წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) აგვისტო 2015

 ბიოგრაფია

„იმხიარულონ კუნძულებმა“

„იმხიარულონ კუნძულებმა“

ეს დღე არასდროს დამავიწყდება. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული ძმები ხელმძღვანელი საბჭოს საკონფერენციო ოთახში ვიყავით შეკრებილი და ველოდით, როდის შემოაღებდნენ კარს სამწერლო კომიტეტის წარმომადგენლები. ყველა ვღელავდით. ჩვენ მათთვის საკუთარი წინადადება უნდა წარგვედგინა, თუ რა მხრივ შეგვეძლო დავხმარებოდით მთარგმნელობით ჯგუფებს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. წინა კვირების მანძილზე გავეცანით იმ პრობლემებს, რომლებსაც მთარგმნელები აწყდებოდნენ და ახლა ძმებისთვის პრობლემებიდან გამოსავალი უნდა შეგვეთავაზებინა. იდგა 2000 წლის 22 მაისი. და მაინც, რატომ იყო ეს დღე ისტორიული მნიშვნელობის? ვიდრე ამას მოგიყვებით, ნება მიბოძეთ, თავდაპირველად საკუთარი თავი უკეთ გაგაცნოთ.

მოვინათლე კუინზლენდში, პიონერად ვმსახურობდი ტასმანიაში, შემდეგ კი მისიონერად განვაგრძე მსახურება ტუვალუში, სამოასა და ფიჯიზე

დავიბადე 1955 წელს კუინზლენდში (ავსტრალია). ჩემი დაბადებიდან მალევე, დედაჩემმა, ესტელმა, იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. დედა ერთ წელიწადში მოინათლა, მამაჩემი, რონი — 13 წლის შემდეგ, ხოლო რაც შემეხება მე, 1968 წელს მოვინათლე სენტ-ჯორჯში (კუინზლენდი, ავსტრალია).

ბავშვობიდან მიყვარდა კითხვა და ენები. როცა მშობლებთან ერთად ავტომობილით ვმგზავრობდი, მათ, ცოტა არ იყოს, იმედს ვუცრუებდი, რადგან ბუნების ხედებით ტკბობას მანქანის უკანა სავარძელზე მოკალათება და წიგნის კითხვა მერჩია. თუმცა კითხვის სიყვარული სკოლაში სწავლის დროს ძალიან დამეხმარა. ქალაქ გლენორქში (ტასმანიის შტატი) მაღალ კლასებში კარგი აკადემიური მოსწრების გამო არაერთი სიგელით დამაჯილდოვეს.

დადგა ჩემს ცხოვრებაში სერიოზული გადაწყვეტილების მიღების დრო. გავაგრძელებდი სასწავლო გრანტით უნივერსიტეტში სწავლას? როგორც ზემოთ აღვნიშნე, კითხვა და სწავლა ძალიან მიყვარდა, თუმცა მადლობელი ვარ დედაჩემის, რომელმაც ამ ყველაფერზე მეტად იეჰოვა შემაყვარა (1 კორ. 3:18, 19). ასე რომ, მშობლების თანხმობით, 1971 წლის იანვარში, 15 წლის ასაკში, სკოლიდან გამოვედი; ავიღე სავალდებულო განათლების დამადასტურებელი ატესტატი და პიონერულ მსახურებას შევუდექი.

 მომდევნო რვა წლის განმავლობაში წილად მხვდა პატივი, რომ ტასმანიის კუნძულზე პიონერად მემსახურა. სწორედ ამ პერიოდში დავქორწინდი მშვენიერ ტასმანიელ გოგონაზე, ჯენი ალკოკზე. ქორწინებიდან ოთხი წლის მანძილზე ჩვენ სმითტონსა და კუინზტაუნში, დაშორებულ ტერიტორიებზე, სპეციალურ პიონერებად ვმსახურობდით.

