წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) სექტემბერი 2015

სანდო მრჩეველია თქვენი სინდისი?

სანდო მრჩეველია თქვენი სინდისი?

„ამ ბრძანების მიზანია, ჰქონდეთ სიყვარული სუფთა გულით [და] სუფთა სინდისით“ (1 ტიმ. 1:5).

სიმღერები: 57, 48

1, 2. ვინ გვიბოძა სინდისი და რატომ უნდა ვიყოთ ამისთვის მადლიერნი?

იეჰოვამ ადამიანები ნების ანუ არჩევნის თავისუფლებით შექმნა. ღმერთმა პირველ მამაკაცსა და ქალს, აგრეთვე მათ შთამომავლებს, სანდო მრჩეველი, სინდისი, უბოძა. ეს გახლდათ სწორისა და არასწორის გარჩევის თანდაყოლილი უნარი. თუ ადამიანი ღვთისგან ბოძებულ სინდისს სათანადოდ გამოიყენებს, იგი სწორად მოიქცევა და ბოროტებას არ ჩაიდენს. ჩვენში ჩადებული სინდისი მოწმობს ღვთის სიყვარულსა და მის უდიდეს სურვილზე, რომ ადამიანებმა აკეთონ სიკეთე.

2 დღეს დედამიწაზე ჯერ კიდევ მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც სინდისის ხმას უსმენენ (წაიკითხეთ რომაელების 2:14, 15). მართალია, ბევრმა ზურგი აქცია ბიბლიურ ნორმებს, მაგრამ არიან ისეთებიც, რომელთაც სინდისი, ხშირ შემთხვევაში, სწორ ხელმძღვანელობას უწევს; შესაბამისად, ისინი აკეთებენ სიკეთეს და სძაგთ ბოროტება. სწორედ სინდისი აკავებს მრავალს, რომ არ ჩაიდინოს უკიდურესი ბოროტება. მხოლოდ წარმოიდგინეთ, რა გაუსაძლისი იქნებოდა ცხოვრება, ადამიანებს სინდისი რომ არ ჰქონოდათ! ეს რომ ასე ყოფილიყო, ალბათ, გაცილებით საზარელ ამბებს მოვისმენდით. მართლაც, რაოდენ მადლობლები ვართ ღვთისა, რომელმაც სინდისი გვიბოძა!

3. რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ თუ ქრისტიანს ბიბლიით განსწავლული სინდისი ექნება, ეს კეთილისმყოფელ გავლენას მოახდენს კრებაზე?

3 ქვეყნიური ადამიანებისგან განსხვავებით, იეჰოვას მოწმეებს თავიანთი  სინდისის განსწავლა სურთ. ღვთის მსახურებს მთელი გულით სწადიათ, რომ მათი სინდისი ღვთის სიტყვით იყოს გაწვრთნილი და სწორად რეაგირებდეს იმაზე, თუ რაა კარგი და რა — ცუდი. როდესაც ქრისტიანები ბიბლიით განსწავლული სინდისით ხელმძღვანელობენ, ეს კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს მთელ კრებაზე. თუმცა სინდისი რომ განვსწავლოთ და მისით ხელმძღვანელობა შევძლოთ, მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღება არ კმარა. ბიბლია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამისათვის რწმენა და სიყვარულიც აუცილებელია. პავლე მოციქულმა დაწერა: „ამ ბრძანების მიზანია, ჰქონდეთ სიყვარული სუფთა გულით, სუფთა სინდისითა და უთვალთმაქცო რწმენით“ (1 ტიმ. 1:5). თუ საკუთარ სინდისს გავწვრთნით და მის ხმას არ წავუყრუებთ, იეჰოვასადმი სიყვარული გაგვიღრმავდება და მისადმი რწმენა განგვიმტკიცდება. ერთი რამ ცხადია: თუ ვუსმენთ სინდისის ხმას, ეს ჩვენს სულიერობაზე, გულის მდგომარეობასა და იეჰოვას გახარების დაუცხრომელ სურვილზე მეტყველებს. დიახ, ჩვენი სინდისი ნამდვილად მოწმობს იმაზე, თუ როგორები ვართ სინამდვილეში.

