არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა)  |  მაისი 2015

 ბიოგრაფია

ცხოვრებისეული სირთულეების ატანაში „თავდაპირველი სიყვარული“ დამეხმარა

ცხოვრებისეული სირთულეების ატანაში „თავდაპირველი სიყვარული“ დამეხმარა

ათას ცხრაას სამოცდაათი წლის ადრიანი ზაფხული იდგა. საავადმყოფოში ვიწექი ფენიქსვილში (პენსილვანია, აშშ). ფერშალი ნახევარ საათში ერთხელ წნევას მიზომავდა. მაშინ 20 წლისა ვიყავი. ახალგაზრდა ჯარისკაცი სერიოზულ ინფექციურ დაავადებას ვებრძოდი. ფერშალი, რომელიც ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი იყო, შეწუხებული და შეფიქრიანებული ჩანდა. წნევა თანდათან ეცემოდა, ამიტომ მას ვკითხე: „გინახავს ოდესმე ადამიანის სიკვდილი?“. ფერწასულმა მიპასუხა: „არა, არასოდეს“.

ჩემი გადარჩენის იმედი არავის ჰქონდა. გაინტერესებთ, როგორ აღმოვჩნდი საავადმყოფოში? ნება მიბოძეთ, ცოტაოდენი რამ მოგითხროთ ჩემი ცხოვრების შესახებ.

პირველი შეხება ომთან

ვიეტნამში ომი მძვინვარებდა. ამ პერიოდში მედპუნქტში ქირურგის თანაშემწედ ვმუშაობდი. სწორედ იქ დავავადდი. ძალიან მიხაროდა, რომ ავადმყოფებსა და დაჭრილებს ვეხმარებოდი. მიზანიც მქონდა — გავმხდარიყავი ქირურგი. ვიეტნამში 1969 წლის ივლისში ჩავფრინდი. როგორც ყველა ახალჩასულს, მეც ერთი კვირა მომეცა, რათა შევგუებოდი გარემოს — სასაათო სარტყელსა და გაუსაძლის სიცხეს.

ცოტა ხანში შემატყობინეს, რომ უნდა მემუშავა ქირურგიულ ჰოსპიტალში, რომელიც განთავსებული იყო მეკონგის დელტაზე (დონგ-ტამი). ერთ დღესაც მიწაზე დაჭრილი ჯარისკაცებით სავსე რამდენიმე ვერტმფრენი დაეშვა. პატრიოტული სულისკვეთებით ვიყავი ანთებული და მუშაობაც ძალიან მიყვარდა, ამიტომ დაუყოვნებლივ შევუდექი საქმეს. დაჭრილები საოპერაციოდ მოვამზადეთ და სასწრაფოდ შევიყვანეთ ოპერაციისთვის განკუთვნილ პატარა, კონდიციონირებულ ვაგონებში. მოცუცქნულ ვაგონებში ხელის გასანძრევი ადგილი არ იყო, თუმცა ქირურგი, ანესთეზიოლოგი, ექთანი და სანიტარი ყველაფერს აკეთებდნენ ჯარისკაცების გადასარჩენად. შევნიშნე, რომ ვერტმფრენებში რამდენიმე დიდი შავი ტომარა იდო. როგორც მითხრეს, ამ ტომრებში იმ ჯარისკაცთა სხეულის ნაწილები იყო, რომლებიც ნაღმებზე აფეთქდნენ. აი, ეს იყო პირველი შეხება ომთან.

ღვთის ძიებაში

სიყმაწვილეში გარკვეული წარმოდგენა მქონდა ჭეშმარიტებაზე

სიყმაწვილეში გარკვეული წარმოდგენა მქონდა ჭეშმარიტებისა და იეჰოვას მოწმეების შესახებ. მართალია, დედაჩემი იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიას სწავლობდა, მაგრამ ის არ მონათლულა. ძალიან მსიამოვნებდა დედას შესწავლებზე დასწრება. ერთხელ ჩემს  მამინაცვალთან ერთად იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზს ჩავუარე. მას ვკითხე: „ეს რა შენობაა?“. მან მომიგო: „ამ ხალხს ახლოსაც არ გაეკარო“. რაკიღა მამინაცვალი მიყვარდა და ვენდობოდი, მისი რჩევა გავითვალისწინე. ამგვარად, იეჰოვას მოწმეებთან არანაირი შეხება აღარ მქონია.

