წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) აგვისტო 2015

დაუკვირდით, ვისთან ურთიერთობთ ამ ბოლო დღეებში!

დაუკვირდით, ვისთან ურთიერთობთ ამ ბოლო დღეებში!

„ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს“ (1 კორ. 15:33).

სიმღერები: 73, 119

1. რა დროში ვცხოვრობთ?

ჩვენ მეტად რთულ დროში ვცხოვრობთ. 1914 წლიდან მოყოლებულ პერიოდს ბიბლია „ბოლო დღეებად“ იხსენიებს. ამ „მძიმე, ძნელად ასატან დროში“ ისეთი მოვლენები ხდება, რაც კაცობრიობას მანამდე არ ახსოვს (2 ტიმ. 3:1—5). უფრო მეტიც, სამომავლოდ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება; ღვთის სიტყვაში ნაწინასწარმეტყველებია: „ბოროტები და თვითმარქვიები . . . უფრო უარესად მოიქცევიან“ (2 ტიმ. 3:13).

2. რით ერთობა ქვეყნიერება? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)

2 დღეს ბევრი იმით ერთობა, რასაც ბიბლია ღვთისთვის საძულველ საქმეებს უწოდებს, იქნება ეს ძალადობა, უზნეობა, სპირიტიზმი თუ სხვა. მაგალითად, ინტერნეტი, სატელევიზიო პროგრამები, ფილმები, რომანები თუ ჟურნალ-გაზეთები ხშირად ძალადობასა და უზნეობას დადებით შუქში წარმოგვიდგენს. ზოგ ქვეყანაში დაკანონებულიც კია ისეთი საქციელი, რაც ერთ დროს მიუღებლად ითვლებოდა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთი ასეთ საქციელს იწყნარებს (წაიკითხეთ რომაელების 1:28—32).

3. როგორ უყურებს ქვეყნიერება ხშირად მათ, რომლებიც ღვთიური პრინციპებით ცხოვრობენ?

 3 პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანები უწმინდურ გართობას ახლოსაც არ ეკარებოდნენ. მათთვის ღვთიური პრინციპები ყველაფერზე მაღლა იდგა. ამ ყოველივეს გამო, იესოს მიმდევრებს საზოგადოება დასცინოდა, შეურაცხყოფდა და დევნიდა. პეტრე მოციქულმა თანაქრისტიანებს მისწერა: „ისინი საგონებელში არიან ჩაცვენილი, მათთან ერთად რომ აღარ ისწრაფვით აღვირახსნილობის იმავე ჭაობისკენ, და გგმობენ“ (1 პეტ. 4:4). დღესაც, ქვეყნიერება უცნაურ ადამიანებად თვლის მათ, რომლებიც ღვთიური პრინციპებით ცხოვრობენ. უფრო მეტიც, წმინდა წერილებში ვკითხულობთ: „ყველა, ვისაც ღვთისადმი ერთგულებით ცხოვრება სურს ქრისტე იესოში, დევნილი იქნება“ (2 ტიმ. 3:12).

„ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს“

4. რას გვირჩევს წმინდა წერილები?

4 წმინდა წერილები მათ, რომელთაც ღვთის ნების შესრულება სურთ, ურჩევს, რომ არ შეიყვარონ ქვეყნიერება და არც ის, რაც მასშია (წაიკითხეთ 1 იოანეს 2:15, 16). ამ ქვეყნიერების რელიგიური, პოლიტიკური და კომერციული სამყარო, მათ შორის საინფორმაციო საშუალებები, „ქვეყნიერების ღმერთის“, სატანა ეშმაკის გავლენის ქვეშ არიან მოქცეულნი (2 კორ. 4:4; 1 იოან. 5:19). ამიტომ ჩვენ, ქრისტიანები, უნდა დავუკვირდეთ, ვისთან ვურთიერთობთ. ღვთივშთაგონებული სიტყვა ნათელს ჰფენს ერთ უდავო ჭეშმარიტებას: „ნუ შეცდებით. ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს“ (1 კორ. 15:33).

5, 6. ვისთან ურთიერთობას უნდა ვერიდოთ და რატომ?

