არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა)  |  ივნისი 2015

იცხოვრეთ ლოცვის ნიმუშის თანახმად! — II ნაწილი

იცხოვრეთ ლოცვის ნიმუშის თანახმად! — II ნაწილი

„თქვენმა მამამ . . . იცის, რა გჭირდებათ“ (მათ. 6:8).

1—3. როგორ დარწმუნდა ერთი ჩვენი და, რომ იეჰოვამ იცის, რა გვჭირდება?

ლანას არასდროს დაავიწყდება 2012 წლის ზაფხულის ერთი დღე, როდესაც ის გერმანიაში იყო. მან იმ დღეს ორ კონკრეტულ საკითხზე ილოცა და იეჰოვას მისი ლოცვები უპასუხოდ არ დაუტოვებია. ლანამ პირველად მაშინ ილოცა, როცა მატარებლით აეროპორტისკენ მიემგზავრებოდა. მან იეჰოვას სთხოვა, რომ ქადაგების საშუალება მისცემოდა. მეორედ კი მაშინ ილოცა, როცა აეროპორტში მისულმა გაიგო, რომ ფრენა მომდევნო დღისთვის გადადებულიყო. ამჯერად ლანამ ღმერთს ლოცვაში თავისი წუხილი გაანდო, რადგან მას თითქმის მთელი ფული დახარჯვოდა და ღამის გასათევი ადგილიც არ ჰქონდა.

2 ლანას ლოცვა დასრულებულიც არ ჰქონდა, რომ უცებ ვიღაცის ხმა მოესმა: „გამარჯობა, ლანა. აქ რას აკეთებ?“. მის წინ ახალგაზრდა მამაკაცი იდგა; ის მისი სკოლელი იყო. ახალგაზრდა მამაკაცი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მიფრინავდა და მას დედა და ბებია აცილებდნენ. როდესაც მისმა დედამ, ელკემ, შეიტყო, რომ ლანას კიდევ ერთ დღეს უწევდა გერმანიაში დარჩენა, შინ მიიპატიჟა. ელკე და დედამისი ლანას გულთბილად გაუმასპინძლდნენ; ისინი მას რწმენისა და სრული დროით მსახურების შესახებ კითხვას კითხვაზე უსვამდნენ.

3 დილით მასპინძლებმა ლანა დაანაყრეს; საუზმობისას მას კიდევ უფრო მეტი კითხვა დაუსვეს, რაზეც ლანამ ბიბლიიდან უპასუხა;  ბოლოს გამომშვიდობებისას ლანამ ამ ქალბატონებს საკონტაქტო ინფორმაცია გამოართვა, რათა ისინი სხვა იეჰოვას მოწმეს მოენახულებინა. ლანა შინ მშვიდობით დაბრუნდა; იგი დღესაც პიონერია. მას ნამდვილად არ ეპარება ეჭვი, რომ ამ ყველაფერში ლოცვების მომსმენი ღმერთის ხელი ერია (ფსალმ. 65:2).

4. რაზე ვისაუბრებთ ამ სტატიაში?

4 ალბათ, ლოცვა არც ჩვენ გვიჭირს მაშინ, როცა მოულოდნელად რთული ვითარების პირისპირ აღმოვჩნდებით; ჩვენ ვიცით, რომ იეჰოვას სიამოვნებს, როდესაც მას თავისი ერთგული მსახურები დახმარებისთვის მიმართავენ (ფსალმ. 34:15; იგავ. 15:8). თუმცა, თუ ლოცვის ნიმუშზე დავფიქრდებით, დავინახავთ, რომ სხვა უფრო მნიშვნელოვანი სათხოვრითაც უნდა მივმართოთ ღმერთს, რაც ზოგჯერ მხედველობიდან გამოგვრჩება ხოლმე. ამ სტატიაში ვისაუბრებთ, თუ როგორ უსვამს ხაზს ჩვენს სულიერ მოთხოვნილებებს ლოცვის ნიმუშში მოხსენიებული სამი თხოვნა და როგორ შეგვიძლია ვიცხოვროთ მეოთხე თხოვნის, „მოგვეცი დღეისთვის სამყოფი პური“, თანახმად (წაიკითხეთ მათეს 6:11—13).