4. როგორ უნდა გავწვრთნათ სინდისი?

4 მაგრამ, ისმის კითხვა: როგორ უნდა გავწვრთნათ სინდისი? ამის აუცილებელი წინაპირობა ლოცვა და ბიბლიის გამუდმებული შესწავლა, იმავდროულად, წაკითხულზე ფიქრი და შეძენილი ცოდნის ცხოვრებაში გამოყენებაა. ცხადია, ამგვარი შესწავლა ფაქტების დამახსოვრებასა და კანონების დაზეპირებაზე მეტს ნიშნავს. ღვთის სიტყვის შესწავლის შედეგად, უფრო და უფრო ნათელი სურათი შეგვექმნება, თუ როგორი პიროვნებაა იეჰოვა, რა თვისებები აქვს მას, რას იწონებს და რას — არა. სწორედ იეჰოვას ნორმების საფუძველზე იწვრთნება ჩვენი სინდისი, რომელიც ჩვენში ბადებს სურვილს, უფრო მეტად დავემსგავსოთ ჩვენს მოსიყვარულე ზეციერ მამას.

5. რას შევიტყობთ წინამდებარე სტატიიდან?

5 უპრიანი იქნება, თუ ვკითხავთ საკუთარ თავს: როგორ დამეხმარება ბიბლიით განსწავლული სინდისი სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში? როგორ უნდა გამოვავლინო პატივისცემა იმ გადაწყვეტილებებისადმი, რომლებსაც თანაქრისტიანები საკუთარი სინდისის საფუძველზე იღებენ? და, როგორ გვკარნახობს სინდისი, ვიყოთ კარგი საქმეების მოშურნე? მოდი, მხედველობაში ვიქონიოთ ეს კითხვები და წინამდებარე სტატიიდან შევიტყოთ, როგორ გვიხელმძღვანელებს სინდისი ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორიცაა: 1) ჯანმრთელობა; 2) გართობა-დასვენება და 3) მსახურება.

იყავით კეთილგონიერნი

6. რასთან დაკავშირებით წამოიჭრება კითხვები?

6 ბიბლია მოგვიწოდებს, რომ არ განვივითაროთ საზიანო ჩვევები და ვიყოთ ყველაფერში გაწონასწორებულნი, მათ შორის, ჭამა-სმაში (იგავ. 23:20; 2 კორ. 7:1). მართალია, ასაკის მატებითა და უძლურებით გამოწვეულ პრობლემებს თავიდან ვერ ავირიდებთ, მაგრამ, თუ ბიბლიური პრინციპებით ვიხელმძღვანელებთ, ეს, გარკვეულწილად, ჯანმრთელობის შენარჩუნებაში შეგვიწყობს ხელს. დღეს ბევრ ქვეყანაში ადამიანები კლასიკურ მედიცინასთან ერთად, მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდებსაც მიმართავენ. სწორედ ამიტომ, ფილიალები ხშირად იღებენ წერილებს და-ძმებისგან, რომელთაც სურთ, გაერკვნენ, თუ რა სახის მკურნალობას მიანიჭონ უპირატესობა. ისინი წერილებში, როგორც წესი, სვამენ კითხვას, თუ რამდენად დასაშვებია იეჰოვას მოწმისთვის მკურნალობის ესა თუ ის მეთოდი.

7. როგორ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება მკურნალობასთან დაკავშირებულ საკითხებზე?

