წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) ივლისი 2015

გაალამაზეთ სულიერი სამოთხე!

გაალამაზეთ სულიერი სამოთხე!

„მე განვადიდებ ჩემს ფეხსადგამს“ (ეს. 60:13).

სიმღერები: 102, 75

1, 2. რა იგულისხმება ებრაულ წერილებში მოხსენიებულ ღვთის „ფეხსადგამში“?

იეჰოვა ღმერთმა სავსებით სამართლიანად განაცხადა: „ზეცა ჩემი ტახტია და დედამიწა ჩემი ფეხსადგამი“ (ეს. 66:1). თავის „ფეხსადგამთან“ მიმართებით მან შემდეგი სიტყვებიც თქვა: „მე განვადიდებ ჩემს ფეხსადგამს“ (ეს. 60:13). საინტერესოა, როგორ აკეთებს ის ამას? და, რა მნიშვნელობა აქვს ამას ჩვენთვის, რომლებიც მის „ფეხსადგამზე“ ვცხოვრობთ?

2 ებრაულ წერილებში მოხსენიებულ ღვთის „ფეხსადგამში“ დედამიწის გარდა, ის ტაძარიც იგულისხმება, სადაც ისრაელები ღმერთს თაყვანს სცემდნენ (1 მატ. 28:2; ფსალმ. 132:7). ტაძარი დედამიწაზე ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ცენტრს წარმოადგენდა. ამიტომაც ის იეჰოვას თვალში მეტად მშვენიერი იყო და იეჰოვას „ფეხსადგამს“ მიაგებდა დიდებას.

3. რა არის იეჰოვას დიდებული სულიერი ტაძარი და როდის დაიწყო მან ფუნქციონირება?

3 დღეს დედამიწაზე ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ცენტრს ფიზიკური ტაძარი აღარ წარმოადგენს. ახლა ამ ფუნქციას სულიერი ტაძარი ასრულებს; ის იეჰოვას ნებისმიერ შენობა-ნაგებობაზე მეტად განადიდებს. რა იგულისხმება ამ „ტაძარში“? ეს ერთგვარი ღონისძიებაა, რომლის წყალობითაც ღმერთმა იესო ქრისტეს მიერ გაწეული მღვდლობისა და გაღებული მსხვერპლის საფუძველზე შეგვირიგა. ღვთის ეს ღონისძიება ახ. წ. 29 წელს ამოქმედდა,  როცა იესო მოინათლა და ღმერთმა იგი თავისი დიდებული სულიერი ტაძრის მღვდელმთავრად დანიშნა (ებრ. 9:11, 12).

4, 5. ა) როგორ აღწერს 99-ე ფსალმუნი იეჰოვას ჭეშმარიტი თაყვანისმცემლების დაუცხრომელ სურვილს? ბ) რა უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს?

4 ჩვენთვის ძალიან ძვირფასია ეს სულიერი ტაძარი, ამიტომ განვადიდებთ იეჰოვას — სახალხოდ ვაცხადებთ მის სახელს და ხოტბას ვასხამთ მსხვერპლად გაღებული თავისი ძის სიცოცხლის გამო. მართლაც, რა ამაღელვებელია, რომ დღეს 8 მილიონზე მეტი ჭეშმარიტი ქრისტიანი იეჰოვას სახელის განსადიდებლად ძალ-ღონეს არ იშურებს. ბევრი რელიგიის მიმდევართაგან განსხვავებით, რომელთაც სწამთ, რომ მხოლოდ სიკვდილისა და ზეცად ასვლის შემდეგ შეუდგებიან ღვთის განდიდებას, ჩვენ, იეჰოვას მოწმეები, დღესვე, დედამიწაზე განვადიდებთ ღმერთს.

