წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) მაისი 2015

ისინი „ხედავდნენ“ დანაპირებს

ისინი „ხედავდნენ“ დანაპირებს

„თუმცა არ მიუღიათ დანაპირები, შორიდან ხედავდნენ მას“ (ებრ. 11:13)

1. როგორ შეიძლება წარმოსახვის უნარი სასარგებლო აღმოჩნდეს ჩვენთვის? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)

წარმოსახვის უნარი, რომლის მეშვეობითაც უხილავს ვხედავთ, ღვთისგან ბოძებული ძღვენია. ამ უნარის წყალობით, ვისახავთ გონივრულ გეგმებს და მომავალს იმედის თვალით ვუმზერთ. უდავოა, იეჰოვას შესწევს უნარი, რომ წინასწარ განჭვრიტოს მომავალი მოვლენები; იგი საღვთო წერილში ხშირად გვიმჟღავნებს მომავალს. ამიტომ ეს შესაძლებლობას გვაძლევს, რომ წარმოვიდგინოთ ის, რაც უნდა მოხდეს. ფაქტობრივად, წარმოსახვის უნარი, ანუ უხილავზე ფიქრი, გვეხმარება, რომ გვქონდეს რწმენა (2 კორ. 4:18).

2, 3. ა) რატომ არის მნიშვნელოვანი ის, თუ რა ედება საფუძვლად ჩვენ მიერ წარმოსახულს? ბ) რა კითხვებს განვიხილავთ ამ სტატიაში?

2 ის, რაც არასოდეს გვინახავს და წარმოვიდგენთ, შეიძლება ყოველთვის რეალობა არ იყოს. მაგალითად, პატარა გოგონას ფიქრები, რომ მას პეპელა მიაქროლებს, მხოლოდ ფანტაზიაა და მეტი არაფერი. მაგრამ, როდესაც ბიბლიური პერსონაჟი, ხანა, ფიქრობდა იმ დღეზე, როცა თავის ვაჟს, სამუელს, კარავში მსახურებისთვის მიიყვანდა, მისი ფიქრები რეალობაზე იყო დაფუძნებული. ხანა იმას წარმოისახავდა, რის გაკეთებაც მას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა; სწორედ ეს დაეხმარა მას, რომ ყურადღება სხვა რამეზე არ გადაეტანა (1 სამ. 1:22). როცა გონებაში ღვთის დანაპირებს ვაცოცხლებთ, ვფიქრობთ იმაზე, რაც აუცილებლად მოხდება (2 პეტ. 1:19—21).

3 ბიბლიურ დროში მცხოვრები ღვთის ერთგული მსახურები დანაპირებს გონების თვალით ხედავდნენ. მოდი, მიმოვიხილოთ  შემდეგი კითხვები: რა მხრივ აღმოჩნდა მათთვის სასარგებლო ღვთის კურთხევებზე ფიქრი? და, ჩვენ რა სიკეთეს მოგვიტანს ღვთის იმ გასაოცარ დანაპირებზე ფიქრი, რომელიც მან მორჩილ ადამიანებს აღუთქვა?

მომავლის „დანახვა“ მათ ძალას მატებდა

4. რას ეფუძნებოდა ის, რასაც აბელი წარმოიდგენდა?

4 „ხედავდა“ აბელი, პირველი ერთგული ადამიანი, იეჰოვას დანაპირებს? დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, იცოდა თუ არა მან, როგორ უნდა შესრულებულიყო ღვთის დანაპირები, კერძოდ, გველისთვის ნათქვამი სიტყვები: „მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და ქალს შორის, შენს შთამომავლობასა და მის შთამომავლობას შორის. ის თავს გაგიჭეჭყავს, შენ კი ქუსლს დაუგესლავ“ (დაბ. 3:14, 15). თუმცა ალბათ, აბელი ბევრს ფიქრობდა ღვთის დანაპირებზე, წარმოისახავდა მას, ვინც ქუსლში დაიგესლებოდა და ვინც კაცობრიობას სრულყოფილებას დაუბრუნებდა, სრულყოფილებას, რომლითაც ცოდვის ჩადენამდე ადამი და ევა ტკბებოდნენ. როგორც არ უნდა წარმოესახა აბელს მომავალი, ერთი რამ ცხადია: მისი რწმენა ღვთის დანაპირებზე იყო დაფუძნებული და ამიტომაც მოიწონა იეჰოვამ მისი მსხვერპლი (წაიკითხეთ დაბადების 4:3—5; ებრაელების 11:4).

5. რატომ გაამხნევებდა ენოქს მომავლის წარმოსახვა?