„მოგვეცი დღეისთვის სამყოფი პური“

5, 6. რატომ უნდა ვთხოვოთ ღმერთს, რომ მოგვცეს „დღეისთვის სამყოფი პური“ მაშინაც კი, თუ საკმარისი საზრდო გვაქვს?

5 მართალია, ლოცვის ნიმუშში მოხსენიებული ფრაზა, „მოგვეცი დღეისთვის სამყოფი პური“, პირადი ხასიათის თხოვნაა, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, რომ აქ იესომ გამოიყენა ზმნა, „მოგვეცი“ და არა „მომეცი“. ერთი სარაიონო ზედამხედველი, ვიქტორი, რომელიც აფრიკაში მსახურობს, ამბობს: „იეჰოვას ხშირად ვუხდი მადლობას, რომ მე და ჩემს მეუღლეს იმაზე ფიქრი არ გვიწევს, თუ რა ვჭამოთ ან როგორ გადავიხადოთ ბინის ქირა. და-ძმები ყოველდღე ზრუნავენ ჩვენზე. მე კი ყოველთვის ვლოცულობ მათზე, რომ თავი გაართვან ეკონომიკურ პრობლემებს“.

6 თუ ჩვენ საკმარისი საზრდო გვაქვს, შეგვიძლია ვილოცოთ იმ თანაქრისტიანებზე, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობენ ან რომელთაც სტიქიური უბედურებები დაატყდათ თავს. და მხოლოდ კი არ უნდა ვილოცოთ მათთვის, არამედ უნდა მოვიქცეთ კიდეც ჩვენი ლოცვების შესაბამისად. მაგალითად, შეგვიძლია გასაჭირში მყოფ და-ძმებს ის გავუზიაროთ, რაც გვაქვს. აგრეთვე შეგვიძლია რეგულარულად გავიღოთ შესაწირავი მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის, იმაში დარწმუნებულებმა, რომ ძმები ამ თანხებს მიზანმიმართულად იყენებენ (1 იოან. 3:17).

7. როგორ დაგვანახვა იესომ თვალსაჩინო მაგალითით, რომ ჩვენი საწუხარი არასოდეს ყოფილიყო ხვალინდელი დღე?

7 იესომ ლოცვის ნიმუშში მოხსენიებულ ფრაზაში, „მოგვეცი დღეისთვის სამყოფი პური“, როგორც ჩანს, ადამიანის აუცილებელი მოთხოვნილებები იგულისხმა. მან თავის მსმენელებს თვალსაჩინოებისთვის მინდვრის ყვავილების მაგალითი მოუყვანა, რომელთაც ღმერთი მოსავს და თქვა: «თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ, მცირე რწმენისანო? ასე რომ, ნურასოდეს დაიწყებთ წუხილს და ნუ იტყვით . . . „რა ჩავიცვათ?“». ბოლოს მან მსმენელებს კიდევ ერთხელ გაუმეორა ეს მეტად მნიშვნელოვანი რჩევა: „ნურასოდეს იქნება თქვენი საწუხარი ხვალინდელი დღე“ (მათ. 6:30—34). იესოს სიტყვებიდან თვალნათლივ ვხედავთ, რომ მატერიალიზმმა არ უნდა გვშთანთქოს და უნდა დავკმაყოფილდეთ იმ ყოველივე აუცილებლით, რაც გვაქვს. ამაში შეიძლება იგულისხმებოდეს ჩვენი საცხოვრებელი, სამსახური, რომლითაც ოჯახს ვარჩენთ და სიბრძნე, რომლის დახმარებითაც მკურნალობასთან დაკავშირებით სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ. მაგრამ, თუ მხოლოდ ამ საკითხებზე ვლოცულობთ, ეს იმაზე მიუთითებს, რომ გაწონასწორებულნი არ ვართ. მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ ჩვენ გვაქვს სულიერი მოთხოვნილებები, რომელიც გაცილებით მნიშვნელოვანია.

