წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) სექტემბერი 2015

როგორ დავუმტკიცოთ იეჰოვას სიყვარული?

როგორ დავუმტკიცოთ იეჰოვას სიყვარული?

„ჩვენ კი გვიყვარს, რადგან მან პირველმა შეგვიყვარა“ (1 იოან. 4:19).

სიმღერები: 56, 138

1, 2. იოანეს სიტყვების თანახმად, როგორ გვიჩვენა იეჰოვამ, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს იგი?

საყოველთაოდ ცნობილია, რომ მამა ყველაზე უკეთ თავის შვილს პირადი მაგალითით ასწავლის. იოანე მოციქულმა დაწერა: „ჩვენ კი გვიყვარს, რადგან [ღმერთმა] პირველმა შეგვიყვარა“ (1 იოან. 4:19). მართლაც, იეჰოვამ მამობრივი სიყვარულის გამოვლენის უზადო მაგალითი მოგვცა, რაც გვეხმარება, თავადაც შევიყვაროთ იგი.

2 რა გაგებით შეგვიყვარა ღმერთმა პირველმა? ამის თაობაზე მოციქულმა პავლემ თქვა: „ღმერთი . . . თავის სიყვარულს იმით გვიჩვენებს, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით“ (რომ. 5:8). ღმერთმა ჭეშმარიტი სიყვარულის არსი იმით დაგვანახვა, რომ ჩვენთვის შეუფასებელი მსხვერპლი, საკუთარი ძის სიცოცხლე, გაიღო. როგორც ვხედავთ, ჭეშმარიტი სიყვარული უანგარო, გულუხვი და თავგანწირულია. ღვთის ამ დიდსულოვანმა ნაბიჯმა შესაძლებლობა მოგვცა, დავახლოებოდით მას, რათა ერთი მხრივ, გვეგრძნო, თუ რაოდენ დიდი სიკეთე მოაქვს ჩვენთვის მის სიყვარულს, ხოლო მეორე მხრივ, თავადაც გამოგვევლინა სიყვარული მის მიმართ (1 იოან. 4:10).

3, 4. როგორ უნდა გამოვავლინოთ ღვთისადმი სიყვარული?

3 სიყვარული იეჰოვას უმთავრესი თვისებაა; სწორედ ამიტომ გაუმახვილა ყურადღება იესომ ერთ-ერთ მწიგნობარს წმინდა წერილებში ჩაწერილ უპირველეს მცნებაზე: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი,  მთელი გულით, მთელი სულით, მთელი გონებით და მთელი ძალით“ (მარ. 12:30). იესოს სიტყვებიდან ვხედავთ, რომ ღმერთი უპირველესად გულით უნდა გვიყვარდეს. თუ იეჰოვა მთელი გულით არ გვეყვარება, ამით მას გულს ვატკენთ. თუმცა იესოს სიტყვებიდან იმასაც ვიგებთ, რომ ღმერთი უნდა შევიყვაროთ მთელი სულით, გონებითა და ძალით. აქედან გამომდინარე, ღვთისადმი ნამდვილი სიყვარული გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ ემოცია. როგორც აღვნიშნეთ, ღვთისადმი სიყვარული უნდა იყოს წრფელი, თუმცა იმავდროულად, მასში ჩართული უნდა იყოს მთელი ჩვენი ფიზიკური თუ გონებრივი რესურსი. წინასწარმეტყველ მიქას სიტყვების თანახმად, ღმერთი ჩვენგან სწორედ ამგვარ სიყვარულს მოელის (წაიკითხეთ მიქას 6:8).

4 და მაინც, როგორ შეგვიძლია დავუმტკიცოთ სიყვარული ჩვენს ზეციერ მამას? ღმერთი მთელი არსებით უნდა გვიყვარდეს. ეს სიყვარული, როგორც ქრისტემ თქვა, უნდა მოიცავდეს მთელ ჩვენს ფიზიკურ, ემოციურ თუ სულიერ შესაძლებლობებს. წინა სტატიაში ვისაუბრეთ ოთხ საშუალებაზე, რითაც იეჰოვა უდიდეს სიყვარულს გვიმტკიცებს. ამჯერად კი ვისაუბრებთ იმ საშუალებებზე, რითაც ჩვენ შეგვიძლია მისადმი სიყვარულის გამოხატვა და გაღრმავება.