წყნარი ოკეანის კუნძულებზე

1978 წელს პირველად გავცდით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს და დავესწარით საერთაშორისო კონგრესს პორტ-მორზბიში (პაპუა-ახალი გვინეა). დღემდე მახსოვს ერთი მისიონერი ძმის ჰირი-მოტუ ენაზე წარმოთქმული მოხსენება. მართალია, იმ ენაზე, რომელზედაც ეს ძმა საუბრობდა, სიტყვაც არ მესმოდა, მაგრამ მისმა მოხსენებამ მისიონერად მსახურების წადილი გამიღვივა; ამასთანავე, გამიჩნდა სურვილი, შემესწავლა სხვა ენები და ამ ძმის მსგავსად, მეც წარმომეთქვა მოხსენებები უცხო ენაზე. და, აი, როგორც იქნა, მომეცა საშუალება, რომ ერთმანეთისთვის შემეთავსებინა იეჰოვას სიყვარული და ბავშვობისდროინდელი გატაცება — ენების სიყვარული.

ჩვენდა გასაოცრად, ავსტრალიაში დაბრუნების შემდეგ ტუვალუში (ყოფილი ელისის კუნძულები), კუნძულ ფუნაფუტიზე, მისიონერებად მსახურება შემოგვთავაზეს. ტუვალუში 1979 წლის იანვარში ჩავედით; მაშინ იქ მხოლოდ ორი ძმა და ერთი და მსახურობდნენ.

ჯენისთან ერთად ტუვალუში

ტუვალუ ენის შესწავლა ნამდვილად არ იყო ადვილი. ამ ენაზე მხოლოდ „ახალი აღთქმა“ იყო გამოცემული. გარდა ამისა, არც ლექსიკონები არსებობდა და არც ენის შემსწავლელი კურსები ფუნქციონირებდა; ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დღეში 10—20 სიტყვამდე გვესწავლა. მალევე მივხვდით, რომ სიტყვებს კი ვსწავლობდით, მაგრამ ამ სიტყვებიდან ბევრის მნიშვნელობა არასწორად გვესმოდა. მაგალითად, როცა ხალხისთვის იმის თქმა გვსურდა, რომ მკითხაობა ღმერთს არ მოსწონს, თურმე ვეუბნებოდით, რომ სასწორი და ხელჯოხი არ გამოეყენებინათ! არადა, უამრავი ბიბლიის შემსწავლელი გვყავდა და ენა აუცილებლად უნდა გვესწავლა. ჩვენ ხელები არ ჩამოგვიყრია. წლების შემდეგ, ერთმა დამ, რომელსაც ადრე ბიბლიას ვასწავლიდით, ასეთი რამ გვითხრა: „რა კარგია, რომ დღეს იცით ჩვენი ენა. თავიდან თქვენი ნათქვამიდან ბევრს ვერაფერს ვიგებდით“.

შეიძლება ითქვას, რომ ენის შესასწავლად იდეალურ გარემოში აღმოვჩნდით. ბინას არავინ აქირავებდა, ამიტომ ჩვენ კუნძულზე, ყველაზე დიდ სოფელში, ადგილობრივი თანამორწმუნის ოჯახში, დავბინავდით. სრულად ჩავებით სოფლის ცხოვრებაში და ყოველდღიურად ვისმენდით ტუვალუ ენას. ვინაიდან წლების განმავლობაში არ გვიწევდა ინგლისურად საუბარი, ჩვენთვის ეს ენა ძირითად საკომუნიკაციო ენად იქცა.