ვიეტნამიდან დაბრუნების შემდეგ, ვიგრძენი, რომ ღმერთი ძალიან მჭირდებოდა. მძიმე მოგონებებმა ემოციურად გამომფიტა. ხალხს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რა ხდებოდა ვიეტნამში. მახსოვს, როგორ ეწყობოდა ქუჩებში საპროტესტო აქციები; ხალხი ამერიკელ ჯარისკაცებს ბავშვების მკვლელებად იხსენიებდა, ვინაიდან ომიდან მოსული ცნობების თანახმად, იქ უდანაშაულო ბავშვებიც იღუპებოდნენ.

სულიერი შიმშილის დასაკმაყოფილებლად არაერთ ეკლესიას მივაშურე. მართალია, ღმერთი ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ის, რასაც ეკლესიაში ვხედავდი, დიდად არ მხიბლავდა. ბოლოს იეჰოვას მოწმეების ერთ სამეფო დარბაზს მივადექი, რომელიც დელრეი-ბიჩში (ფლორიდა) მდებარეობდა. იყო 1971 წლის თებერვალი, კვირა დღე.

როდესაც დარბაზში შევედი, საჯარო მოხსენება დასასრულს უახლოვდებოდა; ამიტომ „საგუშაგო კოშკის“ შესწავლაზე დავრჩი. სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს, რა საკითხი განიხილებოდა, თუმცა ძალიან კარგად მახსოვს, როგორ ეძებდნენ პატარები მუხლებს თავიანთ ბიბლიებში. ამან ჩემზე წარუშლელი კვალი დატოვა! მშვიდად ვისმენდი და ყველაფერს თვალყურს ვადევნებდი. ის-ის იყო, სამეფო დარბაზიდან გამოსვლა დავაპირე, რომ 80 წლამდე ასაკის ერთი თბილი მოხუცი ძმა მომიახლოვდა. ეს ძმა ჯიმ გარდნერი გახლდათ. მან გამომიწოდა წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ჭეშმარიტება“ და მკითხა: „გნებავთ? აიღეთ“. ჩვენ დავთქვით, რომ ბიბლიის შესასწავლად ხუთშაბათ დილას შევხვდებოდით.

იმ საღამოს ღამით უნდა მემუშავა. მე კერძო ჰოსპიტალში ბოკა-რატონში (ფლორიდა) ვმუშაობდი, კერძოდ, გადაუდებელი დახმარების ოთახში. ჩემი ცვლა ღამის 11 საათზე იწყებოდა და დილის 7 საათზე მთავრდებოდა. იმ ღამით სიმშვიდე იყო, ამიტომ შემეძლო წიგნი „ჭეშმარიტება“ წამეკითხა. როცა ვკითხულობდი, მთავარი ექთანი მომიახლოვდა, წიგნი ხელიდან გამომტაცა, დახედა ყდას და მიყვირა: „არ მითხრა, რომ შენც იეჰოვას მოწმე უნდა გახდე!“. წიგნი წავართვი და მივუგე: „მართალია, ჯერ წიგნის მხოლოდ ნახევარი წავიკითხე, მაგრამ ვფიქრობ, რომ გავხდები“. ექთანი წავიდა და იმ ღამით წიგნი ბოლომდე წავიკითხე.