8. რა უმთავრესი საჭიროების შესახებ შეგვახსენებს გამოთქმა „მოგვეცი დღეისთვის სამყოფი პური“? (იხილეთ სურათი 25-ე გვერდზე)

8 იესოს მიერ ლოცვის ნიმუშში მოყვანილმა გამოთქმამ, „მოგვეცი დღეისთვის სამყოფი პური“, უნდა შეგვახსენოს, რომ ჩვენ სულიერი საზრდოც გვჭირდება. ერთხელ ჩვენმა მოძღვარმა თქვა: „კაცმა მხოლოდ პურით კი  არ უნდა იცოცხლოს, არამედ იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“ (მათ. 4:4). ასე რომ, ჩვენ გამუდმებით უნდა ვილოცოთ იმაზე, რომ ღმერთმა დროული სულიერი საზრდო არ მოგვაკლოს.

„გვაპატიე ჩვენი ვალები“

9. რა გაგებით არის ჩვენი ცოდვები ვალები?

9 საინტერესოა, რატომ გამოიყენა იესომ პირველად ლოცვის ნიმუშის წარმოთქმისას სიტყვა „ვალები“, ხოლო მოგვიანებით იმავე ლოცვის წარმოთქმისას — „ცოდვები“? (მათ. 6:12; ლუკ. 11:4). 60 წელზე მეტი ხნის წინათ გამოცემულ ამ ჟურნალის ერთ-ერთ ნომერში ნათქვამია: „როდესაც ღვთის კანონის წინააღმდეგ ვცოდავთ, ჩვენ ღვთის მოვალენი ვხდებით . . . ჩადენილი ცოდვის სანაცვლოდ ღმერთს შეეძლო ჩვენი სიცოცხლე მოეთხოვა . . . მას შეეძლო წაერთმია ჩვენთვის თავისი მშვიდობა და ჩვენთან მშვიდობიანი ურთიერთობა გაეწყვიტა . . . ჩვენ ვალდებულნი ვართ, გვიყვარდეს ღმერთი, რაც მისადმი მორჩილებით უნდა გამოიხატოს; და როდესაც ვცოდავთ, ჩვენ ვეღარ ვუხდით ღმერთს ვალს ანუ ვეღარ ვავლენთ მის მიმართ სიყვარულს“ (1 იოან. 5:3).

10. რის საფუძველზე გვპატიობს იეჰოვა ცოდვებს და ჩვენ რა გრძნობა უნდა გვეუფლებოდეს, როცა ამაზე ვფიქრობთ?

10 ვინაიდან ჩვენ ყოველდღიურად ვსაჭიროებთ ცოდვების პატიებას, ეს ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ღვთისგან ცოდვების მიტევების ერთადერთი იურიდიული საფუძველი ქრისტეს გამოსასყიდია. მართალია, ქრისტემ სიცოცხლე დაახლოებით 2 000 წლის წინ გაიღო, მაგრამ მის მსხვერპლს ისე უნდა ვაფასებდეთ, თითქოს მას ეს ძვირფასი საჩუქარი დღეს მოერთმიოს ჩვენთვის. ჩვენი სიცოცხლისთვის გაღებული გამოსასყიდი, „იმდენად დიდია“, რომ ვერც ერთი არასრულყოფილი ადამიანი ვერ შეძლებდა ამ საფასურის გადახდას (წაიკითხეთ ფსალმუნის 49:7—9; 1 პეტრეს 1:18, 19). ნამდვილად, ამ დიდებული საჩუქრისთვის ყოველთვის იეჰოვას მადლიერნი უნდა ვიყოთ! ამასთანავე, ლოცვის ნიმუშში მხოლობით რიცხვში კი არ არის ნათქვამი „მაპატიე ცოდვები“, არამედ მრავლობით რიცხვში — „გვაპატიე ცოდვები“; ამ ფრაზამ უნდა შეგვახსენოს, რომ იეჰოვას ყველა თაყვანისმცემელს მისი გულმოწყალება გვჭირდება. ცხადია, ღმერთს სურს, რომ ჩვენ არა მარტო საკუთარ სულიერ კეთილდღეობაზე ვიზრუნოთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც, მათ შორის მათზეც, ვინც ჩვენ წინააღმდეგ შესცოდა. როგორც წესი, ასეთი ცოდვები უმნიშვნელოა და ჩვენი და-ძმებისთვის იმის დამტკიცების შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ნამდვილად გვიყვარს ისინი და მზად ვართ, ისევე ვაპატიოთ, როგორც ღმერთმა გვაპატია (კოლ. 3:13).

