წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) ივნისი 2015

„თუ კინგზლიმ შეძლო, მეც შევძლებ!“

„თუ კინგზლიმ შეძლო, მეც შევძლებ!“

კინგზლის მხარზე ვიღაცამ ხელი დაადო, რაც იმის ნიშანი იყო, რომ მას ბიბლიის კითხვა უნდა დაეწყო. ეს იყო კინგზლის პირველი დავალება თეოკრატიული მსახურების სკოლაში. ის თითოეულ სიტყვას გარკვევით წარმოთქვამდა და ცდილობდა, რომ არც ერთი მარცვალი არ ჩაეყლაპა. ყველაზე საოცარი ის იყო, რომ კინგზლი ბიბლიაში არც კი იყურებოდა.

კინგზლი შრი-ლანკაში ცხოვრობდა. ის უსინათლო იყო; სმენაც დაქვეითებული ჰქონდა და ეტლით გადაადგილდებოდა. ალბათ, გაინტერესებთ, როგორ გაიცნო ამ კაცმა იეჰოვა და როგორ ჩაეწერა თეოკრატიული მსახურების სკოლაში. ნება მიბოძეთ მის შესახებ მოგითხროთ.

როდესაც კინგზლი გავიცანი, გავოგნდი — მას ძლიერ სწყუროდა ბიბლიური ჭეშმარიტება. ადრე იგი იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიას სწავლობდა და მისი ბრაილზე გამოცემული წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“ ხმარებისგან მთლად გამცვდარიყო. * მას ბიბლიის შესწავლა შევთავაზე, რაზედაც დამთანხმდა; თუმცა ჩვენ ორ სირთულეს წავაწყდით.

ერთი სირთულე ის იყო, რომ კინგზლისთან ერთად სახლში სხვებიც ცხოვრობდნენ — მოხუცები და ავადმყოფები. ბუნებრივია, სახლში ხმაური იყო, ამას კინგზლის ყურთასმენის პრობლემაც ემატებოდა; ამიტომ მე ძალიან ხმამაღლა მიწევდა საუბარი. აქედან გამომდინარე, ჩვენს ყოველკვირეულ შესწავლას სახლში ყველა ისმენდა.

მეორე სირთულეს ის წარმოადგენდა, რომ კინგზლის შესწავლაზე მხოლოდ მცირე ინფორმაციის კითხვა და აღქმა შეეძლო; იმისათვის რომ ჩვენი შესწავლები უფრო  ნაყოფიერი გამხდარიყო, კინგზლი წინასწარ გულმოდგინედ ემზადებოდა. ის შესასწავლ მასალას არაერთხელ კითხულობდა, მუხლებს თავისი ბრაილის ბიბლიაში ეძებდა და სახელმძღვანელოში დასმულ კითხვებზე პასუხებს გონებაში აყალიბებდა. ამ მეთოდმა ძალიან გაამართლა. შესწავლის დროს კინგზლი ხალიჩაზე ფეხმორთხმით იჯდა, პასუხების გაცემისას ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობდა და ფეხებს იატაკზე აბაკუნებდა. ცოტა ხანში ჩვენ ბიბლიის შესწავლის ჩატარება კვირაში ორჯერ დავიწყეთ; ყოველი შესწავლა ორ საათს გრძელდებოდა.

კრებებზე დასწრება და მონაწილეობის მიღება

კინგზლი და პოლი

კინგზლის ერთი სული ჰქონდა, სამეფო დარბაზში ქრისტიანულ შეხვედრებს დასწრებოდა, მაგრამ ეს მისთვის საკმაოდ რთული იყო. მას დახმარების გარეშე არ შეეძლო ეტლში ჩაჯდომა, მანქანაში გადაჯდომა და სამეფო დარბაზში შესვლა. თუმცა ეს პრობლემა თანაქრისტიანების დახმარებით მოგვარდა. კრებაში და-ძმები მორიგეობით ეხმარებოდნენ მას და ამას დიდ პატივად მიიჩნევდნენ. შეხვედრების დროს კინგზლი ყოველთვის ხმის გამაძლიერებელ სისტემასთან ახლოს იჯდა, ყურადღებით ისმენდა პროგრამას და კომენტარებსაც აკეთებდა.

ბიბლიის შესწავლის დაწყებიდან ცოტა ხანში კინგზლიმ გადაწყვიტა, რომ თეოკრატიული მსახურების სკოლაში ჩაწერილიყო. ორი კვირით ადრე, სანამ ის თავისი პირველი დავალებით გამოვიდოდა, ვკითხე, როგორ მიდიოდა მეცადინეობის საქმე. მან მიპასუხა: „ძმაო, წასაკითხი მასალა უკვე 30-ჯერ წავიკითხე‘‘. მე ის შევაქე, რომ ასე გულიანად მოეკიდა დავალებას და ვთხოვე, ხმამაღლა წაეკითხა. მან გადაშალა თავისი ბრაილის შრიფტით გამოცემული ბიბლია და კითხვა დაიწყო. თუმცა შევნიშნე, რომ კინგზლი თითებით ასოებს საერთოდ არ ეხებოდა, როგორც ამას ჩვეულებრივ აკეთებდა ხოლმე. აღმოჩნდა, რომ მას წასაკითხი მასალა დაეზეპირებინა.

ცრემლები ღაპაღუპით მდიოდა, ვერაფრით ვერ ვიჯერებდი. კინგზლის ვკითხე, მხოლოდ 30 წაკითხვით როგორ შეძლო ტექსტის ასე კარგად სწავლა. მან მომიგო: „სულ 30-ჯერ კი არა, დღეში 30-ჯერ ვკითხულობდი“. კინგზლი თურმე მთელი თვის განმავლობაში ხალიჩაზე ჯდებოდა და კითხულობდა და კითხულობდა, ვიდრე ზეპირად არ ისწავლა წასაკითხი მონაკვეთი ბიბლიიდან.

და აი, დადგა დღე, როცა კინგზლი სამეფო დარბაზში დავალებით უნდა გამოსულიყო. როდესაც მან დავალება დაასრულა, დარბაზში ტაშმა იქუხა. ბევრს სიხარულის ცრემლი სდიოდა, როცა ხედავდა, თუ რა მონდომებით წარადგინა კინგზლიმ სკოლაში მიცემული დავალება. ერთმა მაუწყებელმა, რომელსაც ნერვიულობის გამო თეოკრატიულ სკოლაში მონაწილეობაზე უარი ჰქონდა ნათქვამი, სურვილი გამოთქვა, რომ თეოკრატიულ სკოლაში ჩაწერილიყო. გაინტერესებთ, რატომ? მან აღნიშნა: „თუ კინგზლიმ შეძლო, მეც შევძლებ!“.

კინგზლი ბიბლიას 3 წელი სწავლობდა; ის 2008 წლის 6 სექტემბერს მოინათლა. იგი 2014 წლის 13 მაისს გარდაიცვალა. კინგზლი სიკვდილამდე ღვთის ერთგული იყო და ღრმად სწამდა, რომ დედამიწაზე მარადიული ცხოვრების განმავლობაში სრულყოფილი ჯანმრთელობითა და განახლებული ძალით შეუსრულებდა იეჰოვას წმინდა მსახურებას (ეს. 35:5, 6). — მოგვითხრო პოლ მაკმანასმა.

^ აბზ. 4 გამოიცა 1995 წელს; დღეს აღარ გამოიცემა.