5 ერთგულ ენოქს ღვთისადმი დიდი რწმენა ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ იგი უღვთო ხალხს შორის ცხოვრობდა, რომლებიც ღვთის წინააღმდეგ აღმაშფოთებელ სიტყვებს ამბობდნენ. ენოქმა ღვთის შთაგონებით იწინასწარმეტყველა, რომ იეჰოვა მოვიდოდა თავის უთვალავ წმინდასთან ერთად, რათა აღესრულებინა სამართალი ყველას მიმართ და ემხილა ყველა უღვთო მათ უღვთო საქმეებში, რომლებსაც უღვთოობით სჩადიოდნენ, და ემხილა უღვთო ცოდვილები თავის წინააღმდეგ ნათქვამ ყველა აღმაშფოთებელ სიტყვაში (იუდ. 14, 15). ენოქი, როგორც მორწმუნე ადამიანი, ალბათ წარმოისახავდა ქვეყნიერებას უღვთო ხალხის გარეშე (წაიკითხეთ ებრაელების 11:5, 6).

6. რაზე შეიძლება ეფიქრა ნოეს წარღვნის შემდეგ?

6 ნოე რწმენის წყალობით წარღვნას გადაურჩა (ებრ. 11:7). წარღვნის შემდეგ იგი რწმენამ აღძრა, რომ ღვთისთვის ცხოველური შესაწირავი აღევლინა (დაბ. 8:20). აბელის მსგავსად, მასაც მტკიცედ სწამდა, რომ კაცობრიობა საბოლოოდ გათავისუფლდებოდა ცოდვისა და სიკვდილის მარწუხებიდან. მიუხედავად იმისა, რომ წარღვნის შემდეგ შავბნელი პერიოდი დადგა, როცა ნიმროდმა ღვთის წინააღმდეგ გაილაშქრა, ნოეს მაინც არ დაუკარგავს ღვთისადმი რწმენა და იმედი (დაბ. 10:8—12). ალბათ, მას ამხნევებდა იმაზე ფიქრი, რომ ერთ მშვენიერ დღეს კაცობრიობა ადამიანთა უსამართლო მმართველობას თავს დააღწევდა და მემკვიდრეობით მიღებული ცოდვისა და სიკვდილისგანაც გათავისუფლდებოდა. ამ დროის „დანახვა“ ჩვენც შეგვიძლია — ის ხომ კარსაა მომდგარი! (რომ. 6:23).

„ხედავდნენ“ დანაპირების შესრულებას

7. როგორი მომავალის წარმოსახვა შეეძლოთ აბრაამს, ისაკსა და იაკობს?

7 აბრაამს, ისაკსა და იაკობს შეეძლოთ წარმოედგინათ დიდებული მომავალი, ვინაიდან მათ ღმერთი დაჰპირდა, რომ მათი შთამომავლის მეშვეობით დედამიწის ყველა ერი იკურთხებოდა (დაბ. 22:18; 26:4; 28:14). დანაპირების თანახმად, პატრიარქების შთამომავლები უნდა გამრავლებულიყვნენ და უნდა დაემკვიდრებინათ აღთქმული მიწა (დაბ. 15:5—7). ეს ღვთისმოშიში მამაკაცები რწმენით აღთქმულ მიწაზე დასახლებულ თავიანთ შთამომავალს „ხედავდნენ“. მართალია, პირველმა მშობლებმა სრულყოფილება დაკარგეს, მაგრამ იეჰოვამ თავისი ერთგული  მსახურები დაარწმუნა, რომ ადამიანებს სრულყოფილება კვლავ დაუბრუნდებოდათ.

8. რა დაეხმარა აბრაამს ძლიერი რწმენის გამოვლენაში?

8 როგორც ჩანს, აბრაამს წარმოსახვის უნარმა, რომლითაც ის გონებაში ღვთის დანაპირებს აცოცხლებდა, რწმენის გასაოცარი საქმეები ჩაადენინა. საღვთო წერილი ხაზგასმით ამბობს, რომ აბრაამსა და სხვა ერთგულ მსახურებს მართალია, დანაპირები თავიანთ სიცოცხლეში არ მიუღიათ, მაგრამ ისინი შორიდან „ხედავდნენ“ მას და ხარობდნენ (წაიკითხეთ ებრაელების 11:8—13). აბრაამს ღვთისგან უამრავი მტკიცებულება ჰქონდა, რაც მას შესაძლებლობას აძლევდა, რეალურად წარმოესახა მომავალი, ანუ „დაენახა“ ის, რაც არასოდეს „ენახა“.

9. რა მხრივ აღმოჩნდა აბრაამისთვის სასიკეთო დანაპირებისადმი რწმენა?