5 ამგვარად ვბაძავთ ღვთის ერთგულ მსახურებს, რომლებიც მოხსენიებულნი არიან ფსალმუნის 99:1—3, 5—7-ში (წაიკითხეთ). როგორც ამ ფსალმუნიდან ვიგებთ, მოსე, აარონი და სამუელი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ერთგულად უჭერდნენ მხარს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას. ვიდრე დედამიწაზე მცხოვრები ცხებულები იესოს თანამღვდლები გახდებიან ზეცაში, დღეს სულიერი ტაძრის მიწიერ ეზოში ერთგულად მსახურობენ. მათ გვერდით მილიონობით „სხვა ცხვარი“ იღვწის (იოან. 10:16). მართალია, „მცირე სამწყსოსა“ და „სხვა ცხვარს“ განსხვავებული იმედი აქვთ, მაგრამ ისინი გაერთიანებულად სცემენ თაყვანს ღმერთს მის „ფეხსადგამთან“. კარგია, თუ თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავს ვკითხავთ: „ბოლომდე ვუჭერ მხარს იეჰოვას ღონისძიებას, რომელიც წმინდა თაყვანისმცემლობას უწყობს ხელს?“.

ღვთის სულიერ ტაძარში მომსახურეთა ამოცნობა

6, 7. რა პრობლემა წარმოიქმნა პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებაში და რის საჭიროება შეიქნა საუკუნეების შემდეგ?

6 ქრისტიანული კრების ჩამოყალიბებიდან ერთი საუკუნეც არ იყო გასული, რომ კრებაში ნაწინასწარმეტყველებმა განდგომილებამ იჩინა თავი (საქ. 20:28—30; 2 თეს. 2:3, 4). შედეგად, უფრო და უფრო გართულდა მათი ამოცნობა, ვინც მთელი გულით ემსახურებოდა ღმერთს მის სულიერ ტაძარში. მხოლოდ საუკუნეების შემდეგ დადგა დრო, როცა ღმერთს თავისი ახალგამეფებული ძის მეშვეობით ზღვარი უნდა გაევლო ჭეშმარიტ და ცრუ თაყვანისმცემლებს შორის.

7 მათი ვინაობა, ვინც იეჰოვამ მოიწონა და ვინც მას სულიერ ტაძარში ემსახურებოდა, 1919 წლისთვის გახდა ცნობილი. ისინი ამ დროისთვის უკვე სულიერად განწმენდილნი იყვნენ, რის წყალობითაც მათ შეეძლოთ ღვთისთვის კიდევ უფრო მოსაწონი სახით ემსახურათ (ეს. 4:2, 3; მალ. 3:1—4). ასე დაიწყო იმ წინასწარმეტყველების შესრულება, რომელიც საუკუნეებით ადრე მოციქულმა პავლემ ხილვაში იხილა.

8, 9. რომელ სამ ასპექტს მოიცავს პავლეს მიერ ხილვაში ნანახი სამოთხე?

8 მიმოვიხილოთ პავლეს ხილვა, რომელიც ჩაწერილია 2 კორინთელების 12:1—4-ში (წაიკითხეთ). მოციქულის ზებუნებრივი ხილვა ერთგვარი წინასწარმეტყველება იყო. ეს ხილვა მომავალს ეხებოდა. რომელი სამოთხე იხილა პავლემ, როცა იგი „მესამე ცამდე იქნა ატაცებული“? პავლეს მიერ ნანახ სამოთხეში შეიძლება იგულისხმებოდეს ფიზიკური სამოთხე, რომელიც დედამიწაზე უნდა დამყარდეს (ლუკ. 23:43), სულიერი სამოთხე, რომელსაც მთელი სისავსით მხოლოდ ახალ ქვეყნიერებაში შევიგრძნობთ და კურთხევები, რომელიც ზეცაში, „ღვთის სამოთხეში“, იარსებებს (გამოცხ. 2:7).

