წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) ივლისი 2015

ეს არის ჩვენი თაყვანისმცემლობის ადგილი!

ეს არის ჩვენი თაყვანისმცემლობის ადგილი!

„შენი სახლის მოშურნეობა შემჭამს მე“ (იოან. 2:17).

სიმღერები: 127, 118

1, 2. ა) სად უსრულებდნენ იეჰოვას მსახურები თავიანთ ღმერთს წმინდა მსახურებას უწინ? ბ) როგორი დამოკიდებულება ჰქონდა იესოს ღვთის ტაძრის მიმართ? გ) რაზე ვიმსჯელებთ ამ სტატიაში?

ღვთის მსახურებს უხსოვარი დროიდან ჰქონდათ გამოყოფილი ადგილები, სადაც თავიანთ ღმერთს წმინდა მსახურებას უსრულებდნენ. როგორც ჩანს, აბელი სამსხვერპლოზე აღუვლენდა იეჰოვას მსხვერპლს (დაბ. 4:3, 4). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ნოემ, აბრაამმა, ისაკმა, იაკობმა და მოსემაც სამსხვერპლოები აუგეს ღმერთს (დაბ. 8:20; 12:7; 26:25; 35:1; გამ. 17:15). იეჰოვას მითითებით ისრაელებმა კარავი გაუმართეს მას (გამ. 25:8). მოგვიანებით მათ ღვთის თაყვანსაცემად ტაძარი ააგეს (1 მეფ. 8:27, 29). ბაბილონში გადასახლებული ისრაელები სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გამუდმებით იკრიბებოდნენ სინაგოგებში (მარ. 6:2; იოან. 18:20; საქ. 15:21). პირველი საუკუნის ქრისტიანები კი თანაქრისტიანთა სახლებში იყრიდნენ თავს (საქ. 12:12; 1 კორ. 16:19). დღეს იეჰოვას ხალხი განათლების მიღებისა და თაყვანისცემის მიზნით მსოფლიოში არსებულ ათი ათასობით სამეფო დარბაზში იკრიბება.

2 იესოს იმდენად უყვარდა იეჰოვას ტაძარი იერუსალიმში და იმდენად აფასებდა მას, რომ სახარების დამწერმა მისი დამოკიდებულება ღვთის ტაძრისადმი ფსალმუნმომღერლის მიერ წარმოთქმული სიტყვებით აღწერა: „შენი სახლის მოშურნეობამ შემჭამა“ (ფსალმ. 69:9; იოან. 2:17). დღეს ვერც ერთ სამეფო დარბაზს ვერ ვუწოდებთ  „იეჰოვას სახლს“ იმ გაგებით, რა გაგებითაც იერუსალიმის ტაძარია მოხსენიებული ბიბლიაში (2 მატ. 5:13; 33:4). თუმცა ბიბლიაში ჩაწერილი პრინციპებიდან ვხედავთ, თუ როგორ უნდა მოვიხმაროთ თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობები და როგორ უნდა ცხადვყოთ ჩვენი საქციელით, რომ პატივს მივაგებთ მათ. ამ სტატიაში ვიმსჯელებთ ზოგიერთ პრინციპზე და ვნახავთ, როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს სამეფო დარბაზის მიმართ, რატომ უნდა გავიღოთ შესაწირავები ახალი დარბაზების ასაშენებლად და როგორ უნდა მოვუაროთ მათ. *

დააფასეთ წმინდა თაყვანისმცემლობა

3—5. რა მიზანს ემსახურება სამეფო დარბაზი და ამის გათვალისწინებით, როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ქრისტიანული შეხვედრების მიმართ?

3 სამეფო დარბაზი წმინდა თაყვანისმცემლობის ცენტრია, სადაც მის სიახლოვეს მცხოვრები ადგილობრივი და-ძმები იკრიბებიან. იმ უამრავ ღონისძიებათა შორის, რომელსაც იეჰოვა თავისი ხალხის სულიერი გამოკვებისთვის იყენებს, ერთ-ერთი სამეფო დარბაზებში გამართული ყოველკვირეული შეხვედრებია. სწორედ სამეფო დარბაზებში ვიღებთ სულიერ საზრდოსა და მითითებებს, რასაც ღვთის ორგანიზაცია გვაწვდის. ისინი, რომლებიც შეხვედრებს ესწრებიან, სულიერად იკვებებიან ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იეჰოვასა და იესოს მოწვევას ეხმაურებიან. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვა გვიწვევს თავის სუფრასთან, ჩვენ მისი მოწვევა არასოდეს არ უნდა გავაუბრალოოთ (1 კორ. 10:21).

