წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) ივნისი 2015

ქრისტე ღვთის ძალაა!

ქრისტე ღვთის ძალაა!

„ქრისტე [არის] ღვთის ძალა“ (1 კორ. 1:24).

1. რატომ შეეძლო პავლეს ეთქვა, რომ „ქრისტე [არის] ღვთის ძალა“?

იეჰოვამ იესოს მეშვეობით თავისი ძალა გასაოცარი სახით არაერთხელ გამოავლინა. დედამიწაზე ყოფნისას იესომ ბევრი სასწაული მოახდინა; მათგან ზოგის შესახებ სახარებები დეტალურ ცნობებს გვაწვდის, რაც რწმენას გვიმტკიცებს (მათ. 9:35; ლუკ. 9:11). მართლაც, იესოს დახმარებით ჩვენთვის ცხადი გახდა ღვთის ძალა. სწორედ ამიტომ შეეძლო მოციქულ პავლეს ღვთის ძის შესახებ ეთქვა: „ქრისტე [არის] ღვთის ძალა“ (1 კორ. 1:24). იბადება კითხვა: რა გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე იესოს სასწაულები?

2. რის სწავლა შეგვიძლია იესოს სასწაულებიდან?

2 პეტრე მოციქულმა დაწერა, რომ იესო ახდენდა სასწაულებსა და საკვირველებებს (საქ. 2:22). ძლევამოსილი საქმეები, რომლებიც იესომ დედამიწაზე მოიმოქმედა, იმ კურთხევების პირველსახეა, რაც სამომავლოდ, მისი მმართველობისას, გველის. სასწაულები, რომლებიც ღვთის ძემ მოიმოქმედა, იმაზე მიუთითებს, რომ იგი მსგავს სასწაულებს მსოფლიო მასშტაბითაც მოიმოქმედებს. გარდა ამისა, ამ სასწაულების მეშვეობით საფუძვლიანად ვეცნობით როგორც ქრისტეს, ისე მისი ზეციერი მამის პიროვნებას. მოდი, ამ სტატიაში განვიხილოთ იესოს ზოგიერთი სასწაული და ვნახოთ, რა გავლენას ახდენენ ისინი ჩვენს ცხოვრებაზე დღეს და რა გავლენას მოახდენენ მომავალში.

 ხელგაშლილობის გაკვეთილი

3. ა) რატომ მოახდინა იესომ პირველი სასწაული? ბ) როგორ გამოავლინა იესომ ხელგაშლილობა კანაში?

3 იესომ პირველი სასწაული გალილეის კანაში გამართულ ქორწილში მოახდინა. როგორც ჩანს, ქორწილში უფრო მეტი სტუმარი მივიდა, ვიდრე მასპინძელი ელოდა. თუმცა რაც არ უნდა ყოფილიყო მიზეზი, ფაქტი ერთია: ღვინო გათავდა! მოწვეულ სტუმრებს შორის იესოს დედა, მარიამიც, იმყოფებოდა. უდავოდ, მარიამს წლების განმავლობაში ნაფიქრი ექნებოდა ყველა იმ წინასწარმეტყველებაზე, რომელიც მის ძეს ეხებოდა და ისიც ეცოდინებოდა, რომ იესოს „უზენაესის ძე“ დაერქმეოდა (ლუკ. 1:30—32; 2:52). სჯეროდა მარიამს, რომ მის ძეს განსაკუთრებული უნარი ჰქონდა, რომელიც მას ჯერ არ გამოევლინა? რაიმეს დაბეჯითებით თქმა შეუძლებელია, თუმცა ერთი რამ ცხადია: მარიამსა და იესოს, ახალშეუღლებული წყვილი უხერხული მდგომარეობიდან რომ გამოეყვანათ, მათი დახმარების სურვილი გაუჩნდათ. იესომ შესანიშნავად იცოდა, თუ რა შედიოდა მასპინძლის მოვალეობაში. სწორედ ამიტომ, მან სასწაულებრივად 380 ლიტრამდე წყალი კარგ ღვინოდ აქცია (წაიკითხეთ იოანეს 2:3, 6—11). ვალდებული იყო იესო, რომ ეს სასწაული მოეხდინა? არა, ის უბრალოდ ყოველთვის ხალხზე ზრუნავდა და გულუხვობაში თავის ზეციერ მამას ჰბაძავდა!

4, 5. ა) რას გვასწავლის იესოს პირველი სასწაული? ბ) რაზე მეტყველებს იესოს მიერ კანაში მოხდენილი სასწაული?