7 ადგილობრივ ფილიალსა თუ კრების უხუცესთა საბჭოს არა აქვს იმის უფლება, რომ მკურნალობასთან დაკავშირებულ საკითხებზე რომელიმე ქრისტიანის ნაცვლად მიიღოს გადაწყვეტილება. ეს წესი იმ შემთხვევაზეც ვრცელდება, როცა პაციენტი ეკითხება ძმებს, თუ როგორ მოიქცეს (გალ. 6:5). თუმცა ძმებს შეუძლიათ მას დაანახვონ იეჰოვას პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რაც შესაძლოა მას გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმაროს. მაგალითად, ისინი შეახსენებენ თანაქრისტიანს ბიბლიურ მითითებას: „მოერიდოს . . . სისხლს“ (საქ. 15:29). ეს ბიბლიური მუხლი პაციენტს მიახვედრებს, რომ ის არ უნდა  დათანხმდეს მკურნალობის ისეთ მეთოდს, რომელიც მთლიანი სისხლის ან მისი ოთხი ძირითადი კომპონენტიდან რომელიმეს გადასხმას ითვალისწინებს. აღნიშნულ საკითხზე ბიბლიური თვალსაზრისის ცოდნამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ქრისტიანის სინდისზე იმ შემთხვევაშიც კი, როცა საქმე სისხლის ოთხი კომპონენტიდან მიღებული რომელიმე ფრაქციის გამოყენებაზე მიდგება. * მაგრამ, კიდევ რომელი ბიბლიური რჩევა დაგვეხმარება, რომ სწორად შევარჩიოთ მკურნალობის ესა თუ ის მეთოდი?

8. როგორ დაგვეხმარება ფილიპელების 4:5-ში ჩაწერილი პრინციპი ჯანმრთელობაზე ზრუნვისას?

8 იგავების 14:15-ში ვკითხულობთ: „გამოუცდელს ყველა სიტყვისა სჯერა, წინდახედული კი აკვირდება თავის ნაბიჯებს“. მაგალითად, დღეს ზოგი დაავადება უკურნებელია. ასე რომ, თუ ვინმე აღფრთოვანებით საუბრობს რომელიმე უკურნებელი სენის განკურნების შესახებ, რის დამამტკიცებელი საბუთიც არ არსებობს, ნუ მოექცევით მოარული ხმების გავლენის ქვეშ. პავლემ ღვთის შთაგონებით დაწერა: „ყველასთვის ცნობილი გახდეს თქვენი კეთილგონიერება“ (ფილ. 4:5). კეთილგონიერების გამოვლენა იქნება ისიც, თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს იმდენ დროს არ დავუთმობთ, რომ სულიერმა საკითხებმა უკანა პლანზე გადაინაცვლოს. თუ მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვით ვიქნებით დაკავებული, შესაძლოა ამან ეგოისტებად გვაქციოს (ფილ. 2:4). ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი სულიერი საკითხებია. ასე რომ, კეთილგონიერების შენარჩუნება გვმართებს და არ უნდა ველოდოთ, რომ დღესვე სრულყოფილი ჯანმრთელობა გვექნება (წაიკითხეთ ფილიპელების 1:10).

საკუთარ აზრებს თავს ხომ არ ახვევთ სხვებს? (იხილეთ მე-9 აბზაცი)

9. რა გავლენა შეიძლება იქონიოს რომაელების 14:13, 19-ში ჩაწერილმა სიტყვებმა ქრისტიანის გადაწყვეტილებაზე ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და როგორ შეიძლება ჩვენი ერთობა საფრთხის ქვეშ დადგეს?

