წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) ივნისი 2015

თქვენ შეძლებთ სიწმინდის შენარჩუნებას

თქვენ შეძლებთ სიწმინდის შენარჩუნებას

„გაისუფთავეთ ხელები . . . და განიწმინდეთ გულები“ (იაკ. 4:8).

1. როგორი შეხედულებაა გავრცელებული ქვეყნიერებაში სიწმინდეზე?

სიწმინდით დღეს თავს ნამდვილად ვერ მოიწონებ. ბევრ ქვეყანაში ჰომოსექსუალიზმი და უკანონო სქესობრივი კავშირი ჩვეულებრივ რამედ ითვლება. ცხოვრების ასეთ წესს აქტიურ პროპაგანდას უწევს რეკლამისა და გართობის ინდუსტრიაც (ფსალმ. 12:8). დღეს უზნეობა იმდენად გავრცელებულია, რომ შეიძლება იკითხოთ: შესაძლებელია კი საერთოდ სიწმინდის შენარჩუნება? პასუხი ცალსახაა: რა თქმა უნდა! ნამდვილი ქრისტიანები იეჰოვას დახმარებით შევძლებთ სიწმინდის შენარჩუნებას (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 4:3—5).

2, 3. ა) რატომ უნდა ვებრძოლოთ უზნეო სურვილებს? ბ) რაზე ვისაუბრებთ ამ სტატიაში?

2 უპირველესად, უნდა ვაღიაროთ, რომ სიწმინდეს იმ შემთხვევაში შევინარჩუნებთ, თუ თავიდან მოვიცილებთ უხამს სურვილებს. როგორც ანკესზე წამოგებული სატყუარა იზიდავს თევზს, ისე უზნეო ფიქრებმა და სურვილებმა, თუ მათ დაუყოვნებლივ არ მოვიცილებთ, შესაძლებელია აგვიყოლიოს და გვაცდუნოს. ამგვარი ფიქრები და სურვილები შესაძლოა იზიდავდეს ჩვენს ცოდვილ ბუნებას; ამან საბოლოოდ შეიძლება უზნეობამდეც კი მიგვიყვანოს. ჩვენში ცოდვის ჩადენის სურვილმა შეიძლება იმდენად იმძლავროს, რომ უწმინდური  სურვილი განაყოფიერდეს. ცდუნების პირისპირ, იეჰოვას მსახურიც კი შეიძლება დაჰყვეს ამგვარ სურვილს. დიახ, როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, „სურვილი . . . შობს ცოდვას“ (წაიკითხეთ იაკობის 1:14, 15).

3 კარგი იქნება, დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება წამიერმა სურვილმა სერიოზულ ცოდვამდე მიგვიყვანოს. თუმცა ერთი აზრი გვამხნევებს: თუ თავიდანვე არ მივცემთ უწმინდურ სურვილებს გულში ფესვის გადგმის საშუალებას, არც უზნეობაში გავეხვევით და არც ცუდ შედეგებს მოვიმკით (გალ. 5:16). ახლა მოდი, ვისაუბროთ სამ საშუალებაზე, რაც არასწორ სურვილებთან ბრძოლაში დაგვეხმარება: 1) იეჰოვასთან ურთიერთობა, 2) ღვთის სიტყვაში მოცემული რჩევები და 3) მოწიფული თანაქრისტიანების მიერ გაწეული დახმარება.

„დაუახლოვდით ღმერთს“

4. რატომ არის მნიშვნელოვანი იეჰოვასთან დაახლოება?

4 ბიბლია მათ, ვისაც ღმერთთან დაახლოება სურს, მოუწოდებს: „გაისუფთავეთ ხელები . . . [და] განიწმინდეთ გულები“ (იაკ. 4:8). თუ იეჰოვასთან ურთიერთობას ვაფასებთ, ჩვენ შევეცდებით, რომ ყოველთვის ვასიამოვნოთ მას, თუნდაც ჩვენი ფიქრებით. ჩვენ გვსურს, რომ გვქონდეს, „სუფთა გული“ და ვიფიქროთ იმაზე, „რაც წმინდაა . . . რაც მოსაწონია, რაც ზნეობრივი და საქებარია“ (ფსალმ. 24:3, 4; 51:6; ფილ. 4:8). საბედნიეროდ, იეჰოვას მხედველობიდან არ რჩება ის ფაქტი, რომ არასრულყოფილები და ცოდვილი სურვილებისკენ მიდრეკილნი ვართ. მაგრამ ერთი რამ კარგად გვესმის: ჩვენ გულს ვატკენთ ღმერთს თუ ასეთ სურვილებს დაუყოვნებლივ არ მოვიცილებთ და გონებას კვლავ და კვლავ მსგავსი ფიქრებით ვასაზრდოებთ (დაბ. 6:5, 6). ასეთ საკითხებზე დაფიქრება დაგვეხმარება, რომ ყოველთვის იმაზე ვიფიქროთ, რაც წმინდაა.