4 იესომ სასწაულებრივად იმდენი ლიტრი წყალი გადააქცია კარგ ღვინოდ, რამდენიც მრავალრიცხოვან მექორწილეთ ეყოფოდათ. რას ვსწავლობთ ამ სასწაულიდან? იესოს მიერ კანაში საკუთარი სურვილით მოხდენილი სასწაული იმაში გვარწმუნებს, რომ მისთვის და მისი ზეციერი მამისთვის ჩვენი გრძნობები სულერთი არაა. იეჰოვა ღმერთიც და ქრისტეც მეტად ხელგაშლილნი არიან. წარმოიდგინეთ, როგორ გამოიყენებს იეჰოვა თავის ძალას ახალ ქვეყნიერებაში და რა დიდებულ ნადიმს გაუმართავს დედამიწაზე მცხოვრებ „ყველა ხალხს“! (წაიკითხეთ ესაიას 25:6).

5 დაფიქრდით: ახლოვდება დრო, როცა ჩვენი აუცილებელი მოთხოვნილებები და სურვილები დაკმაყოფილდება — ყველას გვექნება სრულფასოვანი საკვები და საკუთარი სახლ-კარი. მოდი, გავიხაროთ იმ ყველაფრით, რასაც ღმერთი სამომავლოდ უშურველად გვიბოძებს სამოთხეში!

როდესაც საკუთარ დროს სხვებისთვის არ ვიშურებთ, ვაჩვენებთ, რომ იესოსგან ხელგაშლილობას ვსწავლობთ (იხილეთ მე-6 აბზაცი)

6. ვის დასახმარებლად იყენებდა იესო თავის სასწაულებრივ ძალას და ჩვენ როგორ შეგვიძლია, მივბაძოთ მას?

6 ყურადღება მიაქციეთ ერთ გარემოებას: როდესაც ეშმაკი იესოს ცდუნებას შეეცადა, რომ მას ქვები პურებად ექცია, ღვთის ძეს სასწაულებრივი ძალა საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად არ გამოუყენებია (მათ. 4:2—4). თუმცა იგი მას სხვების დასახმარებლად იყენებდა. ისმის კითხვა: ჩვენ როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს და უანგაროდ ვიზრუნოთ სხვებზე? ღვთის ძემ მოგვიწოდა: „გაეცით“ (ლუკ. 6:38). შეგიძლიათ სხვები თქვენთან სადილად მოიპატიჟოთ, ერთმანეთს სულიერი აზრები გაუზიაროთ და ამგვარად, ხელგაშლილობა გამოავლინოთ? ან გულუხვობა იმით აჩვენოთ, რომ კრების შეხვედრის შემდეგ დრო გამოყოთ მათ დასახმარებლად, ვისაც ეს სჭირდება? მაგალითად, მოისმინოთ ძმის მიერ მომზადებული დავალება და საჭიროების შემთხვევაში რჩევა მისცეთ? ანდა, დაეხმაროთ იმ მაუწყებლებს, ვისაც მსახურებაში  დახვეწა სჭირდებათ? თუ თანაქრისტიანებს დროს დაუთმობთ და მათ ფიზიკურ და სულიერ ძღვენს გაუზიარებთ, გულუხვობაში იესოს მიჰბაძავთ.

„ყველამ ჭამა და გაძღა“

7. რა არ მოისპობა მანამ, სანამ ეს ბოროტი ქვეყნიერება იარსებებს?

7 სიღარიბე უწინაც არსებობდა. იეჰოვამ ისრაელს უთხრა, რომ მათ მიწაზე ყოველთვის იქნებოდნენ ღარიბები (კან. 15:11). საუკუნეების შემდეგ იესომაც თქვა: „ღარიბები ყოველთვის თქვენთან არიან“ (მათ. 26:11). გულისხმობდა ამ სიტყვებში ქრისტე, რომ დედამიწაზე ყოველთვის იარსებებდა სიღარიბე? რასაკვირველია, არა! მან ის იგულისხმა, რომ სანამ ეს ბოროტი ქვეყნიერება იარსებებდა, სიღარიბე არ მოისპობოდა. ამგვარად, ნამდვილად გვამხნევებს ის სასწაულები, რომლებიც ერთგვარი პირველსახეა იმ საკვირველებებისა, რაც ღვთის სამეფოს მმართველობის დროს გველის, როცა ყველა კმაყოფილი იქნება და ყველას უხვად ექნება საზრდო.

8, 9. ა) რატომ დააპურა იესომ ათასობით ადამიანი სასწაულებრივად? ბ) პირადად თქვენზე როგორ მოქმედებს ეს სასწაული?