9 გონიერი ქრისტიანი საკუთარ შეხედულებას თავს არავის ახვევს. ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში მცხოვრები ერთი ცოლ-ქმარი საკვები დანამატებისა და დიეტის აქტიურ პროპაგანდას ეწეოდა. მათ მოახერხეს ზოგი თანაქრისტიანის დარწმუნება, რომ მიეღოთ ეს საკვები დანამატები. თუმცა გავიდა დრო და და-ძმებმა შედეგი ვერ დაინახეს, რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ცხადია, ამ წყვილს ჰქონდა უფლება, თავად დაეცვა ეს დიეტა და საკვები დანამატებიც მიეღო, მაგრამ, რამდენად გონივრული იყო, რომ მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ზრუნვას ლამის კრების ერთობა შესწირეს? მაგალითად, იყო დრო, როცა რომში მცხოვრებ ქრისტიანებს განსხვავებული შეხედულება ჰქონდათ ზოგიერთი საკვების მირთმევასა თუ ზოგი დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებით. საინტერესოა, რა ურჩია მათ მოციქულმა პავლემ დღესასწაულების აღნიშვნის თაობაზე: „ზოგი თვლის, რომ ერთი დღე მეორეზე მნიშვნელოვანია, ზოგისთვის კი ყველა დღე ერთნაირია. დაე, თითოეული ბოლომდე იყოს დარწმუნებული თავის აზრებში“. რომაელ ქრისტიანებს ერთმანეთისთვის დაბრკოლების ლოდი არ უნდა დაედოთ (წაიკითხეთ რომაელების 14:5, 13, 15, 19, 20).

10. რატომ უნდა ვცეთ პატივი სხვების გადაწყვეტილებებს? (იხილეთ სურათი მე-8 გვერდზე)

10 იმ შემთხვევაში, თუ ვერ ვხვდებით, რატომ მიიღო ჩვენმა თანაქრისტიანმა სინდისის  კარნახით ესა თუ ის გადაწყვეტილება, ჩვენ იგი არც უნდა განვსაჯოთ და არც გადაწყვეტილების შეცვლა ვაიძულოთ. შესაძლოა მისი სინდისი ჯერ კიდევ „სუსტი“ იყოს, წვრთნას საჭიროებდეს და ზოგ საკითხზე მძაფრად რეაგირებდეს (1 კორ. 8:11, 12). თუმცა ასეთ დროს შეიძლება საკუთარი სინდისიც გამოვიკვლიოთ. იქნებ ისიც საჭიროებს ღვთიური პრინციპების საფუძველზე მეტ წვრთნას?! მაგალითად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები თავად უნდა გადავწყვიტოთ და მიღებულ გადაწყვეტილებებზეც თავად უნდა ვაგოთ პასუხი.

სიამოვნების მომგვრელი და გამომაცოცხლებელი გართობა-დასვენება

11, 12. რომელი ბიბლიური რჩევა დაგვეხმარება გართობის ამა თუ იმ სახეობის არჩევისას?

11 იეჰოვამ ადამიანები ისე შექმნა, რომ მათთვის გართობასა და დასვენებას სიამოვნება მოეგვარა. ბრძენმა მეფე სოლომონმა დაწერა, რომ არის „სიცილის დრო“ და არის „ცეკვა-თამაშის დრო“ (ეკლ. 3:4). თუმცა არც ყველა სახის გართობაა გამომაცოცხლებელი და სასარგებლო, და არც — ზღვარგადასული. როგორ დაგვეხმარება სინდისი, რომ გართობამ სიამოვნება მოგვგვაროს და გამოგვაცოცხლოს?

12 წმინდა წერილები გვაფრთხილებს, რომ მოვერიდოთ ისეთ საქციელს, რასაც ბიბლიაში „ხორცის საქმეები“ ეწოდება. ასეთი საქმეებია: „სიძვა, უწმინდურება, თავაშვებულობა, კერპთაყვანისმცემლობა, სპირიტიზმი, მტრობა, დავა, ეჭვიანობა, განრისხება, შუღლი, განხეთქილება, სექტანტობა, შური, გადამეტებული სმა, ღრეობა და მსგავსი საქმეები“. პავლემ დაწერა: „ასე მოქმედნი ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ“ (გალ. 5:19—21). ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: მკარნახობს ჩემი სინდისი, რომ არ ჩავება სპორტის ისეთ სახეობებში, რომელიც აღვივებს აგრესიასა და ძალადობას, პირველობისა და ნაციონალიზმის სულს? ანდა, რეაგირებს ჩემი სინდისი მაშინ, როცა ცდუნების წინაშე ვდგავარ, ვუყურო ფილმს, სადაც პორნოგრაფიული სცენებია ან დადებით შუქშია წარმოჩენილი უზნეობა, გადამეტებული სმა და სპირიტიზმი?