იყავით მადლიერნი იეჰოვას სიკეთისთვის

5. რის გაკეთება გვმართებს იეჰოვას სიყვარულის სანაცვლოდ?

5 როდესაც ვინმე რაიმეს გჩუქნით, რა გრძნობა გეუფლებათ ან როგორ ეპყრობით საჩუქარს? ალბათ, მადლიერნი ხართ და გსურთ, რომ ეს გრძნობა რამენაირად გამოხატოთ. გარდა ამისა, ალბათ, გამოიყენებთ კიდეც ნაჩუქარ ნივთს. მოწაფე იაკობმა დაწერა: „ყოველი კარგი ძღვენი და ყოველი სრულყოფილი საბოძვარი ზემოდანაა, ციურ მნათობთა მამისგან მოდის, რომელიც ცვალებად ჩრდილს არა ჰგავს“ (იაკ. 1:17). დიახ, იეჰოვა მუდამ უზრუნველგვყოფს ყოველივე აუცილებლით, რაც ჩვენი სიცოცხლისა და ბედნიერებისთვისაა საჭირო. ნუთუ ეს არ გვიბიძგებს, რომ თავადაც შევიყვაროთ ღმერთი?

6. რა უნდა გაეკეთებინათ ისრაელებს, თუ სურდათ, რომ იეჰოვასგან კვლავაც კურთხეულნი ყოფილიყვნენ?

6 ისრაელები ასობით წლის განმავლობაში იეჰოვას მზრუნველ კალთას იყვნენ შეფარებულნი; მთელი ამ ხნის მანძილზე ღმერთი უხვად აკურთხებდა მათ, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად (კან. 4:7, 8). თუმცა ისინი კურთხეულნი იქნებოდნენ მანამ, სანამ უერთგულებდნენ ღვთის კანონს, რომლის თანახმადაც, მათ ყოველთვის უნდა შეეწირათ იეჰოვასთვის „მიწის პირველი ნაყოფიდან საუკეთესო“ (გამ. 23:19). ისრაელები ასეთი საქციელით აჩვენებდნენ, რომ იეჰოვას სიყვარულსა და მისგან მომდინარე კურთხევებს თავისთავადად არ თვლიდნენ (წაიკითხეთ კანონის 8:7—11).

7. როგორ შეგვიძლია ჩვენი ქონებიდან პატივი მივაგოთ იეჰოვას და ამგვარად სიყვარული დავუმტკიცოთ მას?

7 რის თქმა შეიძლება ჩვენზე? მართალია, ჩვენ პირდაპირი გაგებით მსხვერპლის შეწირვა არ მოგვეთხოვება, მაგრამ კანონში ჩადებული პრინციპი ჩვენზეც ვრცელდება: იეჰოვასადმი სიყვარულს იმით გამოვხატავთ, თუ მას ჩვენი ქონებიდან პატივს მივაგებთ (იგავ. 3:9). საინტერესოა, როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? მაგალითად, შეგვიძლია მატერიალური შესაწირავით დავუჭიროთ მხარი სამეფოს საქმეს, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ეს ღვთისადმი სიყვარულის გამოსახატავად საუკეთესო გზა გახლავთ იმისდა მიუხედავად, ბევრი გვაქვს თუ ცოტა (2 კორ. 8:12). თუმცა ჩვენ შეგვიძლია ღმერთს სიყვარული სხვა მხრივაც დავუმტკიცოთ.

8, 9. რა კავშირია იეჰოვას დანაპირებისადმი ნდობასა და მის სიყვარულს შორის? მოიყვანეთ მაგალითი.

