არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა)  |  აგვისტო 2015

რის სწავლა შეგვიძლია იოანასგან?

რის სწავლა შეგვიძლია იოანასგან?

დღეს ბევრმა იცის, რომ იესოს 12 მოციქული ჰყავდა, მაგრამ ცოტამ თუ უწყის, რომ იესოს მოწაფეებს შორის ქალებიც იყვნენ, რომლებიც გვერდიდან არ შორდებოდნენ მას. ერთ-ერთი ასეთი ქალი იყო იოანა (მათ. 27:55; ლუკ. 8:3).

როგორ ედგა იოანა მხარში იესოს და რას ვსწავლობთ მისი მაგალითიდან?

ვინ იყო იოანა?

იოანა ქუზას ცოლი გახლდათ. ქუზა კი, როგორც ჩანს, ჰეროდეს სამეფო კარზე სახლთუხუცესად მსახურობდა. ის იმ ქალებიდან ერთ-ერთი იყო, რომლებიც იესომ განკურნა. იოანა იესოსა და მის მოციქულებს სხვა ქალებთან ერთად დაჰყვებოდა მსახურებაში (ლუკ. 8:1—3).

იუდეველი რაბინები ასწავლიდნენ, რომ ქალებს ურთიერთობა არ უნდა ჰქონოდათ მამაკაცებთან, რომლებიც მათი ნათესავები არ იყვნენ, მათთან ერთად მგზავრობაზე რომ არაფერი ვთქვათ. ფაქტობრივად, იუდეველი მამაკაცები ქალებთან არ საუბრობდნენ. იუდაური ტრადიციის მიუხედავად, იესო იოანასა და სხვა მორწმუნე ქალებს მასთან ერთად ყოფნის ნებას რთავდა.

იოანას საზოგადოების აზრი არ აშინებდა და შესაბამისად, იესოსა და მის მოციქულებთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია. მას, ვისაც სურდა, რომ იესოს გაჰყოლოდა, ყოველდღიურ ცხოვრებაში ცვლილებები უნდა მოეხდინა. ასეთებზე იესომ თქვა: „დედაჩემი და ჩემი ძმები ისინი არიან, ვინც ისმენს და ასრულებს ღვთის სიტყვას“ (ლუკ. 8:19—21; 18:28—30). ჩვენ ძალიან გვამხნევებს იმის ცოდნა, რომ იესო ასე ახლობლად მიიჩნევს ყველას, ვინც მის გამო მსხვერპლს იღებს!

„ქონებით ემსახურებოდა“

იოანა და სხვა ქალები „თავიანთი ქონებით ემსახურებოდნენ“ იესოსა და თორმეტ მოციქულს (ლუკ. 8:3). ერთი მკვლევარი ამბობს: „ამ სიტყვებში ლუკას მაინცდამაინც ის არ უგულისხმია, რომ ეს ქალები [მათთვის] საკვებს ამზადებდნენ, ჭურჭელს რეცხავდნენ და სამოსს კემსავდნენ. თუმცა შესაძლოა ეს ასეც იყო . . . როგორც არ უნდა ყოფილიყო, ლუკა ამის შესახებ არაფერს გვეუბნება“. როგორც ჩანს, ეს ქალები თავიანთი ფულითა და ქონებით იესოსა და მისი მიმდევრების საქმიანობას უჭერდნენ მხარს.

საქადაგებლად სხვადასხვა სოფლებსა თუ დაბებში წასულ იესოსა და მის მოციქულებს შემოსავალი არ ჰქონდათ, ვინაიდან ამ დროს ისინი არ მუშაობდნენ. შესაბამისად, მათ არ ექნებოდათ საკმარისი თანხა საკვებისა თუ იმ ნივთების შესაძენად, რაც დაახლოებით 20-კაციან ჯგუფს დასჭირდებოდა. მართალია, ზოგ ოჯახში მათ სტუმართმოყვარულად ხვდებოდნენ, მაგრამ იესო და მისი მოციქულები მხოლოდ ამის იმედად რომ არ იყვნენ, იქიდანაც ჩანს, რომ მათ თან ჰქონდათ ყულაბა (იოან. 12:6; 13:28, 29). სავარაუდოდ, ამგვარი  ხარჯების დასაფარავად შესაწირავებს იოანა და სხვა ქალები იღებდნენ.

ზოგის აზრით, იუდეველ ქალებს შეუძლებელია ჰქონოდათ საკუთარი ფული და ქონება. თუმცა ბოლო დროს აღმოჩენილი წყაროების თანახმად, იუდეველ ქალს ქონება შესაძლოა ჰქონოდა: 1) მემკვიდრეობით მამისგან, თუ მას ვაჟები არ ჰყავდა; 2) ჩუქებით; 3) ქმართან გაყრის შემთხვევაში კუთვნილი წილის მიღებით; 4) დაღუპული ქმრის მიერ დატოვებული ქონებიდან მიღებული შემოსავლით ან 5) საკუთარი შრომით.