13. როგორ დაგვეხმარება 1 ტიმოთეს 4:8-სა და იგავების 13:20-ში ჩაწერილი პრინციპები გართობა-დასვენების არჩევისას?

13 ბიბლიაში აგრეთვე მოცემულია პრინციპები, რომლითაც შეგვიძლია განვსწავლოთ სინდისი, რათა მან სწორად გვიხელმძღვანელოს ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორიცაა, გართობა და დასვენება. მაგალითად, ერთ-ერთი პრინციპია: „ფიზიკური ვარჯიში მეტ-ნაკლებად სასარგებლოა“ (1 ტიმ. 4:8). ბევრის აზრით, რეგულარული ვარჯიში ხელს უწყობს ჯანმრთელობას და აჯანსაღებს სხეულსა და გონებას. იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფთან ერთად ვარჯიშს გადავწყვეტთ, ნუთუ ჩვენთვის სულერთი იქნება, ვისთან ერთად ვივარჯიშებთ? იგავების 13:20-ში ვკითხულობთ: „ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება, სულელებთან საქმის დამჭერი კი ხიფათს გადაეყრება“. ეს ბიბლიური მუხლი იმაზე მოწმობს, რომ ჩვენ ღვთის სიტყვით განსწავლული სინდისით უნდა ვიხელმძღვანელოთ და დიდი სიფრთხილით ავირჩიოთ როგორც გართობის სახეობა, ისე კამპანია.

14. როგორ გამოიყენა ერთმა ოჯახმა რომაელების 14:2—4-ში ჩაწერილი პრინციპი?

14 კრისტიანსა და დანიელას ორი მოზარდი გოგონა ჰყავთ. კრისტიანი გვიყვება: „ერთ-ერთი ოჯახური თაყვანისცემის საღამოზე გართობა-დასვენების საკითხს შევეხეთ. შევთანხმდით, რომ ღვთისთვის გართობის ზოგი სახეობა მისაღებია, ზოგი კი — არა. იმაზეც ვიმსჯელეთ, თუ ვინ შეიძლება ჩაითვალოს კარგ საზოგადოებად. ერთ-ერთმა ქალიშვილმა შემოგვჩივლა, რომ სკოლაში შესვენების დროს ზოგი იეჰოვას მოწმე, მისი აზრით, ქრისტიანისთვის შეუფერებლად იქცეოდა. იგი ცდუნების წინაშე იდგა, რომ თავადაც მათ მსგავსად მოქცეულიყო. ჩვენ მას ვესაუბრეთ, რომ ყველა ქრისტიანი თავისი სინდისის საფუძველზე წყვეტს, ვისთან გაერთობა და — როგორ“ (წაიკითხეთ რომაელების 14:2—4).

ბიბლიით განსწავლული სინდისის წყალობით თავიდან აირიდებთ საფრთხეს (იხილეთ მე-14 აბზაცი)

15. როგორ დაგვეხმარება მათეს 6:33-ში მოცემული პრინციპი იმის განსაზღვრაში, თუ რა დრო უნდა დავუთმოთ გართობა-დასვენებას?

15 წამოიჭრება მორიგი კითხვა — როდის  უნდა გავერთოთ? გართობა-დასვენებისთვის იმ დროს იყენებთ, რაც თეოკრატიული საქმეების შესრულების — კრების შეხვედრაზე დასწრების, მსახურებისა და პირადი შესწავლის — შემდეგ გრჩებათ? თუ პირიქით, სულიერ საქმეებს მაშინ უთმობთ ყურადღებას, როცა დრო გამოგითავისუფლდებათ? თქვენს ცხოვრებაში როგორაა პრიორიტეტები განაწილებული? იესომ თქვა: „ამიტომ უპირველესად ეძებეთ სამეფო და მამის სიმართლე და სხვა დანარჩენი შეგემატებათ“ (მათ. 6:33). გკარნახობთ სინდისი, რომ პრიორიტეტები იესოს რჩევის თანახმად დაადგინოთ?