5, 6. როგორ დაგვეხმარება ლოცვა უზნეო სურვილებთან ბრძოლაში?

5 იეჰოვასადმი ნდობას იმით გამოვხატავთ, თუ მას ლოცვაში ყოველთვის ვთხოვთ, მოგვცეს ძალა, რათა წინ აღვუდგეთ არასწორ სურვილებს. როდესაც ლოცვით ვუახლოვდებით იეჰოვას, ისიც გვიახლოვდება. იგი უშურველად გვაძლევს თავის წმინდა სულს, რაც უზნეო ფიქრების მოცილებასა და სიწმინდის შენარჩუნებაში გვეხმარება. ამიტომ, მოდი, იეჰოვას ლოცვაში ვაუწყოთ, რომ გულწრფელად გვსურს, ჩვენი გულის ზრახვები სასიამოვნო იყოს მისთვის (ფსალმ. 19:14). ყოველთვის ვთხოვოთ ღმერთს, შეამოწმოს ჩვენი გული იმის გამოსარკვევად, არის თუ არა ჩვენში რაიმე ისეთი — არასწორი მიდრეკილება თუ სურვილი — რაც „სატკივარს გამოიწვევდა“ ანუ ცოდვას ჩაგვადენინებდა (ფსალმ. 139:23, 24). ამასთანავე, გამუდმებით ვევედროთ ღმერთს, რომ ცდუნების პირისპირ ერთგულების შენარჩუნებაში დაგვეხმაროს (მათ. 6:13).

6 ჩვენი წარსულისა თუ აღზრდის გამო შეიძლება დღესაც ვებრძვით ისეთ სურვილებს, რასაც იეჰოვა განსჯის. თუმცა ღმერთს შესწევს ძალა, დაგვეხმაროს, რომ შევიცვალოთ და კვლავ ერთგულად ვემსახუროთ მას. მეფე დავითმა ეს საკუთარ თავზე გამოსცადა. ბათ-შებასთან მრუშობის შემდეგ, მან იეჰოვას სთხოვა: „სუფთა გული შექმენი ჩემში . . . და ახალი, მტკიცე სული ჩამიდგი“ (ფსალმ. 51:10, 12). მართალია, ჩვენი ცოდვილი სხეული ცოდვისკენ ისწრაფვის, მაგრამ იეჰოვას შეუძლია „გაგვამაგროს მზადყოფნის სულით“ — გაგვიჩინოს მისი მორჩილების სურვილი. მაშინაც კი, თუ ჩვენს გულში არასწორ სურვილებს ღრმად აქვს ფესვი გადგმული და ადგილი არ რჩება იმისათვის, რაც წმინდაა, იეჰოვას შეუძლია ისე წარმართოს ჩვენი ნაბიჯები, რომ დავემორჩილოთ მის კანონებს და ვიცხოვროთ მათ შესაბამისად. ნამდვილად, ღმერთს შეუძლია დაგვიცვას, რომ საზიანო ფიქრებმა არ იბატონოს ჩვენზე (ფსალმ. 119:133).

თუ არასწორი სურვილი გვიჩნდება და იგი ჩვენს გულში ფესვს იდგამს, ძირფესვიანად უნდა აღმოვფხვრათ (იხილეთ მე-6 აბზაცი)

„იყავით სიტყვის შემსრულებელნი“

7. როგორ გვიცავს ღვთის სიტყვა არასწორი ფიქრებისგან?

7 იეჰოვა ჩვენს ლოცვებს, თავისი სიტყვის, ბიბლიის, მეშვეობით, პასუხობს. წმინდა წერილებში  ჩაწერილი ღვთიური სიბრძნე „პირველ ყოვლისა, წმინდაა“ (იაკ. 3:17). თუ ყოველდღიურად წავიკითხავთ ბიბლიას და ვიფიქრებთ მასზე, გონებას უზნეო ფიქრებისგან დავიცავთ (ფსალმ. 19:7, 11; 119:9, 11). გარდა ამისა, ბიბლიური მაგალითები და მასში მოცემული კონკრეტული რჩევები დაგვეხმარება, რომ არასწორ სურვილებს არ ვემსხვერპლოთ.