8 გაიხსენეთ იესოს მიერ თავისი მიმდევრებისთვის მიცემული მითითება, რომ უპირველესად ღვთის სამეფო ეძებათ და საკვებსა და ტანსაცმელზე არ ეწუხათ. მან ისინი დააიმედა, რომ ამ ყოველივეზე მათი ზეციერი მამა იზრუნებდა (მათ. 6:31—33). ის, თუ რამდენად ვენდობით ამ დაპირებას, აჩვენებს, თუ როგორ გვიყვარს ღმერთი; სიყვარული ხომ ნდობის გარეშე არ არსებობს?! თუკი ვინმეზე ვამბობთ,  რომ ნამდვილად გვიყვარს, ჩვენ ვენდობით კიდეც მას (ფსალმ. 143:8). მოდი, ვკითხოთ საკუთარ თავს: „ცხადყოფს ჩემი მიზნები და ცხოვრების წესი, რომ ნამდვილად მიყვარს იეჰოვა? ვაჩვენებ ყოველდღიურად ჩემი საქმეებით, რომ ვენდობი ღმერთს და მჯერა, რომ მას შესწევს ძალა, იზრუნოს ჩემს საჭიროებებზე?“.

9 ერთმა ქრისტიანმა, სახელად მაიკმა, სწორედ ასეთი სიყვარული და ნდობა გამოავლინა ღვთისადმი. ახალგაზრდობაში მაიკს ძალიან სურდა, რომ ღვთისთვის სხვა ქვეყანაში ემსახურა. თუმცა იგი დაქორწინდა და ქალ-ვაჟი შეეძინა. მიუხედავად ამისა, მას საზღვარგარეთ მსახურების სურვილი არ განელებია. მაიკი ოჯახთან ერთად ხშირად ეცნობოდა სტატიებსა და ანგარიშებს იმ ქვეყნებზე, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო; შედეგად, მათ ცხოვრების გამარტივება გადაწყვიტეს — გაყიდეს სახლი და საცხოვრებლად პატარა ბინაში გადავიდნენ. მაიკი დასუფთავების სააგენტოს ფლობდა; მან ბიზნესი შეამცირა და ისწავლა, როგორ ემართა თავისი საქმე საზღვარგარეთიდან ინტერნეტით. საბოლოოდ, იგი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად უცხოეთში გადავიდა. ორწლიანი წარმატებული მსახურების შესახებ მან ასეთი რამ თქვა: „ჩვენ საკუთარი გამოცდილებით დავრწმუნდით მათეს 6:33-ში ჩაწერილი იესოს სიტყვების ჭეშმარიტებაში“.

გულთან ახლოს მიიტანეთ ღვთიური ჭეშმარიტება

10. რა შედეგს მოგვიტანს იეჰოვაზე ფიქრი, როგორც ეს მეფე დავითის შემთხვევიდან დავინახეთ?

10 დაახლოებით 3 000 წლის წინ ღვთის მიერ შექმნილი ცით აღფრთოვანებულმა მეფე დავითმა თქვა: „ღვთის დიდებას აუწყებს ზეცა და სივრცე მის ხელთა ნამოქმედარზე მეტყველებს“; ღვთის კანონში ჩადებული სიბრძნით გაოცებულს კი აღმოხდა: „იეჰოვას კანონი სრულყოფილია, სულს აცოცხლებს. იეჰოვას შეხსენება სანდოა, დააბრძენებს გამოუცდელებს“. რა შედეგი მოუტანა დავითს მადლიერებით გაჯერებულმა ფიქრებმა? წმინდა წერილებში ვკითხულობთ: „ჩემი პირიდან გამოსული სიტყვები და ჩემი გულის ზრახვები სასიამოვნო იყოს შენთვის, იეჰოვა, ჩემო კლდეო და ჩემო გამომსყიდველო!“. როგორც ვხედავთ, შედეგი ის იყო, რომ დავითსა და იეჰოვას შორის ახლო და თბილი ურთიერთობა ჩამოყალიბდა (ფსალმ. 19:1, 7, 14).