თუ გსურთ, რომ ღმერთმა გაპატიოთ, თავადაც აპატიეთ სხვებს (იხილეთ მე-11 აბზაცი)

11. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ მივუტევოთ სხვებს?

 11 სამწუხაროდ, ჩვენ არასრულყოფილი ადამიანები ვართ და ზოგჯერ შეიძლება სხვების მიმართ ბოღმა ჩავიდოთ გულში (ლევ. 19:18). როდესაც კრების წევრებს ვუყვებით, რომ ვიღაცამ გული გვატკინა, მათ შეიძლება ჩვენი მხარე დაიკავონ; ეს კი კრებაში განხეთქილებას იწვევს. თუ პრობლემაზე გაუთავებლად ვსაუბრობთ, ამით უმადურობას ვავლენთ ღვთის გულმოწყალებისა და გამოსასყიდისადმი. იმ შემთხვევაში, თუ სხვებს არ ვპატიობთ, იეჰოვაც არ გვაპატიებს (მათ. 18:35). ამ საკითხზე იესომ უფრო კონკრეტულად ლოცვის ნიმუშის დასრულების შემდეგ ისაუბრა (წაიკითხეთ მათეს 6:14, 15). დაბოლოს, ღმერთმა რომ გვაპატიოს, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, არ ჩავიდინოთ მძიმე ცოდვები. და, თუ მთელი გულით გვსურს, რომ ცოდვა არ ჩავიდინოთ, იეჰოვას ლოცვის ნიმუშში მოხსენიებული იმ თხოვნით მივმართავთ, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ (1 იოან. 3:4, 6).

„ნუ შეგვიყვან ცდუნებაში“

12, 13. ა) რა მოხდა იესოს ნათლობიდან მალევე? ბ) რატომ დაგვეკისრება პასუხისმგებლობა, თუ ცდუნებას დავყვებით? გ) რა დაამტკიცა იესომ იმით, რომ ბოლომდე უერთგულა იეჰოვას?

12 თუ გავიხსენებთ, რა მოხდა იესოს ნათლობიდან მალევე, უფრო მეტად დავინახავთ იმის საჭიროებას, რომ ღმერთს ვთხოვოთ: „ნუ შეგვიყვან ცდუნებაში“. როგორც ბიბლიიდან ვიცით, იესო ღვთის სულმა უდაბნოში წაიყვანა, „რათა ეშმაკს ეცდუნებინა“ (მათ. 4:1; 6:13). ეს ფაქტი ნამდვილად არ გაგვაკვირვებს, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რისთვისაც ღმერთმა იესო დედამიწაზე გამოგზავნა. როგორც ვიცით, ადამმა და ევამ ღვთის უზენაესობა უარყვეს, რის შედეგადაც წამოიჭრა საკამათო საკითხი — იყო თუ არა ღმერთი უზენაესი მმართველი. დრო უნდა გასულიყო იმისათვის, რომ პასუხი გასცემოდა შემდეგ კითხვებს: დააკლო ღმერთმა ადამიანს რაიმე, როცა ის შექმნა? შეძლებდა სრულყოფილი ადამიანი, მხარი დაეჭირა იეჰოვას უზენაესობისთვის „ბოროტის“ ზეწოლის ქვეშ? ანდა, იცხოვრებდნენ ადამიანები უკეთ ღვთისგან დამოუკიდებლად, როგორც ამას ეშმაკი ამტკიცებდა? (დაბ. 3:4, 5). მართალია, ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად დრო იყო საჭირო, მაგრამ ყველა გონიერი ქმნილება დაინახავდა, რომ იეჰოვა თავის უზენაესობას მათ საკეთილდღეოდ იყენებს.