8, 9. ა) რამ მიიყვანა „იგავებში“ მოხსენიებული ახალგაზრდა კაცი უზნეობის ჩადენამდე? ბ) რა სიტუაციებში შეიძლება გამოგვადგეს იგავების მე-7 თავში ჩაწერილი გამაფრთხილებელი მაგალითი?

8 იგავების 5:8-ში ვკითხულობთ: „შენი გზა შორს იყოს [უზნეო ქალისგან] . . . და მისი სახლის შესასვლელს ნუ მიეკარები“. იგავების მე-7 თავში ვხედავთ, თუ რა შედეგი მოიტანა ამ რჩევის უგულებელყოფამ. ამ თავში ვკითხულობთ ერთი ახალგაზრდა კაცის შესახებ, რომელიც საღამოს ბინდში უზნეო ქალის სახლის შორიახლოს დაეხეტება. ქუჩის კუთხეში მას მეძავის ტანსაცმელში გამოწყობილი ქალი ეგებება. იგი მას ხელს ავლებს, კოცნის და მაცდური საუბრით ვნებას უღვიძებს, რასაც ახალგაზრდა კაცი წინააღმდეგობას ვერ უწევს. ამ ყოველივეს შედეგად უზნეო საქციელი მოჰყვება. როგორც ჩანს, ახალგაზრდა კაცს ცოდვის ჩადენა არ ჰქონდა განზრახული. იგი გამოუცდელი იყო და გამჭრიახობა აკლდა. მიუხედავად ამისა, ის თავისი საქციელის შედეგებს თავიდან ვერ აირიდებდა. მას რომ წინასწარ დაენახა საფრთხე, ამ ქალისგან თავს შორს დაიჭერდა (იგავ. 7:6—27).

 9 ხანდახან ჩვენი საქციელი იმაზე ხომ არ მიუთითებს, რომ გამჭრიახობა გვაკლია და თავს ვიგდებთ ისეთ სახიფათო სიტუაციებში, რომლებმაც ჩვენში შეიძლება არასწორი სურვილები გააღვიძოს? მაგალითად, ზოგი სატელევიზიო არხი ღამის ეთერში ისეთ გადაცემებს უშვებს, რაც ცენზურას ნაკლებად ექვემდებარება. თუკი ამ დროს ტელევიზორს ერთი არხიდან მეორე არხზე გაუაზრებლად ვრთავთ, ეს შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს. აგრეთვე სახიფათოა ინტერნეტში „ხეტიალი“, „ჩეთ-რუმებით“ სარგებლობა ან ისეთი ვებ-გვერდების მონახულება, რომლებიც პორნოგრაფიული მასალის ყურებასა და სხვა სახის სექსუალურ მომსახურებას სთავაზობს თავის მომხმარებელს. ამ დროს შესაძლოა ისეთ მასალას გადავაწყდეთ, რამაც შეიძლება უხამსი სურვილები აღგვიძრას, ფარ-ხმალი დავყაროთ და აღარ ვიბრძოლოთ სიწმინდის შესანარჩუნებლად.

10. რატომ არის ფლირტი სახიფათო? (იხილეთ სურათი მე-13 გვერდზე)

10 ბიბლია სხვა მხრივაც გვეხმარება. მასში მოცემულია რჩევები იმის თაობაზე, თუ როგორ მოვიქცეთ საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 5:2). საღვთო წერილი გმობს ფლირტს. თუმცა ზოგი თვლის, რომ სხეულის ენა, ჟესტები, სახის გამომეტყველება, რასაც რომანტიკული ელფერი დაჰკრავს, უწყინარია, ვინაიდან ამ დროს საპირისპირო სქესის წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად არ ეხებიან. თუმცა იმისდა მიუხედავად, თავად წამოიწყებთ ფლირტს თუ სხვას აჰყვებით ამ საქციელში, ერთი რამ არ დაგავიწყდეთ: ფლირტმა შესაძლოა უწმინდური ფიქრები აღგიძრათ და საბოლოოდ უზნეობაც ჩაგადენინოთ. ეს ასე იყო ადრე და ასე იქნება მომავალშიც.

11. რის მაგალითი დაგვიტოვა იოსებმა?

