წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) აგვისტო 2015

 ჩვენი არქივიდან

„იეჰოვამ საფრანგეთში ჭეშმარიტების გასაგებად ჩამოგიყვანათ“

„იეჰოვამ საფრანგეთში ჭეშმარიტების გასაგებად ჩამოგიყვანათ“

ახალგაზრდა ანტუან სკალეკისთვის პონი განუყრელი მეგობარი იყო. მას თავისი პონით ნახევრად ჩაბნელებული გვირაბების გავლა უწევდა, რათა მისი დახმარებით ქვანახშირი 500 მეტრის სიღრმის მაღაროდან ამოეტანა. ანტუანის მამა მაღაროს ჩამონგრევისას დაშავდა; ამიტომ ოჯახს სხვა გზა აღარ დარჩენოდა, ანტუანი მაღაროში სამუშაოდ უნდა გაეგზავნათ. იგი დღეში 9 საათს მუშაობდა. ერთხელ მაღაროს ჩამოქცევისას ანტუანი ბეწვზე გადარჩა.

პოლონელ მაღაროელთა სამუშაო იარაღები; სინ-ლე-ნობლეს სიახლოვეს დეშის მაღარო, სადაც ანტუან სკალეკი მუშაობდა

ანტუანი იმ პოლონელ ბავშვებს შორის ერთ-ერთი იყო, რომლებიც საფრანგეთში 1920—1930-იან წლებში დაიბადნენ. საინტერესოა, როგორ აღმოჩნდნენ პოლონელი იმიგრანტები საფრანგეთში? I მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც პოლონეთმა დამოუკიდებლობა კვლავ მოიპოვა, მოსახლეობა საგრძნობლად გაიზარდა, რაც ქვეყნისთვის სერიოზულ პრობლემად იქცა. საფრანგეთმა კი ომში მილიონზე მეტი კაცი დაკარგა; აქედან გამომდინარე, ქვანახშირის მაღაროში მუშახელზე ძალიან დიდი მოთხოვნილება გაჩნდა. ამიტომ საფრანგეთმა და პოლონეთმა 1919 წლის სექტემბერში საემიგრაციო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. 1931 წლისთვის საფრანგეთში პოლონელების რიცხვმა 507 800-ს მიაღწია; მათი უმრავლესობა ქვეყნის ჩრდილოეთით დასახლდა, სადაც ქვანახშირს მოიპოვებდნენ.

გამრჯე პოლონელმა იმიგრანტებმა საფრანგეთში თავიანთი განსხვავებული კულტურა ჩაიტანეს. იმავდროულად, ისინი ბევრად რელიგიურები იყვნენ, ვიდრე — ფრანგები. ანტუანი, რომელიც ამჟამად 90 წლისაა, იხსენებს: „ბაბუაჩემი, იოსები წმინდა წერილების შესახებ დიდი მოწიწებით საუბრობდა. მას ამგვარი დამოკიდებულება მამამისმა ჩაუნერგა“. პოლონელ მაღაროელთა ოჯახები კვირაობით საუკეთესო ტანსაცმელს იცვამდნენ და ეკლესიაში მიდიოდნენ; ასე იქცეოდნენ ისინი თავიანთ სამშობლოშიც. მათ ამის გამო ადგილობრივი ფრანგები ამრეზით უყურებდნენ.

პირველად პოლონელთა უმრავლესობა ბიბლიის მკვლევრებს ნორდ-პა-დე-კალეში შეხვდა; ბიბლიის მკვლევრები ამ ტერიტორიაზე 1904 წლიდან გულმოდგინედ ქადაგებდნენ. პოლონურ ენაზე, ყოველთვიურად, „საგუშაგო კოშკის“ გამოცემა 1915 წლიდან დაიწყო, ხოლო „ოქროს ხანისა“ (ამჟამად „გამოიღვიძეთ!“) — 1925 წლიდან. ბევრმა ოჯახმა სიხარულით მიიღო ბიბლიური პუბლიკაციები, მათ შორის, წიგნი „ღვთის ქნარი“.