9 დანაპირებისადმი რწმენამ აბრაამს ღვთის ნების შესრულების სურვილი განუმტკიცა. რწმენით მან ქალაქი ური დატოვა და ქანაანის არც ერთ ქალაქში არ დასახლებულა. ურის მსგავსად, ამ ქალაქებსაც „არასაიმედო საძირკველი“ ჰქონდათ, ვინაიდან მათ უღვთო მმართველები ჰყავდათ (იეს. 24:2). აბრაამი „ელოდა ჭეშმარიტი საძირკვლის მქონე ქალაქს, რომლის მშენებელი და შემოქმედიც ღმერთია“ (ებრ. 11:10). მას მუდმივ საცხოვრებლად მხოლოდ ის ადგილი ესახებოდა, სადაც იეჰოვა იმმართველებდა. აბელს, ენოქს, ნოეს, აბრაამსა და სხვა ერთგულ მსახურებსაც მკვდრეთით აღდგომის სწამდათ და სულმოუთქმელად ელოდნენ იმ დროს, როცა იცხოვრებდნენ დედამიწაზე, სადაც ღვთის სამეფო დამყარდებოდა, ანუ ბიბლიური ენით რომ ვთქვათ, ელოდნენ „ჭეშმარიტი საძირკვლის მქონე ქალაქს“. ღვთის სამეფოს კურთხევებზე ფიქრი ამ ადამიანებს იეჰოვასადმი რწმენას უასკეცებდა (წაიკითხეთ ებრაელების 11:15, 16).

10. როგორ დაეხმარა სარას ის, რომ იმედის თვალით უმზერდა მომავალს?

10 მოდი, ახლა აბრაამის მეუღლეზე, სარაზე, ვისაუბროთ. მართალია, ის 90 წლის უშვილო ქალი იყო, მაგრამ იმედის თვალით უმზერდა მომავალს, რაც მას რწმენის გამოვლენაში ეხმარებოდა. ფაქტობრივად, სარა „ხედავდა“ შთამომავალს, რომელიც იეჰოვას დაპირებული კურთხევებით ხარობდა (ებრ. 11:11, 12). რატომ ჰქონდა მას ასეთი მოლოდინი? იმიტომ, რომ იეჰოვას აბრაამისთვის ნათქვამი ჰქონდა: „ვაკურთხებ მას [სარას] და ძეს მოგცემ მისგან; ვაკურთხებ მას და მრავალ ერად იქცევა იგი; ხალხთა მეფეები გამოვლენ მისგან“ (დაბ. 17:16). ისაკის დაბადების შემდეგ სარას საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდა, წარმოედგინა, თუ როგორ შესრულდებოდა იეჰოვას მიერ აბრაამისთვის მიცემული დაპირებიდან ის, რაც ჯერ არ იყო შესრულებული! საბედნიეროდ, ჩვენც მსგავსი ძღვენი გვხვდა წილად — გონებაში გავაცოცხლოთ ღვთის დანაპირები და გვჯეროდეს, რომ ის უეჭველად შესრულდება!

უმზირეთ ჯილდოს

11, 12. როგორ განივითარა მოსემ იეჰოვასადმი სიყვარული?

11 მოსეც ერთ-ერთია იმ ადამიანთა შორის, ვინც ერწმუნა იეჰოვას და მის მიმართ ძლიერი სიყვარული განივითარა. ახალგაზრდა მოსეს ეგვიპტეში სამეფო კარზე შესაძლოა ძალაუფლება და სიმდიდრე შეჰყვარებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, მოსემ თავისი მშობლებისგან იცოდა, თუ ვინ იყო იეჰოვა და რა განზრახვა ჰქონდა მას, კერძოდ, რომ დაეხსნა ებრაელები ეგვიპტელთა მონობიდან და მათთვის აღთქმული მიწა დაემკვიდრებინა (დაბ. 13:14, 15; გამ. 2:5—10). როგორ ფიქრობთ, თუ მოსე ხშირად იმ კურთხევებზე იფიქრებდა, რაც ღვთის ხალხს ელოდა, მის გულში სახელის მოხვეჭის სურვილი უფრო გაიდგამდა ფესვს თუ იეჰოვას სიყვარული?

12 ბიბლიაში ვკითხულობთ: „რწმენით მოსემ, როცა წამოიზარდა, უარი თქვა, რომ ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო, და არჩია, ღვთის ხალხთან ერთად მასაც სასტიკად მოპყრობოდნენ, ვიდრე დროებითი ცოდვიანი განცხრომა ჰქონოდა. ეგვიპტის განძზე მეტ სიმდიდრედ ცხებულობის გამო  შეურაცხყოფა მიაჩნდა, რადგან ჯილდოს ხედავდა“ (ებრ. 11:24—26).