11. რისკენ აღგვძრავს ღვთის სიყვარული და მის შესახებ შეძენილი ცოდნა? (იხილეთ სურათი 23-ე გვერდზე)

11 დღეს იეჰოვას წყალობით გაცილებით მეტი რამ ვიცით მისი დიდებული შემოქმედებითი საქმეების შესახებ, აგრეთვე იმის შესახებ, თუ როგორ ხორციელდება მისი განზრახვა. ქვეყნიერება ახალგაზრდებს უმაღლესი განათლების მიღებისა და აკადემიური ხარისხების მოპოვებისკენ უბიძგებს. მაგრამ ბევრის მაგალითზე, ვინც ამგვარ მიზნებს გამოედევნა, ვხედავთ, რომ მათ დაკარგეს ღვთისადმი რწმენა და სიყვარული. ჩვენ ბიბლია მხოლოდ იმისკენ კი არ მოგვიწოდებს, რომ შევიყვაროთ ცოდნა, არამედ იმისკენაც, რომ შევიძინოთ სიბრძნე და გაგების უნარი. ეს იმას ნიშნავს, რომ ვისწავლოთ ღვთიური ცოდნის გამოყენება როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების დასახმარებლად (იგავ. 4:5—7). ბიბლიაში ვკითხულობთ: „[ღვთის] ნებაა, ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“ (1 ტიმ. 2:4). ჩვენ ღმერთს სიყვარულს იმით ვუმტკიცებთ, რომ ხალხისთვის სასიხარულო ცნობის საუწყებლად ძალას არ ვიშურებთ და ვეხმარებით მათ, ჩასწვდნენ ღვთის დიდებულ განზრახვას კაცობრიობასთან მიმართებით (წაიკითხეთ ფსალმუნის 66:16, 17).

12. როგორ გამოხატა ერთმა ახალგაზრდამ იეჰოვასადმი მადლიერება სულიერი საზრდოსთვის?

12 ახალგაზრდებსაც შეუძლიათ ღვთისადმი სიყვარულის დამტკიცება იმით, თუ მადლიერნი იქნებიან მისგან ბოძებული სულიერი საზრდოსთვის. ერთი ჩვენი და, შანონი, იხსენებს საოლქო კონგრესს დევიზით „ღვთისადმი ერთგულება“, რომელსაც ის და მისი დაიკო მშობლებთან ერთად დაესწრნენ; მაშინ შანონი 11 წლის იყო, მისი და კი — 10-ის. კონგრესის ერთ-ერთ დღეს ახალგაზრდებს მოუწოდეს, რომ მათთვის გამოყოფილ სექტორში დამსხდარიყვნენ. შანონი ცოტა არ იყოს  აღელდა, თუმცა მაინც მიაშურა ახალგაზრდებისთვის გამოყოფილ სექტორს. მას ძალიან გაუხარდა, როცა სექტორში მსხდომ ახალგაზრდებს წილად ხვდათ მშვენიერი საჩუქარი, წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“. რა გრძნობები დაეუფლა შანონს? იგი იხსენებს: „მაშინ მივხვდი, რომ იეჰოვა რეალური პიროვნებაა, რომელსაც ძალიან, ძალიან ვუყვარვარ“. იგი დასძენს: „რა ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი დიდებული ღმერთი იეჰოვა ასეთ ძვირფას და შესანიშნავ საჩუქრებს გვჩუქნის“.

მიიღეთ ღვთისგან რჩევა და შეგონება

13, 14. თუ იეჰოვა გვიყვარს, როგორი რეაქცია გვექნება მისგან მოცემულ რჩევებსა და შეგონებებზე?