13 იეჰოვა წმინდა ღმერთია და ამიტომ ის არავის და არასოდეს ბოროტებით არ სცდის. მაცდური ეშმაკია (მათ. 4:3). მას შეუძლია შექმნას გარემო, რომლითაც ადამიანს აცდუნებს და ამ დროს ჩვენზეა დამოკიდებული, ვცდუნდებით თუ არა (წაიკითხეთ იაკობის 1:13—15). მაგალითად, როდესაც ეშმაკი იესოს შეცდენას შეეცადა, ღვთის ძემ მისი თითოეული ცდუნება ბიბლიური აზრებით მოიგერია. ამგვარად, იესომ მხარი დაუჭირა იეჰოვას უზენაესობას. მაგრამ სატანას ფარ-ხმალი არ დაუყრია; ის სხვა ხელსაყრელ შემთხვევას დაელოდა (ლუკ. 4:13). მაგრამ იესო არ შეჰპუებია სატანის შემოტევებს და ღვთის ერთგული დარჩა. ქრისტემ დაამტკიცა, რომ იეჰოვა უზენაესი მმართველია და სრულყოფილ ადამიანს ურთულესი გამოცდის დროსაც კი შეუძლია ღმერთს უერთგულოს. თუმცა სატანა იესოს მიმდევრების შეცდომაში შეყვანასაც ცდილობს. გახსოვდეს, რომ მას მიზანში შენც ჰყავხარ ამოღებული.

14. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არ ვცდუნდეთ?

14 ვინაიდან იეჰოვას უზენაესობა ჯერ არ დამტკიცებულა, იგი ნებას რთავს მაცდურს, რომ თავისი ქვეყნიერების მეშვეობით გამოგვცადოს. ერთი რამ კარგად დაიხსომეთ: ღმერთს არ სურს, რომ გვაცდუნოს. პირიქით, ღმერთი გვენდობა და უნდა, რომ დაგვეხმაროს. თუმცა იგი პატივს სცემს ჩვენი ნების თავისუფლებას და ცდუნებისგან ავტომატურად არ გვიცავს. ცდუნებებს რომ თავი დავაღწიოთ, ჩვენგან ორი რამ მოითხოვება — შევინარჩუნოთ სულიერი სიფხიზლე და გამუდმებით ვილოცოთ. მაგრამ, საინტერესოა, როგორ გვპასუხობს იეჰოვა ლოცვებზე?

შეინარჩუნეთ სულიერობა და ყოველთვის გულმოდგინედ იმსახურეთ (იხილეთ მე-15 აბზაცი)

15, 16. ა) რომელია ზოგიერთი საცდური, რასაც წინ უნდა აღვუდგეთ? ბ) ვინ იქნება დამნაშავე იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ცდუნდება?