13. რა მხრივ წაადგა მოსეს ღვთის დანაპირებზე სიღრმისეულად ფიქრი?

13 რაც უფრო მეტად ფიქრობდა მოსე ისრაელებისთვის მიცემულ იეჰოვას დანაპირებზე, მით უფრო უძლიერდებოდა ღვთისადმი რწმენა და სიყვარული. სხვა ღვთისმოშიში ადამიანების მსგავსად, მასაც შეეძლო თვალწინ წარმოესახა დრო, როცა იეჰოვა კაცობრიობას სიკვდილის ბორკილებიდან გაათავისუფლებდა (იობ. 14:14, 15; ებრ. 11:17—19). რა გასაკვირია, რომ მოსეს შეჰყვარებოდა ღმერთი, რომელიც დიდად თანამგრძნობი იყო, როგორც ებრაელების, ისე სხვა ადამიანების მიმართ. ღვთის სიყვარული და მისადმი რწმენა მოსეს ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო (კან. 6:4, 5). მაშინაც კი, როდესაც ფარაონი მას სიკვდილით დაემუქრა, ღვთის სიყვარულმა, რწმენამ და ალბათ, მშვენიერი მომავლის წარმოსახვამ, მოსეს ძალა შემატა, რომ გაბედულად შეხვედროდა ფარაონის მუქარას (გამ. 10:28, 29).

წარმოისახეთ ის, რასაც ღვთის სამეფო მოიმოქმედებს

14. როგორი ფიქრები ითვლება ფანტაზიად?

14 დღეს ბევრს არარეალური წარმოდგენა აქვს მომავალზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ხელმოკლედ ცხოვრობენ, ისინი ზღაპრულ სიმდიდრესა და აბსოლუტურ უსაფრთხოებაზე ოცნებობენ; არადა, ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ადამიანის ცხოვრება „გასაჭირითა და ტანჯვით არის სავსე“ (ფსალმ. 90:10). ისინი ფიქრობენ, რომ მათ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ადამიანური მთავრობა მოუტანს; თუმცა ბიბლიაში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ კაცობრიობის ერთადერთი რეალური იმედი ღვთის სამეფოა (დან. 2:44). მართალია, ბევრი ფიქრობს, რომ ღმერთი ამ ბოროტ ქვეყნიერებას არ გაანადგურებს, მაგრამ წმინდა წერილები სრულიად განსხვავებულ სურათს გვიხატავს (სოფ. 1:18; 1 იოან. 2:15—17). იეჰოვას განზრახვის უარმყოფელთა ასეთი ფიქრები უბრალოდ ფანტაზიაა და მას საერთო არაფერი აქვს რეალობასთან.

წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი ახალ ქვეყნიერებაში? (იხილეთ მე-15 აბზაცი)

15. ა) რატომ არის სასარგებლო ქრისტიანებისთვის ბიბლიურ იმედზე ფიქრი? ბ) აღნიშნეთ, ღვთის დანაპირებიდან პირადად თქვენ რომლის შესრულებას ელით.

15 მეორე მხრივ, ქრისტიანებს, გვამხნევებს მომავლის იმედზე ფიქრი, იქნება ის ზეციერი, თუ მიწიერი. პირადად თქვენ, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რაოდენ დიდ სიხარულს მოგგვრით ღვთის დანაპირების შესრულება? უდავოდ გაიხარებთ, თუკი გულდასმით იფიქრებთ იმაზე, რასაც მაშინ გააკეთებთ, როცა ღმერთი თავის განზრახვას სისრულეში მოიყვანს. ალბათ, „ხედავთ“, რომ მარადიულად ცხოვრობთ დედამიწაზე. წარმოიდგინეთ, რომ და-ძმების გვერდით მხარდამხარ შრომობთ, რათა დედამიწა სამოთხედ გადააქციოთ. თქვენ გვერდით მცხოვრებთაც თქვენსავით უყვართ იეჰოვა. ხართ ჯანმრთელი, ენერგიული და მომავალი არ გაშინებთ. მათ გვერდით მუშაობა, რომლებიც აღდგენით სამუშაოებს ხელმძღვანელობენ, ძალიან სასიამოვნოა, ვინაიდან ისინი გულწრფელად ზრუნავენ თქვენზე. თქვენ ბედნიერი ხართ, რადგან თქვენს ნიჭსა და უნარს გარშემომყოფთა საკეთილდღეოდ და იეჰოვას განსადიდებლად იყენებთ. ანდა დაფიქრდით, რომ თქვენ იეჰოვას გაცნობაში ეხმარებით მას, ვინც ეს-ესაა მკვდრეთით აღდგა (იოან. 17:3; საქ. 24:15). ეს ნამდვილად არ გახლავთ ოცნება; ამ უმშვენიერეს წარმოსახვით სურათს მომავალთან დაკავშირებული ბიბლიური ჭეშმარიტება უდევს საფუძვლად! (ეს. 11:9; 25:8; 33:24; 35:5—7; 65:22).