11 ბიბლიურ დროში მცხოვრებმა იოსებმა ამ მხრივ შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა. როდესაც მისი ბატონის, ფოტიფარის, ცოლი მის შეცდენას შეეცადა, იოსები მას არ აჰყვა. ქალი არ ეშვებოდა. ყოველდღე ეუბნებოდა, რომ მასთან დაწოლილიყო (დაბ. 39:7, 8, 10). ერთი ბიბლეისტის აზრით, ფოტიფარის ცოლი, მას დაახლოებით ასეთ რამეს ეუბნებოდა: «„მოდი, ცოტა ხნით განვმარტოვდეთ“. ქალს იმედი ჰქონდა, რომ ამგვარად პირველ ნაბიჯს [იოსები] გადადგამდა». თუმცა ღვთის ერთგულ მამაკაცს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ არათუ წამოეწყო ამ ქალთან არშიყი, არამედ ყურიც კი არ ეთხოვებინა მისთვის. იოსები თავის ბატონის ცოლს ფლირტში არ აჰყოლია. შედეგი ის იყო, რომ მის გულში არასწორმა სურვილმა ფეხი ვერ მოიკიდა. როდესაც ფოტიფარის ცოლმა იოსებს თავისთან დაწოლა დააძალა, მან სიმტკიცე გამოიჩინა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მან ტანსაცმელი ხელში შეატოვა და გარეთ გავარდა“ (დაბ. 39:12).

12. საიდან ვიცით, რომ თვალი გავლენას ახდენს გულზე?

12 ბიბლია იმის შესახებაც გვაფრთხილებს, თუ რამხელა ძალა აქვს თვალს; თვალმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩვენს გულზე და შეცდომაში შეგვიყვანოს. თუ საკუთარ თვალს არ გავაკონტროლებთ, ამან შესაძლოა ჩვენში უმართებულო სექსუალური სურვილები აღძრას ან გააძლიეროს. იესომ გაგვაფრთხილა: „ვინც ქალს უყურებს და ვნება აღეძვრება, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში“ (მათ. 5:28). გავიხსენოთ, რა შეემთხვა დავით მეფეს. ერთხელ მან „ბანიდან მობანავე ქალს მოჰკრა თვალი“ (2 სამ. 11:2). სამწუხაროდ, მას თავისი მზერა და ფიქრები სხვა რამეზე არ გადაუტანია. შედეგად, იმ ქალთან ურთიერთობა მოინდომა, რომელიც სხვისი ცოლი იყო და უზნეობაც ჩაიდინა.

13. რატომ უნდა „დავუდოთ შეთანხმება ჩვენს თვალებს“ და რა იგულისხმება ამაში?

13 იმისათვის, რომ უზნეო ფანტაზიები გონებიდან ამოვიგდოთ, აუცილებელია, ერთგული იობის მსგავსად, „შეთანხმება დავუდოთ ჩვენს თვალებს“ (იობ. 31:1, 7, 9). მტკიცედ უნდა გადავწყვიტოთ, რომ ვაკონტროლოთ საკუთარი თვალი და გულისთქმით არ დავუწყოთ ყურება სხვებს. აგრეთვე თვალი უნდა მოვარიდოთ მონიტორზე, სარეკლამო დაფაზე, ჟურნალის ყდაზე თუ სხვაგან წარმოდგენილ უზნეობის ამსახველ კადრებსა და გამოსახულებებს.

14. რა მხრივ დაგვეხმარება სიწმინდის შენარჩუნებაში ღვთის სიტყვაში ჩაწერილი რჩევების მიყოლა?

 14 თუ ზემოთ განხილულის საფუძველზე გააცნობიერეთ, რომ რომელიმე სფეროში არასწორი სურვილების წინააღმდეგ მეტი ბრძოლა გმართებთ, დაუყოვნებლივ იმოქმედეთ. მიჰყევით ღვთის სიტყვაში ჩაწერილ რჩევებს, რაც თავიდან აგარიდებთ ცოდვას. ამგვარად, შეძლებთ სიწმინდის შენარჩუნებას (წაიკითხეთ იაკობის 1:21—25).

მოუხმეთ კრების უხუცესებს

15. რატომ უნდა მივმართოთ დახმარებისთვის თანაქრისტიანებს, თუ უწმინდურ სურვილებს ვებრძვით?

15 თუ უხამს სურვილებს ვებრძვით, დახმარებისთვის შეგვიძლია თანაქრისტიანებსაც მივმართოთ. რა თქმა უნდა, საკუთარ პრობლემებზე სხვებთან საუბარი ადვილი არაა. მაგრამ არასწორი სურვილების დაძლევაში შეიძლება მოწიფული ქრისტიანები დაგვეხმარონ, თუ მათ საშუალებას მივცემთ, რომ თავიანთი მეთვალყურეობის ქვეშ ვყავდეთ (იგავ. 18:1; ებრ. 3:12, 13). თუ მოწიფულ და სულიერად მოაზროვნე ქრისტიანებს ჩვენს პრობლემებზე დაველაპარაკებით, ისინი შესაძლოა იმ სისუსტეების დანახვაში დაგვეხმარონ, რასაც თავად ვერ ვამჩნევთ. ეს კი თავის მხრივ დაგვეხმარება, რომ შევიცვალოთ, რათა იეჰოვას სიყვარულში დავრჩეთ.