8 ფსალმუნმომღერალმა იეჰოვას შესახებ თქვა: „შლი შენს ხელს და აკმაყოფილებ ყოველი ცოცხალი არსების სურვილს“ (ფსალმ. 145:16). იესო, რომელსაც ბიბლია ღვთის ძალად იხსენიებს, მამის მსგავსად, ხშირად „შლიდა ხელს“ და აკმაყოფილებდა თავის მიმდევართა მოთხოვნილებებს. მას ამისკენ ხალხის სიბრალული აღძრავდა და არა — საკუთარი ძალის დემონსტრირების სურვილი. მოდი, განვიხილოთ მათეს 14:14—21 (წაიკითხეთ). როგორც ბიბლიის ამ მონაკვეთიდან დავინახეთ, იესოსთან მიდიან მოწაფეები და ეუბნებიან, რომ საკვები არა აქვთ. როგორც ჩანს, მოწაფეებს არა მარტო საკუთარი თავი აღელვებთ, არამედ — დამშეული და გასავათებული ხალხიც, რომლებიც იესოს სხვადასხვა ქალაქიდან ფეხით მიჰყვებიან (მათ. 14:13). როგორ მოიქცა იესო?

9 მან 5 პურითა და 2 თევზით დაახლოებით 5 000 კაცი დააპურა, თუ არ ჩავთვლით ქალებსა და ბავშვებს. ნუთუ არ გვამხნევებს იმაზე ფიქრი, თუ როგორ იზრუნა იესომ შეკრებილ ხალხზე და რა სასწაულებრივად გამოკვება ოჯახები, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვები?! როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ხალხმა „ჭამა და გაძღა“. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მათ საზრდო უხვად ჰქონდათ. იესომ ხალხს მხოლოდ იმდენი საკვები კი არ მისცა, რომ მათ სული მოეთქვათ, არამედ დაანაყრა, რათა შინისკენ მიმავალი გრძელი გზის გავლა არ გასჭირვებოდათ (ლუკ. 9:10—17). საზრდოს სიუხვეზე ისიც მეტყველებს, რომ მორჩენილი ნატეხებით 12 კალათი აივსო!

10. რა ბედი ეწევა სიღარიბეს უახლოეს მომავალში?

10 დღეს ასობით მილიონი ადამიანი უსამართლო მმართველობის გამო აუცილებელ მოთხოვნილებებს ვერ იკმაყოფილებს. ზოგ ჩვენს და-ძმასაც საარსებო მინიმუმით უწევს თავის გატანა. თუმცა, ძალიან მალე დადგება დრო, როცა მორჩილი ადამიანები თავს დააღწევენ უსამართლო მმართველობასა და სიღარიბეს. თქვენ რომ ძალა შეგწევდეთ, განა არ დააკმაყოფილებდით მორჩილ ადამიანთა მოთხოვნილებებს? ნამდვილად გვანუგეშებს ის ფაქტი, რომ ყოვლისშემძლე ღმერთს ამის განსახორციელებლად სურვილიც აქვს და ძალაც შესწევს; იგი ამას მალე გააკეთებს. დიახ, ხსნა ძალიან ახლოსაა! (წაიკითხეთ ფსალმუნის 72:16).

11. რა გარწმუნებთ იმაში, რომ ქრისტე მალე თავის ძალაუფლებას მთელ დედამიწაზე განავრცობს და რის კეთებისკენ გიბიძგებთ ეს?

11 დედამიწაზე იესომ მცირე ტერიტორიაზე და ხანმოკლე დროით, სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში, იმსახურა (მათ. 15:24). მომავალში იგი, როგორც განდიდებული მეფე თავის მმართველობას დედამიწის ოთხივე კუთხით განავრცობს (ფსალმ. 72:8). იესოს სასწაულები ერთ რამეში გვარწმუნებს, მას ძალაც შესწევს და სურვილიც აქვს, რომ თავისი უფლებამოსილება ჩვენს საკეთილდღეოდ გამოიყენოს. მართალია, ჩვენ სასწაულებს ვერ ვახდენთ, მაგრამ ის კი შეგვიძლია, რომ ადამიანების ყურადღება ღვთის სიტყვისკენ მივმართოთ. ბიბლიური წინასწარმეტყველებები  გულში ბედნიერი მომავლის იმედს გვისახავს. ჩვენ, იეჰოვაზე მიძღვნილი მსახურები, რომლებმაც შესანიშნავად ვუწყით დიდებული მომავლის შესახებ, ნუთუ თავს ვალდებულად არ ვთვლით, რომ ყველას ვაუწყოთ სასიხარულო ცნობა?! (რომ. 1:14, 15). დაე, მომავალ კურთხევებზე ფიქრმა გვიბიძგოს, რომ ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა გავაგებინოთ ხალხს (ფსალმ. 45:1; 49:3).