5 თუ გვსურს, რომ ჩვენი კარგი ჩვევები არ „გაიხრწნას“, უნდა ვერიდოთ იმ ადამიანებთან ურთიერთობას, ვინც ცუდად იქცევა. ამ პრინციპით მხოლოდ მათთან კი არ უნდა ვიხელმძღვანელოთ, ვინც იეჰოვას მოწმე არაა, არამედ იმ ქრისტიანებთანაც, რომლებიც იეჰოვას თაყვანისმცემლობაზე დებენ თავს, მაგრამ განზრახ არღვევენ მის კანონებს. თუ ეს ეგრეთ წოდებული ქრისტიანები სერიოზულ ცოდვას ჩადიან და არ ინანიებენ, ჩვენ მათთან ურთიერთობას ვწყვეტთ (რომ. 16:17, 18).

6 თუ ვურთიერთობთ ხალხთან, რომლებიც ღვთის კანონებს არ ემორჩილებიან, ადვილად შეიძლება, რომ ჩვენც მათ მსგავსად მოვიქცეთ, რათა მათ თავიანთ წრეში მიგვიღონ. მაგალითად, თუ ახლოს ვიქნებით უზნეო ადამიანებთან, შესაძლოა ჩვენც უზნეობა ჩავიდინოთ. ასეთ ვითარებაში აღმოჩნდა ღვთის ზოგი მიძღვნილი ქრისტიანი და ისინი კრებიდან გაირიცხნენ იმის გამო, რომ არ მოინანიეს (1 კორ. 5:11—13). თუ ეს შემცოდველები არ მოინანიებენ, დაახლოებით ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, რაზეც პეტრე მოციქული საუბრობდა (წაიკითხეთ 2 პეტრეს 2:20—22).

7. ვის უნდა ვირჩევდეთ მეგობრებად?

7 მართალია, ჩვენ იმ ადამიანებსაც თბილად ვეპყრობით, რომლებიც ღვთის კანონებს არ იზიარებენ, მაგრამ მათთან არც ახლო ურთიერთობაში შევდივართ და არც ვუმეგობრდებით. აქედან გამომდინარე, არასწორი იქნება, თუ დასაქორწინებელი იეჰოვას მოწმე პაემნებზე სიარულს დაიწყებს მასთან, ვინც არაა ღვთის მიძღვნილი მსახური და არ აფასებს მის მაღალზნეობრივ ნორმებს. ქრისტიანისთვის უმწიკვლობის შენარჩუნება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე იმ ადამიანთა კეთილგანწყობის მოპოვება, რომლებიც იეჰოვას პრინციპებს არას დაგიდევენ. ჩვენ ახლო ურთიერთობა მხოლოდ მასთან უნდა გვქონდეს, ვინც იეჰოვას ნორმებით ცხოვრობს. იესომაც ხომ სწორედ ეს თქვა: „ვინც ღვთის ნებას ასრულებს, ის არის ჩემი ძმაც, დაც და დედაც“ (მარ. 3:35).

8. როგორ იმოქმედა ისრაელებზე ცუდ საზოგადოებასთან ურთიერთობამ?

8 ისრაელებმა საკუთარ თავზე იწვნიეს ცუდ საზოგადოებასთან ურთიერთობის მწარე შედეგები. როდესაც იეჰოვა ეგვიპტელთა ტყვეობიდან დახსნილ თავის ერს აღთქმული მიწისკენ მიუძღოდა, გააფრთხილა,  თუ როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონოდათ იმ მიწის მკვიდრებთან: „არ სცე თაყვანი მათ ღმერთებს და არ ემსახურო, არაფერი გააკეთო მათი საქმეებისამებრ. აუცილებლად დაამხვეთ ისინი და დაანგრიეთ მათი წმინდა სვეტები. ემსახურეთ იეჰოვას, თქვენს ღმერთს“ (გამ. 23:24, 25). თუმცა სამწუხაროდ, ისრაელების უმეტესობამ ღვთის მითითებებს წაუყრუა (ფსალმ. 106:35—39). ვინაიდან იეჰოვას თავისმა ერმა უორგულა, იესომ მათი მისამართით თქვა: „აჰა, ოხრად გრჩებათ თქვენი სახლი“ (მათ. 23:38). ღმერთმა ისრაელს თავის ერად ყოფნის პატივი ჩამოართვა და ის ახალჩამოყალიბებულ ქრისტიანულ კრებას არგუნა (საქ. 2:1—4).

დაუკვირდით, რას კითხულობთ და რას უყურებთ

9. რატომ შეიძლება მასმედიისა და გართობის ინდუსტრიის მიერ შემოთავაზებული პროდუქცია საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს?