ეჭვგარეშეა, რომ იესოს მიმდევრები სამქადაგებლო საქმიანობას მხარს თავიანთი შესაძლებლობიდან გამომდინარე უჭერდნენ. იესოს მიმდევრებს შორის შესაძლოა მდიდარი ქალბატონებიც იყვნენ. ვინაიდან იოანა ჰეროდეს კარზე მომსახურე პირის ცოლი გახლდათ, ზოგი ფიქრობს, რომ იგი საკმაოდ შეძლებული ქალი იქნებოდა. ფაქტია, რომ ის ძვირადღირებული უნაკერო სამოსი, რომელიც იესოს ეცვა, ერთ-ერთ ასეთ ქალს უნდა ეჩუქებინა მისთვის. ერთი ბიბლეისტის აზრით, „მებადურთა ცოლები იესოს ასეთ სამოსს ნამდვილად ვერ აჩუქებდნენ“ (იოან. 19:23, 24).

წმინდა წერილებში არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, იღებდა თუ არა იოანა ფულად შესაწირავს სამქადაგებლო საქმისთვის. თუმცა ფაქტი ერთია: იგი იმას აკეთებდა, რაც შეეძლო. ეს კი ჩვენთვის კარგი გაკვეთილია. ის, თუ რას გავიღებთ სამეფოს ინტერესებისთვის, ან გავიღებთ თუ არა რამეს, ჩვენი გადასაწყვეტია. ღვთისთვის მთავარი ისაა, რომ რასაც ვაკეთებთ, სიხარულით ვაკეთოთ (მათ. 6:33; მარ. 14:8; 2 კორ. 9:7).

იესოს სიკვდილი და აღდგომა

როგორც ჩანს, იოანამ საკუთარი თვალით იხილა იესოს წამება იმ ქალებთან ერთად, „რომლებიც თან დაჰყვებოდნენ და ემსახურებოდნენ მას გალილეაში ყოფნის დროს, და სხვა მრავალი ქალი, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ ასულები იერუსალიმში“ (მარ. 15:41). როდესაც იესოს სხეული ბოძიდან ჩამოხსნეს და სამარხში დაასვენეს, „მას გალილეიდან წამოსული ქალებიც გაჰყვნენ და ნახეს სამარხი და იქ დასვენებული იესო. შემდეგ დაბრუნდნენ, რათა სურნელოვანი მცენარეები და ნელსაცხებლები მოემზადებინათ“. ეს ქალები, რომელთა ვინაობასაც ლუკა გვატყობინებს „მაგდალელი მარიამი, იოანა [და] იაკობის დედა მარიამი“ შაბათის დასრულების შემდეგ სამარხთან დაბრუნდნენ და ანგელოზები იხილეს, რომლებმაც მათ იესოს მკვდრეთით აღდგომა აუწყეს (ლუკ. 23:55—24:10).

იოანა და სხვა ქალები სურნელოვანი მცენარეებისგან ნელსაცხებლებს ამზადებენ, რათა იესოს სხეული დასაკრძალავად გაამზადონ

სავარაუდოდ, იოანაც ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იერუსალიმში შეკრებილ მოწაფეებს შორის იყო, სადაც იესოს დედა და ძმებიც იმყოფებოდნენ (საქ. 1:12—14). ვინაიდან იოანას ქმარი მეფის კარზე მსახურობდა, ზოგი სწავლულის აზრით, ლუკა დაწვრილებით ინფორმაციას ჰეროდე ანტიპას შესახებ სწორედ იოანასგან ფლობდა; ამ ეჭვს ისიც გვიმტკიცებს, რომ სახარების დამწერთა შორის ამ ქალბატონს სახელით მხოლოდ ლუკა იხსენიებს (ლუკ. 8:3; 9:7—9; 23:8—12; 24:10).

იოანას ისტორიიდან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია. მან იესოსთვის საუკეთესო გაიღო. იგი უდავოდ ხარობდა, რომ მის მიერ გაღებული შესაწირავით იფარებოდა იესოს, თორმეტი მოციქულისა და სხვა მოწაფეების მგზავრობისა თუ ქადაგების ხარჯები. იოანა ემსახურებოდა იესოს და არც განსაცდელების დროს მიუტოვებია იგი. კარგი იქნება, თუ ქრისტიანი დები მას მიჰბაძავენ და მსგავს სულისკვეთებას გამოავლენენ.