არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა)  |  აპრილი 2015

ყოველთვის მიენდეთ იეჰოვას!

ყოველთვის მიენდეთ იეჰოვას!

„მუდამ მასზე დაამყარეთ იმედი, ხალხო“ (ფსალმ. 62:8).

1—3. რამ განუმტკიცა პავლეს იეჰოვასადმი ნდობა? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)

ქრისტიანებს რომის იმპერიაში ძნელბედობის ჟამი ედგათ. საზოგადოების თვალში ისინი მტრები იყვნენ — მათ მიაწერდნენ ახ. წ. 64 წელს რომში გაჩენილ ხანძარს და მათვე სდებდნენ ბრალს კაცთმოძულეობაში. იმხანად რომ გეცხოვრათ და ქრისტიანი ყოფილიყავით, ყოველდღე იარსებებდა იმის საფრთხე, რომ დაეპატიმრებინეთ ან ეწამებინეთ. მაშინ ხომ ბევრ ქრისტიანს სასტიკად გაუსწორდნენ — ზოგი მათგანი მხეცებს მიუგდეს საჯიჯგნად, ზოგიც ბოძზე მიალურსმნეს და ჯერ კიდევ ცოცხალი, ჩირაღდნად, ღამის გასანათებლად, გამოიყენეს.

2 როგორც ჩანს, სწორედ ამ ბობოქარ პერიოდში დააპატიმრეს პავლე მოციქული რომში მეორედ. თქვენი აზრით, გაუწვდიდა რომელიმე ქრისტიანი მას დახმარების ხელს? ალბათ, ამაზე თავად პავლეც წუხდა, რაც ტიმოთესთვის მიწერილი მისი სიტყვებიდანაც გამოჩნდა: „პირველად რომ ვიცავდი თავს, არავინ ამომიდგა მხარში, ყველამ მიმატოვა; ნუ მიეზღვებათ მათ ამის გამო“. თუმცა, პავლემ იცოდა, რომ მაშინ განსაცდელის პირისპირ მარტო არ დარჩენილა. ამაზე მისი სიტყვებიც მოწმობს: „უფალი მედგა გვერდში და მაძლიერებდა“. რა თქმა უნდა, იესომ მას განსაცდელის გადასატანად საჭირო ძალა მისცა. და, რა შედეგი გამოიღო ამან? პავლემ  დაწერა: „თავი დავაღწიე ლომის ხახას“ (2 ტიმ. 4:16, 17). *

3 ამ შემთხვევაზე ფიქრი პავლეს უდავოდ განამტკიცებდა; მას ეჭვი აღარ შეეპარებოდა, რომ იეჰოვა არც იმ წუთებში და არც მომავალში არ დატოვებდა განსაცდელების პირისპირ მარტოს. სწორედ ამიტომ თქვა მან: „უფალი დამიხსნის ყოველი ბოროტებისგან“ (2 ტიმ. 4:18). პავლემ საკუთარი გამოცდილებიდან იცოდა, რომ მაშინაც კი, თუ ადამიანები ვერ გვეხმარებიან, იეჰოვასა და მის ძეს ნამდვილად შესწევთ ამის ძალა!

როდის უნდა მივენდოთ იეჰოვას?

4, 5. ა) ვისი იმედი შეგიძლიათ იქონიოთ ყოველთვის? ბ) როგორ შეძლებთ იეჰოვასთან ურთიერთობის განმტკიცებას?

4 გიფიქრიათ ზოგჯერ განსაცდელის პირისპირ, რომ მარტონი ხართ? ასეთი განცდა შესაძლოა მაშინ დაგეუფლათ, როცა სკოლაში თანატოლებისა თუ მასწავლებლების მხრიდან ზეწოლას შეხვდით, როცა სამსახური დაკარგეთ, ჯანმრთელობა შეგერყათ ანდა სხვა მსგავს სირთულეებს წააწყდით. შეიძლება ასეთ დროს დახმარება სხვებისთვისაც გითხოვიათ, მაგრამ მათ თქვენთვის იმედი გაუცრუებიათ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ზოგი პრობლემის გადაჭრა ადამიანურ ძალას აღემატება. როგორ ფიქრობთ, ასეთ დროს ფუჭია ბიბლიური რჩევა „მიენდე იეჰოვას“? (იგავ. 3:5, 6). ეს რჩევა არავითარ შემთხვევაში არაა ლიტონი სიტყვები! ღმერთი ნამდვილად გვეხმარება, რაზეც არაერთი ბიბლიური ისტორია მოწმობს.