4 იეჰოვა იმდენად მნიშვნელოვნად თვლის თაყვანისმცემლობისა და ურთიერთგამხნევებისთვის გათვალისწინებულ ამ შეხვედრებს, რომ მოციქულ პავლეს თავის სიტყვაში ჩააწერინა: „ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს“ (წაიკითხეთ ებრაელების 10:24, 25). თუ უმნიშვნელო მიზეზების გამო გავაცდენთ ქრისტიანულ შეხვედრებს, ამით იეჰოვასადმი უპატივცემულობას გამოვავლენთ. როცა მთელი გულით ვემზადებით კრების შეხვედრებისთვის და ვმონაწილეობთ მასში, ამგვარად ვაჩვენებთ, რომ ვაფასებთ იეჰოვას და იმას, რასაც ის ჩვენთვის აკეთებს (ფსალმ. 22:22).

5 სამეფო დარბაზისადმი ჩვენს პატივისცემას იმით გამოვხატავთ, თუ ვიზრუნებთ მასზე და ჩავერთვებით სულიერ ღონისძიებებში, რომელიც იქ ტარდება. სწორედ აქედან ჩანს ჩვენი დამოკიდებულება იეჰოვას სახელისადმი, რომელსაც, როგორც წესი, სამეფო დარბაზების აბრებზე ვხვდებით (შეადარეთ 1 მეფეების 8:17).

6. რა კომენტარს აკეთებს ზოგი ჩვენი სამეფო დარბაზებისა და იქ დამსწრე საზოგადოების თაობაზე? (იხილეთ სურათი 27-ე გვერდზე)

6 როდესაც სამეფო დარბაზში ღირსეულად ვიქცევით და ვუვლით მას, ეს გარშემომყოფთ შეუმჩნეველი არ რჩებათ. მაგალითად, თურქეთში მცხოვრებმა ერთმა მამაკაცმა თქვა: „სამეფო დარბაზში სისუფთავემ და წესრიგმა მომხიბლა. ხალხს კოხტად და მოწესრიგებულად ეცვა, ისინი იღიმოდნენ და გულთბილად მესალმებოდნენ. ამან ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა“. მან კრების შეხვედრებზე დასწრება დაიწყო და მალე მოინათლა კიდეც. ინდონეზიის ერთ-ერთ ქალაქში ერთმა კრებამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მეზობლები ახალაშენებული სამეფო დარბაზის მიძღვნამდე ღია კარის დღეზე მიიპატიჟა. შეხვედრაზე ქალაქის მერიც მივიდა. იგი მოიხიბლა შენობის ხარისხით, დიზაინითა და ლამაზი ბაღით. „დარბაზის სისუფთავე იმაზე მოწმობს, რომ ნამდვილად გწამთ ღმერთი“, — აღნიშნა მერმა.

ჩვენი ქცევით შესაძლოა ღვთის სახელი შევბღალოთ (იხილეთ მე-7 და მე-8 აბზაცები)

7, 8. რა არ უნდა დაავიწყდეთ მათ, ვინც კრების შეხვედრებს ესწრება?

7 პატივისცემა ღვთისადმი, რომელიც ქრისტიანულ შეხვედრებზე გვიწვევს, ჩვენი ჩაცმულობით, ვარცხნილობითა და ქცევებით უნდა გამოვხატოთ. პატივისცემის გამოვლენა იქნება ისიც, თუ უკიდურესობაში არ გადავვარდებით. აღსანიშნავია, რომ ზოგი საკმაოდ  მკაცრ წესებს ადგენს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი კრების შეხვედრებზე, სხვები კი სამეფო დარბაზში თავს მეტისმეტად თავისუფლად გრძნობენ. ერთი რამ ცხადია: იეჰოვას სურს, რომ მისმა მსახურებმა თუ სტუმრებმა სამეფო დარბაზში თავი კომფორტულად იგრძნონ. მაგრამ კრების შეხვედრაზე დამსწრეებმა თავიანთი თავისუფალი ჩაცმულობით, შეხვედრის მსვლელობისას ტექსტური შეტყობინებების წერით, საუბრითა თუ ჭამა-სმით სხვებს ყურადღება არ უნდა გაუფანტონ. მშობლებმა შვილებს უნდა ასწავლონ, რომ სამეფო დარბაზი გასართობი ადგილი არ არის (ეკლ. 3:1).