15 იეჰოვა გვაძლევს თავის უდიდეს ძალას, წმინდა სულს, რომელიც გვამაგრებს და გვეხმარება,  რომ ცდუნებამ არ გვძლიოს. ღმერთი სხვა მხრივაც გვეხმარება — ის თავისი სიტყვისა და ქრისტიანული კრების მეშვეობით გვაფრთხილებს, თუ რას უნდა ვერიდოთ; მაგალითად, დიდი დროის, ბევრი ფულისა და ენერგიის ხარჯვას არასაჭირო ნივთების შესაძენად. ესპენი და იანა ევროპის ერთ-ერთ განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრობენ. ისინი წლების განმავლობაში პიონერებად მსახურობდნენ თავიანთი ქვეყნის იმ ნაწილში, სადაც მეტი მქადაგებელი იყო საჭირო. როდესაც ბავშვი შეეძინათ, მათ სრული დროით მსახურება შეწყვიტეს; ახლა მათ მეორე ბავშვიც ჰყავთ. ესპენი გვიზიარებს: „ხშირად ვევედრებით იეჰოვას, რომ არ ვცდუნდეთ, ვინაიდან დღეს თეოკრატიულ საქმეებს იმდენ დროს ვეღარ ვუთმობთ, რამდენსაც — უწინ. ღმერთს ვთხოვთ, რომ სულიერობისა და მსახურებისადმი მოშურნეობის შენარჩუნებაში დაგვეხმაროს“.

16 დღესდღეობით კიდევ ერთი მძლავრი იარაღი, რასაც ეშმაკი ჩვენ შესაცდენად იყენებს, პორნოგრაფიაა. თუ ამ სატყუარას წამოვეგებით, ეშმაკს ნუ დავადანაშაულებთ. იცით, რატომ? იმიტომ რომ, სატანა და მისი ქვეყნიერება ვერ გვაიძულებს იმის კეთებას, რაც თავად არ გვსურს. ზოგი იმიტომ შეცდა, რომ გონებას არასწორი ფიქრებით კვებავდა. მაგრამ ათასობით და-ძმის მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია, წინ აღვუდგეთ ცდუნებას (1 კორ. 10:12, 13).

„გვიხსენი ბოროტისგან“

17. ა) როგორ შეგვიძლია ვიცხოვროთ ლოცვის ნიმუშში მოხსენიებული თხოვნის, „გვიხსენი ბოროტისაგან“, თანახმად? ბ) რა შვებას მოგვგვრის ღმერთი მალე?

17 იმისათვის, რომ ვიცხოვროთ ლოცვის ნიმუშში მოხსენიებული თხოვნის, „გვიხსენი ბოროტისაგან“, თანახმად, ჩვენ არ უნდა ვიყოთ „[სატანის] ქვეყნიერების ნაწილი“ და არ უნდა გვიყვარდეს არც სატანის ქვეყნიერება და არც ის, რაც ქვეყნიერებაშია (იოან. 15:19; 1 იოან. 2:15—17). ეს ჩვენგან გამუდმებულ ბრძოლას მოითხოვს. რაოდენ დიდ შვებას ვიგრძნობთ, როდესაც იეჰოვა სატანასა და მის ბოროტ ქვეყნიერებას გაანადგურებს და პასუხს გაგვცემს ლოცვის ნიმუშში მოხსენიებულ თხოვნაზე: „გვიხსენი ბოროტისაგან“. თუმცა უნდა გვახსოვდეს: როდესაც იესომ სატანა ზეციდან დედამიწაზე გადმოაგდო, სატანამ იცოდა, რომ ცოტა დრო ჰქონდა დარჩენილი. ამიტომ ის განრისხებულია და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ღმერთს ზურგი ვაქციოთ. მაშ ასე, გამუდმებით ილოცეთ, რომ იეჰოვამ მისგან გიხსნათ (გამოცხ. 12:12, 17).

18. რა უნდა გავაკეთოთ, თუ გვსურს, რომ გადავურჩეთ სატანის ქვეყნიერების აღსასრულს?

18 გსურთ, საკუთარი თვალით იხილოთ ეს ბედნიერი მომავალი? თუ დიახ, ნუ შეწყვეტთ ლოცვას იმისათვის, რომ მოვიდეს ღვთის სამეფო, განიწმინდოს ღვთის სახელი და შესრულდეს მისი ნება დედამიწაზე. ევედრეთ იეჰოვას, რომ არ მოგაკლოთ სულიერი და ფიზიკური საზრდო. დაბოლოს, იცხოვრეთ ლოცვის ნიმუშის თანახმად!