ბიბლიას მასწავლიდა ცხებული ძმა, ჯიმ გარდნერი, რომელიც პირადად იცნობდა ძმა ჩარლზ რასელს

ჩემს პირველ ბიბლიის შესწავლაზე ძმა გარდნერს ვკითხე: „რა უნდა ვისწავლოთ?“. მან მიპასუხა: „ის წიგნი უნდა განვიხილოთ, რომელიც მოგეცი“. მე ვუთხარი: „წიგნი უკვე წავიკითხე“. ძმა გარდნერმა თბილად მომიგო: „მოდი, პირველი თავი ერთად განვიხილოთ“. გაოცებული ვიყავი, თურმე რამდენი რამისთვის არ მიმიქცევია ყურადღება. მან ბიბლიური მუხლები ჩემს ბიბლიაში, კერძოდ, „მეფე ჯეიმზის თარგმანში“ მიჩვენა, სადაც იესოს სიტყვები წითელი ასოებით არის დაბეჭდილი. ბოლოს და ბოლოს გავიგე, ვინაა ჭეშმარიტი ღმერთი. იმ დილით ძმა გარდნერთან ერთად, რომელსაც ჯიმს ვეძახდი, წიგნ „ჭეშმარიტებიდან“ სამი თავი განვიხილეთ. ამის შემდეგ ყოველ ხუთშაბათ დილით სამ-სამ თავს განვიხილავდით. ასეთი შესწავლები უდიდეს სიამოვნებას მგვრიდა. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი  იყო, რომ ღვთის სიტყვას მასწავლიდა ცხებული ძმა, რომელიც პირადად იცნობდა ძმა რასელს!

რამდენიმე კვირაში სასიხარულო ცნობის მაუწყებელი გავხდი. ძმა ჯიმი ბევრ რამეში დამეხმარა; მაგალითად, იმაში, რომ არ გამჭირვებოდა კარდაკარ მსახურება (საქ. 20:20). მასთან ერთად ქადაგება ძალიან მიხაროდა. მსახურებას დღემდე უდიდეს პატივად მივიჩნევ. მართლაც, დიდი ბედნიერებაა ღვთის თანამშრომლად ყოფნა (1 კორ. 3:9).

იეჰოვასადმი „თავდაპირველი სიყვარული“

ახლა ნება მიბოძეთ, გიამბოთ, როგორ განმივითარდა იეჰოვასადმი „თავდაპირველი სიყვარული“ (გამოცხ. 2:4). სწორედ ეს სიყვარული დამეხმარა, თავი დამეღწია ომის კოშმარული მოგონებებისა თუ სხვა განსაცდელებისთვის (ეს. 65:17).

იეჰოვასადმი სიყვარული დამეხმარა, გავმკლავებოდი ომის კოშმარულ მოგონებებსა თუ სხვა განსაცდელებს

მოვინათლე 1971 წლის ივლისში, იანკის სტადიონზე გამართულ საოლქო კონგრესზე სახელწოდებით „ღვთის სახელი“

განსაკუთრებულად მახსენდება ერთი დღე. იდგა 1971 წლის გაზაფხული. იმ დროისთვის მამინაცვალს თავისი სახლიდან უკვე გამოგდებული ვყავდი. მას არ სურდა, რომ მის ბინაში იეჰოვას მოწმეს ეცხოვრა. ფულიც ძალიან ცოტა მქონდა. ჰოსპიტალი, სადაც ვმუშაობდი, გასამრჯელოს ორ კვირაში ერთხელ მიხდიდა; რაც ფული მქონდა, თითქმის ტანსაცმელში დამეხარჯა, რათა მსახურებისთვის შესაფერისი სამოსი მქონოდა და იეჰოვა ღირსეულად წარმომედგინა. ცოტა დანაზოგი კი მქონდა, მაგრამ ამ დანაზოგს ჩემს მშობლიურ შტატში, მიჩიგანში, ერთ-ერთ ბანკში ვინახავდი. ასე რომ, რამდენიმე დღე მანქანაში უნდა მეცხოვრა. წვერის გაპარსვა და მოწესრიგება ბენზინგასამართ სადგურებზე არსებულ საპირფარეშოებში მიწევდა.