მალე ბევრმა ბიბლიის შესწავლის დაწყების სურვილი გამოთქვა. მაგრამ, რით უნდა გვესწავლებინა მათთვის ბიბლია? მათ მშობლიურ ენაზე ხომ პუბლიკაციები არ არსებობდა?! ან როგორ უნდა გამოეკვლიათ ბიბლია? რა უნდა ემღერათ და რა უნდა განეხილათ კრების შეხვედრებზე  დამსწრეთ? ან როგორ უნდა მომზადებულიყვნენ შეხვედრებისთვის? ანდა, როგორ გაიზრდებოდნენ სულიერად და როგორ მოინათლებოდნენ? აშკარა იყო, ამ თავმდაბალ ადამიანებს ჰაერივით სჭირდებოდათ სულიერი საზრდო მშობლიურ ენაზე! (1 კორ. 14:9). თუმცა, ვეჭვობდით, რამდენად რეალური იყო, რომ პუბლიკაციები გამოცემულიყო ტუვალუ ენაზე, რომელზეც 15 000-ზე ნაკლები ადამიანი საუბრობდა? იეჰოვამ გვიპასუხა ამ კითხვებზე და ორ რამეში დაგვარწმუნა: 1) მას სურს, რომ მისი სიტყვა „შორეულ კუნძულებზეც“ გაცხადდეს და 2) მას სწადია, რომ მის სახელს თავი შეაფაროს ყველამ, ვისაც ქვეყნიერება „თავმდაბალ და თვინიერ“ ადამიანებად მიიჩნევს (იერ. 31:10; სოფ. 3:12).

სულიერი საზრდოს თარგმნა

1980 წელს ფილიალმა მთარგმნელებად დაგვნიშნა. ამ საქმისთვის თავი სრულიად შეუფერებლად მიგვაჩნდა (1 კორ. 1:28, 29). თავდაპირველად, მთავრობისგან ძველი მიმეოგრაფი შევიძინეთ, რომლითაც კრების შეხვედრაზე განსახილველ მასალას ვბეჭდავდით. ჩვენ ტუვალუ ენაზე წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ჭეშმარიტებაც“ კი ვთარგმნეთ და სწორედ ამ მიმეოგრაფზე დავბეჭდეთ. დღემდე მახსოვს მელნის მძაფრი სუნი. არც ის მავიწყდება, თუ რამხელა ძალისხმევას მოითხოვდა ჩვენგან ტროპიკულ სიცხეში ლიტერატურის ხელით ბეჭდვა. ამ ყველაფერს ისიც ერთვოდა, რომ ელექტროენერგია არ გვქონდა!

ტუვალუ ენაზე თარგმნა მართლაც რთული იყო, ვინაიდან ამ ენაზე სახელმძღვანელოები, ფაქტობრივად, არ არსებობდა. ხანდახან იეჰოვა მათი მეშვეობით გვეხმარებოდა, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ველოდით ამას. ერთ დილას, შეცდომით მივადექი ერთი ასაკოვანი მამაკაცის კარს; იგი თურმე ადრე მასწავლებელი იყო. ამ კაცს ჭეშმარიტების შესახებ გაგონებაც კი არ სურდა. როგორც კი დამინახა, მითხრა, რომ მის კართან არ უნდა მივსულიყავი. თუმცა დასძინა: „მხოლოდ ერთი რამის თქმა მსურს. თქვენს თარგმანში ხშირად იყენებთ ვნებით გვარს. ტუვალუ ენაში კი ასე ხშირად ვნებითი გვარი არ გამოიყენება“. ამ კაცის ნათქვამი სხვებთან გადავამოწმე და იგი მართალი აღმოჩნდა. თარგმანში საჭირო ცვლილებები შევიტანეთ. ჩემთვის გასაოცარი ის იყო, რომ იეჰოვამ ჩვენს დასახმარებლად მოწინააღმდეგე გამოიყენა, რომელიც თურმე ჩვენს ლიტერატურას კითხულობდა!

