წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) ივლისი 2015

ემსახურეთ იეჰოვას „დამამწუხრებელი დღეების“ განმავლობაში

ემსახურეთ იეჰოვას „დამამწუხრებელი დღეების“ განმავლობაში

„ჯანმრთელობა დღითი დღე მიუარესდება“, — სინანულით ამბობს 70 წელს გადაცილებული ერნსტი. * თქვენთვისაც ნაცნობია ეს სიტყვები? თუ ასაკში შედიხართ და ჯანი აღარ მოგდევთ, შესაძლოა არც თქვენთვისაა უცხო ეკლესიასტეს მე-12 თავში აღწერილი მდგომარეობა. მაგალითად, მე-12 თავის პირველ მუხლში ხანდაზმულობას „დამამწუხრებელი დღეები“ ეწოდება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ უბედურებისთვის ხართ განწირულნი. თქვენ კვლავაც შეგიძლიათ, აზრიანად იცხოვროთ და ხალისიანად ემსახუროთ იეჰოვას.

შეინარჩუნეთ ძლიერი რწმენა

ძვირფასო ხანდაზმულო და-ძმებო, მარტო თქვენ როდი ებრძვით ასაკობრივ პრობლემებს. მსგავს სირთულეებს ძველ დროში მცხოვრები იეჰოვას ასაკოვანი მსახურებიც ხვდებოდნენ. მაგალითად, ბიბლიიდან ვიგებთ, რომ სიბერეში ისაკს, იაკობსა და ახიას თვალისჩინი წაერთვათ (დაბ. 27:1; 48:10; 1 მეფ. 14:4); სარა „დაუძლურებული“ იყო (დაბ. 18:11, 12); მეფე დავითი „ვერ თბებოდა“ (1 მეფ. 1:1); დიდი ქონების პატრონს, ბარზილაის, აღარ შეეძლო საკვების გემოს შეგრძნება და მუსიკით ტკბობა (2 სამ. 19:32—35); აბრაამი და ნაომი ძლიერ განიცდიდნენ, რომ გვერდით საყვარელი მეუღლეები აღარ ჰყავდათ (დაბ. 23:1, 2; რუთ. 1:3, 12).

საინტერესოა, რა ეხმარებოდა მათ ამ ძნელბედობის ჟამს, რომ ყოფილიყვნენ იეჰოვასადმი ერთგულნი და ჰქონოდათ სიხარული? ხანში შესული აბრაამი ღვთის დაპირებისადმი „რწმენამ გააძლიერა“ (რომ. 4:19, 20). ძლიერი რწმენა ჩვენც ჰაერივით გვჭირდება. ასეთი რწმენა დამოკიდებული არაა ასაკზე, შესაძლებლობებსა თუ მდგომარეობაზე. მაგალითად, პატრიარქმა იაკობმა ღვთისადმი ძლიერი რწმენა მაშინაც კი გამოავლინა, როდესაც დაუძლურებული, უსინათლო და საწოლს მიჯაჭვული იყო (დაბ. 48:1—4, 10; ებრ. 11:21). ნახეთ, რას ამბობს 93 წლის ინესი, რომელსაც კუნთების ატონია (მოდუნება) აქვს: „იეჰოვას უხვ კურთხევებს ყოველდღიურად ვგრძნობ. დღე ისე არ გავა, რომ სამოთხეზე არ ვიფიქრო. აი, ამის შედეგად კიაფობს ჩემს გულში იმედის ნაპერწკალი“. მართლაც, რა კარგი განწყობა აქვს ამ ჩვენს დას!

რწმენას გვიძლიერებს ლოცვა, ღვთის სიტყვის გამოკვლევა და ქრისტიანულ კრების შეხვედრებზე დასწრება. ასაკოვანი წინასწარმეტყველი დანიელი დღეში სამჯერ ლოცულობდა და ღვთის სიტყვას გამუდმებით სწავლობდა (დან. 6:10; 9:2). ხანდაზმული ქვრივი ანა, როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, „ტაძარს არ შორდებოდა“ (ლუკ. 2:36, 37). როდესაც კრების შეხვედრებს შეძლებისდაგვარად ესწრებით და მონაწილეობას იღებთ კომენტარებში, ამით არა მარტო თქვენ მხნევდებით, არამედ — სხვებიც. იეჰოვასთვის ყოველთვის ძვირფასია თქვენი ლოცვები, იმისდა მიუხედავად, რომ ვეღარ აკეთებთ იმდენს, რამდენსაც ისურვებდით (იგავ. 15:8).