5 ამგვარად, გულში ბოღმას ნუ ჩაიდებთ იმ ადამიანის მიმართ, ვინც ვერ დაგეხმარათ. ნაცვლად ამისა, მიჰბაძეთ მოციქულ პავლეს და მსგავსი სიტუაციები იმის შესაძლებლობად ჩათვალეთ, რომ სრულად მიენდოთ იეჰოვას და საკუთარ თავზე გამოსცადოთ მისი მზრუნველობა. ეს განგიმტკიცებთ ღვთისადმი ნდობას და მასთან თქვენი ურთიერთობა კიდევ უფრო რეალური გახდება!

ღვთისადმი ნდობა მასთან კარგი ურთიერთობის საწინდარია

6. რატომ შეიძლება გაგვიჭირდეს იეჰოვაზე მინდობა მაშინ, როცა რაიმე სირთულის წინაშე ვართ?

6 შეგიძლიათ იეჰოვას ლოცვაში საწუხარი გაუზიაროთ და შემდეგ გულდამშვიდებული იყოთ, რადგან იცით, რომ ის გააკეთეთ, რის გაკეთებაც შეგეძლოთ და დანარჩენს ღმერთი მიხედავს? (წაიკითხეთ ფსალმუნის 62:8; 1 პეტრეს 5:7). ღმერთთან ურთიერთობის განსავითარებლად უაღრესად მნიშვნელოვანია, ვისწავლოთ მასზე მინდობა. თუმცა მიენდო იეჰოვას და გჯეროდეს, რომ ის საჭირო დახმარებას აღმოგიჩენს, არც თუ ისე ადვილია. ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ იეჰოვა ჩვენს ყველა ლოცვას მყისვე არ პასუხობს (ფსალმ. 13:1, 2; 74:10; 89:46; 90:13; აბაკ. 1:2).

7. რატომ არ პასუხობს იეჰოვა ყველა ჩვენს ლოცვას მყისვე?

7 რატომ არ პასუხობს იეჰოვა ყველა ჩვენს ლოცვას მყისვე? ალბათ, გახსოვთ, რომ ღმერთი მასსა და ჩვენ შორის არსებულ ურთიერთობას მამაშვილურ ურთიერთობას ადარებს (ფსალმ. 103:13). ბუნებრივია, ბავშვი არ უნდა ელოდოს, რომ მშობელი მას ყველა სურვილს დაუყოვნებლივ შეუსრულებს. მაგალითად, ბავშვის ზოგი სურვილი შეიძლება უბრალოდ ახირება იყოს და მეტი არაფერი. ზოგ სურვილს მშობელი ბავშვს მაშინ აუსრულებს, როცა ამისთვის შესაფერისი დრო დადგება. ზოგი სურვილი კი შეიძლება მშობელმა შვილს საერთოდ არ შეუსრულოს, რადგან ეს არც ბავშვის და არც გარშემომყოფთა კეთილდღეობას არ ემსახურებოდეს. გარდა ამისა, თუ მშობელი ბავშვს დაუყოვნებლივ შეუსრულებს ყველა კაპრიზს, მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობა თავის სახეს დაკარგავს; შვილი „ბატონი“ გახდება, მშობელი კი — „ყურმოჭრილი მონა“. მსგავსად ამისა, ჩვენსავე საკეთილდღეოდ შეიძლება არც იეჰოვამ უპასუხოს ყველა ჩვენს ლოცვას მყისვე. მას აქვს ამის უფლება, რადგან ის არის ჩვენი ბრძენი შემოქმედი, მოსიყვარულე ბატონი და ზეციერი მამა. თუ იეჰოვა  დაუყოვნებლივ შეგვისრულებს ყველა სათხოვარს, მასსა და ჩვენ შორის ურთიერთობაც თავის სახეს დაკარგავს (შეადარეთ ესაიას 29:16; 45:9).

8. რის იმედს გვაძლევს იეჰოვა, რაკიღა მან იცის ჩვენი შესაძლებლობები?