„ცნობა სამეფოს შესახებ“ № 30 ტუვალუ ენაზე

პირველი გასავრცელებელი ლიტერატურა, რაც ტუვალუ ენაზე დაიბეჭდა, გახსენების საღამოსთვის განკუთვნილი  მოსაწვევი იყო. ამას მოჰყვა „ცნობა სამეფოს შესახებ“ № 30, რომელიც ინგლისურის პარალელურად გამოიცა. ძალიან სასიხარულო იყო, რომ შეგვეძლო ხალხისთვის მათ მშობლიურ ენაზე მიგვეწოდებინა პუბლიკაციები. დროთა განმავლობაში, ტუვალუ ენაზე ხელმისაწვდომი გახდა ზოგიერთი ბროშურა და წიგნიც კი. 1983 წელს ავსტრალიის ფილიალმა კვარტალურად 24-გვერდიანი „საგუშაგო კოშკის“ გამოცემა დაიწყო, რაც შესაძლებლობას გვაძლევდა, რომ ყოველკვირეულად კრების შეხვედრაზე საშუალოდ შვიდი აბზაცი შეგვესწავლა. რა რეზონანსი მოჰყვა ამას ქვეყანაში? ვინაიდან ტუვალუელებს კითხვა უყვართ, ჩვენი ლიტერატურა ძალიან პოპულარული გახდა. თითოეული ახალი პუბლიკაციის გამოცემის შესახებ სახელმწიფო რადიო „ახალ ამბებში“ იუწყებოდა; ზოგჯერ ასეთი ინფორმაცია გაზეთშიც ხვდებოდა. *

თავდაპირველად, თარგმნისას ვიყენებდით კალამსა და ფურცელს. მოგვიანებით, ხელნაწერები საბეჭდ მანქანაზე არაერთგზის იკრიფებოდა, რის შემდეგაც ის ავსტრალიის ფილიალში იგზავნებოდა. რაღაც დროის განმავლობაში, ამ ფილიალში ორ დას, რომლებმაც ტუვალუ ენა არ იცოდნენ, კომპიუტერში ხელით შეჰყავდათ თითოეული ხელნაწერი. ამგვარი სისტემის მეშვეობით ტექსტის ორი ვერსია მიიღებოდა და მათი ურთიერთშედარების წყალობით, ნაკლები შეცდომა იპარებოდა. ჩამოსხმული ტექსტები ფოსტის მეშვეობით შესამოწმებლად გვიბრუნდებოდა და საბოლოოდ, ისევ ავსტრალიის ფილიალში ვგზავნიდით დასაბეჭდად.

დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა. მთარგმნელობით ჯგუფებს ნათარგმნი ტექსტი კომპიუტერში თავად შეჰყავთ. ხშირ შემთხვევაში, შემოწმებული ტექსტის ჩამოსხმა ადგილობრივად ხდება და კომპოზიციის შედეგად შექმნილი მზა ფაილები დასაბეჭდად შესაბამის ფილიალებს ინტერნეტით ეგზავნებათ. ასე რომ, მეტად აღარაა საჭირო ფოსტაში გაქცევა, როგორც ამას მანამდე ვაკეთებდით ხოლმე, რათა ხელნაწერებს დანიშნულების ადგილამდე დროულად ჩაეღწია.

ახალი დავალებები

წლების განმავლობაში მე და ჯენი ახალ დავალებებს წყნარი ოკეანის სხვადასხვა კუნძულზე ვიღებდით. 1985 წელს ტუვალუდან სამოას ფილიალში გადაგვიყვანეს. იქ ჩვენ ვეხმარებოდით მთარგმნელებს, რომლებიც პუბლიკაციებს სამოურ, ტონგა და ტოკელაუ ენებზე თარგმნიდნენ, თუმცა, იმავდროულად, ტუვალუ ენაზეც ვთარგმნიდით. * 1996 წელს ფიჯის ფილიალში გადავედით, სადაც ვთანამშრომლობდით მთარგმნელებთან, რომლებიც თარგმნიდნენ ფიჯურ, კირიბატულ, ნაურუ, როტუმა და ტუვალუ ენებზე.