სწორედ ამ დღეს სამქადაგებლო მსახურების შეხვედრა მქონდა. ჰოსპიტალში მორიგეობა დავამთავრე და ამიტომ სამეფო დარბაზში შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მივედი. ავტომობილი სამეფო დარბაზის უკან გავაჩერე. ვიეტნამი გამახსენდა და საშინელი ფიქრები მომეძალა; თვალწინ წარმომიდგა შემზარავი სურათი — ნაკუწებად ქცეული ადამიანის სხეულები და წამიერად დანახშირებული გვამების  სუნიც შევიგრძენი. ცხადად ვხედავდი ახალგაზრდა ჯარისკაცებს და ყურში ჩამესმოდა მათი ხმა: „გადავრჩები? გადავრჩები?“. ვიცოდი, რომ მათი სიკვდილი გარდაუვალი იყო, მაგრამ ყველანაირად ვცდილობდი, ეს მათ ჩემს სახეზე არ ამოეკითხათ და მათთვის გულში იმედის ნაპერწკალი გამეჩინა. ასეთმა ფიქრებმა წამიღო.

ძალ-ღონეს არ ვიშურებ, რომ შევინარჩუნო იეჰოვასადმი „თავდაპირველი სიყვარული“, განსაკუთრებით კი განსაცდელებისა და სირთულეების დროს

ვლოცულობდი და ცრემლები ღვარად ჩამომდიოდა სახეზე (ფსალმ. 56:8). ფიქრი დავიწყე მკვდრეთით აღდგომის იმედზე. უცებ ერთმა აზრმა გამიელვა: იეჰოვა ღმერთი მკვდრეთით აღდგომის მეშვეობით წაშლის სისხლის ღვრის ყოველგვარ კვალს და მოგვიშუშებს იმ ემოციურ ჭრილობებს, რომლებიც ომმა მოგვაყენა. ღმერთი იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ომმა იმსხვერპლა, სიცოცხლეს დაუბრუნებს და მისცემს შესაძლებლობას, რომ ჭეშმარიტება გაიგონ მასზე (საქ. 24:15). იმ წუთებში გული იეჰოვასადმი უსაზღვრო სიყვარულით ამევსო და სული დამიამდა. ის დღე ჩემთვის მართლაც განსაკუთრებული და დაუვიწყარია. იქიდან მოყოლებული, ძალ-ღონეს არ ვიშურებ, რომ შევინარჩუნო იეჰოვასადმი „თავდაპირველი სიყვარული“, განსაკუთრებით კი განსაცდელებისა და სირთულეების დროს.

იეჰოვა მზრუნველობას არ მაკლებდა

ომში ხალხი შემაძრწუნებელ საქმეებს სჩადის. გამონაკლისი არც მე ვიყავი. მაგრამ უარყოფითი ფიქრების გაქარწყლებაში საყვარელ ბიბლიურ მუხლებზე ფიქრი მეხმარებოდა. მაგალითად, გამოცხადების 12:10, 11, სადაც ვკითხულობთ, რომ ეშმაკი ძლეულია არა მარტო ჩვენი „დამოწმების სიტყვით“, არამედ — „კრავის სისხლითაც“. შემდეგი ბიბლიური მონაკვეთია გალატელების 2:20, საიდანაც გავიგე, რომ იესო ქრისტე მოკვდა ჩემთვის. ღმერთმა იესოს სისხლის საფუძველზე მაპატია ყველაფერი, რაც ჩავიდინე. ამის ცოდნა დღემდე მეხმარება, რომ მქონდეს სუფთა სინდისი და აღმძრავს, ძალ-ღონე არ დავიშურო სხვების დასახმარებლად, რათა მათაც გაიგონ ჭეშმარიტება ჩვენს გულმოწყალე ღმერთზე, იეჰოვაზე (ებრ. 9:14).

როცა განვლილ ცხოვრებას ვიხსენებ, ძალიან მადლიერი ვარ, რომ იეჰოვა ყოველთვის ზრუნავდა ჩემზე. მაგალითად, როგორც კი ჯიმმა გაიგო, რომ მანქანაში მეძინა, მაშინვე დამაკავშირა ერთ დასთან, რომელსაც პანსიონი ჰქონდა. ერთ რამეში ეჭვი არ მეპარება: იეჰოვამ გამოიყენა ჯიმი და ის ძვირფასი და, რომ თავშესაფარი მქონოდა. ღმერთი ძალიან კეთილია. ის თავის ერთგულ თაყვანისმცემლებს მზრუნველობას არ აკლებს.