8 იეჰოვამ ისიც კარგად იცის, თუ რის ძალა შეგვწევს და რა აღემატება ჩვენს შესაძლებლობებს (ფსალმ. 103:14). შესაბამისად, იგი არ მოელის, რომ საკუთარი ძალით გავართმევთ თავს ყველა პრობლემას და ისევე გვიწვდის დახმარების ხელს, როგორც მამა — შვილებს. ხანდახან შესაძლოა ისეთი განცდა დაგვეუფლოს, რომ მეტის ატანა აღარ შეგვიძლია. მაგრამ იგი გვარწმუნებს, რომ არასოდეს დაუშვებს, თავისი მსახურები შეხვდნენ ისეთ განსაცდელებს, რომლებსაც ვერ გადაიტანენ. დიახ, ღმერთი აღგვითქვამს: „გამოსავალსაც მოგცემთ“ (წაიკითხეთ 1 კორინთელების 10:13). აქედან გამომდინარე, საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს, გვჯეროდეს, რომ იეჰოვას შეუძლია განსაზღვროს, თუ რამდენის ატანას შევძლებთ.

9. რა უნდა გავაკეთოთ, თუ იეჰოვა ჩვენს ლოცვებს მაშინვე არ პასუხობს?

9 თუ ლოცულობთ, მაგრამ იეჰოვა მაშინვე არ გპასუხობთ, დაელოდეთ მას, რადგან თავად იცის, როდის უნდა გიპასუხოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ღმერთსაც უწევს მოთმინების გამოვლენა, რადგან ერთი სული აქვს, დაგეხმაროთ. ბიბლიაში ვკითხულობთ: „იეჰოვა უცდის დროს, რომ წყალობა გიყოთ და წამოიმართება, რომ შეგიბრალოთ, რადგან იეჰოვა სამართლიანი ღმერთია. ბედნიერია ყველა, ვისაც მისი მოლოდინი აქვს“ (ეს. 30:18).

„ლომის ხახა“

10—12. ა) რატომ შეიძლება განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ის ქრისტიანები, რომლებიც ქრონიკულად დაავადებულ ოჯახის წევრს უვლიან? ბ) რა მხრივ აისახება იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობაზე რთულ სიტუაციებში მასზე მინდობა? მოიყვანეთ მაგალითი.

10 მძიმე განსაცდელის პირისპირ შესაძლოა თქვენც პავლე მოციქულის მსგავსად იგრძნოთ თავი — რომ სადაცაა „ლომის ხახაში“ აღმოჩნდებით ან უკვე „ლომის ხახაში“ ხართ. ასეთ დროს იეჰოვაზე მინდობა მეტად რთულია, მაგრამ — აუცილებელი. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ ოჯახის წევრს უვლით, რომელსაც ქრონიკული დაავადება სტანჯავს. ალბათ, ლოცულობთ, რომ ღმერთმა სიბრძნე და ძალა მოგცეთ. * თუ ყოველი ღონე იხმარეთ, ნუთუ ნუგეშს არ გგვრით იმის ცოდნა, რომ იეჰოვას ყოველთვის თვალსაწიერში ჰყავხართ და მზადაა, დაგეხმაროთ განსაცდელის ერთგულად გადატანაში? (ფსალმ. 32:8).

11 თუმცა ხანდახან შეიძლება მდგომარეობა უსაშველო გეჩვენოთ; ექიმებისგან შესაძლოა ურთიერთსაწინააღმდეგო აზრები მოისმინოთ. ნათესავებმა, ვისგანაც ნუგეშსა და მხარდაჭერას ელით, შესაძლოა კიდევ უფრო გაგირთულონ საქმე. ყოველთვის იეჰოვას სთხოვეთ ძალა და უფრო და უფრო დაუახლოვდით მას (წაიკითხეთ 1 სამუელის 30:3, 6). და, როდესაც ღმერთი გამოსავალს გიჩვენებთ, თქვენი ურთიერთობა მასთან ერთიორად განმტკიცდება.

12 ლინდა * ამაში თავად დარწმუნდა. ის ავადმყოფ მშობლებს სიცოცხლის ბოლო წლებში უვლიდა. ლინდა გვიყვება: „ასეთ რთულ ვითარებაში მე, ჩემმა მეუღლემ და ჩემმა ძმამ ხშირად არ ვიცოდით, როგორ მოვქცეულიყავით. დროდადრო თავს უმწეოდ ვგრძნობდით. თუმცა დღევანდელი გადასახედიდან უფრო ნათლად ჩანს, თუ როგორ გვედგა მხარში იეჰოვა. იგი ყოველთვის გვაძლიერებდა და გამოსავალს გვიჩვენებდა მაშინაც კი, როცა, ერთი შეხედვით, ჩიხში ვიყავით“.