ბუნების ძალთა განმგებელნი

12. რატომ შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ იესო საუკეთესოდ იცნობს ჩვენი პლანეტის ეკოსისტემას?

12 იეჰოვამ თავის მხოლოდშობილ ძესთან ერთად, რომელსაც ბიბლიაში „ოსტატი“ ეწოდება, შექმნა დედამიწა და სხვა ყველაფერი (იგავ. 8:22, 30, 31; კოლ. 1:15—17). აქედან გამომდინარე, იესო საუკეთესოდ იცნობს ჩვენი პლანეტის ეკოსისტემას. მან იცის, როგორ გამოიყენოს და განკარგოს დედამიწის რესურსები სამართლიანად და სათანადოდ.

რა გრძნობებს იწვევს თქვენში ის, თუ როგორ იყენებდა იესო სასწაულებრივ ძალას? (იხილეთ მე-13 და მე-14 აბზაცები)

13, 14. მოიყვანეთ მაგალითი იმის დასტურად, რომ იესო ბუნების ძალთა განმგებელია.

13 ის ფაქტი, რომ იესოს დედამიწაზე ყოფნისას ბუნების ძალები ემორჩილებოდნენ, იმას ცხადყოფს, რომ იგი არის „ღვთის ძალა“. მოდი, ბიბლიიდან გავიხსენოთ ერთი ეპიზოდი და ვნახოთ, როგორ დააცხრო იესომ ქარიშხალი, რომელიც მისი მოწაფეების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა (წაიკითხეთ მარკოზის 4:37—39). ერთი ბიბლიის სწავლული ამბობს: „ბერძნული სიტყვა [„ქარიშხალი“, რომელიც მოხსენიებულია მარკოზის 4:37-ში] გამოიყენება გამანადგურებელი ქარის აღსაწერად. ეს ქარის უბრალოდ ამოვარდნა კი არ არის . . . ესაა გრიგალი, რომელსაც ცაზე საავდროდ შეყრილი ღრუბლები იწვევს. მას თან ახლავს კოკისპირული წვიმა და იგი ყველაფერს თავდაყირა აყენებს“.

14 ახლა გონებაში გავაცოცხლოთ ეს ეპიზოდი: ტალღები დგაფუნით ეხეთქება ნავს და ნავში აზვირთებული ზღვის ქაფი და წყლის შხეფები იჭრება. მიუხედავად იმისა, რომ ქარიშხალი მძვინვარებს და ტალღები ნავს ნაფოტივით ათამაშებს, მსახურების შემდეგ დაღლილ იესოს ნავში სძინავს. შეშინებული მოწაფეები მას აღვიძებენ და ეუბნებიან: „ვიღუპებით!“ (მათ. 8:25). იესო იღვიძებს და ქარსა და ზღვას მიმართავს: „დაწყნარდი! ჩაცხრი!“. გამძვინვარებული ქარიც დგება (მარ. 4:39). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იესო ქარიშხალსა და ზღვას უბრძანებს, რომ ჩაცხრნენ. შედეგად, როგორც ბიბლია გვამცნობს: „დიდი სიწყნარე ჩამოვარდა“. მართლაც, იესო გასაოცარ ძალას ავლენს!

15. როგორ ცხადყო ყოვლისშემძლე ღმერთმა, რომ ის ბუნების ძალებს მართავს?

15 ქრისტეს აღმატებული ძალის წყარო იეჰოვაა; ამიტომ ეჭვი არ გვეპარება, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი სრულად აკონტროლებს ბუნების ძალებს. განვიხილოთ ამის რამდენიმე მაგალითი. სანამ იეჰოვა წარღვნის წყლით წალეკავდა დედამიწას, თქვა: „შვიდი დღის შემდეგ ვაწვიმებ დედამიწაზე ორმოცი დღე და ორმოცი ღამე“ (დაბ. 7:4). გამოსვლის 14:21-ში კი ვკითხულობთ: „აღმოსავლეთის ძლიერი ქარით იეჰოვა . . . დევნიდა წყალს“, ხოლო იონას 1:4-ში ნათქვამია: „ძლიერი ქარი ამოაგდო იეჰოვამ ზღვაზე და ამოვარდა დიდი ქარიშხალი; ცოტაც და დაიმსხვრეოდა ხომალდი“ (იონ. 1:4). მართლაც, გამამხნევებელია, რომ ბუნების ძალებს იეჰოვა მართავს. რა ბედნიერნი ვართ, რომ ჩვენი პლანეტის, დედამიწის, მომავალი სანდო ხელშია!