9 მასმედიისა და გართობის ინდუსტრიის მიერ შემოთავაზებულმა პროდუქციამ შესაძლოა ქრისტიანების სულიერობას საფრთხე შეუქმნას. ვინაიდან ეს მასალა სატანის ქვეყნიერებისთვის დამახასიათებელი სულითაა გაჟღენთილი, შეიძლება ამან იეჰოვასა და მისი დაპირებებისადმი რწმენა შეგვირყიოს. ამიტომ დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, რათა ისეთი რამით არ შევიქციოთ თავი, რაც ჩვენში ქვეყნიურ სურვილებს აღძრავდა (ტიტ. 2:12).

10. ყოველთვის იარსებებს საზიანო გასართობი მასალა?

10 ძალიან მალე, საზიანო გასართობი მასალა — წიგნები თუ ფილმები — აღარ იარსებებს. ეს ყველაფერი სატანის ქვეყნიერებასთან ერთად დასამარდება. ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ: „გადადის ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც, ღვთის ნების შემსრულებელი კი სამარადისოდ რჩება“ (1 იოან. 2:17). ფსალმუნმომღერალმაც მსგავსი რამ თქვა: „ბოროტმოქმედნი მოისპობიან, იეჰოვაზე დაიმედებულნი კი დაიმკვიდრებენ დედამიწას. თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“. საინტერესოა, რამდენ ხანს გასტანს მშვიდობა? ბიბლიაში ვკითხულობთ: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმ. 37:9, 11, 29).

11. როგორ უზრუნველყოფს ღმერთი თავის ხალხს სულიერი საზრდოთი?

11 ამ ქვეყნიერებისგან განსხვავებით, იეჰოვას ორგანიზაციის მიერ ამ ბოლო დღეებში მოწოდებული ინფორმაცია იმისკენ გვიბიძგებს, რომ მოვიქცეთ ღვთის მოსაწონად, რაც მომავალში მარადიულ სიცოცხლეს მოგვიტანს. იესომ ლოცვაში იეჰოვას უთხრა: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოან. 17:3). ჩვენი ზეციერი მამა თავისი ორგანიზაციის მეშვეობით უხვად გვაწვდის გამამხნევებელ სულიერ საზრდოს. მართლაც, დიდი კურთხევაა, რომ გვაქვს ჟურნალები, ბროშურები, წიგნები, ფილმები და ამ ყველაფერთან ერთად ვებ-გვერდი, რომელიც ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას უჭერს მხარს. ამასთანავე, ღვთის ორგანიზაციის ხელშეწყობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით 110 000-ზე მეტ კრებაში რეგულარულად ტარდება ქრისტიანული შეხვედრები. ამ შეხვედრებსა და კონგრესებზე განვიხილავთ ბიბლიაზე დაფუძნებულ მასალას, რაც ღვთისა და მისი დაპირებებისადმი რწმენას გვიღრმავებს (ებრ. 10:24, 25).

დაქორწინდით „ოღონდ უფალში“

12. ახსენით, რა იგულისხმება ბიბლიურ რჩევაში: დაქორწინდით „ოღონდ უფალში“.

12 საურთიერთო წრის სწორად შერჩევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქრისტიანებისთვის, ვისაც ოჯახის შექმნა სწადია. ღვთის სიტყვა არაორაზროვნად გვირჩევს: „ნუ შეებმებით უთანასწორო უღელში ურწმუნოებთან. რა კავშირი აქვს სიმართლეს უკანონობასთან? ან რა საერთო აქვს სინათლეს სიბნელესთან?“ (2 კორ. 6:14). ბიბლია ღვთის მსახურთ, რომელთაც დაქორწინება სურთ, ურჩევს, რომ დაქორწინდნენ, „ოღონდ უფალში“, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თავიანთი ცხოვრება დაუკავშირონ მონათლულ,  იეჰოვასადმი მიძღვნილ მსახურებს, რომლებიც ბიბლიური სწავლებების თანახმად ცხოვრობენ (1 კორ. 7:39). ასე რომ, ქრისტიანი, რომელიც თანაქრისტიანზე ქორწინდება, იძენს ცხოვრების ერთგულ თანამგზავრს, რომელიც მას იეჰოვასადმი ერთგულების შენარჩუნებაში დაეხმარება.

13. რა გაფრთხილება მისცა ღმერთმა ისრაელებს ქორწინებასთან დაკავშირებით?