ვსწავლობ ტაქტიანობას

1971 წლის მაისში საქმეების გამო მიჩიგანში მომიწია წასვლა. გამგზავრებამდე დელრეი-ბიჩის (ფლორიდა) სამეფო დარბაზში შევიარე, მანქანის საბარგულში ლიტერატურა ჩავაწყვე, 75-ე ავტომაგისტრალს დავადექი და ჩრდილოეთისკენ ავიღე გეზი. სანამ მოსაზღვრე ჯორჯიის შტატს უკან მოვიტოვებდი, საბარგული უკვე ცარიელი მქონდა. სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას მთელი გულმოდგინებით ვქადაგებდი ყველგან. ვჩერდებოდი ციხეებთან; ბუკლეტებს მათაც კი ვაძლევდი, ვისაც გზებზე არსებულ საპირფარეშოებში ვხვდებოდი. სულ მეფიქრება, მაშინ „ჩათესილი თესლიდან“ ნეტავ, გამოიღო რომელიმემ ნაყოფი? (1 კორ. 3:6, 7).

ერთ რამეში უნდა გამოგიტყდეთ: თავიდან ჭეშმარიტების სწავლა რომ დავიწყე, ტაქტიანობით არ გამოვირჩეოდი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ჭეშმარიტებაზე ოჯახის წევრებს ველაპარაკებოდი. იეჰოვასადმი სიყვარულით იმდენად ვიყავი ანთებული, რომ მათ ღმერთზე გაბედულად, მაგრამ უტაქტოდ ვესაუბრებოდი. ძალიან მიყვარდა ჩემი ძმები, ჯონი და რონი, ამიტომ მათ ვაძალებდი, მოესმინათ ჩემთვის. მოგვიანებით ძმებს ბოდიში მოვუხადე ჩემი უტაქტო საქციელის გამო. ყოველთვის ვლოცულობ, რომ მათ ჭეშმარიტება მიიღონ. იმ დროიდან მოყოლებული იეჰოვა მასწავლის ტაქტიანობას; და ახლა, როცა ვქადაგებ და სხვებს ვასწავლი, უფრო ტაქტიანი ვარ (კოლ. 4:6).

სხვა სიყვარული

მართალია, იეჰოვა ჩემი „თავდაპირველი სიყვარულია“, მაგრამ მინდა მოგითხროთ სხვა სიყვარულის  შესახებაც. მეორე სიყვარული ჩემი ძვირფასი მეუღლე სუზენია. მსურდა, გვერდით მყოლოდა ისეთი ადამიანი, რომელიც სამეფოს საქმეში მხარს დამიჭერდა. ჩემი მეორე ნახევარი ძლიერი და სულიერად მოწიფული ქალია. დღემდე არ მავიწყდება ის დღე, როდესაც მასთან მივედი; მაშინ ერთმანეთს ვხვდებოდით. იგი კრანსტონში (როუდ-აილენდი) მშობლების სახლში იყო; სუზენი აივანზე იჯდა და „საგუშაგო კოშკს“ კითხულობდა, იქვე ბიბლიაც ედო. ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ ის ერთ-ერთ არასასწავლო სტატიას კითხულობდა და თან ბიბლიურ მუხლებს ეძებდა. ჩემთვის გავიფიქრე: „რა სულიერი დაა!“. მე და სუზენი 1971 წლის დეკემბერში დავქორწინდით; ძალიან ვემადლიერები მას, რომ ყოველთვის გვერდით მედგა და მხარს მიჭერდა. ყველაზე მეტად სუზენში ის მომწონს, რომ მას ჩემზე მეტად იეჰოვა უყვარს.