ვატარებ ბიბლიის შესწავლას ტუვალუ ენაზე გამოცემული პუბლიკაციით

ყოველთვის მაოცებს ჩვენი პუბლიკაციების მთარგმნელთა გულმოდგინება. მათი საქმე მონოტონური და დამღლელია. თუმცა ერთგული მთარგმნელები ცდილობენ, მიჰბაძონ იეჰოვას, რომლის ნებაცაა, რომ სასიხარულო ცნობა ექადაგოს ყოველ ერს, ტომს, ენასა და ხალხს (გამოცხ. 14:6). მაგალითად, როდესაც ტონგა ენაზე „საგუშაგო კოშკის“ თარგმნა იგეგმებოდა, შევხვდი ყველა უხუცესს ტონგაში და ვკითხე, ვინ მოგვემზადებინა მთარგმნელობითი საქმისთვის. ერთ-ერთმა უხუცესმა, რომელიც მექანიკოსად მუშაობდა და კარგი შემოსავალიც ჰქონდა, გვითხრა, რომ მომდევნო დღესვე დაანებებდა თავს სამსახურს და მთარგმნელობით საქმიანობას შეუდგებოდა. მისმა გადაწყვეტილებამ მართლა ძალიან გაგვამხნევა, ვინაიდან მას ოჯახი ჰყავდა და წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, როგორ არჩენდა ოჯახს სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ. იეჰოვამ იზრუნა ამ ძმაზე და მის  ოჯახზე; იგი წლების განმავლობაში ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას.

თავგანწირული მთარგმნელები იზიარებენ ხელმძღვანელი საბჭოს წევრების განწყობას, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ მცირერიცხოვან ენაზე მოსაუბრეთა სულიერი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მაგალითად, ერთხელ, როცა საკითხი დადგა იმის თაობაზე, ღირდა თუ არა ძალისხმევად ტუვალუ ენაზე პუბლიკაციების თარგმნა, ძალიან გამამხნევა, ხელმძღვანელი საბჭოსგან მიღებულმა პასუხმა: „ვერ ვხედავთ მიზეზს, რის გამოც უნდა შეწყდეს ტუვალუ ენაზე ჩვენი პუბლიკაციების თარგმნა. მართალია, ამ ენაზე მოსაუბრეთა რიცხვი სხვა ენობრივ ჯგუფებთან შედარებით მცირეა, მაგრამ ამ ხალხს ნამდვილად უნდა შეეძლოს საკუთარ ენაზე სასიხარულო ცნობის მოსმენა“.

ნათლობა წყნარი ოკეანის ლაგუნაში

2003 წელს მე და ჯენიმ ახალი დავალება მივიღეთ — ფიჯის ფილიალის მთარგმნელობითი განყოფილებიდან პატერსონში (ნიუ-იორკი) მთარგმნელთა მომსახურების განყოფილებაში გადავედით. შეიძლება ითქვას, ოცნება აგვიხდა! ჩვენ იმ გუნდის წევრები გავხდით, ვინც მთარგმნელებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით თავიანთ ენაზე ჩვენი პუბლიკაციების თარგმნაში ეხმარება. დაახლოებით ორი წლის განმავლობაში წილად გვხვდა პატივი, ვწვეოდით არაერთ ქვეყანას და დავხმარებოდით მთარგმნელობით ჯგუფებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

ისტორიული გადაწყვეტილებები

ნება მიბოძეთ, დავუბრუნდე იმ ისტორიას, რომლითაც ჩემი ბიოგრაფიის თხრობა დავიწყე. 2000 წლისთვის ხელმძღვანელმა საბჭომ დაინახა იმის საჭიროება, რომ დახმარებოდა მთარგმნელობით ჯგუფებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. იმ დროისათვის შეიძლება ითქვას, რომ მთარგმნელები მოუმზადებლები იყვნენ. მას შემდეგ, რაც საკუთარი წინადადება სამწერლო კომიტეტში მომსახურე ძმებს გავაცანით, ხელმძღვანელმა საბჭომ ის მოიწონა. ჩვენ მათ შევთავაზეთ, რომ შეგვემუშავებინა მთარგმნელთა მოსამზადებელი პროგრამა, რაც მათ ინგლისური ენის გაგებაში, მთარგმნელობითი უნარ-ჩვევების შეძენასა და გუნდური მუშაობის პრინციპის დანახვაში დაეხმარებოდა.