13 იეჰოვამ შესანიშნავად იცის, თუ რა არის უმჯობესი თავისი მსახურებისთვის; ამიტომ ის თავის ერს გამუდმებით უმეორებდა საკუთარ თვალსაზრისს ქორწინებასთან დაკავშირებით. ყურადღება მიაქციეთ, რა მარტივი და გასაგები მითითება მისცა ღმერთმა თავის ხალხს მოსეს მეშვეობით. ისრაელებს გარშემო მცხოვრებ კერპთაყვანისმცემელ ერებთან მიმართებით ყურად უნდა ეღოთ შემდეგი გაფრთხილება: „არ დაუმოყვრდე, არ მიათხოვო შენი ასული მათ ვაჟს და შენს ვაჟს არ მოუყვანო მათი ასული, რადგან ჩამომაშორებს ის შენს ვაჟს და სხვა ღმერთებს დაუწყებენ მსახურებას. აენთება შენზე იეჰოვას რისხვა და მყისვე გაგანადგურებს“ (კან. 7:3, 4).

14, 15. როგორ იმოქმედა სოლომონზე იეჰოვას მითითების უგულებელყოფამ?

14 დავითის ვაჟმა სოლომონმა, როცა ის ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო, თავისი მეფობის დასაწყისში, ღმერთს ლოცვაში სიბრძნე სთხოვა და მანაც უბოძა, თანაც — უხვად. მეფე სოლომონმა სახელი გაითქვა, როგორც აყვავებული ქვეყნის ბრძენმა მმართველმა. სწორედ ამიტომ სოლომონის სტუმარს, საბას დედოფალს, გაკვირვებულს აღმოხდა: „არ მჯეროდა ამ სიტყვების, სანამ თავად არ მოვედი და საკუთარი თვალით არ ვიხილე, და, აი, ნახევარიც კი არ უთქვამთ ჩემთვის; იმაზე მეტი სიბრძნე და სიმდიდრე გქონია, ვიდრე გაგონილი მქონდა“ (1 მეფ. 10:7). თუმცა სოლომონი იმის კლასიკური მაგალითია, თუ რა შეიძლება დაემართოს ადამიანს, რომელიც უარყოფს ღვთის მითითებას და ქორწინდება მასზე, ვინც იეჰოვას პრინციპებით არ ხელმძღვანელობს (ეკლ. 4:13).

15 მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვამ უხვად დაიბერტყა სოლომონზე თავისი კურთხევების კალთა, მეფემ არად ჩააგდო ღვთის მითითება და ცოლად შეირთო ქალები მეზობელი კერპთაყვანისმცემელი ერებიდან. ბიბლია გვაუწყებს: „უყვარდა მეფე სოლომონს უცხოელი ცოლები“; მას შვიდასი ცოლი ჰყავდა და სამასი ხარჭა. რა შედეგამდე მიიყვანა ამან იგი? წმინდა წერილები გვაუწყებს: „სოლომონის სიბერეში მისი გული სხვა ღმერთებისკენ მიდრიკეს მისმა [წარმართმა] ცოლებმა . . . ბოროტებას სჩადიოდა სოლომონი იეჰოვას თვალში“ (1 მეფ. 11:1—6). მართალია, სოლომონი ბრძენი კაცი იყო, მაგრამ ცუდმა საზოგადოებამ მასზეც იქონია გავლენა და ღვთის გზას ჩამოაშორა. მისი შემთხვევა მართლაც გამაფრთხილებელი მაგალითია იმ ქრისტიანისთვის, რომელიც შესაძლოა მასზე დაოჯახებას ფიქრობს, ვინც იეჰოვას თაყვანისმცემელი არ არის.

16. რომელი ბიბლიური პრინციპით უნდა იხელმძღვანელონ ქრისტიანებმა, რომელთა მეუღლეებიც არ არიან იეჰოვას მოწმეები?

16 რის თქმა შეიძლება მათზე, რომლებმაც დაქორწინების შემდეგ გაიცნეს იეჰოვა, მაგრამ მათი მეუღლეები არ იზიარებენ მათ რწმენას? ბიბლიაში ვკითხულობთ: „ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, რათა ისინი, ვინც სიტყვას არ ემორჩილებიან, უსიტყვოდ იქნენ მოპოვებულნი ცოლების საქციელით“ (1 პეტ. 3:1). მართალია, ამ სიტყვებით მოციქულმა პეტრემ ქრისტიან ცოლებს მიმართა, მაგრამ ეს პრინციპი ქმრებზეც ვრცელდება. ბიბლიის რჩევა ცალსახაა: ღმერთი მოელის ჩვენგან, რომ ვიყოთ კარგი მეუღლეები და ქორწინებაში მაღალზნეობრივი პრინციპებით ვიხელმძღვანელოთ. ბევრმა ჭეშმარიტება მას შემდეგ მიიღო, რაც საკუთარი თვალით დაინახა, თუ როგორ შეცვალა ღვთიურმა სწავლებამ მისი მეუღლე.