8 ერთხელ აღშფოთებულმა იესომ თავისი მამის სახლიდან გაყარა ისინი, ვისაც იქ ვაჭრობა გაეჩაღებინა (იოან. 2:13—17). დღესდღეობით ჩვენი სამეფო დარბაზებიც წმინდა თაყვანისმცემლობისა და სულიერი განათლების ცენტრებია. ასე რომ, ბიზნესთან დაკავშირებულ საქმეებს, რასაც საერთო არაფერი აქვს სულიერობასთან, სამეფო დარბაზში ადგილი არ უნდა ჰქონდეს (შეადარეთ ნეემიას 13:7, 8).

ახალი სამეფო დარბაზების მშენებლობის დაფინანსება

9, 10. ა) როგორ შენდება სამეფო დარბაზები და რა შედეგს მივაღწიეთ? ბ) რომელი ღონისძიების წყალობით გახდა შესაძლებელი სამეფო დარბაზების აშენება იმ კრებებისთვის, რომლებიც ამას საკუთარი ხარჯებით ვერასდროს გასწვდებოდნენ?

9 იეჰოვას ორგანიზაცია უბრალო და სადა სამეფო დარბაზების მშენებლობის დასაფინანსებლად ყველა ღონეს ხმარობს. შენობების დაპროექტებაში, მშენებლობასა თუ სარემონტო სამუშაოებში მოხალისეები მონაწილეობენ. რა შედეგს მივაღწიეთ? 1999 წლის 1 ნოემბრიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით წმინდა თაყვანისმცემლობისთვის 28 000-ზე მეტი ლამაზი შენობა აიგო. ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში დღეში საშუალოდ 5 ახალი სამეფო დარბაზი შენდებოდა.

10 ორგანიზაცია მხარს უჭერს სამეფო დარბაზების მშენებლობას იქ, სადაც ამის საჭიროებაა. ეს ღონისძიება ეფუძნება ბიბლიურ პრინციპს, რომლის მიხედვითაც, ერთის ნამეტმა მეორის ნაკლულობა უნდა შეავსოს, რათა „თანასწორობა იყოს“ (წაიკითხეთ 2 კორინთელების 8:13—15). შედეგად, უამრავი მშვენიერი სამეფო დარბაზი აშენდა იმ კრებებისთვის, რომლებიც საკუთარი ხარჯებით ვერასდროს გასწვდებოდნენ ამას.

11. რას ამბობენ და-ძმები თავიანთი ახალი სამეფო დარბაზის შესახებ და როგორ მოქმედებს მათი სიტყვები თქვენზე?

11 კოსტა-რიკის ერთ-ერთმა კრებამ, რომელსაც სამეფო დარბაზის ასაშენებლად ფინანსურად ორგანიზაციამ დაუჭირა მხარი, მოგვწერა: „როდესაც აშენებულ სამეფო დარბაზს ვხედავთ, თავი სიზმარში გვგონია. თვალებს არ ვუჯერებთ. ჩვენი მშვენიერი სამეფო დარბაზი, სულ რაღაც, 8 დღეში აშენდა. ეს მხოლოდ იმის წყალობით გახდა შესაძლებელი, რომ იეჰოვამ გვაკურთხა, მისმა ორგანიზაციამ სახსრები არ დაიშურა და თანაქრისტიანებმა მშენებლობისთვის თავი არ დაზოგეს. ჩვენი თაყვანისმცემლობის ადგილი მართლაც ლამაზი საჩუქარი, იეჰოვასგან მორთმეული ძვირფასი თვალია. ჩვენს სიხარულს სიტყვებით ვერ გადმოგცემთ“. ნუთუ გულს არ გითბობთ  ასეთი მადლიერების სიტყვები და იმის ცოდნა, რომ მსგავს სიხარულს ათასობით და-ძმა განიცდის მთელი მსოფლიო მასშტაბით?! ეს ყველაფერი იეჰოვას დამსახურებაა, ვინაიდან როგორც კი ახალი სამეფო დარბაზი შენდება, მასში თავს იყრიან ალალ-მართალი ადამიანები, რომელთაც სურთ, უკეთ გაიცნონ ჩვენი მოსიყვარულე შემოქმედი (ფსალმ. 127:1).