13. როგორ დაეხმარა ერთ დას იეჰოვაზე მინდობა არაერთი ტრაგედიის გადატანაში?

13 თუ იეჰოვას სრულად მივენდობით, ეს ტრაგედიის გადატანაშიც დაგვეხმარება.  სწორედ ასე მოხდა ერთი ჩვენი დის, რონდას, შემთხვევაში. იმ დროს, როცა მას მეუღლე, რომელიც მის რწმენას არ იზიარებდა, ეყრებოდა, მის ძმას სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში დაავადების, ლუპუსის (სისტემური წითელი მგლურა), დიაგნოზი დაუსვეს. რამდენიმე თვეში რონდას რძალი დაეღუპა. ის-ის იყო, რონდა პოსტტრავმული მდგომარეობიდან გამოდიოდა და პიონერად მსახურებაც დაიწყო, რომ ცოტა ხანში დედაც გამოეცალა ხელიდან. რა დაეხმარა მას არაერთი ტრაგედიის გადატანაში? იგი გვიამბობს: „ყოველდღე ვესაუბრებოდი იეჰოვას და ლოცვის გარეშე უმნიშვნელო გადაწყვეტილებაც კი არ მიმიღია. ღმერთთან ასეთმა საუბრებმა ჩემთვის ის კიდევ უფრო რეალური გახადა. ვისწავლე, რომ საკუთარ თავს და სხვებს კი არ უნდა მივენდო, არამედ მას. იეჰოვა ნამდვილად დამეხმარა — იგი ყოველმხრივ მხარში მედგა. შედეგად, დღემდე ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ღმერთს ხელჩაკიდებული დავყავარ“.

ოჯახში შექმნილმა სირთულეებმაც კი შეიძლება გამოსცადოს იეჰოვასადმი ჩვენი ერთგულება (იხილეთ მე-14—16 აბზაცები)

14. ვის უნდა მიენდოს ერთგული ქრისტიანი, რომელსაც ოჯახის წევრი გარიცხული ჰყავს?

14 ვისაუბროთ კიდევ ერთ პირობით სიტუაციაზე. დავუშვათ, თქვენი ოჯახის წევრი ქრისტიანული კრებიდან გაირიცხა; თქვენ კი ბიბლიური ცოდნის საფუძველზე იცით, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა გქონდეთ მასთან (1 კორ. 5:11; 2 იოან. 10). თუმცა გარიცხულებთან დაკავშირებით ბიბლიური თვალსაზრისის გათვალისწინება ხანდახან რთულია, ზოგჯერ — შეუძლებელიც კი. * შეგიძლიათ ენდოთ ზეციერ მამას, რომ ის მოგცემთ ძალას, რათა მტკიცედ მიჰყვეთ ბიბლიურ მითითებას გარიცხულებთან დაკავშირებით? თვლით, რომ ამ დროს გეძლევათ შესაძლებლობა, იეჰოვასთან ურთიერთობა განიმტკიცოთ და კიდევ უფრო დაუახლოვდეთ მას?

15. რატომ ეურჩა იეჰოვას ადამი?

15 მოდი, ახლა პირველ მამაკაცზე, ადამზე,  დავფიქრდეთ. თქვენი აზრით, მან მართლა დაიჯერა, რომ ურჩობის შემთხვევაშიც კი იცოცხლებდა? არა, რადგან წმინდა წერილებში ვკითხულობთ: „ადამი . . . არ შეცდა“ (1 ტიმ. 2:14). მაშ, რატომღა ეურჩა იგი ღმერთს? ადამმა ნაყოფი იმიტომ შეჭამა, რომ ის ცოლის ნებას დაჰყვა. მან ცოლის ხმას მოუსმინა და არა — იეჰოვასას (დაბ. 3:6, 17).

16. ვინ უნდა გვიყვარდეს ყველაზე მეტად და რატომ?