ჩემს მეუღლესთან, სუზენთან და შვილებთან, ჯესისთან და პოლთან, ერთად

მე და სუზენს ორი ვაჟი, ჯესი და პოლი, შეგვეძინა. იეჰოვა ყოველთვის ჩვენი შვილების გვერდით იყო (1 სამ. 3:19). იეჰოვა მათი ღმერთიც გახდა, რაც მე და სუზენს დიდ სიხარულს გვგვრის. ისინი კვლავაც იეჰოვას სცემენ თაყვანს, ვინაიდან არ განელებიათ მისადმი „თავდაპირველი სიყვარული“. ჯესი და პოლი უკვე 20 წელზე მეტია, რაც სრული დროით მსახურობენ. ამასთანავე, ძალიან ვამაყობ ჩემი შესანიშნავი რძლებით, სტეფანითა და რაკელით, რომლებსაც საკუთარი შვილებისგან არ ვარჩევ. ჩვენმა ვაჟებმა ცხოვრების თანამგზავრებად სულიერად მოაზროვნე ადამიანები აირჩიეს, რომელთაც მთელი სულითა და გულით უყვართ იეჰოვა (ეფეს. 6:6).

ერთ-ერთი კრების მონახულების დროს ვატარებ სამქადაგებლო მსახურების შეხვედრას

 მონათვლის შემდეგ 16 წელი როუდ-აილენდში ვმსახურობდი; იქ ძვირფასი მეგობრები შევიძინე. სასიამოვნო მოგონებები მაკავშირებს მეტად გამოცდილ უხუცესებთან, რომლებთანაც ვთანამშრომლობდი. გარდა ამისა, ძალიან ვემადლიერები იმ უამრავ მიმომსვლელ ზედამხედველს, რომელთა ჩამოთვლაც გამიჭირდება, მაგრამ რომლებმაც ძალიან კარგი გავლენა იქონიეს ჩემზე. მართლაც, უდიდესი პატივია, იმსახურო იმ ადამიანების გვერდით, რომელთაც არ განელებიათ იეჰოვასადმი „თავდაპირველი სიყვარული“. 1987 წელს ჩრდილოეთ კაროლინაში გადავედით, სადაც მქადაგებლების საჭიროება იყო. იქაც ძვირფასი მეგობრები შევიძინეთ. *

იშვიათად დამუშავებულ ტერიტორიაზე ქადაგება დიდ სიხარულს გვანიჭებდა

2002 წლის აგვისტოში მე და სუზენი ბეთელის ოჯახის წევრები გავხდით და პატერსონში (აშშ) მიგვიწვიეს. მე სამსახურებრივ განყოფილებაში ვმუშაობდი, ჩემი მეუღლე — სამრეცხაოში. სუზენს ძალიან უყვარდა თავისი საქმე. 2005 წლის აგვისტოდან მოყოლებული ხელმძღვანელი საბჭოს წევრი ვარ, რაც ჩემთვის უდიდესი პატივია. თავიდან ამხელა პასუხისმგებლობამ ცოტა არ იყოს დამაბნია. ჩემი საყვარელი მეუღლეც აფორიაქებული იყო — მას აფიქრებდა როგორც ახალი პასუხისმგებლობა, ისე სამუშაოსთან თუ მგზავრობასთან დაკავშირებული სირთულეები. მაგალითად, სუზენს ფრენის ეშინია, ჩვენ კიდევ ძალიან ხშირად გვიწევს თვითმფრინავით მგზავრობა. ჩემი მეორე ნახევარი ამბობს, რომ ხელმძღვანელი საბჭოს წევრების მეუღლეების მიერ სიყვარულით მიცემული რჩევები ეხმარება მას, რომ შეძლებისდაგვარად დამიდგეს გვერდში. სუზენი მართლაც მხარში მიდგას და ამიტომ ძალიან მიყვარს იგი.

ჩემი ოფისი სავსეა ფოტოსურათებით; ეს ფოტოები ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ისინი მახსენებენ ცხოვრებაში გატარებულ სასიამოვნო წუთებს. დაბოლოს, იეჰოვასგან მართლაც უამრავი კურთხევა მივიღე იმის სანაცვლოდ, რომ არასდროს დამვიწყებია მისადმი „თავდაპირველი სიყვარული“!

ოჯახთან ერთად დროის გატარება ენით აუწერელ სიხარულს მგვრის

^ აბზ. 31 ძმა მორისის სრული დროით მსახურების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ 2006 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 26.