რატომ უნდა ვისაუბროთ იმედზე?

16, 17. რატომაა ჩვენთვის სასარგებლო მომავლის იმედზე საუბარი?

16 როდესაც თანაქრისტიანებს ვესაუბრებით, თუ რას გავაკეთებთ მაშინ, როდესაც ღმერთი სისრულეში მოიყვანს თავის დანაპირებს, ჩვენს წარმოსახვაში მომავალი უფრო ნათელ ფერებში იხატება. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთმა ჩვენგანმა  ზუსტად არ ვიცით, რის გაკეთება მოგვიწევს ახალ ქვეყნიერებაში და მაინც ვსაუბრობთ იმაზე, რასაც მთელი გულით ველით, ამით ერთმანეთსაც ვამხნევებთ და ღვთის დანაპირებისადმი რწმენასაც გამოვხატავთ. როცა მოციქული პავლე რომში ძმებს ეწვია, ყველასთვის სასარგებლო აღმოჩნდა ურთიერთგამხნევება. გვიხარია, რომ ჩვენც მსგავსად ვამხნევებთ ერთმანეთს ამ კრიტიკულ დროს (რომ. 1:11, 12).

17 მომავალზე ფიქრი სირთულეებით გამოწვეული უარყოფითი ფიქრების დაძლევაშიც დაგვეხმარება. მაგალითად, შესაძლოა მოციქულ პეტრესაც უფორიაქებდა სულს საწუხარი, რომელიც კარგად გამოჩნდა იესოსთვის დასმული შეკითხვიდან: „ჩვენ ყველაფერი დავტოვეთ და შენ გამოგყევით. ამისთვის რა გვექნება?“. იესომ, პეტრესა და გარშემომყოფთ მომავლის წარმოსახვაში რომ დახმარებოდა, მიუგო: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: ხელახლა შექმნისას, როცა კაცის ძე თავის დიდებულ ტახტზე დაჯდება, თქვენც, ვინც მე გამომყევით, თორმეტ ტახტზე დასხდებით და ისრაელის თორმეტ ტომს გაასამართლებთ. და ყოველი, ვინც დატოვა სახლები ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან შვილები, ან ადგილ-მამული ჩემი სახელისთვის, ბევრად მეტს მიიღებს და მარადიულ სიცოცხლეს დაიმკვიდრებს“ (მათ. 19:27—29). ამრიგად, პეტრესა და სხვა მოწაფეებს შეეძლოთ დაენახათ თავიანთი ადგილი ღვთის ხელისუფლებაში, რომელიც მომავალში მთელ დედამიწაზე გავრცელდებოდა და მორჩილ ადამიანებს კურთხევებით აავსებდა.

18. რა მხრივაა ჩვენთვის სასიკეთო ღვთის დანაპირების შესრულებაზე ფიქრი?

18 მიწიერი იმედის მქონე მსახურთათვის იეჰოვას დანაპირებზე ფიქრს ყოველთვის სიკეთე მოჰქონდა. აბელი იეჰოვას განზრახვის შესახებ საკმარის ინფორმაციას ფლობდა, რათა გონებაში უკეთესი მომავალი წარმოესახა, გამოევლინა რწმენა და ჰქონოდა რეალური იმედი. აბრაამის რწმენას გასაოცარი საქმეები სწორედ იმიტომ ახლდა, რომ იგი „ხედავდა“ ღვთის ნაწინასწარმეტყველებ აღთქმულ „შთამომავალს“ (დაბ. 3:15). მოსე „ჯილდოს ხედავდა“, რწმენით მოქმედებდა და იეჰოვა უფრო მეტად უყვარდებოდა (ებრ. 11:26). ჩვენც გაგვიძლიერდება ღვთისადმი რწმენა და გაგვიღრმავდება მისადმი სიყვარული, თუ გონებაში წარმოვისახავთ, როგორ შესრულდება ღვთის დანაპირები. მომდევნო სტატიაში ვიმსჯელებთ, თუ როგორ შეგვიძლია ღვთისგან ბოძებული ამ უნარის საუკეთესოდ გამოყენება.