16 ნიშნავს ეს იმას, რომ არ უნდა გვიყვარდეს ჩვენი ოჯახის წევრები? არა, რასაკვირველია! თუმცა იეჰოვა ყველაზე მეტად უნდა გვიყვარდეს (წაიკითხეთ მათეს 22:37, 38). შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ოჯახის წევრების კეთილდღეობა, იმისდა მიუხედავად, ისინი დღეს ღვთის მსახურები არიან თუ არა, იეჰოვასადმი ჩვენს სიყვარულზეა დამოკიდებული. მაშ ასე, გაიღრმავეთ იეჰოვასადმი სიყვარული და ნდობა. და მაინც, თუ ძლიერ გტკივათ გული გარიცხულ ოჯახის წევრზე, თქვენი გულისტკივილი იეჰოვას გაანდეთ ლოცვაში * (რომ. 12:12; ფილ. 4:6, 7). გამოიყენეთ ეს რთული და მტკივნეული პერიოდი იმისათვის, რომ იეჰოვასთან თქვენი ურთიერთობა უფრო რეალური გახდეს. ეს, თავის მხრივ, დაგეხმარებათ, მიენდოთ მას და სასურველი შედეგიც არ დაახანებს.

სანამ იეჰოვა ჩაერევა . . .

ჩაებით სულიერ საქმეებში და ამგვარად დაუმტკიცეთ იეჰოვას ნდობა (იხილეთ მე-17 აბზაცი)

17. როგორ ცხადვყოფთ მსახურებით, რომ ვენდობით იეჰოვას?

17 რა მიზნით დაიხსნა უფალმა მოციქული პავლე „ლომის ხახიდან“? ამ კითხვაზე პასუხს თავად პავლე გვცემს: „რათა ჩემი მეშვეობით ბოლომდე შესრულებულიყო ქადაგების საქმე და ყველა ხალხს მოესმინა“ (2 ტიმ. 4:17). თუ ჩვენც, პავლეს მსგავსად, სრულად ჩავებმებით სამქადაგებლო საქმეში, ამით ცხადვყოფთ, რომ ვენდობით იეჰოვას, რომ ის იზრუნებს ჩვენზე და ყოველივე აუცილებელს შეგვმატებს (მათ. 6:33). ჩვენ, როგორც სამეფოს მაუწყებლებს, სასიხარულო ცნობის ქადაგება მოგვენდო და იეჰოვა თავის თანამშრომლებად მიგვიჩნევს (1 თეს. 2:4; 1 კორ. 3:9). სანამ ღმერთი ლოცვებზე გვიპასუხებს, დაე, ვიაქტიუროთ მის საქმეში, რაც ლოდინს გაგვიადვილებს.

18. როგორ შეგვიძლია იეჰოვასადმი ნდობის გაღრმავება და მასთან ურთიერთობის განმტკიცება?

18 ამიტომ ყოველდღიურად გავიღრმავოთ იეჰოვასთან ჩვენი ურთიერთობა. თუ საწუხარი სულს გვიფორიაქებს, დაე, ძნელბედობის ჟამმა კიდევ უფრო დაგვაახლოვოს იეჰოვასთან. თუ სიღრმისეულად შევისწავლით ღვთის სიტყვას, გამუდმებით ვილოცებთ და სრულად ჩავერთვებით სულიერ საქმეებში, შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ იეჰოვა ახლაც და მომავალშიც ნებისმიერი სირთულის ატანაში დაგვეხმარება!

^ აბზ. 2 „ლომის ხახა“, რომელსაც პავლემ თავი დააღწია, შესაძლოა გავიგოთ როგორც პირდაპირი, ისე — გადატანითი მნიშვნელობით.

^ აბზ. 10 სტატიები, სადაც მოცემულია რჩევები ქრონიკული დაავადების მქონე ქრისტიანებისა და მათი მომვლელებისთვის, შეგიძლიათ იხილოთ ჟურნალში „გამოიღვიძეთ!“: 1994 წლის 8 თებერვალი (ინგლ.), 1997 წლის 8 თებერვალი (რუს.), 2000 წლის 8 ივნისი და 2001 წლის 8 თებერვალი.

^ აბზ. 12 სახელები შეცვლილია.

^ აბზ. 14 იხილეთ ამავე ჟურნალში სტატია: „გარიცხვა სიყვარულის გამოხატულებაა“.

^ აბზ. 16 იხილეთ „საგუშაგო კოშკში“ დაბეჭდილი სტატიები, რომლებიც მომზადდა იმ ერთგული ქრისტიანებისთვის, რომელთა ოჯახის წევრებმაც იეჰოვას მსახურება მიატოვეს: 2006 წლის 1 სექტემბერი, გვერდები 17—21 და 2007 წლის 15 იანვარი, გვერდები 17—20.