არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა)  |  ივლისი 2015

აქვს თქვენთვის მნიშვნელობა იმას, თუ ვინ დაინახავს თქვენ მიერ შესრულებულ საქმეს?

აქვს თქვენთვის მნიშვნელობა იმას, თუ ვინ დაინახავს თქვენ მიერ შესრულებულ საქმეს?

ბეცალელისა და ოჰოლიაბისთვის მშენებლობა უცხო საქმე არ იყო. მათ ეგვიპტელთა მონობაში აგურების კეთება უწევდათ, თუმცა შესაძლოა აღარც კი ახსოვდათ, რა მძიმედ შრომობდნენ მაშინ, ვინაიდან ეს იყო ადრე — წლების წინ. ახლა ისინი უმაღლესი რანგის ოსტატები უნდა გამხდარიყვნენ და ღვთის დავალებისამებრ კარვის მშენებლობის საქმეს გაძღოლოდნენ (გამ. 31:1—11). თუმცა მათ გასაოცარ ნამუშევარს მხოლოდ თითო-ოროლა კაცი თუ იხილავდა. საინტერესოა, გულს ხომ არ გაიტეხდნენ ისინი იმის გამო, რომ აღიარებას ვერ მოიპოვებდნენ? ან ჰქონდა მათთვის მნიშვნელობა იმას, თუ ვინ იხილავდა მათ ნახელავს? პირადად თქვენთვის აქვს მნიშვნელობა იმას, თუ ვინ დაინახავს თქვენ მიერ შესრულებულ საქმეს?

დახვეწილი ნამუშევრები მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იხილა

კარვის მორთულობიდან ზოგი ორნამენტი მართლაც შედევრი იყო. მაგალითად, შეთანხმების კიდობნის სახურავზე მოთავსებული ოქროს ქერუბიმები. პავლე მოციქულმა მათ „დიდებული“ უწოდა (ებრ. 9:5). წარმოიდგინეთ, რა საოცარი სანახავი იქნებოდა ნაჭედი ოქროსგან დამზადებული ფიგურები (გამ. 37:7—9).

დღეს ბეცალელისა და ოჰოლიაბის ნამუშევრები ნამდვილად ღირსეულ ადგილს დაიკავებდა წამყვანი მუზეუმების ვიტრინებში და ალბათ, საყოველთაო აღიარებასაც მოიპოვებდა. მაგრამ, რამდენმა ადამიანმა დაათვალიერა ეს დიდებული ნამუშევრები იმ დროს? როგორც ვიცით, ქერუბიმები წმინდათაწმინდაში იყო განთავსებული; ამიტომ მათი ნახვა მხოლოდ მღვდელმთავარს შეეძლო და ისიც — წელიწადში ერთხელ, გამოსყიდვის დღეს (ებრ. 9:6, 7). აქედან გამომდინარე, მათ მიერ გამოქანდაკებული ქერუბიმები მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იხილა.

აღიარების გარეშეც კმაყოფილნი

თქვენ რომ ბეცალელისა და ოჰოლიაბის ადგილზე ყოფილიყავით და ასეთი ხელოვნების ნიმუშების შესაქმნელად მძიმედ გეშრომათ, რა გრძნობა დაგეუფლებოდათ, თუ გეცოდინებოდათ, რომ თქვენს ნახელავს მხოლოდ რამდენიმე კაცი იხილავდა? დღეს ადამიანებს კმაყოფილების განცდა მაშინ ეუფლებათ, როცა მათ თანატოლები აღიარებენ. ფაქტობრივად, ისინი თავიანთი საქმის წარმატებას ამით ზომავენ. მაგრამ იეჰოვას მსახურები სხვაგვარად ფიქრობენ. ბეცალელისა და ოჰოლიაბის მსგავსად, ჩვენც კმაყოფილებას გვგვრის იეჰოვას ნების შესრულება და ძალიან გვიხარია, როცა ღმერთი ჩვენ მიმართ კეთილგანწყობილია.