16, 17. ა) როგორ შეუძლიათ უხუცესებს დაეხმარონ მათ, ვინც არასწორ სურვილებს ებრძვის? მოიყვანეთ მაგალითი. ბ) რატომ უნდა ითხოვონ დაუყოვნებლივ დახმარება მათ, ვინც პორნოგრაფიას უყურებს?

16 ყველაზე საუკეთესოდ ქრისტიანი უხუცესები დაგვეხმარებიან (წაიკითხეთ იაკობის 5:13—15). ერთი ახალგაზრდა ბრაზილიელი მამაკაცი, რომელიც არაერთი წლის განმავლობაში ებრძოდა არასწორ სურვილებს, გვიამბობს: „ვიცოდი, რომ ჩემი ფიქრებით გულს ვტკენდი იეჰოვას, მაგრამ ძალიან მრცხვენოდა ამის შესახებ სხვებთან საუბარი“. საბედნიეროდ, მის კრებაში ერთმა გულისხმიერმა უხუცესმა მის მიმართ ყურადღება გამოავლინა და დახმარება შესთავაზა. ახალგაზრდა მამაკაცი იხსენებს: „გამაოცა უხუცესების მიერ გამოვლენილმა სითბომ. მათ იმაზე მეტად მითანაგრძნეს და ისინი იმაზე მეტად შევიდნენ ჩემს მდგომარეობაში, ვიდრე ვიმსახურებდი. ძმებმა ყურადღებით მომისმინეს და გაიგეს, რა მაწუხებდა. უხუცესებმა ბიბლიის მეშვეობით კიდევ ერთხელ დამარწმუნეს, რომ იეჰოვას ვუყვარდი და მათ ჩემთან ერთად ილოცეს. ამის წყალობით უფრო გამიადვილდა მათ მიერ მოცემული ბიბლიური რჩევის მიღება“. გავიდა წლები. ეს ძმა სულიერად გაიზარდა. იგი დასძენს: „ახლა ვხვდები, რამდენად აუცილებელია, რომ ითხოვო დახმარება და ტვირთი მარტომ არ ზიდო“.

17 დახმარება წამალივით გვჭირდება მაშინ, როცა უზნეო სურვილები პორნოგრაფიის ყურების უწმინდური ჩვევით არის გამოწვეული. თუ დროულად არ ვითხოვთ დახმარებას, დიდია იმის ალბათობა, რომ უწმინდური სურვილი, როგორც ბიბლიაში წერია, განაყოფიერდეს და შვას ცოდვა. ამით გულს ვატკენთ სხვებს და ჩრდილს მივაყენებთ იეჰოვას სახელს. ბევრ ქრისტიანს იმან გაუადვილა რჩევის მიღება, რომ ძალიან სურდათ იეჰოვას გული გაეხარებინათ და ქრისტიანულ კრებაში დარჩენილიყვნენ (იაკ. 1:15; ფსალმ. 141:5; ებრ. 12:5, 6).

შეინარჩუნეთ სიწმინდე!

18. რა არის თქვენი მიზანი?

18 სატანის ქვეყნიერება უფრო და უფრო ეფლობა უზნეობის ჭაობში და ამ ფონზე იეჰოვა ნამდვილად ამაყობს, რომ მასზე მიძღვნილი მსახურები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ გონება სუფთად შეინარჩუნონ და უერთგულონ მის მაღალზნეობრივ ნორმებს. დაე, თითოეული ჩვენგანი მეტად დავუახლოვდეთ იეჰოვას და მივყვეთ მის ხელმძღვანელობას, რომელსაც ის თავისი სიტყვისა და ქრისტიანული კრების მეშვეობით გვიწევს. თუ სიწმინდეს შევინარჩუნებთ, დღესვე კმაყოფილნი ვიქნებით და გვექნება სულის სიმშვიდე (ფსალმ. 119:5, 6). მომავალში კი, როცა სატანა განადგურდება, მარადიულად ვიცხოვრებთ მსოფლიოში, სადაც მისი გამხრწნელი გავლენა აღარ იარსებებს!