იურთიერთეთ იეჰოვას მოყვარულებთან

17, 18. რის წყალობით გადაურჩნენ ნოე და მისი ოჯახის წევრები წარღვნას, ხოლო პირველი საუკუნის ქრისტიანები — იერუსალიმის განადგურებას?

17 თუკი ცუდი საზოგადოება კარგ ჩვევებს ხრწნის, როგორც ამაზე ზემოთ ვისაუბრეთ,  კარგი საზოგადოება — პირიქით; ის ჩვენზე კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს. მოდი, გავიხსენოთ ბიბლიური პერსონაჟი, ნოე, რომელიც მართალია, ბოროტ ხალხში ცხოვრობდა, მაგრამ ყველანაირად გაურბოდა მათთან ახლო ურთიერთობას. ბიბლიაში ვკითხულობთ: „დაინახა იეჰოვამ, რომ გამრავლდა დედამიწაზე ადამიანთა ბოროტება და მათი გულის ზრახვები მუდამ ბოროტი იყო“ (დაბ. 6:5). ამიტომ ღმერთმა გადაწყვიტა, რომ წარღვნის წყლით წაელეკა იმდროინდელი ბოროტი მოდგმა. თუმცა, როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, „ნოე მართალი კაცი იყო, მის დროს მცხოვრებ ხალხს შორის უბიწო, და ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად დადიოდა“ (დაბ. 6:7—9).

18 უდავოა, ნოე უღვთო ხალხთან დამეგობრებას არ ცდილობდა. ის და მისი ოჯახი ღვთის დავალებას ასრულებდნენ, ამ დავალებაში კიდობნის აგებაც შედიოდა. ნოე „სიმართლის მქადაგებელიც“ იყო (2 პეტ. 2:5). იგი ქადაგებდა, აშენებდა კიდობანს და ახლო ურთიერთობა ჰქონდა ოჯახის წევრებთან; ამგვარად ის დაკავებული იყო კარგი საქმეებით, რითაც ღმერთს გულს უხარებდა. შედეგად, ნოე და მისი ოჯახი წარღვნას გადაურჩნენ. თითოეული ჩვენგანი მადლიერნი უნდა ვიყოთ ნოესი, მისი ცოლის, ვაჟებისა და რძლების, ვინაიდან ჩვენ, ყველანი, მათი შთამომავლები ვართ. მსგავსადვე გამოეყვნენ პირველ საუკუნეში მცხოვრები ღვთის ერთგული და მორჩილი ქრისტიანები ღვთისგან გაუცხოებულ საზოგადოებას და ახ. წ. 70 წელს იერუსალიმის განადგურებასა და იუდეველთა სისტემის დამხობას გადაურჩნენ (ლუკ. 21:20—22).

იურთიერთეთ თანაქრისტიანებთან და დღესვე შეიგრძენით ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრების სიტკბო! (იხილეთ მე-19 აბზაცი)

19. რა უნდა გავაკეთოთ, თუ ღვთის კეთილგანწყობის მოპოვება გვსურს?

19 ჩვენ, იეჰოვას თაყვანისმცემლებმა, უნდა მივბაძოთ ნოეს, მის ოჯახს და პირველ საუკუნეში მცხოვრებ ერთგულ ქრისტიანებს. უნდა გამოვეყოთ ამ ბოროტ ქვეყნიერებას და მეგობრები მილიონობით ღვთის ერთგულ და-ძმებს შორის ვეძებოთ. იმ ადამიანებთან ახლო ურთიერთობა, რომლებიც ღვთიური სიბრძნით ხელმძღვანელობენ, ამ მეტად რთულ დროში რწმენას განგვიმტკიცებს (1 კორ. 16:13; იგავ. 13:20). უბრალოდ დაფიქრდით, რა გასაოცარი მომავალი გველის! თუ დავუკვირდებით, ვისთან ვურთიერთობთ ამ ბოლო დღეებში, ეს დაგვეხმარება, რომ გადავურჩეთ ბოროტი ქვეყნიერების აღსასრულს და ღვთის სამართლიანი ახალი ქვეყნიერების ზღურბლს გადავაბიჯოთ!