9 მაშ, რატომ თქვა პავლემ, რომ „მოისმინა გამოუთქმელი სიტყვები, რომელთა წარმოთქმაც ნებადართული არ . . . [იყო] ადამიანისთვის“? იმიტომ, რომ მაშინ ჯერ კიდევ არ იყო იმის დრო, რომ პავლეს დაწვრილებით აეხსნა ხილვაში ნანახი დიდებული მოვლენები. მაგრამ დღეს უკვე „ნებადართულია“, ვილაპარაკოთ იმ კურთხევებზე, რითაც ღვთის ხალხი ტკბება.

10. რატომ არ ატარებს ერთსა და იმავე აზრს ფრაზები „სულიერი სამოთხე“ და „სულიერი ტაძარი“?

 10 გამოთქმა „სულიერი სამოთხე“ ჩვენი თეოკრატიული ლექსიკონის განუყოფელი ნაწილია. ამ გამოთქმაში იგულისხმება ჩვენი უნიკალური, სულიერად მდიდარი გარემო, ანუ მდგომარეობა, რის წყალობითაც ღმერთთან და ჩვენს და-ძმებთან მშვიდობიანი ურთიერთობით ვტკბებით. თუმცა არ უნდა დავასკვნათ, რომ ფრაზები „სულიერი სამოთხე“ და „სულიერი ტაძარი“ ერთსა და იმავე აზრს ატარებს. სულიერი ტაძარი იეჰოვას ღონისძიებაა, რომელიც ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას უჭერს მხარს. სულიერი სამოთხის წყალობით კი ამოიცნობიან ისინი, რომელთაც ღმერთი იწონებს და რომლებიც დღეს მის სულიერ ტაძარში მსახურობენ (მალ. 3:18).

11. რა პატივი გვხვდა წილად დღეს?

11 რაოდენ დიდი პატივია, რომ 1919 წლიდან მოყოლებული, იეჰოვამ არასრულყოფილ ადამიანებს დაგვრთო ნება, გვეთანამშრომლა მასთან — დაგვემუშავებინა, განგვემტკიცებინა და გაგვეფართოებინა სულიერი სამოთხის საზღვრები. პირადად თქვენ თუ შეგაქვთ წვლილი ამ დიდებულ საქმეში? გაძლევთ იეჰოვასთან თანამშრომლობა სტიმულს, რომ კვლავაც განადიდოთ მისი „ფეხსადგამი“?

იეჰოვას ორგანიზაცია უფრო და უფრო „ლამაზდება“

12. რა გვარწმუნებს იმაში, რომ ესაიას 60:17-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება სრულდება? (იხილეთ სურათი მე-7 გვერდზე)

12 იეჰოვას ორგანიზაციის მიწიერ ნაწილში რომ გასაოცარი ცვლილებები მოხდებოდა, ამის შესახებ ნაწინასწარმეტყველები იყო ესაიას 60:17-ში (წაიკითხეთ). ამ ცვლილებების შესახებ ახალგაზრდებსა თუ შედარებით ახალბედებს რწმენაში ან თავად წაუკითხავთ, ან სხვებისგან სმენიათ. მაგრამ დაფიქრდით, რამხელა პატივი ხვდა წილად იმ და-ძმებს, რომელთაც საკუთარი თვალით იხილეს ეს ცვლილებები. ისინი ერთ რამეში დარწმუნებულნი არიან: იეჰოვა გამეფებული ძის მეშვეობით ხელმძღვანელობს თავის ორგანიზაციას! მათი რწმენა სარწმუნო მტკიცებულებებს ემყარება, იმავეს თქმა შეიძლება ჩვენზეც. თუ გულისყურით მოვუსმენთ იმ გამოცდილ და-ძმებს, რომლებიც მადლიერებით იხსენებენ ორგანიზაციაში მომხდარ ცვლილებებს, ღვთისადმი რწმენა და ნდობა განგვიმტკიცდება.

13. რა პასუხისმგებლობას გვაკისრებს ფსალმუნის 48:12—14 მუხლები?

