვარულეც, რაც შვილებს მასთან დაახლოებაში ეხმარება.

10 იეჰოვამ ჩვენსავე საკეთილდღეოდ ისიც გაგვიმჟღავნა, თუ რა ადგილი გვიკავია მის განზრახვაში. თუ გვეცოდინება ჩვენი ადგილი მის განზრახვაში, ეს ღვთის დიდ ოჯახში მშვიდობასა და წესრიგს შეუწყობს ხელს. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთმა ადამიანები ისე შექმნა, რომ მისი ხელმძღვანელობის გარეშე ვერას გახდებოდნენ. ამ ფუნდამენტური ჭეშმარიტების უგულებელყოფას სავალალო შედეგები მოაქვს (იერ. 10:23). ჩვენ უნდა გვესმოდეს: ღვთის ხელმძღვანელობის გარეშე ბედნიერნი ვერ ვიქნებით. ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში გავიხარებთ მშვიდობით, თუ ვაღიარებთ იეჰოვას უზენაეს მმართველობას. მართლაც, რა მოსიყვარულეა ჩვენი ღმერთი იეჰოვა, რომ ესოდენ მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება გაგვიზიარა!

11. ღვთის რომელი დანაპირები მოწმობს მის სიყვარულსა და მზრუნველობაზე?

11 მოსიყვარულე მამას აღელვებს შვილების მომავალი; მისი სურვილია, რომ მათ აზრიანი ცხოვრება ჰქონდეთ. სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის, რას უქადის ხვალინდელი დღე და ამიტომ ისინი თავიანთ ცხოვრებას სრულიად უსარგებლო მიზნებს სწირავენ (ფსალმ. 90:10). მათგან განსხვავებით, ჩვენ, ღვთის შვილები, ვგრძნობთ, რომ ღმერთს ვუყვარვართ, რისი დასტურიც მის მიერ აღთქმული მშვენიერი მომავალია. თავის მხრივ, იმის ცოდნა, რომ ღმერთს ვუყვარვართ, ჩვენს ცხოვრებას ნამდვილ აზრს სძენს.

იეჰოვა თავის შვილებს რჩევას აძლევს და შეაგონებს

12. როგორ ცხადყოფს იეჰოვას მიერ კაენისა და ბარუქისთვის მიცემული რჩევები, რომ იგი მოსიყვარულე და მზრუნველია?

12 ღმერთმა კაენს დროული და საჭირო რჩევა მისცა: „რატომ აენთე რისხვით და რატომ მოგეღუშა სახე? თუ კარგს გააკეთებ, განა არ მიგიღებ?! . . . იბატონებ [ცოდვაზე]?!“ (დაბ. 4:6, 7). ამ სიტყვებით იეჰოვამ გააფრთხილა კაენი,  რომ ცუდ გზას ადგა. სამწუხაროდ, კაენმა არ გაითვალისწინა ღვთისგან მიღებული მითითება და მწარე შედეგებიც იწვნია (დაბ. 4:11—13). როდესაც იერემიას მწერალი ბარუქი დაიქანცა და გული გაუტყდა, იეჰოვამ მასაც ურჩია, რომ გულგატეხილობის რეალური მიზეზი დაენახა. კაენისგან განსხვავებით, ბარუქმა მიიღო რჩევა, რის წყალობითაც სიკვდილს გადაურჩა (იერ. 45:2—5).

13. რატომ დაუშვა იეჰოვამ, რომ მისი ერთგული მსახურები განსაცდელებს შეხვედროდნენ?

13 მოციქულმა პავლემ დაწერა: „იეჰოვა იმის აღზრდაზე ზრუნავს, ვინც უყვარს, და შოლტით სცემს ყველას, ვისაც შვილად იღებს“ (ებრ. 12:6). თუმცა აღმზრდელობით ზომებში მარტო დასჯა არ შედის. ბიბლია მოგვითხრობს ღვთის უამრავ ერთგულ მსახურზე, რომლებმაც იეჰოვას ხელმძღვანელობის წყალობით ურთულესი განსაცდელები გადაიტანეს, რამაც ისინი, როგორც ღვთის მსახურები, გამოაწრთო. მაგალითად, დავფიქრდეთ იოსების, მოსესა და დავითის ისტორიებზე. ისინი იმ ბიბლიურ პერსონაჟთა შორის არიან, რომელთა შესახებაც ღვთის სიტყვა დაწვრილებით ინფორმაციას გვაწვდის. ამ ბიბლიური ისტორიების კითხვა, კერძოდ ის, თუ როგორ ედგა იეჰოვა მათ მხარში განსაცდელების ჟამს, როგორ წვრთნიდა მათ და რაოდენ დიდ პასუხისმგებლობებს ანდობდა, კიდევ უფრო მეტად გვარწმუნებს, რომ ღმერთი სიყვარულსა და ზრუნვას არ აკლებს თავის მსახურებს (წაიკითხეთ იგავების 3:11, 12).

14. როგორ ვგრძნობთ იეჰოვას სიყვარულს, როცა იგი შეგვაგონებს?

14 იეჰოვასგან მიღებული შეგონებები მისი სიყვარულის კიდევ ერთ მხარეს ჰფენს ნათელს. როდესაც შემცოდველი იეჰოვასგან მიღებული შეგონების შედეგად ინანიებს, ღმერთი პატიობს მას, ვინაიდან იგი „მრავლის მიმტევებელია“ (ეს. 55:7). დავითმა მხატვრული ენით აღწერა, თუ როგორ პატიობს ღმერთი შემცოდველებს: „ის . . . ყველა დანაშაულს  გპატიობს; ვინც ყველა შენი სნეულებისგან გკურნავს; ვინც საფლავში ჩავარდნისგან იცავს შენს სიცოცხლეს; ვინც სიკეთისა და წყალობის გვირგვინს გადგამს; როგორც მზის ამოსავალია დაშორებული მზის ჩასავლისგან, ისე დაგვაშორა მან ჩვენი ცოდვები“ (ფსალმ. 103:3, 4, 12). მოდი, არასოდეს წავუყრუოთ იეჰოვას რჩევებს, არ უკუვაგდოთ მისი შეგონებები, მზად ვიყოთ ცვლილებების მოსახდენად და ყოველთვის გვახსოვდეს: იგი ასე იმიტომ მოქმედებს, რომ ძალიან ვუყვარვართ (ფსალმ. 30:5).

იეჰოვა იცავს თავის ხალხს

15. საიდან ჩანს, რომ იეჰოვასთვის თავისი ხალხი საუნჯეა?

15 ცხადია, ყველა მოსიყვარულე მამას სურს, რომ ოჯახი მოსალოდნელი საფრთხისა თუ ზიანისგან დაიცვას. იეჰოვა, ჩვენი ზეციერი მამაც, გვიცავს და გვმფარველობს. მის შესახებ ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „ის იცავს თავის ერთგულთა სულებს, ბოროტთა ხელიდან იხსნის მათ“ (ფსალმ. 97:10). დაფიქრდით, რამდენად ძვირფასია თქვენთვის თვალები. იეჰოვა სწორედ თვალის მაგალითზე გვანახვებს, თუ რაოდენ ძვირფასია მისთვის თავისი ხალხი (წაიკითხეთ ზაქარიას 2:8). ღვთისთვის თავისი ხალხი ნამდვილად საუნჯეა!

16, 17. როგორ იცავდა იეჰოვა თავის ხალხს წარსულში და როგორ იცავს დღეს?

16 ერთ-ერთი საშუალება, რითაც იეჰოვა გვიცავს, ანგელოზები არიან (ფსალმ. 91:11). მაგალითად, ერთმა ანგელოზმა 185 000 ასურელ მეომარს ერთ ღამეში გაავლო მუსრი და ამგვარად იერუსალიმი მათი ხელიდან დაიხსნა (2 მეფ. 19:35). სწორედ ანგელოზებმა იხსნეს საპყრობილიდან პეტრე, პავლე და სხვა მოციქულები (საქ. 5:18—20; 12:6—11). იეჰოვას ხელი არც დღეს დამოკლებულა. მაგალითად, მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა აფრიკის ერთ-ერთი ფილიალის მონახულების შემდეგ თავის ანგარიშში მოიხსენია, რომ რელიგიური და პოლიტიკური კონფლიქტების შედეგად ქვეყანა საშინელ მდგომარეობაში იყო; ირგვლივ ქაოსი და ანარქია გამეფებულიყო — ბრძოლა, ძარცვა, გაუპატიურება და მკვლელობა ჩვეულ მოვლენად ქცეულიყო. მართალია, ადგილობრივი და-ძმების უმეტესობამ ყველაფერი დაკარგა, მაგრამ ისინი ცოცხლები გადარჩნენ. კითხვაზე, თუ როგორ გრძნობდნენ თავს ამ ყველაფრის შემდეგ, ისინი ღიმილით პასუხობდნენ: „იეჰოვას წყალობით ყველაფერი რიგზეა“. დიახ, მიუხედავად სირთულეებისა, ისინი მაინც გრძნობდნენ იეჰოვას სიყვარულს!

17 ღმერთი ზოგჯერ უშვებს, რომ ავისმზრახველებმა მისი ერთგული მსახურები სიცოცხლეს გამოასალმონ, ისევე როგორც ეს ღვთის ერთგული მსახურის, სტეფანეს, შემთხვევაში მოხდა. თუმცა, როგორც წესი, იეჰოვა იცავს თავის ხალხს და აძლევს დროულ მითითებებს, რათა წინ აღუდგნენ სატანის ხრიკებს (ეფეს. 6:10—12). იგი თავისი სიტყვისა და ორგანიზაციიდან მიღებული ბიბლიური პუბლიკაციების მეშვეობით გვანახვებს, თუ რაოდენ სახიფათოა სიმდიდრის დაგროვება, უზნეო და ძალადობრივი გართობა, ინტერნეტის უმართებულო მოხმარება და ასე შემდეგ. იეჰოვა, როგორც მოსიყვარულე მამა, ზრუნავს თავისი შვილების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე.

დიდი პატივი

18. რას გრძნობთ, როცა ფიქრობთ იმაზე, რომ იეჰოვას უყვარხართ?

18 ზემოთ ვისაუბრეთ რამდენიმე მხარეზე, რაშიც იეჰოვას სიყვარული ვლინდება; ამიტომ, ჩვენთვის უცხო არაა მოსეს გრძნობები, რომელმაც მას შემდეგ, რაც იეჰოვას მსახურებაში გატარებულ წლებს თვალი გადაავლო, თქვა: „შენი სიკეთით გაგვაძღე დილაობით, რათა სიხარულით ვიყიჟინოთ და გავიხაროთ მთელი ჩვენი დღენი“ (ფსალმ. 90:14, სქოლიო). მართლაც, ენით აუწერელი პატივი და უდიდესი კურთხევაა ის, რომ დღესვე შეგვიძლია, ჩავწვდეთ იეჰოვას სიყვარულს და საკუთარ თავზე გამოვცადოთ, თუ როგორ ვუყვარვართ მას. ზემოთ განხილულის საფუძველზე, ჩვენც ვუერთდებით მოციქულ იოანეს განაცხადს: „ნახეთ, როგორი სიყვარული გამოავლინა მამამ ჩვენდამი“ (1 იოან. 3:1).