იესოს დღეებში რელიგიური წინამძღოლები, ჩვეულებრივ, სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით  ლოცულობდნენ. თუმცა ქრისტემ გვირჩია, რომ განსხვავებულად მოვქცეულიყავით — გველოცა გულწრფელად და არ გაგვჩენოდა სურვილი, რომ სხვებს შევექეთ. რა მოჰყვებოდა ამას შედეგად? ბიბლიაში ვკითხულობთ: „მამა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგიზღავს შენ“ (მათ. 6:5, 6). ცხადია, ჩვენთვის უმთავრესი ისაა, თუ იეჰოვა რას ფიქრობს ჩვენს ლოცვებზე და არა — სხვები. სწორედ მისი თვალსაზრისი სძენს ჩვენს ლოცვებს ღირებულებას. იმავეს თქმა შეიძლება ჩვენ მიერ შესრულებულ წმინდა მსახურებაზეც. საქმის წარმატება იმით არ განისაზღვრება, გვაქებენ თუ არა სხვები; ჩვენთვის მთავარი ისაა, რომ გულს ვუხარებთ იეჰოვას, „რომელიც ხედავს დაფარულს“.

კარვის მშენებლობის დასრულების შემდეგ, „ღრუბლით დაიფარა შეხვედრის კარავი და იეჰოვას დიდებით აივსო“ (გამ. 40:34). ეს მართლაც იმის დასტური იყო, რომ ღმერთმა მოიწონა შესრულებული საქმე. როგორ ფიქრობთ, რას იგრძნობდნენ იმ დროს ბეცალელი და ოჰოლიაბი? მართალია, მათი სახელები მათი ხელის ნამოქმედარზე არ იყო ამოტვიფრული, მაგრამ ისინი უდავოდ კმაყოფილნი იქნებოდნენ, რადგან ღმერთმა აკურთხა მათი ძალისხმევა (იგავ. 10:22). წლების განმავლობაში ბეცალელსა და ოჰოლიაბს ნამდვილად გულს გაუთბობდა იმის დანახვა, რომ მათი ნაკეთობები კვლავაც გამოიყენებოდა იეჰოვას მსახურებაში. როდესაც ახალ ქვეყნიერებაში ისინი აღდგებიან, უეჭველად გააოცებთ იმის გაგება, რომ კარავი ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას დაახლოებით 500 წელი მოემსახურა!

მაშინაც კი, თუ ვერავინ ამჩნევს ჩვენი თავმდაბლობისა და მზადყოფნის სულს, ეს იეჰოვას არ რჩება შეუმჩნეველი!

დღეს იეჰოვას ორგანიზაციაში მულტიპლიკატორები, მხატვრები, მუსიკოსები, ფოტოგრაფები, მთარგმნელები და მწერლები ყველა საქმეს ანონიმურად ასრულებენ. ამ გაგებით, მათ მძიმე შრომას ვერავინ ხედავს. იმავეს თქმა შეიძლება უზარმაზარ საქმეზე, რაც დღეს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 110 000-ზე მეტ ქრისტიანულ კრებაში სრულდება. მაგალითად, ვინ ხედავს, თუ რამხელა სამუშაოს ასრულებს ყოველი თვის ბოლოს საფინანსო ანგარიშებზე პასუხისმგებელი ძმა, ან ვინ ამჩნევს იმ ძალისხმევას, რომელსაც კრების მდივანი სამქადაგებლო მსახურების ანგარიშის მომზადებას ახმარს? ანდა, ვინ ხედავს იმ დასა თუ ძმას, რომელიც სამეფო დარბაზში რაიმეს არემონტებს?

მართალია, გაწეული მძიმე შრომის სანაცვლოდ ბეცალელსა და ოჰოლიაბს არ დარჩენიათ არანაირი „ნივთმტკიცება“ — თასი, მედალი ან მემორიალური დაფა — რითაც თავს მოიწონებდნენ, მაგრამ სამაგიეროდ, მათ ყველაზე ძვირფასი რამ, იეჰოვას კეთილგანწყობა, მოიპოვეს. ეჭვი არ გვეპარება, რომ იეჰოვას შეუმჩნეველი არ დარჩენია მათი შრომა. მოდი, მივბაძოთ ბეცალელსა და ოჰოლიაბს — ვიყოთ მათსავით თავმდაბალნი და გვქონდეს მზადყოფნის სული!