გაამხნევეთ ერთმანეთი

ღვთის ერთგულო მსახურებო, თქვენ, ალბათ, მთელი გულით გსურთ, რომ კარგი თვალისჩინი გქონდეთ, რათა კითხვა შეძლოთ; ამასთანავე, ისიც გსურთ, რომ მუხლი გერჩოდეთ და კრებებზე იაროთ, მაგრამ სამწუხაროდ, შესაძლოა უფრო და უფრო გიძნელდებათ ან აღარც კი ძალგიძთ ამის კეთება. რა უნდა გააკეთოთ ამ დროს? საუკეთესოდ გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული საშუალებები. მაგალითად, ბევრი, ვინც კრებებს ვერ ესწრება, შეხვედრების პროგრამას ტელეფონით ისმენს. 79 წლის ინგე, რომელსაც ცუდი მხედველობა აქვს, კრების შეხვედრებისთვის განსაკუთრებულად დიდი შრიფტით დაბეჭდილი მასალით ემზადება; ამ მასალას მას ერთი თავისი კრებელი ძმა უბეჭდავს.

ხანდაზმულებო, თქვენ შესაძლოა ისეთი რამ გაქვთ, რასაც სხვები ნატრობენ, ესაა დრო. კარგი იქნება, თუ მას გონივრულად გამოიყენებთ და მოუსმენთ ბიბლიის, პუბლიკაციებისა და მოხსენებების აუდიოჩანაწერებსა თუ სხვა აუდიოდრამებს. აგრეთვე შეგიძლიათ თავად გამოიჩინოთ ინიციატივა და ტელეფონით შეეხმიანოთ თანამორწმუნეებს, რათა სულიერი ძღვენი უწილადოთ და ერთმანეთი გაამხნეოთ (რომ. 1:11, 12).

კვლავაც აქტიურნი იყავით ღვთის მსახურებაში

იქადაგეთ სიტყვა

„საშინელებაა იმის გააზრება, რომ დღეს იმდენის კეთება აღარ შეგიძლია, რამდენსაც ადრე აკეთებდი“, — დანანებით აღნიშნავს 80 წელს გადაცილებული ქრისტა. მაშ, როგორ შეუძლიათ ხანდაზმულებს სიხარულის შენარჩუნება? დაუკვირდით, რას ამბობს 75 წლის პიტერი: „შეინარჩუნეთ  დადებითი განწყობა. იმაზე კი ნუ იფიქრებთ გამუდმებით, რის კეთებაც აღარ შეგიძლიათ, გაიხარეთ იმით, რისი კეთების ძალაც შეგწევთ“.

დაფიქრდით, თუ რა სახით შეგიძლიათ იქადაგოთ. მაგალითად, 80 წელს გადაცილებული ჰაიდი მართალია, დღეს კარდაკარ ვეღარ მსახურობს, მაგრამ მან კომპიუტერის მეშვეობით წერილების წერა ისწავლა და ამგვარად ქადაგებს. ზოგი ხანდაზმული ბიბლიურ თემებზე სხვებს პარკებსა თუ ავტობუსის გაჩერებებზე ესაუბრება. იმ შემთხვევაში, თუ მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობთ, შეგიძლიათ თქვენი საცხოვრებელი ადგილი „სამქადაგებლო უბნად“ აქციოთ, მაგალითად, უქადაგოთ სამედიცინო პერსონალს და თანამობინადრეებს.

იყავით სტუმართმოყვარე

მეფე დავითი ხანდაზმულობის წლებშიც მთელი გულით უჭერდა მხარს წმინდა თაყვანისმცემლობას; მან ორგანიზება გაუწია ტაძრის მშენებლობისთვის საჭირო საქმეებს და ფულადი შესაწირავიც გაიღო (1 მატ. 28:11—29:5). თქვენც შეგიძლიათ მთელი გულით დაინტერესდეთ, როგორ მიმდინარეობს სამეფოს საქმე მთელ მსოფლიოში. აგრეთვე შეგიძლიათ სიტყვით გაამხნეოთ თქვენი კრების პიონერები და სხვა გულმოდგინე მაუწყებლები, მიართვათ პატარა საჩუქრები და ა.შ. კარგი იქნება, თუ ილოცებთ ახალგაზრდებზე, ოჯახებზე, სრული დროით მსახურებზე, დაუძლურებულებსა და მათზე, ვისაც სერიოზული პასუხისმგებლობები აკისრია.

თქვენ ღვთის თვალში ძალიან ძვირფასნი ხართ და თქვენი მსახურება ფასდაუდებელია! ჩვენი ზეციერი მამა ზურგს არასდროს შეგაქცევთ (ფსალმ. 71:9). იეჰოვას ძალიან უყვარხართ და გაფასებთ. მართალია, სამოთხეში წლები კვლავაც მოგვემატება, მაგრამ ეს აღარ დაგვთრგუნავს და აღარ დაგვამწუხრებს. პირიქით, ვიქნებით ენერგიით აღსავსე, გვექნება სრულყოფილი ჯანმრთელობა და მთელი მარადიულობის განმავლობაში ვემსახურებით ჩვენს მოსიყვარულე ღმერთს!

^ აბზ. 2 ზოგი სახელი შეცვლილია.