12. როგორ შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ სამეფო დარბაზების მშენებლობას?

12 მრავალ და-ძმას სამეფო დარბაზების მშენებლობაში მონაწილეობამ დიდი სიხარული მოჰგვარა. თუმცა, იმისდა მიუხედავად, შევძლებთ თუ არა დარბაზების მშენებლობაში მონაწილეობის მიღებას, ვერავინ დაგვიკავებს ნებაყოფლობითი შესაწირავების გაღების პატივს. ბიბლიურ დროში ღვთის განსადიდებლად წმინდა თაყვანისმცემლობისადმი მოშურნეობა აღძრავდა ხალხს, რომ შესაწირავები გაეღოთ თეოკრატიული ღონისძიებების მხარდასაჭერად; იგივე ხდება დღესაც (გამ. 25:2; 2 კორ. 9:7).

სამეფო დარბაზების დასუფთავება

13, 14. რომელი ბიბლიური პრინციპების საფუძველზე უნდა დავიცვათ სამეფო დარბაზში სისუფთავე და წესრიგი?

13 სამეფო დარბაზებში სისუფთავე და წესრიგი უნდა დავიცვათ, რათა ყველამ დაინახოს, თუ როგორი თვისებების მქონე ღმერთს ვემსახურებით; ჩვენ თაყვანს ვცემთ ღმერთს, რომელსაც უყვარს წესრიგი (წაიკითხეთ 1 კორინთელების 14:33, 40). როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, სიწმინდე და სულიერი სისუფთავე მჭიდროდ უკავშირდება ფიზიკურ სისუფთავეს (გამოცხ. 19:8). აქედან გამომდინარე, მას, ვისაც ღვთის მოწონების დამსახურება სურს, ჰიგიენის ნორმების დაცვა მართებს.

14 თუ ამ პრინციპებს გავითვალისწინებთ, ყოველთვის თავისუფლად მოვიწვევთ სამეფო დარბაზში ხალხს და ეჭვი არ შეგვეპარება, რომ იქ არსებული გარემო კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის სასიხარულო ცნობას, რომელსაც მათ ვუქადაგებთ. ეს ადამიანები დაინახავენ, რომ თაყვანს ვცემთ წმინდა ღმერთს,  რომელიც ძალიან მალე დაბინძურებულ დედამიწას სამოთხედ გადააქცევს (ეს. 6:1—3; გამოცხ. 11:18).

15, 16. ა) რამ შეიძლება გაართულოს სამეფო დარბაზში სისუფთავის შენარჩუნება, მაგრამ რატომ არის სისუფთავის დაცვა აუცილებელი? ბ) რა კეთდება ადგილობრივად სამეფო დარბაზის დასასუფთავებლად და რა პატივი გვაქვს თითოეულ ჩვენგანს?

15 ზოგისთვის სისუფთავე ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ყველაზე ვერ ვიტყვით. ამაზე გავლენას ახდენს ჩვენი აღზრდა; ამასთანავე, ჩვენი საცხოვრებელი პირობები, მაგალითად ის, თუ რამდენად გამართულია ინფრასტრუქტურა იქ, სადაც ვცხოვრობთ — ტალახიანი და მტვრიანი ხომ არაა ჩვენს სახლამდე მისასვლელი გზები? გვაქვს წყლის საკმარისი მარაგი ან სისუფთავის შესანარჩუნებლად საჭირო ქიმიკატები? თუმცა, გარემო პირობებისა თუ აღზრდის მიუხედავად, სამეფო დარბაზი ყოველთვის მოვლილი უნდა იყოს, ვინაიდან ის იეჰოვას სახელს ატარებს და წმინდა თაყვანისმცემლობის ადგილია (კან. 23:14).