ანტუანმა და მისმა ოჯახმა ბიბლიის მკვლევრების შესახებ ანტუანის ბიძისგან შეიტყვეს, რომელიც მკვლევრების შეხვედრას პირველად 1924 წელს დაესწრო. ამავე წელს ბიბლიის მკვლევრებმა ბრიუეი-ენ-არტუაში  პირველად გამართეს კონგრესი პოლონურ ენაზე. კონგრესიდან დაახლოებით ერთ თვეში მსოფლიო მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ჯოზეფ რუტერფორდმა ქალაქ ბრიუეი-ენ-არტუაში საჯარო შეხვედრა გამართა; ამ შეხვედრას 2 000 კაცი დაესწრო. როდესაც ძმა რუტერფორდმა შენიშნა, რომ დამსწრეთა შორის უმრავლესობა პოლონელი იყო, მათ შემდეგი სიტყვებით მიმართა: „იეჰოვამ საფრანგეთში ჭეშმარიტების გასაგებად ჩამოგიყვანათ. თქვენ და თქვენი შვილები ფრანგებს უნდა დაეხმაროთ. წინ გელით გრანდიოზული სამქადაგებლო საქმე და ამ საქმის შესასრულებლად იეჰოვა აუცილებლად გამოაჩენს მაუწყებლებს“.

ეს ასეც მოხდა, იეჰოვამ მართლაც გამოაჩინა მაუწყებლები. პოლონელმა ქრისტიანებმა ისეთივე სიბეჯითე გამოიჩინეს ქადაგების საქმეში, როგორც — მაღაროში. მათგან ზოგი სამშობლოში დაბრუნდა, რათა ძვირფასი ჭეშმარიტება თანამემამულეთათვის ეუწყებინათ. თეოფილ პიასკოვსი, შტეფან კოსიაკი და იან ზაბუდა მათ შორის იყვნენ, რომლებიც საფრანგეთიდან პოლონეთში სასიხარულო ცნობის საქადაგოდ გაემგზავრნენ.

თუმცა მრავალი პოლონელი მახარობელი საფრანგეთში დარჩა და ფრანგ და-ძმებთან ერთად ერთგულად განაგრძო ქადაგება. 1926 წელს სინ-ლე-ნობლეში ჩატარებულ კონგრესზე პოლონურ სექტორში 1 000 კაცი იჯდა, ხოლო ფრანგულში — 300. „1929 წლის წელიწდეულში“ ეწერა: „ამ წელს 332 პოლონელი ძმა შემოგვემატა; მათ თავი მიუძღვნეს იეჰოვას და მოინათლნენ“. II მსოფლიო ომის დაწყებამდე საფრანგეთში 84 კრებიდან 32 პოლონური იყო.

პოლონელი და-ძმები კონგრესზე მიდიან. წარწერაზე ვკითხულობთ: „იეჰოვას მოწმეები“

1947 წელს ბევრი იეჰოვას მოწმე გამოეხმაურა პოლონეთის მთავრობის მოწვევას და თავის ქვეყანაში დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ და-ძმებმა საფრანგეთი დატოვეს, მათი და ფრანგი თანაქრისტიანების დაუღალავი შრომის ნაყოფი მალე ყველასთვის აშკარა გახდა — ამავე წელს სამეფოს მაუწყებლების რიცხვი 10%-ით გაიზარდა. ამას მოჰყვა 1948—1950 წლებში 20, 23 და 40%-იანი ზრდა. ახალი მაუწყებლების დასახმარებლად საფრანგეთის ფილიალმა 1948 წელს პირველი სარაიონო ზედამხედველები დანიშნა. ხუთი სარაიონო ზედამხედველიდან ოთხი პოლონელი იყო, რომელთა შორისაც ერთ-ერთი ანტუან სკალეკი გახლდათ.

საფრანგეთში ბევრ იეჰოვას მოწმეს ნახავთ პოლონური გვარით. ერთ დროს მათი წინაპრები მძიმედ შრომობდნენ მაღაროში და ამასთანავე, დაუღალავად ქადაგებდნენ. საფრანგეთში დღესაც მრავალი იმიგრანტი სწავლობს ჭეშმარიტებას. იმისდა მიუხედავად, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული სამეფოს მახარობლები თავიანთ სამშობლოში დაბრუნდებიან თუ საფრანგეთში დარჩებიან, ისინი ისევე ერთგულად მიჰყვებიან სამეფოს მაუწყებლების მაგალითს, როგორც მათი პოლონელი წინამორბედნი (ჩვენი არქივიდან, საფრანგეთი).