13 იმისდა მიუხედავად, თუ რამდენი ხანია, ვიცით ჭეშმარიტება, ვალდებულნი ვართ, ყველას მოვუთხროთ იეჰოვას ორგანიზაციის შესახებ. ნუთუ სასწაული არაა, რომ დღეს ასეთ ბოროტ, გარყვნილ და უსიყვარულო მსოფლიოში სულიერი სამოთხე არსებობს?! ჩვენ სიხარულით უნდა ვუამბოთ „მომავალ თაობას“ ჭეშმარიტება სულიერი სამოთხისა და იეჰოვას ორგანიზაციის, „სიონის“, საოცრებათა შესახებ (წაიკითხეთ ფსალმუნის 48:12—14).

14, 15. რა ორგანიზაციული ცვლილებები განხორციელდა 1970-იან წლებში და რა მხრივ აღმოჩნდა ეს სასარგებლო?

14 ჩვენ გვერდით გვყავს ხანდაზმული თანაქრისტიანები, რომლებიც წლების განმავლობაში არაერთი ორგანიზაციული ცვლილების მომსწრენი გამხდარან; შედეგად, მათ საკუთარი თვალით იხილეს, თუ როგორ „გალამაზდა“ ამ ცვლილებების წყალობით იეჰოვას ორგანიზაციის მიწიერი ნაწილი. მათ ახსოვთ ის დრო, როდესაც კრების მსახური უხუცესთა საბჭომ ჩაანაცვლა, ხოლო ფილიალის მსახური — ფილიალის კომიტეტმა; გარდა ამისა, ისინი იმის მომსწრენიც გახდნენ, თუ როგორ გადაიბარა ხელმძღვანელობა საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პრეზიდენტისგან იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელმა საბჭომ. მართალია, ამ ცვლილებებამდე ხელმძღვანელ ძმებს მხარში ერთგული ძმები ედგნენ, მაგრამ რეალურად ერთი ძმა იღებდა გადაწყვეტილებებს, იქნებოდა ეს კრებებში, ფილიალებსა თუ მსოფლიო მთავარ სამმართველოში. 1970-იან წლებში მომხდარი ცვლილებების შედეგად,  გადაწყვეტილებებს ერთი უხუცესი კი არ იღებს, არამედ უხუცესებისგან შემდგარი ჯგუფი.

15 გაამართლა ზემოაღნიშნულმა ცვლილებებმა? დიახ, და ეს არცაა გასაკვირი, ვინაიდან „ერთგული და გონიერი მონა“ უკეთ ჩასწვდა წმინდა წერილებში მოცემულ ნიმუშს ამ საკითხთან მიმართებით. იმ დროიდან მოყოლებული კრებებში გადაწყვეტილებებს ერთი ადამიანი კი აღარ იღებს, არამედ „ძღვენი ადამიანთა სახით“, უხუცესთა საბჭო, რომლის თითოეული წევრიც საკუთარ უნარსა თუ გამოცდილებას ორგანიზაციის საკეთილდღეოდ იყენებს (ეფეს. 4:8; იგავ. 24:6).

იეჰოვა ხელმძღვანელობს ყველანაირ ადამიანს; ამ ადამიანთა შორის ბევრს ძალიან სჭირდება მისი დახმარება (იხილეთ მე-16 და მე-17 აბზაცები)

16, 17. პირადად თქვენზე რომელმა ბოლოდროინდელმა ცვლილებებმა მოახდინა შთაბეჭდილება და რატომ?

16 ამასთანავე, დაფიქრდით, როგორ შეიცვალა ჩვენი პუბლიკაციების დიზაინი, შინაარსი და მათი გავრცელების მეთოდები. ნუთუ სასიამოვნო არ არის ამ პრაქტიკული ინფორმაციის შემცველი და შესანიშნავად ილუსტრირებული პუბლიკაციებით მსახურება?! როდესაც ჭეშმარიტების გასავრცელებლად უახლეს ტექნოლოგიებს ვიყენებთ, მაგალითად, ვებ-გვერდს jw.org, ვბაძავთ იეჰოვას, რომელიც ხელმძღვანელობს ყველანაირ ადამიანს; ამ ადამიანთა შორის ბევრს ძალიან სჭირდება მისი დახმარება.