16 ნუ ვიფიქრებთ, რომ სამეფო დარბაზი თავისით დალაგდება. უხუცესთა საბჭოებმა უნდა შეადგინონ დასუფთავების განრიგი, მოიმარაგონ დალაგებისთვის გათვალისწინებული ქიმიკატები და საჭირო ინვენტარი, რათა სათაყვანისმცემლო ადგილები ღირსეულად გამოიყურებოდეს. ვინაიდან სამეფო დარბაზში დასუფთავებასთან დაკავშირებული ზოგი საქმე კრების შეხვედრის დასრულებისთანავე უნდა შესრულდეს, ზოგი კი — პერიოდულად, კარგი ხელმძღვანელობაა საჭირო იმისათვის, რომ დარბაზში ყველაფერს ჯეროვანი ყურადღება მიექცეს. კრების თითოეულ წევრს აქვს პატივი, რომ სამეფო დარბაზის დასუფთავების საქმეში ერთმანეთთან ითანამშრომლონ.

ჩვენი სათაყვანისმცემლო ადგილების მოვლა-პატრონობა

17, 18. ა) რას გვაუწყებს ბიბლია იმის თაობაზე, თუ როგორ უვლიდნენ სათაყვანისმცემლო ადგილებს ღვთის ძველი დროის მსახურები? ბ) რატომ უნდა გამოიყურებოდეს სამეფო დარბაზი ყოველთვის კარგად?

17 იეჰოვას მსახურები სათაყვანისმცემლო ადგილების შეკეთებაზეც ზრუნავენ. იუდას მეფე იეჰოაშმა მღვდლებს უბრძანა, რომ ღვთის სახლისთვის გაღებული შესაწირავებიდან აეღოთ ფული იმისათვის, რომ ამოევსოთ „სახლის ბზარები“ (2 მეფ. 12:4, 5). 200 წელზე მეტი ხნის შემდეგ მეფე იოშიამაც ტაძრის შესაწირავები იეჰოვას სახლის სარემონტო სამუშაოებისთვის გამოიყენა (წაიკითხეთ 2 მატიანეს 34:9—11).

18 ზოგი ფილიალის ცნობით, ხალხი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს შენობებისა თუ ინვენტარის მოვლა-პატრონობას. მიზეზი შესაძლოა ისაა, რომ ამ ქვეყნებში მცხოვრებმა და-ძმებმა ან არ იციან, როგორ უნდა გაკეთდეს ესა თუ ის საქმე, ან საკმარისი სახსრები არა აქვთ. თუმცა, ერთი რამ ფაქტია: თუ სამეფო დარბაზს სათანადოდ არ მოვუვლით, ის ნაადრევად გამოვა მწყობრიდან და მეზობლების თვალში ღვთის სახელი შეიბღალება. მაგრამ, თუ კრების თითოეული წევრი ძალ-ღონეს არ დაიშურებს იმისათვის, რომ სამეფო დარბაზი კარგად გამოიყურებოდეს, ეს იეჰოვას სახელსაც განადიდებს და ჩვენი თანაქრისტიანების გაღებული შესაწირავებიც დაიზოგება.

სამეფო დარბაზს მოვლა-პატრონობა სჭირდება (იხილეთ მე-16 და მე-18 აბზაცები)

19. როგორ უნდა გამოვხატოთ იეჰოვას სათაყვანისმცემლო ადგილებისადმი პატივისცემა?

19 სამეფო დარბაზი იეჰოვასთვის მიძღვნილი ნაგებობაა. სწორედ ამიტომ, იმისდა მიუხედავად, დარბაზი ფიზიკურ პირზეა გაფორმებული თუ — კრებაზე, ის იეჰოვას საკუთრებაა. ქრისტიანული პრინციპები აღგვძრავს, ყველაფერი ისე გავაკეთოთ, რომ ჩვენი სამეფო დარბაზი ემსახურებოდეს იმ მიზანს, რისთვისაც აიგო. ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ 1) ჯეროვნად დავაფასებთ სათაყვანისმცემლო ადგილებს, 2) ახალი მშენებლობისთვის შესაწირავებს გავიღებთ და 3) არ დავიშურებთ დროსა და ენერგიას სამეფო დარბაზების სათანადო მოვლა-პატრონობისა და დასუფთავებისთვის. ამგვარად, გამოვავლენთ იეჰოვას წმინდა თაყვანისმცემლობის ადგილისადმი ისეთივე მოშურნეობას, როგორიც იესოს ჰქონდა (იოან. 2:17).

^ აბზ. 2 მართალია, ამ სტატიაში უმთავრესად სამეფო დარბაზებზე ვისაუბრებთ, მაგრამ მსგავსი პრინციპებით ვხელმძღვანელობთ საკონგრესო დარბაზებისა თუ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი სხვა შენობა-ნაგებობებთან მიმართებითაც.