რა შედეგი მოჰყვა იმას, რომ ამხელა ყურადღება დაეთმო მთარგმნელთა მომზადებას? უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ გაუმჯობესდა თარგმანის ხარისხი. ამასთანავე, საოცრად გაიზარდა იმ ენათა რიცხვი, რომლებზეც ბიბლიური ლიტერატურა გამოიცემა. მაგალითად, როცა მისიონერული მსახურება დავიწყეთ 1979 წელს, „საგუშაგო კოშკი“ მხოლოდ 82 ენაზე გამოიცემოდა. გარდა ამისა, ბევრ ენაზე ჟურნალები ინგლისური ნომრების გამოცემიდან რამდენიმე თვეში იბეჭდებოდა. დღეს კი „საგუშაგო კოშკი“ 240-ზე მეტ ენაზე ითარგმნება და მათი უმრავლესობა ინგლისურის თანადროულად გამოიცემა. დღესდღეობით, სულიერი საზრდო, ამა თუ იმ სახით, 700-ზე მეტ ენაზეა ხელმისაწვდომი, რაზეც წლების წინ ვერც კი ვიოცნებებდით.

2004 წელს ხელმძღვანელმა საბჭომ კიდევ ერთი სერიოზული გადაწყვეტილება მიიღო, რათა დაჩქარებულიყო ბიბლიის თარგმნა. მართლაც, სულ რაღაც, რამდენიმე თვეში ბიბლიის თარგმნა მთარგმნელთა ერთ-ერთ პროექტად იქცა; შედეგად, შესაძლებელი გახდა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ უფრო მეტ ენაზე გამოცემა. 2014 წლისთვის ბიბლია, მთლიანად ან ნაწილობრივ, 128 ენაზე გამოიცა, მათ შორის იმ ენებზე, რომლებზეც სამხრეთ წყნარ ოკეანეთში საუბრობენ.

„ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოცემა ტუვალუ ენაზე

 ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი მოვლენა 2011 წელს მოხდა, როცა ტუვალუში გამართულ კონგრესზე ორგანიზაციამ წარმომადგენლად გამგზავნა. კონგრესამდე თვეების განმავლობაში მთელ ქვეყანაში საშინელი გვალვა იყო; ვფიქრობდით, რომ კონგრესი ჩაიშლებოდა. თუმცა იმ საღამოს, როცა ჩავედით, თავსხმა წვიმა წამოვიდა და კონგრესი არ ჩაშლილა! მე წილად მხვდა უდიდესი პატივი, რომ კონგრესზე დამსწრეთათვის მეუწყებინა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოცემა ტუვალუ ენაზე; ამ მცირერიცხოვანი ენობრივი ჯგუფის წარმომადგენლები ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ოდესმე ასეთ საჩუქარს მიიღებდნენ. კონგრესის პროგრამის დასრულებისთანავე კვლავ კოკისპირულად გაწვიმდა. ასე რომ, კონგრესის დასასრულს, წყალი მართლაც უხვად გვქონდა, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით.