16. რატომაა ჩვენთვის მანუგეშებელი იმის ცოდნა, რომ ბუნების ძალები შემოქმედსა და მის მხოლოდშობილ ძეს ემორჩილებიან?

16 რაოდენ მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ ჩვენი შემოქმედი და მისი „ოსტატი“ ასეთ აღმატებულ ძალას ფლობენ. როდესაც ისინი 1000 წლის განმავლობაში თავიანთ ყურადღებას დედამიწას სრულად მიაპყრობენ, კაცობრიობა უსაფრთხოდ იცხოვრებს. გამანადგურებელი სტიქიური უბედურებები წარსულს ჩაჰბარდება. შესაბამისად, ახალ ქვეყნიერებაში აღარ იარსებებს ტაიფუნის, ცუნამის, ვულკანის ამოფრქვევისა თუ მიწისძვრის საფრთხე. გულს სიხარულით გვივსებს იმ დროზე ფიქრი, როცა ბუნებრივი კატაკლიზმები აღარავის დააზარალებს და აღარავის იმსხვერპლებს, ვინაიდან ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ „ღვთის კარავი ადამიანებთან [იქნება]“  (გამოცხ. 21:3, 4). მაშასადამე, შეგვიძლია გულდაჯერებულნი ვიყოთ, რომ ქრისტე ღვთის ძალით თავისი ათასწლიანი მმართველობის დროს ბუნების ძალებს დაიმორჩილებს.

დღესვე მიჰბაძეთ ღმერთსა და ქრისტეს

17. როგორ შეგვიძლია დღესვე მივბაძოთ ღმერთსა და ქრისტეს?

17 მართალია, ჩვენ იეჰოვასა და იესოსგან განსხვავებით, სტიქიურ უბედურებებს თავიდან ვერ ავირიდებთ, მაგრამ რაღაც ძალა ჩვენც გაგვაჩნია. ისმის კითხვა: როგორ ვიყენებთ მას? მაგალითად, ვითვალისწინებთ მითითებას, რომელიც ჩაწერილია იგავების 3:27-ში (წაიკითხეთ). გასაჭირში მყოფ და-ძმებს შეგვიძლია მხარში ამოვუდგეთ ფიზიკურად, ემოციურად და სულიერად (იგავ. 17:17). მაგალითად, შეგვიძლია დახმარება აღმოვუჩინოთ სტიქიით დაზარალებულ თანაქრისტიანებს. ნახეთ, რა სიტყვებით გამოხატავს მადლიერებას ერთი ქვრივი და, რომლის სახლიც ქარიშხალმა თითქმის მიწასთან გაასწორა: „უაღრესად მადლიერი ვარ, რომ იეჰოვას ორგანიზაციაში ვარ. თანაქრისტიანები არა მარტო ფიზიკურად, არამედ სულიერადაც ამომიდგნენ მხარში“. ერთი დასაქორწინებელი და კი, რომელმაც უიმედოდ და დათრგუნულად იგრძნო თავი მას შემდეგ, რაც ქარიშხალმა სახლი სერიოზულად დაუზიანა, და-ძმების მიერ აღმოჩენილი დახმარების შესახებ ამბობს: „სიტყვებით ვერ გადმოგცემთ! ენით აუწერელია ის, რასაც ვგრძნობ . . . მადლობა იეჰოვა!“. უზომოდ ბედნიერნი ვართ, რომ იმ საძმოში ვართ, რომლის წევრებიც გულწრფელად ზრუნავენ ერთმანეთზე. ბედნიერებას ისიც გვიორმაგებს, რომ ღმერთი და იესო მთელი გულით ზრუნავენ ჩვენზე.

18. რატომ არის თქვენთვის შთამბეჭდავი იესოს სასწაულები?

18 იესომ თავისი მსახურების განმავლობაში დაამტკიცა, რომ იგი „ღვთის ძალაა“. და მაინც, რა მოტივით ახდენდა ის სასწაულებს? ბიბლიაში ვერსად ვერ ვნახავთ ისეთ მონაკვეთს, საიდანაც ჩანს, რომ იესომ თავისი ძალა სხვებზე შთაბეჭდილების მოსახდენად ან საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად გამოიყენა. ნამდვილად, მისი სასწაულები იმაზე მეტყველებს, რომ მას ძლიერ უყვარდა კაცთა მოდგმა. ამ საკითხზე უფრო ვრცლად მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ.