წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) ივლისი 2015

მათ მზადყოფნა გამოავლინეს — რუსეთი

მათ მზადყოფნა გამოავლინეს — რუსეთი

რუსეთში იეჰოვას მოწმეების საქმიანობა წლების განმავლობაში აკრძალული იყო. მაგრამ დადგა ნანატრი დრო — 1991 წელს მთავრობამ ეს რელიგია ოფიციალურად აღიარა. იმ დროს ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ იეჰოვას მოწმეთა რიცხვი გაათმაგდებოდა და დღევანდელი მონაცემებით, 170 000-ს გადააჭარბებდა. ამ რიცხვში სამეფოს ის გულმოდგინე მაუწყებლებიც შედიან, რომლებიც საზღვარგარეთიდან რუსეთში სულიერ მკაში მონაწილეობის მიღების მიზნით გადავიდნენ (მათ. 9:37, 38). მოდი, გავეცნოთ ზოგიერთ მათგანს.

მოხალისე ძმები განამტკიცებენ კრებებს

იმ წელს, როდესაც რუსეთში აკრძალვა გაუქმდა, ბრიტანელი მეთიუ 28 წლის იყო. იმავე წელს კონგრესზე ერთ-ერთ მოხსენებაში ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ კრებებს აღმოსავლეთ ევროპაში დახმარება ესაჭიროებოდათ. მომხსენებელმა მაგალითად მოიყვანა სანკტ-პეტერბურგის (რუსეთი) ერთი კრება, რომელსაც მხოლოდ ერთი მომსახურე ჰყავდა და არც ერთი უხუცესი. თუმცა კრების მაუწყებლები ასობით ბიბლიის შესწავლას ატარებდნენ. მეთიუ გვიზიარებს: „მოხსენების შემდეგ რუსეთზე ფიქრი არ შემიწყვეტია. იეჰოვას ლოცვაში ვესაუბრებოდი, რომ მთელი გულით მსურდა რუსეთში გადასვლა“. მან ფული შეაგროვა, ქონების დიდი ნაწილი გაყიდა და 1992 წელს რუსეთში გადავიდა. რა მოხდა შემდეგ?

მეთიუ

„ჩემთვის დიდი სირთულე იყო ენობრივი ბარიერი. ფაქტობრივად, სულიერ საკითხებზე ვერ ვსაუბრობდი“, — აღნიშნავს მეთიუ. მისთვის კიდევ ერთ სირთულეს საცხოვრებელი ადგილის მოძებნა წარმოადგენდა. იგი დასძენს: „მასპინძლების მოთხოვნით მოკლე დროში იმდენჯერ მომიხდა ბინის დაცლა, რომ სათვალავი ამერია“. ამ დაბრკოლებების მიუხედავად, მეთიუ ამბობს: „რუსეთში გადასვლა საუკეთესო გადაწყვეტილება იყო“. იგი გვიხსნის: „აქ მსახურებით იეჰოვაზე მინდობა ვისწავლე და საკუთარ თავზე გამოვცადე, თუ როგორ გვხელმძღვანელობს ღმერთი“. მეთიუ მოგვიანებით უხუცესად და სპეციალურ პიონერად დაინიშნა; იგი ახლა სანკტ-პეტერბურგის სიახლოვეს, რუსეთის ფილიალში, მსახურობს.

1999 წელს 25 წლის ჰირომ იაპონიაში მსახურებაში დახელოვნების სკოლა გაიარა. ერთ-ერთმა მასწავლებელმა მას ურჩია, რომ საზღვარგარეთ გადასულიყო და იქ ექადაგა. ჰიროს გაგონილი ჰქონდა, რომ რუსეთში მაუწყებლების საჭიროება იყო, ამიტომ რუსული ენის შესწავლა  დაიწყო. მან სხვა ნაბიჯიც გადადგა. იგი გვიამბობს: „თავიდან რუსეთში 6 თვით წავედი. ვიცოდი, რომ იქ მკაცრი ზამთარი იცის, ამიტომ რუსეთში ნოემბერში ჩავედი — მაინტერესებდა, როგორ ავიტანდი სიცივეს“. ჰირო იმ ზამთარს რუსეთში დარჩა. შემდეგ კი იაპონიაში დაბრუნდა, ცხოვრება გაიმარტივა, ფული დააგროვა და რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად.

ჰირო და სვეტლანა

ჰირო უკვე 12 წელია, რაც რუსეთში ცხოვრობს და ბევრ კრებაში მოუწია მსახურება. ხანდახან ისეც ხდებოდა, რომ ის კრებაში ერთადერთი უხუცესი იყო, რომელიც 100-ზე მეტ მაუწყებელზე ზრუნავდა. მაგალითად, ერთ კრებაში სამსახურებრივ შეხვედრაზე წარმოსადგენი დავალებების უმეტესობას თავად ასრულებდა, ამასთანავე, ატარებდა თეოკრატიული მსახურების სკოლას, „საგუშაგო კოშკის“ შესწავლას და წიგნის შესწავლებს ხუთ სხვადასხვა ჯგუფში. იგი უამრავ სამწყემსო მონახულებასაც აკეთებდა. ჰირო იმ წლებს ასე იხსენებს: „ძალიან მიხაროდა, რომ მქონდა შესაძლებლობა, და-ძმებს სულიერ ზრდაში დავხმარებოდი“. საინტერესოა, თავად რა მხრივ წაადგა მას გაღებული მსხვერპლი? იგი გვიზიარებს: „მართალია, რუსეთში გადასვლამდეც ვმსახურობდი უხუცესად და პიონერად, მაგრამ იქ გადასვლის შემდეგ იეჰოვასთან ჩემი ურთიერთობა სულ სხვა ფაზაში გადავიდა; ვისწავლე, უფრო მეტად მივნდობოდი იეჰოვას“. 2005 წელს ჰირო სვეტლანაზე დაქორწინდა და ისინი ერთად აგრძელებენ პიონერულ მსახურებას.

მაიკლი და ოლგა მარინასა და მეთიუსთან ერთად

34 წლის მეთიუ და მისი 28 წლის ძმა მაიკლი კანადიდან არიან. ისინი რუსეთში სტუმრად ყოფნისას გაოცდნენ, როცა დაინახეს, რომ კრების შეხვედრებს უამრავი დაინტერესებული ესწრებოდა, მაგრამ ძმები ძალიან ცოტანი იყვნენ. მეთიუ გვიამბობს: „კრების შეხვედრას 200 ადამიანი ესწრებოდა; კრებაში მხოლოდ ერთი ხანში შესული უხუცესი და ერთი ახალგაზრდა მომსახურე იყვნენ. ამ ყოველივეს დანახვის შემდეგ სურვილი გამიჩნდა, რომ ამ ძმებს მხარში ამოვდგომოდი“. მეთიუ რუსეთში 2002 წელს გადავიდა.

ოთხი წლის შემდეგ რუსეთში მაიკლიც ჩავიდა; მან დაინახა, რომ კრებებში კვლავაც ძმების ნაკლებობა იყო. მას, როგორც მომსახურეს, დაევალა კრების ფინანსებზე, ლიტერატურასა და სამქადაგებლო უბნებზე ზრუნვა. მაიკლს ის საქმეებიც მიანდეს, რაც, როგორც წესი, მდივნის პასუხისმგებლობაში შედის; გარდა ამისა, იგი კითხულობდა საჯარო მოხსენებებს, ორგანიზებას უწევდა კონგრესებს და მონაწილეობდა სამეფო დარბაზების მშენებლობაში. რუსეთში დღესაც ძალიან ბევრი ძმაა საჭირო. მაიკლი ახლა უხუცესია; მართალია, მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობების შესრულება საკმაოდ დიდ შრომას მოითხოვს, მაგრამ იგი ასეთ რამეს ამბობს: „ძმებისთვის დახმარების გაწევა ძალიან დიდ კმაყოფილებას მგვრის. ცხოვრებაში ამაზე ფასეულს ვერაფერს გავაკეთებდი“.

ამასობაში, მათემ მარინაზე იქორწინა, მაიკლმა კი — ოლგაზე. ეს წყვილები სხვა უამრავ მოხალისესთან ერთად დიდად ეხმარებიან მზარდ კრებებს.

გულმოდგინე დებს დიდი წვლილი შეაქვთ „მკაში“

ტატიანა

1994 წელს, როცა ტატიანა 16 წლისა იყო, უკრაინაში, მის კრებაში ექვსი სპეციალური პიონერი გადავიდა პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან და ჩეხეთის რესპუბლიკიდან. ტატიანა ამ დებს სიყვარულით იხსენებს: „ეს გულანთებული პიონერები თბილები და უშუალოები იყვნენ; მათ ძალიან კარგად იცოდნენ ბიბლია“. ტატიანამ საკუთარი თვალით იხილა, თუ როგორ აკურთხა იეჰოვამ ეს თავგანწირული დები. მას ძალიან სურდა, რომ მათ მაგალითს მიჰყოლოდა.

პიონერი დების მაგალითით გამხნევებული ტატიანა, სკოლის არდადეგების დროს თანაქრისტიანებთან ერთად საქადაგოდ უკრაინისა და ბელორუსიის ისეთ ტერიტორიებზე გადავიდა, სადაც არავის ექადაგა. მას ისე მოეწონა დაშორებულ ტერიტორიაზე მსახურება, რომ რუსეთში გადასვლა დაგეგმა, რათა ამ სახით მსახურება გაეფართოებინა. რა გააკეთა ტატიანამ ამისთვის? იგი თავდაპირველად ესტუმრა რუსეთში საზღვარგარეთიდან მსახურებისთვის გადასულ ერთ დას და თან სამუშაოს ძებნაც დაიწყო, რაც იქ გადასვლის შემდეგ პიონერულ მსახურებაში შეუწყობდა ხელს. ტატიანა მსახურების გაფართოების მიზნით რუსეთში 2000 წელს გადავიდა. ხომ არ გაუჭირდა მას ცვლილებებთან შეგუება?

 იგი გვიამბობს: „ვინაიდან ცალკე ბინის დაქირავება არ შემეძლო, უნდა მექირავა ოთახი, სადაც მასპინძელთან ერთად ერთ ჭერქვეშ მომიწევდა ცხოვრება. ეს არ იყო ადვილი. ზოგჯერ სახლში დაბრუნება მინდოდა. მაგრამ იეჰოვა ყოველთვის მეხმარებოდა იმის დანახვაში, რატომ იქნებოდა ჩემთვის კარგი, თუ ამგვარ მსახურებას არ შევწყვეტდი“. დღესდღეობით ტატიანა რუსეთში მისიონერად მსახურობს. იგი დასძენს: „ჩემი ქვეყნიდან შორს გატარებულმა წლებმა ფასდაუდებელი გამოცდილება და უამრავი მეგობარი შემძინა. რაც ყველაზე მთავარია, ამ პერიოდმა რწმენა ერთიორად განმიმტკიცა“.

მასაკო

50 წელს გადაცილებულ ერთ იაპონელ დას, მასაკოს, ყოველთვის სურდა მისიონერად მსახურება, მაგრამ ამაში სუსტი ჯანმრთელობა უშლიდა ხელს. როგორც კი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუმჯობესდა, რუსეთში გადავიდა, რათა მონაწილეობა მიეღო „მკაში“. მართალია, მას თავიდან ძალიან გაუჭირდა შესაფერისი საცხოვრებლისა და სტაბილური სამსახურის პოვნა, მაგრამ ბოლოს გამოსავალი მონახა: იგი იაპონურ ენაში ამზადებდა მოწაფეებს და სახლებსაც ალაგებდა. მაგრამ, რა დაეხმარა მას მსახურების გაგრძელებაში?

რუსეთში 14-წლიანი მსახურების შემდეგ მასაკო ამბობს: „მსახურებაში განცდილმა სიხარულმა ყველანაირი სირთულე გადაწონა. ცხოვრება მართლაც დინამიური და მრავალფეროვანია იმ მაუწყებლებისთვის, რომლებიც ისეთ ტერიტორიებზე ქადაგებენ, სადაც მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილებაა“. იგი გვიზიარებს: „ჩემთვის ნამდვილად სასწაული იყო, რომ იეჰოვა წლების განმავლობაში ზრუნავდა იმაზე, რომ მქონოდა საკვები, სამოსი და თავშესაფარი“. მასაკომ, რუსეთის გარდა, სადაც მაუწყებლებზე დიდი საჭიროებაა, ყირგიზეთშიც იმსახურა. ამასთანავე, ის ეხმარებოდა ინგლისურ, ჩინურ და უიღურულ ჯგუფებს. ამჟამად მასაკო სანკტ-პეტერბურგში პიონერად მსახურობს.

ოჯახები მხარს უჭერენ სამქადაგებლო საქმეს და კურთხეულნი არიან

ინგა და მიხაილი

ხშირად ოჯახები ერთი ქვეყნიდან მეორეში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გადადიან. მაგრამ ხანდაზმული აბრაამისა და სარას მსგავსად, ზოგი ოჯახი საზღვარგარეთ ღვთის საქმის საკეთებლად გადადის (დაბ. 12:1—9). ერთი წყვილი მიხაილი და ინგა უკრაინიდან რუსეთში 2003 წელს გადავიდნენ. მათ მალევე  იპოვეს ბიბლიურ ჭეშმარიტებას მოწყურებული ადამიანები.

მიხაილი გვიამბობს: «ერთხელ ისეთ ტერიტორიაზე ვქადაგებდით, სადაც ადრე არავის ჰქონდა ნაქადაგები. ერთი კარიდან მოხუცებული მამაკაცი გამოვიდა და გვკითხა: „თქვენ მქადაგებლები ხართ?“. ჩვენ დავეთანხმეთ, მან კი გვითხრა: „ვიცოდი, რომ მოხვიდოდით. იესოს სიტყვები ხომ უნდა შესრულებულიყო?!“. შემდეგ მან მათეს 24:14-ში ჩაწერილი სიტყვები გვითხრა». მიხაილი განაგრძობს: «იმ ტერიტორიაზე აგრეთვე შევხვდით 10 ბაპტისტ ქალბატონს, რომელთაც ჭეშმარიტების გაგება ძლიერ ეწადათ. მათ ჰქონდათ წიგნი „მარადიული ცხოვრება“, რომლის მეშვეობითაც უქმეებზე ბიბლიას სწავლობდნენ. ჩვენ მათთან დიდხანს დავრჩით და საათების განმავლობაში ვპასუხობდით მათ კითხვებს; ერთად ვიმღერეთ სამეფო სიმღერები და ვისადილეთ კიდეც. ეს შეხვედრა დაუვიწყარ მოგონებად დამრჩა». მიხაილი და ინგა ერთსულოვნად თანხმდებიან იმ აზრზე, რომ იმ ტერიტორიებზე ქადაგებამ, სადაც მაუწყებლები მეტად საჭირონი არიან, ისინი უფრო მეტად დააახლოვა იეჰოვასთან, უფრო მეტად შეაყვარა ხალხი და მათ ცხოვრებაში უდიდესი კმაყოფილება განაცდევინა. დღეს ისინი სარაიონო მსახურებაში არიან.