13 ბიბლიაში ვკითხულობთ: „იეჰოვა იმას შეაგონებს, ვინც უყვარს, როგორც შვილის მოყვარული მამა“ (იგავ. 3:12). ისმის კითხვა: ჩვენ როგორ უნდა ვრეაგირებდეთ, როცა ღმერთი შეგვაგონებს? პავლე მოციქულს ესმოდა, რომ რჩევის მიღება ყოველთვის ადვილი არ იყო, ამიტომ ქრისტიანებს მისწერა: „ახლა ნებისმიერი აღმზრდელობითი ზომა სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად“. თუმცა მას რომ შეგონების მნიშვნელოვნება არ დაუკნინებია, შემდეგი სიტყვებიდანაც გამოჩნდა: „მაგრამ ვინც ამით გაიწაფება, შემდგომში მშვიდობიან ნაყოფს იმკის — სიმართლეს“ (ებრ. 12:11). თუ იეჰოვა გვიყვარს, როდესაც იგი რჩევას გვაძლევს, არ ვიფიქრებთ, რომ ეს რჩევა ჩვენ არ გვეხება და არ გავუნაწყენდებით მას. მართალია, ზოგს უჭირს ღვთისგან რჩევის მიღება, მაგრამ ღვთის სიყვარული შეგვაძლებინებს ამას.

14 წინასწარმეტყველ მალაქიას დღეებში მცხოვრები ბევრი იუდეველი ღვთის რჩევებს არად აგდებდა. მართალია, მათ მშვენივრად იცოდნენ, თუ როგორი შესაწირავი უნდა აღევლინათ იეჰოვასთვის, მაგრამ ურცხვად იქცეოდნენ, რის გამოც ღმერთმა ისინი მკაცრად შეაგონა (წაიკითხეთ მალაქიას 1:12, 13). ისრაელში იმდენად სავალალო სურათი იყო შექმნილი, რომ იეჰოვა მრისხანებით აენთო მათზე და უთხრა: „მოვავლენ თქვენზე წყევლას და დავწყევლი თქვენს კურთხევებს. დავწყევლე კიდეც თქვენი კურთხევა, რადგან გულთან არ მიგაქვთ ჩემი ბრძანება“ (მალ. 2:1, 2). თუ ღვთისგან სიყვარულით მომდინარე რჩევების უგულებელყოფა გვჩვევია ან განზრახ ვუვლით მათ გვერდს, ეს ჩვენც სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს.

მიჰყევით ღვთის რჩევებს და ნუ იცხოვრებთ ქვეყნიური სტანდარტებით (იხილეთ მე-15 აბზაცი)

15. როგორი სულია დღეს გაბატონებული ქვეყნიერებაში, რომლის გავლენაშიც ქრისტიანები არ უნდა მოექცნენ?

 15 დღეს ადამიანები ქვეყნიერებაში იმდენად თავმოყვარენი და ეგოცენტრულნი არიან, რომ მათთვის ძალიან რთულია რჩევისა და შეგონების მიცემა, რომ აღარაფერი ვთქვათ მიცემული რჩევების გათვალისწინებაზე. ისინიც კი, რომლებიც, ერთი შეხედვით, იღებენ რჩევა-დარიგებებს, ამას ხშირად იძულებით აკეთებენ. თუმცა ქრისტიანებს ბიბლია მოუწოდებს: „ნუღარ იცხოვრებთ ქვეყნიერების ყაიდაზე“. ჩვენ უნდა ჩავწვდეთ ღვთის სრულყოფილ ნებას და ვიცხოვროთ კიდეც მის შესაბამისად (რომ. 12:2). იეჰოვა თავისი ორგანიზაციის მეშვეობით დროულ რჩევებს გვაძლევს ცხოვრების არაერთ სფეროში. მაგალითად, როგორ ავირჩიოთ მეგობრები, როგორი ურთიერთობა გვქონდეს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ან როგორ დავისვენოთ და გავერთოთ. თუ მივყვებით ღვთის ხელმძღვანელობას და ვითვალისწინებთ მის რჩევებსა თუ შეგონებებს, ვაჩვენებთ, რომ იეჰოვას მადლიერნი ვართ და მთელი გულით გვიყვარს იგი (იოან. 14:31; რომ. 6:17).

თუ იეჰოვას მიენდობით, იგი დაგიცავთ და დაგიხსნით

16, 17. ა) რატომ უნდა მივიღოთ იეჰოვას ნება მხედველობაში გადაწყვეტილების მიღებამდე? ბ) როგორ გამოჩნდა ისრაელების საქციელიდან, რომ სათანადოდ არ უყვარდათ იეჰოვა და ბოლომდე არ ენდობოდნენ მას?