ინტერვიუ ჩემს მშობლებთან, რონთან და ესტელთან, ტაუნზვილში გამართულ კონგრესზე (ავსტრალია, 2014 წელი)

მე და ჯენიმ, ჩემი ცხოვრების ერთგულმა თანამგზავრმა, ერთად 35 წელზე მეტხანს ვიცხოვრეთ; იგი ამ ისტორიულ მოვლენას ვერ მოესწრო. სამწუხაროდ, სიმსივნესთან ათწლიანი ბრძოლის შემდეგ ის 2009 წელს გარდაიცვალა. როდესაც ჯენი მკვდრეთით აღდგება, მას უდავოდ გაახარებს იმის გაგება, რომ ტუვალუ ენაზე ბიბლია გამოიცა!

იეჰოვამ ცხოვრებაში კიდევ ერთ მშვენიერ თანამგზავრს, ლორეინი სიკივოუს, შემახვედრა. ფიჯის ფილიალში მსახურების დროს ჯენი და ლორეინი თანამშრომლობდნენ; ლორეინიც მთარგმნელი იყო და ფიჯურ ენაზე თარგმნიდა. მე დღეს ისევ ერთგული მეუღლე მყავს; ჩვენ იეჰოვას მსახურება და ენის სიყვარული გვაერთიანებს.

ლორეინისთან ერთად ვქადაგებ ფიჯიზე

როცა იეჰოვას მსახურებაში გატარებულ წლებს თვალს ვავლებ, ვმხნევდები, თუ რაოდენ დიდი სიყვარულით ზრუნავს ჩვენი ზეციერი მამა ნებისმიერ ადამიანზე, იმისდა მიუხედავად, თუ რომელ ენაზე საუბრობს ის (ფსალმ. 49:1—3). როდესაც ადამიანები მშობლიურ ენაზე გამოცემულ ლიტერატურას პირველად ხედავენ და შემოქმედს თავიანთი გულის ენაზე უმღერიან, მთელი არსებით შეიგრძნობენ იეჰოვას სიყვარულს და ეს სიყვარული მათ სახეებზეც ირეკლება (საქ. 2:8, 11). დღემდე ყურში ჩამესმის ერთი ხანში შესული ტუვალუელი ძმის, საულო ტეასის, სიტყვები. ეს მან მაშინ მითხრა, როდესაც სამეფოს ერთ-ერთი სიმღერა მშობლიურ ენაზე პირველად იმღერა: „მინდა, ხელმძღვანელ საბჭოს გადასცე, რომ სამეფოს სიმღერები ტუვალუ ენაზე უკეთესად ჟღერს, ვიდრე — ინგლისურზე“.

ღმერთმა განუზომელი პატივი მარგუნა — 2005 წლის სექტემბრიდან ვმსახურობ იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრად. მართალია, დღეს მთარგმნელი აღარ ვარ, მაგრამ ვემადლიერები იეჰოვას, რომ შესაძლებლობას მაძლევს, მხარი დავუჭირო მთარგმნელობით საქმიანობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. რაოდენ დიდი ბედნიერებაა, რომ იეჰოვა ყველა ადამიანის სულიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე ზრუნავს; მას არც ისინი ავიწყდება, რომლებიც შუაგულ წყნარ ოკეანეში, მივარდნილ კუნძულებზე, ცხოვრობენ. დიახ, როგორც ფსალმუნმომღერალი ამბობს: „გამეფდა იეჰოვა! გაიხაროს დედამიწამ. იმხიარულონ კუნძულებმა“ (ფსალმ. 97:1).

^ აბზ. 18 იმისათვის, რომ გაიგოთ, როგორი გამოხმაურება მოჰყვა ტუვალუში ჩვენი ლიტერატურის გამოცემას, იხილეთ: 2000 წლის 15 დეკემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 32; 1988 წლის 1 აგვისტოს „საგუშაგო კოშკი“, გვ. 22 (ინგლ.) და 2000 წლის 22 დეკემბრის „გამოიღვიძეთ!“, გვ. 9 (რუს.).

^ აბზ. 22 სამოაში მთარგმნელობითი საქმიანობის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ „2009 წლის წელიწდეული“, გვ. 120, 121, 123, 124.