ოქსანა, ალექსეი და იური

2007 წელს 30 წელს გადაცილებული ერთი უკრაინელი წყვილი, იური და ოქსანა, თავიანთ ვაჟთან, ალექსეისთან, ერთად, რომელიც ამჟამად 13 წლისაა, რუსეთის ფილიალს ესტუმრნენ. ბეთელში ყოფნისას რუკაზე შენიშნეს, რომ რუსეთში საკმაოდ ვრცელი ტერიტორიები გაუნაწილებელი იყო. „რუკის ნახვის შემდეგ, — ამბობს ოქსანა, — სრულად გავაცნობიერეთ, თუ რაოდენ საჭირონი იყვნენ მაუწყებლები ამ ტერიტორიებზე. სერიოზულად დავიწყეთ ფიქრი რუსეთში გადასვლაზე“. კიდევ რამ გაუძლიერა მათ დაშორებულ ტერიტორიაზე მსახურების სურვილი? იური გვიზიარებს: «ამ გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმარა ჩვენს პუბლიკაციებში დაბეჭდილი სტატიების კითხვა; ერთ-ერთი ასეთი სტატია იყო: „შეგიძლია საზღვარგარეთ მსახურება?“. * ამის შემდეგ გავემგზავრეთ რუსეთის იმ მხარეში, სადაც ფილიალმა გვირჩია გადასვლა და დავიწყეთ საცხოვრებლისა და სამუშაოს ძებნა. იური ოჯახთან ერთად რუსეთში 2008 წელს გადავიდა.

თავდაპირველად, მათ სამუშაოს პოვნა გაუჭირდათ და რამდენჯერმე მოუხდათ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. იური გვიყვება: „ჩვენ ხშირად ვლოცულობდით, რომ გული არ გაგვტეხოდა და შემდეგ იეჰოვაზე მინდობილნი ვაგრძელებდით მსახურებას. საკუთარ თავზე გამოვცადეთ, როგორ ზრუნავს იეჰოვა იმ ადამიანებზე, რომლებიც სამეფოს ინტერესებს თავიანთ ცხოვრებაში პირველ ადგილს უთმობენ. ასეთმა მსახურებამ კიდევ უფრო განამტკიცა ჩვენი ოჯახური კვანძები“ (მათ. 6:22, 33). ალექსეიზე როგორღა იმოქმედა დაშორებულ ტერიტორიაზე მსახურებამ? „ამან მასზე კეთილისმყოფელი გავლენა იქონია, — ამბობს ოქსანა. — მან თავი მიუძღვნა იეჰოვას და ცხრა წლის ასაკში მოინათლა. ვინაიდან ალექსეი ხედავს, რომ მაუწყებლები მეტად საჭირონი არიან, ის სკოლის არდადეგებზე დამხმარე პიონერად მსახურობს. ძალიან გვახარებს, რომ ჩვენს ვაჟს ასე უყვარს ქადაგება და მთელი ენთუზიაზმით მსახურობს“. ამჟამად იური და ოქსანა სპეციალური პიონერები არიან.

„მხოლოდ ერთ რამეს ვნანობ“

როგორც „მომკელთა“ კომენტარებიდან გამოჩნდა, მაუწყებელი სხვა ტერიტორიაზე რომ გადავიდეს და მსახურება გააფართოოს, აუცილებელია იეჰოვაზე სრულად მინდობა. მართალია, ეს მსახურები ახალ ტერიტორიებზე სირთულეებს ხვდებიან, მაგრამ უდიდეს სიხარულს გრძნობენ, როცა სასიხარულო ცნობას უზიარებენ ხალხს, რომლებიც მას სიხარულით ეხმაურებიან. შეგიძლიათ შეუერთდეთ „მკას“ იქ, სადაც ჯერ კიდევ საჭირონი არიან მაუწყებლები? თუ გადაწყვეტთ ასეთ ტერიტორიებზე გადასვლას, თქვენც გაიზიარებთ ზემოთ მოხსენიებული ძმის, იურის, გრძნობებს, რომელმაც ასეთ მსახურებაზე თქვა: „მხოლოდ ერთ რამეს ვნანობ, რატომ არ გადავედი დაშორებულ ტერიტორიაზე უფრო ადრე?!“.

^ აბზ. 20 იხილეთ „1999 წლის 15 ოქტომბრის საგუშაგო კოშკი“, გვერდები 23—27.