17 მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს აგრეთვე ის გონივრული ცვლილება, რამაც საშუალება მოგვცა, რომ დრო გამოგვეყო ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოსთვის ან პირადი შესწავლისთვის. ამასთანავე, ძლიერ ვაფასებთ, რომ კონგრესის პროგრამაში გარკვეული ცვლილებები შევიდა და დღეს იგი უფრო მრავალფეროვანია. შეიძლება ხშირად ვამბობთ, რომ კონგრესების პროგრამა ყოველწლიურად უფრო და უფრო იხვეწება! ჩვენ იმითაც ვხარობთ, რომ ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობთ თეოკრატიული სკოლების მეშვეობით. ყველა ამ ცვლილების მიღმა აშკარად ვხედავთ იეჰოვას  ხელს. ნამდვილად, ჩვენი ზეციერი მამა დღითი დღე „ალამაზებს“ თავის ორგანიზაციას და იმ სულიერ სამოთხეს, რითაც დღესვე ვხარობთ!

თქვენი წვლილი სულიერი სამოთხის გალამაზებაში

18, 19. როგორ შეგვიძლია გავალამაზოთ სულიერი სამოთხე?

18 მართლაც განუმეორებელი პატივია, რომ იეჰოვა უფლებას გვაძლევს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ სულიერი სამოთხის გალამაზებაში. როგორ ვალამაზებთ სულიერ სამოთხეს? გულმოდგინედ ვქადაგებთ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას და ვამზადებთ მოწაფეებს. როცა ადამიანს იეჰოვასადმი თავის მიძღვნაში ვეხმარებით, გადატანითი მნიშვნელობით, სულიერი სამოთხის საზღვრებს ვაფართოებთ (ეს. 26:15; 54:2).

19 ჩვენ სხვაგვარადაც შეგვიძლია გავალამაზოთ სულიერი სამოთხე, მაგალითად, დავხვეწოთ ჩვენი ქრისტიანული პიროვნება. ამგვარად, სულიერ სამოთხეს უფრო მიმზიდველს ვხდით სხვებისთვის. ხშირად ხალხს ორგანიზაციისკენ, აგრეთვე ღვთისა და ქრისტესკენ, ჩვენ შორის არსებული სიწმინდე და მშვიდობა უფრო იზიდავს, ვიდრე — ბიბლიის ცოდნა.

თქვენ შეგიძლიათ გააფართოოთ სულიერი სამოთხის საზღვრები (იხილეთ მე-18 და მე-19 აბზაცები)

20. რა უნდა გვსურდეს იგავების 14:35-ის თანახმად?

20 ალბათ, იეჰოვა და იესო ძალიან კმაყოფილნი არიან, როცა ჩვენს სულიერ სამოთხეს აკვირდებიან! მართალია, დღეს დიდად ვხარობთ, რომ ვმონაწილეობთ სულიერი სამოთხის გალამაზებაში, მაგრამ ეს განცდა ახლოსაც ვერ მოვა იმ სიხარულთან, რაც მაშინ დაგვეუფლება, როცა დედამიწას სამოთხედ გადავაქცევთ. კარგი იქნება, თუ ვიფიქრებთ იგავების 14:35-ში ჩაწერილ სიტყვებზე: „მეფისთვის მოსაწონია მსახური, რომელიც წვდომის უნარს ავლენს“. მოდი, ყოველთვის გამოვავლინოთ წვდომის უნარი, როცა საკუთარი წვლილი შეგვაქვს სულიერი სამოთხის გალამაზებაში!