კარგი საქმეების მოშურნენი

16. კიდევ რისკენ გვიბიძგებს ბიბლიით განსწავლული სინდისი?

16 ბიბლიით განსწავლული სინდისი არა მარტო გვაფრთხილებს, რომ ცუდ საქმეებს ვერიდოთ, არამედ კარგი საქმეების კეთებისკენაც გვიბიძგებს. კარგ საქმეებში უმთავრესად კარდაკარ მსახურება და არაფორმალურად დამოწმება იგულისხმება. მაგალითად, პავლე მოციქულს ამ საქმეების კეთებისკენ სინდისი აღძრავდა. სწორედ ამიტომ დაწერა: „ეს აუცილებლად უნდა გავაკეთო. ვაი მე, თუ არ ვაუწყებ სასიხარულო ცნობას!“ (1 კორ. 9:16). თუ ამ მხრივ მოციქულს მივბაძავთ, სინდისი დაგვიმოწმებს, რომ სწორად ვიქცევით. როდესაც სხვებს ვუქადაგებთ, ჩვენ მათაც ვუღვიძებთ სინდისის ხმას. პავლემ თქვა: „ჭეშმარიტების გამოცხადებით ვშუამდგომლობთ საკუთარ თავს ყოველი ადამიანის სინდისთან ღვთის წინაშე“ (2 კორ. 4:2).

17. როგორ მოუსმინა ერთმა ახალგაზრდა დამ სინდისის ხმას?

17 ჟაკლინი 16 წლისა იყო, როდესაც ბიოლოგიის გაკვეთილზე მთელი კლასი ევოლუციის თეორიაზე მსჯელობდა. იგი იხსენებს: „ჩვეულებრივ, საკლასო განხილვების დროს ვაქტიურობდი, მაგრამ ვინაიდან ევოლუციის თეორიის არ მწამდა, სინდისმა ნება არ დამრთო, რომ სრულად ჩავბმულიყავი ამ თემის განხილვაში. მას შემდეგ, რაც მასწავლებელს საკუთარი პოზიცია ავუხსენი, ის დადებითად განეწყო და ჩემდა გასაკვირად, მომცა შესაძლებლობა, მთელი კლასის წინაშე შემოქმედებაზე მესაუბრა.“ ჟაკლინს უდიდესი შინაგანი კმაყოფილება დაეუფლა, რადგან მოუსმინა ბიბლიით განსწავლული სინდისის ხმას. თქვენც ასევე აღგძრავთ სინდისი, რომ აკეთოთ ის, რაც სწორია?

18. რატომ უნდა გვსურდეს, რომ ჩვენი სინდისი კარგი და სანდო მრჩეველი იყოს?

18 ჩვენი მიზანია, რომ ცხოვრება კიდევ უფრო შევუსაბამოთ იეჰოვას პრინციპებსა და ნორმებს. ამ მიზნის მიღწევაში სინდისი მართლაც ფასდაუდებელ სამსახურს გაგვიწევს. სინდისს იმ შემთხვევაში გავწვრთნით, თუ სიღრმისეულად გამოვიკვლევთ ბიბლიას, ვიფიქრებთ ნასწავლზე და ყველანაირად შევეცდებით მის ცხოვრებაში გამოყენებას. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ჩვენი სინდისი სანდო მრჩეველი!

^ აბზ. 7 იხილეთ 2004 წლის 15 ივნისის „საგუშაგო კოშკი“, „მკითხველთა შეკითხვები“, გვ. 29—31.