16 პატარები როცა საფრთხეს გრძნობენ, ინსტინქტურად მშობლებთან გარბიან. თუმცა, როცა ისინი იზრდებიან, უფრო და უფრო თავდაჯერებულნი ხდებიან და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებენ; ეს ბუნებრივიცაა. მაგრამ, ვისაც მშობლებთან მეგობრული ურთიერთობა აქვს, გადაწყვეტილების მიღებამდე მათ აზრს ეკითხება. იმავეს თქმა შეიძლება იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობაზე. ღმერთი გვაძლევს თავის სულს, რომ სურვილიც გვქონდეს და ვმოქმედებთ კიდეც მისი ნების შესაბამისად. მაგრამ, თუ გადაწყვეტილების მიღებისას მის ნებას არ ვითვალისწინებთ, ამით ვაჩვენებთ, რომ სათანადოდ არ გვიყვარს იგი და ბოლომდე არ ვენდობით მას (ფილ. 2:13).

17 სამუელის დღეებში ისრაელები ფილისტიმელებთან ერთ-ერთ ბრძოლაში სასტიკად დამარცხდნენ. ღვთის ერი იმ დროს განსაკუთრებით საჭიროებდა იეჰოვას მფარველობას. როგორ მოიქცნენ ისინი მაშინ? წმინდა წერილებში ისრაელის უხუცესების სიტყვებს ვკითხულობთ: „წამოვიღოთ შილოდან იეჰოვას შეთანხმების კიდობანი, რათა ჩვენ შორის იყოს და გვიხსნას მტრის ხელიდან“. გამოიღო შედეგი მათმა ძალისხმევამ? ბიბლია გვაუწყებს: „დიდი ხოცვა-ჟლეტის გამო ოცდაათი ათასი ქვეითი დაეცა ისრაელიდან. წაიღო მტერმა ღვთის კიდობანი“ (1 სამ. 4:2—4, 10, 11). როგორც ჩანს, ისრაელები ფიქრობდნენ, რომ თუ კიდობანს ბრძოლის ველზე წაიღებდნენ, იეჰოვა დაეხმარებოდა მათ. ფაქტი ერთია, ისრაელები იეჰოვას ხელმძღვანელობას კი არ ეძებდნენ, არამედ საკუთარი ჭკუით მოქმედებდნენ, რამაც ისინი დაღუპა (წაიკითხეთ იგავების 14:12).

18. ბიბლიის თანახმად, რატომ უნდა მივენდოთ იეჰოვას?

18 ფსალმუნმომღერალს უყვარდა იეჰოვა და ენდობოდა მას; ამაზე მისი სიტყვებიც მოწმობს: „ღმერთს დაელოდე; მას შევასხამ ხოტბას, ჩემს დიდებულ მხსნელს. ჩემო ღმერთო, იმედი გადაეწურა ჩემს სულს. ამიტომაც მახსოვხარ“ (ფსალმ. 42:5, 6). თქვენც ფსალმუნმომღერალივით გიყვართ იეჰოვა და ენდობით მას? იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ კითხვაზე თქვენი პასუხი დადებითია, უპრიანი იქნება, თუ კიდევ უფრო გაიღრმავებთ მისადმი ნდობას და ამგვარად, მიჰყვებით ბიბლიაში ჩაწერილ მითითებას: „მიენდე იეჰოვას მთელი გულით და საკუთარ გონებას ნუ დაეყრდნობი. გახსოვდეს იგი ყველა შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს“ (იგავ. 3:5, 6).

19. როგორ შეგიძლიათ იეჰოვასთვის სიყვარულის დამტკიცება?

19 იეჰოვამ პირველმა შეგვიყვარა, რითაც გვიჩვენა, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს იგი. მოდი, ყოველთვის გვახსოვდეს მისი უბადლო სიყვარულის მაგალითი. დაე, ყოველთვის გვიყვარდეს ის „მთელი გულით, მთელი სულით, მთელი გონებითა და მთელი ძალით“ (მარ. 12:30).